10 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-1476-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.ჯ–ი, ლ.ჯ–ი, შპს ,,ბ.....“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 15 იანვრის საგადახდო დავალების მიხედვით, საბანკო ანგარიშზე დ.ჯ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) დ.ი–მა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) 2 998 აშშ დოლარი გადაურიცხა.
2. გადარიცხვის ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 8 ნოემბერს პირველი მოპასუხის ანგარიშზე 1 000 აშშ დოლარი არის შეტანილი.
3. სს ,,ლ.ბ–ის“ გადარიცხვის ამონაწერებით დგინდება თანხის გადახდა - დანიშნულებით სესხის დაფარვა, აბონენტის ნომერი ......, რაც პირველი მოპასუხის პირადი ნომერია, სს ,,ლ.ბ–ის“ ანგარიშზე ჯამურად 11 265 (725+1500+1500+1500+1500+1500+1240+300+1500=11265) ლარი არის შეტანილი.
4. შპს ,,შ.ც–ის“ 2021 წლის 15 ოქტომბრის შეფასების დასკვნით,
2021 წლის 15 მაისის მდგომარეობით ავტოსანტრასნპორტო საშუალების - LAND ROVER DISKOVERY SPORT HSE, სახელმწიფო ნომრით ........ (შემდეგში - ავტომობილი, სადავო ავტომობილი ან ნასყიდობის საგანი) საბაზრო ღირებულება 95 000 ლარს (30 271.17 აშშ დოლარი) შეადგენდა.
5. პირველი მოპასუხის საცხოვრებელი მისამართია - ქ.ბათუმი, ........, ხოლო, მისი შვილის - ლ.ჯ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) რეგისტრაციის მისამართია - ქ.ბათუმი, ........., ბინა N57.
6. 2015 წლის 21 დეკემბრიდან პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ....... მდებარე 1505კვ.მ უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თერჯოლა, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი - 1505კვ.მ, შენობა-ნაგებობა 1, საერთო ფართი 309კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
8. აღნიშნული განჩინების დარეგისტრირებამდე, 2021 წლის 21 იანვარს, მოპასუხემ უძრავი ქონება გარიგების (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) საფუძველზე გაასხვისა შვილზე, მეორე მოპასუხეზე. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მეორე მოპასუხემ 90 000 ლარად იყიდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ზემომითითებული ქონება. ამის შედეგად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხსენებული ქონება მეორე მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.
9. პირველი მოპასუხის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185.3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 25-182.3,,ბ“ მუხლით (მითვისების ორგანიზება, ესე იგი, იმ ნივთის მითვისების ორგანიზება, რომელიც მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) მითითებული საფუძვლით მიმდინარეობს.
10. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პირველი მოპასუხის გამოკითხვის ოქმში მითითებულია შემდეგი: ,,ნასესხები 3000 აშშ დოლარი, დ.ი–ს ჩაუთვალე ავტომანქანის ღირებულებაში და როგორც მახსოვს 3000 აშშ დოლარით სოფელ ....... გამოაგზავნა ბეტონის მასა აუზის ჩასასხმელად და 1000 აშშ დოლარი გადმომერიცხა ანგარიშზე, თუ ვისი სახელით ვერ ვიხსენებ. ამდენად, დ.ი–ს ჩემთვის ხელზე მოცემული აქვს ავტომანქანის ღირებულებიდან 7000 აშშ დოლარი. მანქანის წაყვანის შემდეგ, რიგორც ვიცი დ.ი–ს სს ,,ლ.ბ–ში“ გადახდილი აქვს თვიური პროცენტი და დარიცხული ჯარიმები, მაგრამ დაახლოებით ნოემბრის თვიდან დამიკავშირდა, სს ,,ლ.ბ–ის“ წარმომადგენელი და მოითხოვა ,,რეინჯროვერ სპორტის“ ავტომანქანის სასესხო ვალდებულების დაფარვა ან ავტომანქანის წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამიყადაღებდნენ ქონებას. ბანკის შეტყობინების საფუძველზე, დავურეკე დ.ი–ს და ვთხოვე, რომ ბანკთან გაესწორებინა ანგარიში ან გადაეხადა საპროცენტო თანხა ან დაეყენებინა ავტომანქანა ბანკში და ან გაეყიდა აღნიშნული ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც ყველა პრობლემას აგვარებდა და ჩემთანაც გაასწორებდა იაშვილი მანქანის ვალს. რაზედაც მან მითხრა, რომ მანქანას ბანკში როგორ მივიყვან ან როგორ გავყიდი, მთელმა ქუთაისმა და სადაქალომ იცის, რომ შევიძინე მანქანა და ხომ მომეჭრება თავი, თანხას ვიშოვი და შევიტან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას თანხა არ შეუტანია, როგორც ვიცი 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, ავტომანქანა გადასულია ძებნა-დაკავებაზე, ხოლო მე ბანკში გამიფუჭდა საკრედიტო ისტორია“.
11. მოწმე მ.კოდუას ჩვენებით, აღმოჩნდა, რომ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება ბანკში ყოფილა დატვირთული, რის გამოც მათ შორის შეთანხმება ჩაიშალა. მოსარჩელეს პირველმა მოპასუხემ სთხოვა 1000 აშშ დოლარის სესხება, რაც ესაჭიროებოდა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. აღნიშნული თანხა მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ანგარიშზე გადაურიცხა. მოსარჩელეს, ასევე, ბანკში შეჰქონდა გარკვეული თანხები ამ სატრანპოსრტო საშუალებისათვის, რომ ავტომობილი არ დაკარგულიყო, რაზეც ძალიან წუხდა. მანქანის ყიდვისას მოსარჩელე მოტყუებული დარჩა, რადგან ამ მანქანის გამო ბანკში სოლიდური თანხების გადახდა მოუწია.
12. მოწმის სახით დაკითხული ნ.მ–ძის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ბინების ყიდვა-გაყიდვაზე. შპს ,,ბ.....-ის“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე) სახელით მოსარჩელემ უძრავი ქონება (ქ.ქუთაისში, ....... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი) შეიძინა. აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მოსარჩელემ მას ხელზე 2 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
13. მოწმე ბ.ი–ძის ჩვენების მიხედვით, ის მუშაობს ბინების ყიდვა-გაყიდვაზე და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან. მესამე მოპასუხის სახელით მოსარჩელემ უძრავი ქონება (ქ.ქუთაისში, ........ ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი) შეიძინა. აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მოსარჩელემ მას თანხა ხელზე გადაუხადა.
14. საწარმოს (მესამე მოპასუხე) დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე მ.ჯ–ია, პირველი მოპასუხის მამა.
15. სანაცვლო შესრულების პირობის გადაცემის შესახებ 2016 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ქუთაისში, ......... მდებარე ქონება (....... გამზირისა და ......... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი) 2016 წლის 22 დეკემბერს მესამე მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.
16. თანხის დაკისრების, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის აღრიცხვის მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით:
17.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
17.2. მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა 11 265 ლარისა და 4 000 აშშ დოლარის ანაზღაურება;
17.3. ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა;
17.4. მოსარჩელის სასარგებლოდ მესამე მოპასუხეს დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის გადახდა.
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
19.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოსარჩელემ იყიდა ავტომობილი LAND ROVER DISKOVERY SPORT HSE, სახელმწიფო ნომრით ..... (შემდეგში - ავტომობილი, სადავო ავტომობილი ან ნასყიდობის საგანი).
ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 3 000 აშშ დოლარი, პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელეს 2020 წლის 15 იანვარს გადარიცხული ჰქონდა, რაც მან სესხის სახით გადასცა, თუმცა, საბოლოოდ, ერთობლივი შეთანხმებით მხარეებმა აღნიშნული სესხად აღებული თანხა ნასყიდობის საგნის ღირებულებად ჩათვალეს, ხოლო, 1 000 აშშ დოლარი, კვლავ ნასყიდობის საგნის ღირებულებაში, პირველი მოპასუხის დავალებით მოსარჩელეს მაკა კოდუამ ჩაურიცხა.
ამდენად, პირველ მოპასუხეს მოსარჩელემ გადაუხადა ავტომობილის ნასყიდობის ღირებულების ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი.
მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო გამოძიებაში თავად პირველი მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენება, როგორც ერთ-ერთ წერილობითი მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორიცაა - თანხის გადარიცხვის ქვითრები და მოწმეთა ჩვენებები.
ვინაიდან პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს უფლებრივად ნაკლიანი ნივთი გადასცა, კერძოდ, პირველი მოპასუხის საკმაოდ სოლიდური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ნასყიდობის საგანი სს ,,ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ გირავნობით იყო დატვირთული, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 491-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა ნივთის უფლებრივი ნაკლის გამო ხელშეკრულების მოშლის უფლება, რაც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის საგნის ფასის - 4 000 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნების საფუძველს ქმნიდა (სსკ-ის 477-ე, 487-ე, 489.1 მუხლები).
19.2. გამოძიებისთვის თავად პირველი მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს ,,ლ.ბ–ში“ ამ უკანასკნელის სესხზე მოსარჩელემ თვიური პროცენტი და დარიცხული ჯარიმები გადაიხადა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მანქანის ყიდვისას მოსარჩელე მოტყუებული აღმოჩნდა, რადგან მანქანის გამო ბანკში სოლიდული თანხების გადახდა დასჭირდა. საქმეზე წარდგენილი ჩარიცხვის ქვითრებით კი დგინდებოდა, რომ, სადავო პერიოდში სესხის დაფარვისას მითითებული აბონენტის ნომერი (.......), პირველი მოპასუხის პირად ნომერს წარმოადგენდა.
მთლიანობაში სს ,,ლ.ბ–ის“ ანგარიშზე მოსარჩელემ სწორედ სარჩელით სადავო 11 265 ლარი გადაიხადა.
ამდენად, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის (გირავნობის) გამო სს ,,ლ.ბ–ში“ მოსარჩელემ 11 265 ლარი გადაიხადა და ამ ოდენოთ ზიანი მიადგა, რაც ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
19.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მამა-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება კონტრაჰენტთა ნამდვილ ნებას არ ასახავდა და, ფორმალურად, მხოლოდ იმ მიზნით დაიდო, რომ მოსარჩელის წინაშე მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან პირველ მოპასუხეს თავი აერიდებინა.
ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის პრეზუმფციას ის გარემოებები ამყარებდა, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეები ერთი ოჯახის წევრები (მამა-შვილი) იყვნენ, ნასყიდობის ხელშეკრულება სარჩელის შემოტანისა და მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდეგ დაიდო, სადავო ხელშეკრულების დადების დროისთვის მეორე მოპასუხე დაახლოებით 21 წლის სტუდენტი იყო, რაც მის მიერ 90 000 ლარის ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ნამდვილობას საეჭვოს ხდიდა, ამასთან, ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტიც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა.
ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება იყო, რაც მისი ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების კვლავ პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველს ქმნიდა.
19.4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს ,,ბ.....“-თან (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან საწარმო), კერძოდ, საწარმოს (რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე მეორე მოპასუხის მამა იყო) სახელით მოსარჩელემ ქ.ქუთაისში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისას მას დახმარება გაუწიეს შუამავლებმა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ნ.მ–ძემ და ბ.ი–ძემ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გაწეული მომსახურებისთვის მოსარჩელემ ხელზე მათ 2 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
არც ამ გარემოებების გამაბათილებელი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება და არც სადავო თანხის მოსარჩელისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე მოპასუხესთან დადებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ ხარჯი გასწია, რაც იმაში გამოიხატა, რომ მესამე მოპასუხის სახელით მიწის ნაკვეთის ყიდვისთვის გაწეული მომსახურების გამო შუამავლებს 2 000 აშშ დოლარი გადაუხადა, თუმცა ეს თანხა მისთვის არ აუნაზღაურებიათ.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სსკ-ის 791-ე მუხლის შესაბამისად, მითითებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანეს:
- მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი მოპასუხისთვის 11 265 ლარის დაკისრებას სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს, რადგან დადგენილად ცნობს, რომ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელე სალომბარდე სესხს იხდიდა. მითითებული გარემოება არასწორია, რადგან თავის არგუმენტაციას სასამართლო მხოლოდ გადახდის ქვითრებსა და ახსნა-განმარტებაზე აყრდნობს, ხოლო წარმოდგენილ ქვითრებში არსად არ არის მითითებული, რომ გადახდილი თანხა სწორედ პირველი მოპასუხის სალომბარდე სესხზე გადახდილი სახსრებია.
- ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მესამე მოპასუხის საკუთრებაშია, სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურების საფუძველს არ ქმნიდა. ასეთ საფუძველს არც მოწმეთა ჩვენება და არც დ.იაშვილის ახსნა-განმარტება არ ადასტურებს.
- სადავო ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. აღნიშნულ შემთხვევაშიც სასამართლო მხოლოდ დ.იაშვილის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო, მაშინ როდესაც, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნისას მტკიცების ტვირთის სტანდარტი გაცილებით მაღალია და მის დამტკიცებას არაერთი უტყუარი მტკიცებულება სჭირდება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
22. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
24. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია, პირველი მოპასუხისთვის 11 265 ლარისა და 4 000 აშშ დოლარის დაკისრების, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებად აღრიცხვისა და მესამე მოპასუხისთვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული განჩინებით უცვლელადაა დატოვებული.
25. პალატის შეფასებით, 4 000 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის დაბრუნების საფუძველს ქმნის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ, გამოძიებაში თავად პირველი მოპასუხის მიერ მიცემული განმარტების, თანხის გადარიცხვის ქვითრებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობა, რომლის გაანალიზების შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1). მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოსარჩელემ პირველი მოპასუხისგან სადავო ავტომობილი იყიდა;
2). ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 3 000 აშშ დოლარი, პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელეს 2020 წლის 15 იანვარს გადარიცხული ჰქონდა, რაც მან სესხის სახით გადასცა, თუმცა, საბოლოოდ, მხარეებმა ერთობლივი შეთანხმებით აღნიშნული სესხი ნასყიდობის საგნის ღირებულებად ჩათვალეს. გარდა ამისა, 1 000 აშშ დოლარი, კვლავ ნასყიდობის საგნის ღირებულებაში, პირველი მოპასუხის დავალებით მოსარჩელეს მ.კ–ამ ჩაურიცხა. ამდენად, პირველ მოპასუხეს მოსარჩელემ გადაუხადა ავტომობილის ნასყიდობის ღირებულების ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი.
3). პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს უფლებრივად ნაკლიანი ნივთი გადასცა, კერძოდ, პირველი მოპასუხის სოლიდური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ნასყიდობის საგანი სს ,,ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ გირავნობით იყო დატვირთული.
აღწერილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 491-ე, 352-ე და 405-ე მუხლებზე და მართებულად აღნიშნა, რომ ნივთის უფლებრივი ნაკლის გამო კანონის დასახელებული ნორმებით მოსარჩელე ხელშეკრულების მოშლის უფლებით აღიჭურვა, რის გამოც მიერ გადახდილი ნასყიდობის საგნის ფასის (4 000 აშშ დოლარის) დაბრუნების მოთხოვნა წარმატებული იყო და კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
26. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსარჩელის მიერ 11 265 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაც დასაბუთებულია. მოცემული დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარეობს:
1). გამოძიებისთვის თავად პირველი მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, სს ,,ლ.ბ–ში“ ამ უკანასკნელის სესხზე მოსარჩელემ თვიური პროცენტი და დარიცხული ჯარიმები გადაიხადა;
2). პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მანქანის ყიდვისას მოსარჩელე მოტყუებული აღმოჩნდა, რადგან ავტომობილის გამო ბანკში სოლიდული თანხების გადახდა დასჭირდა;
3). საქმეზე წარდგენილი თანხის ჩარიცხვის ქვითრებით დგინდება, რომ, სადავო პერიოდში, სესხის დაფარვისას მითითებული აბონენტის ნომერი (.......), პირველი მოპასუხის პირად ნომერს წარმოადგენდა.
4). მთლიანობაში სს ,,ლ.ბ–ის“ ანგარიშზე მოსარჩელემ 11 265 ლარი გადაიხადა.
ეს გარემოებები (რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) იმაზე მეტყველებენ, რომ ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის (გირავნობის) გამო სს ,,ლ.ბ–ში“ მოსარჩელემ 11 265 ლარი გადაიხადა და ამ ოდენოთ ზიანი მიადგა, შესაბამისად, მითითებული თანხის ანაზაურების ნაწილში სარჩელი ასვე სწორად დაკმაყოფილდა.
27. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებს იღებს მხედველობაში:
1). სადავო ხელშეკრულების მხარეები ერთი ოჯახის წევრები (მამა-შვილი) არიან;
2). პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, ნასყიდობის ხელშეკრულება, სარჩელის შემოტანისა და მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდეგ გააფორმეს;
3). სადავო ხელშეკრულების დადების დროისთვის მეორე მოპასუხე დაახლოებით 21 წლის სტუდენტი იყო, რომლის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტიც საქმის მასალებით არ დგინდება.
ამავდროულად, საკასაციო პალატა სსკ-ის 56.1 მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ამ მუხლში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება (იხ. სუსგ №ას-1029-2019, 30.10.2019).
სსკ-ის 56.1 მუხლით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 4.06.2015).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამავე საქმეებზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: ამ მხრივ, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას.
მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-3-2020, 16.06.2020; №ას-1348-2019, 22.01.2020; ას-1029-2019, 30.10.2019).
საკასაციო სასამართლომ, კიდევ სხვა არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილ შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-1347-1272-2012, 1.07.2013; ას-1439-1357-2012, 1.07.2013).
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების კვლავ პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვის უტყუარ საფუძველს ქმნიდა.
28. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება გასაზიარებელია მესამე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილშიც, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მესამე მოპასუხესთან.
კერძოდ, საწარმოს (რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრეც მეორე მოპასუხის მამა იყო) სახელით მოსარჩელემ ქ.ქუთაისში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის შეძენისას მას დახმარება გაუწიეს შუამავლებმა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების (ნ.მ–ძემ, ბ.ი–ძე) ჩვენებებით დადგინდა, რომ გაწეული მომსახურებისთვის მოსარჩელემ ხელზე მათ 2 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
რაკი ამ გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება და არც სადავო თანხის მოსარჩელისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო დადგენილად, მესამე მოპასუხესთან დადებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. აქედან გამომდინარე, მითითებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ასევე კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა (სსკ-ის 791-ე მუხლი).
29. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ჯ–ის, ლ.ჯ–ისა და შპს ,,ბ.....-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ჯ–ს (პ/ნ .....), ლ.ჯ–სა (პ/ნ ........) და შპს ,,ბ.....-ს“ (ს/კ .........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 2 720 ლარის (მათ შორის: 2024 წლის 27 თებერვალს #6664 საგადასახადო დავალებით სუსანნა თარლამაზიანის მიერ გადახდილი 1360 ლარის და, 2024 წლის 11 აპრილს, # 21362512552 საგადახდო დავალებით ს.თ–ის მიერ გადახდილი 1 360 ლარის) 70% - 1 904 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე