Facebook Twitter

25 ივლისი, 2024 წელი,

საქმე №ას-511-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოსარჩელე/მოპასუხე გაერთიანებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ი.ჯ–ი’’ (მოპასუხე/მოსარჩელე გაერთიანებულ სარჩელში)

II კასატორი – შპს ,,ი.ჯ–ი’’

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა (შემდეგში: პირველი მოსარჩელი, პირველი კასატორი, პენიტენციური სამსახური, მყიდველი) და შპს ,,ი.ჯ–ს’’ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მეორე კასატორი ან გამყიდველი) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი, გარიგებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოსარჩელის ქვემდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებდა.

2. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება 73 077 497.50 ლარს შეადგენდა.

3. ხელშეკრულებით გამყიდველი გარანტიას იძლეოდა, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი ხელშეკრულების პირობებს უპასუხებდა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

ხელშეკრულებითვე განისაზღვრა გამყიდველის ვალდებულება, კვებითი მომსახურების გაწევისას მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი გამოიყენებინა, ხოლო, წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ასევე 1-ლი დანართით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა დაეკმაყოფილებინა.

ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ზემომითითებული პუნქტით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრებოდა. ამასთან, ხელშეკრულების 4.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები აცხადებდნენ და ადასტურებდნენ, რომ, ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის, მიწოდებული პროდუქტების და მისი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) ხელშეკრულების არსებით პირობას და გამყიდველის ვალდებულების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც გამყიდველს უფლება არ ჰქონდა ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე მიეთითებინა/დაყრდნობოდა.

4. ხელშეკრულების 9.7 პუნქტის შესაბამისად, უხარისხო ან ვადაგადასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველს ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

5. ხელშეკრულების N1 დანართი განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ: ,,სტაფილოს - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ’’.

6. პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 9 ნოემბრის წერილით, ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე გამყიდველს 7 307.73 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრა, ხოლო, ვალდებულების შესასრულებლად - ორი სამუშაო დღის ვადა მიეცა.

წერილის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად ის გარემოება სახელდება, რომ მიწოდებული ბოსტნეულის, კერძოდ, სტაფილოს ხარისხი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებდა.

7. 7 307.73 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით გამყიდველის წინააღმდეგ მყიდველმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განმარტა, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების უპირობო საფუძველს ქმნიდა.

8. დასახელებული პირგასამტეხლოს დარიცხვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით გამყიდველმაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2021 წლის 9 ნოემბრის წერილში მითითებულ დარღვევებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, დარღვევის არაარსებითობიდან გამომდინარე, აღნიშნული არ შეიძლებოდა მნიშვნელოვნად შეფასებულიყო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ორივე მხარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის (მყიდველი) სასარგებლოდ მოპასუხეს (გამყიდველი) 1 827 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემაც და მოპასუხემაც.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილისა და 30 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია 7 307.73 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მყიდველის სასარჩელო მოთხოვნა.

15. ზემომითითებული მოთხოვნის ნაწილობრივ (1 827 ლარის ფარგლებში) დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, რაც ძირითადად შემდეგი მოსაზრებით დაასაბუთა:

1). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრება თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (იხ. სუსგ.: Nას-581-2019. 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).

ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (სუსგ.: Nას-1056-2021, 17.12.2021; Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

2). სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მყიდველის) საქმიანობის თავისებურებებიდან და მასზე დაკისრებული ამოცანებიდან გამომდინარე, კვებითი მომსახურების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორს მაღალი ლეგიტიმური ინტერესი ჰქონდა. შესაბამისად, მოპასუხისთვის (გამყიდველისთვის) დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამო იყო და მისი ოდენობა ოთხჯერ შემცირებული ოდენობით - 1 827 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. ამდენად, მოსარჩელე უნდა გათავისუფლებულიყო დანარჩენი ოდენობით (7 307.73 - 1 827 = 5 480.73 ლარს) პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს, რაც გამომდინარეობს და ეფუძნება შემდეგს:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა. კერძოდ, განჩინებაში მართებულად აღნიშნა, რომ, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაცვლად პირგასამტეხლო მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს.

ამავდროულად სასამართლოს მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობა (საიდანაც განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის შედეგად უნდა გამოთვლილიყო პირგასამტეხლოს რაოდენობა) არ დაუდგენია და როგორც გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან ირკვევა შპს "ი.ჯ–ს" დაეკისრა პირგასამტეხლო, რომელიც თავდაპირველად არსებული თანხის ოთხჯერ შემცირების (7307,73:4=1826.93 დამრგვალების შემდეგ 1827) შედეგადაა მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დადგენილი არ აქვს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც დასახელებული უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება; სახელდობრ, რა თანხას შეადგენს მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების რაოდენობა.

17 . ამავე საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს და გარემოებებს:

საქმეში დაცული შემოწმების/დარღვევის #1/6 ოქმის და თავდაპირველი მოსარჩელის 2021 წლის 09 ნოემბრის წერილის შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სასადილო.

#11/66 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 2-ე მუხლის 2.1 პუნქტში მითითებულია, რომ პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს კვებითი მომსახურება ხორციელდება დღეში სამჯერ, მომსახურების სავარაუდო მაქსიმალური მიმღები არის 150 ადამიანი ხოლო ერთ ადამიანზე ამავე მომსახურების მიზნით 8,25 ლარია გამოყოფილი.

შესაბამისად დღიური მომსახურების მაქსიმალური თანხა არის 1237,50 ლარი.

ამავე სასადილოში მშრალი ულუფით მომსახურებას იღებს 50 სუბიექტი, რომელთა დღიური ულუფის ღირებულებაა 1.10 ლარი, მთლიანობაში დღიური მომსახურების მაქსიმალური თანხა არის 55 ლარი.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მომსახურება ხორციელდება ყოველდღიურად.

აქედან გამომდინარე საქმის განმხილველმა სასამართლომ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამოქალაქოსაპროცესო განაწილების სტანდარტის დაცვით ან უნდა დაადგინოს კონკრეტული უხარისხო პროდუქტის (მიწოდებული უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება) ღირებულება და შესაბამისად დაიანგარიშოს პირგასამტეხლოს მოცულობა ან უკიდურეს შემთხვევაში იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნულ სასადილოში ერთი დღის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქტის მაქსიმალური ღირებულებით (1237,50+55=1292) და განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული პრინციპის გათვალისწინებით (პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან) გამოიანგარიშოს პირგასამტეხლოს რაოდენობა.

18. როგორც ზემოთ განიმარტა, მოვალისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს სწორად განსაზღვრა მითითებული ახალი გარემოების დადგენას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს, ხოლო, აღნიშნული ახალი გარემოების დადგენის პროცესუალური უფლებამოსილებით საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ არის აღჭურვილი.

სსსკ-ის 406-ე, 407.1, 411-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,ი.ჯ–ის’’ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე