ბს-104-104(კ-08) 24 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ბ. ც-ა და გ. დ-ი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის აღიარება და აღნიშნულის დასადასტურებლად შესაბამისი ცნობის გაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ც-ამ და გ. დ-მა 2007 წლის 5 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ომის მონაწილედ აღიარება და აღნიშნულის დამადასტურებლად შესაბამისი ცნობის გაცემა.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ბ. ც-ა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ¹.... ბატალიონში და 1992 წლის 28 აგვისტოდან ამავე წლის 4 ოქტომბრამდე მონაწილეობდა ქ. გაგრაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მიერ 1994 წლის 3 ივნისს გაცემული ¹84 ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამხედრო კომისარიატის მიერ 1994 წლის 7 ივნისს გაცემული ¹3/123 ცნობით, საბრძოლო მოკვლევის ოქმითა და ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, კერძოდ, ქ. გაგრაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ბ. ც-ას მონაწილეობის თაობაზე. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2002 წლის 17 აპრილს გასცა ცნობა ¹182 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების სარგებლობის უფლების შესახებ. სწორედ ამ ცნობების საფუძველზე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ბ. ც-ა ცნო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანად და გასცა ¹837 300 189 მოწმობა. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 მაისის ¹323 ბრძანებულებით ცვლილებები და დამატებები შევიდა "საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებაში. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რის გამოც, ადრე გაცემულ მოწმობებს ვადა 2006 წლის 1 აგვისტოს ამოეწურათ. ამ ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელე ბ. ც-ას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტიდან წერილობით აცნობეს, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საბრძოლო მოქმედებებში პირის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, გასცემს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის მოწმობებს. 2006 წლის 15 ნოემბერს ბ. ც-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის ცნობის (ე.წ. ,,ყვითელი ცნობა") გაცემა, რაზეც 2006 წლის 6 დეკემბრის ¹6352 წერილით უარი ეთქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ამ წერილში არ არის მითითებული ცნობის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი.
გ. დ-ი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ¹.... ბატალიონში და 1992 წლის 29 აგვისტოდან 12 ნოემბრამდე მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამხედრო კომისარიატის მიერ 1993 წლის 4 ივნისს გაცემული ¹937 ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ¹.... ბატალიონის მეთაურის მიერ 1993 წლის 3 იანვარს გაცემული ცნობითა და საბრძოლო მოკვლევის ოქმით. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მოსარჩელე გ. დ-მა მიიღო სამხედრო ტრავმა, რაც დადასტურებულია ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის ცნობით, რომლის საფუძველზეც დაუდგინდა ინვალიდობის პირველი ჯგუფი. შესაბამისი მოწმობის გაცემის თაობაზე მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, რომელმაც მოსარჩელისაგან მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე გ. დ-მა 2006 წლის 15 ნოემბერს თხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაზეც 2006 წლის 6 დეკემბრის ¹6353 წერილით ყოვლად დაუსაბუთებლად უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ. დ-ი და ბ. ც-ა აღიარებული იქნებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ომის მონაწილეებად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე დავალებოდა აღნიშნულის დამადასტურებელი ე.წ. "ყვითელი ცნობის" გაცემა (ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გაეცა ცნობა მოსარჩელეების _ ბ. ც-სა და გ. დ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე;
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელეების _ ბ. ც-სა და გ. დ-ის მოთხოვნის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული, სოციალური დაცვის ღონისძიებებით სარგებლობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ მათ განემარტათ, რომ ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად უნდა წარმოადგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 6 დეკემბრის ¹6352 და ¹6353 წერილებით ბ. ც-სა და გ. დ-ს აღნიშნული ცნობების გაცემაზე უარი ეთქვათ.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების თანახმად, სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული "საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად საბრძოლო მოკვლევას აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, რითაც დასტურდება შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა, რეზერვისტთა, მოხალისეთა ჩარიცხვა, საბრძოლო მოქმდებებში მონაწილეობის მიღება, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვა, რაც ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული გარემოებების, წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებისა და დაზუსტების საფუძველზე. საბრძოლო მოკვლევით დადგენილი ფაქტების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს და მოქალაქეებს შესაძლებელია, დაუდასტურდეთ შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹6410 ცნობის შესაბამისად ბ. ც-ა რეზერვისტების დამატებითი სიებით გაწვეულ იქნა რუსთავის კომისარიატის მიერ 1992 წლის 27 აგვისტოს 101-ე ბატალიონის რიგებში _ გაწვევის ადგილი ქ. სოხუმი.
ბ. ც-ას გაწვევის ფაქტი დასტურდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამხედრო კომისარიატის 1994 წლის 7 ივნისის ¹3/123 ცნობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ბ. ც-ა ნამდვილად მონაწილეობდა აფხაზეთში, კერძოდ, ქ. გაგრაში ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 1992 წლის 28 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოპასუხეს იგი სადავოდ არ გაუხდია.
ბ. ც-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის რიგებში მონაწილეობის ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის ოქმით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის 1994 წლის 3 ივნისის ¹84 ცნობით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹6413 ცნობის თანახმად გ. დ-ი რეზერვისტების დამატებითი სიებით გაწვეული იქნა რუსთავის კომისარიატის მიერ 1992 წლის 27 აგვისტოს 101-ე ბატალიონის რიგებში, პირველი ასეულის მე-2 ოცეულის პირველ ათეულში _ გაწვევის ადგილი ქ. სოხუმი.
გ. დ-ის გაწვევის ფაქტი ასევე დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქალაქ რუსთავის სამხედრო კომისარიატის 1993 წლის 4 ივნისის ¹937 ცნობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის 1993 წლის 3 იანვრის ცნობით, ასევე საქმეში არსებული საბრძოლო მოკვლევის ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ბატალიონის რიგითი გ. დ-ი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში ქ. გაგრაში 1992 წლის 29 აგვისტოდან 17 ოქტომბრამდე.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საბრძოლო მოქმედებებში გ. დ-ის მონაწილეობა აგრეთვე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, 1997 წლის 2 ივნისის ¹1/327 ავადმყოფობის მოწმობით და სამედიცინო კომისიის ცნობით, რომელთა თანახმად, 1992 წლის 2 და 3 ოქტომბერს აფხაზეთში საბრძოლო მოქმდებების დროს, ჭურვის აფეთქების შედეგად გ. დ-მა ორჯერ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა (ბაროტრავმა), კონტუზია და მას უვადოდ დადგენილი აქვს პირველი ჯგუფის ინვალიდობის კატეგორია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდა, რომ მოსარჩელეები ბ. ც-ია და გ. დ-ი მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ....-ე ბატალიონის რიგებში, სადაც გაწვეული იყვნენ სამხედრო კომისარიატის მიერ რეზერვისტთა სახელობითი სიებით. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია და კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, ბ. ც-ას და გ. დ-ს მოპასუხის მიერ უკანონოდ ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმდებებში მათი მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემაზე.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის და 331-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დავალებოდა გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და გაეცა ცნობები მოსარჩელეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმდებებში მონაწილეობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ნამდვილად მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო და კადრის სამხედრო სამსახურებს. კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ერთ-ერთ დამადასტურებელ პირობად ითვლება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტების თანახმად: სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამოიცხვის დღე. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების თანახმად, მისი მოთხოვნები ვრცელდება შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებზე. აღნიშნული დებულების მე-2 თავის პირველი პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების), სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით მათი ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ – კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
მოცემული ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი აქტის გამოცემა კანონიერად დაეკისრა.
სააპელაციო პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, ასევე არ მოიძია და არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებანი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შეახებ” საქართველოს კანონის 18.2 მუხლით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის ,,ტ” პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა – მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი უფლებამოსილი არ არის, გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის სახეები, რადგან მისი დებულება ცალსახად მიუთითებს, რომ ცნობის გაცემა ან უარი მის გაცემაზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით, აგრეთვე მტკიცებულებათა გამოკვლევის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება.
ამდენად, ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი ადმინისტრაციული აქტის გაცემაზე იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობებში არ მოიძებნება კონკრეტული ინფორმაცია, არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის ,,ტ” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის (დეპარტამენტის საარქივო მასალების) გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.