Facebook Twitter

№ას-580-2021 11 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.თ–ძე, კ.თ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თ.თ–ძისა და კ.თ–ძის მიმართ და მოითხოვა 21 272.17 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 118-127). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 95-114). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

6. საქმის არსებითად განხილვამდე, 10.12.2024 წელს კასატორმა (წარმომადგენელმა) განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

10. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1375-2019, 05.11.2021 წელი).

11. კასატორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (იხ. 13.06.2024 წლის მინდობილობა) 11.12.2024 წელს დანიშნულ სხდომამდე, 10.12.2024 წელს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯელობს წარმოდგენილ განცხადებაზე. კასატორს აქვე განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა საქმის არსებითად განხილვამდე, არსებობს მისთვის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი(იხ. სუსგ №ას-1375-2019, 05.11.2021 წელი, №ას-1504-2020, 22.04.2021 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021 წლის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.04.2021 წლის განჩინება.

4. სს „ს.ბ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: …..) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1063.60 ლარი (საგადახდო დავალება #37730, გადახდის თარიღი 28.07.2021 წელი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია