საქმე №ას-1021-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ე–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.02.2024 წლის გადაწყვეტილებით მ.ე–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის თავმჯდომარის 01.07.2020 წლის №ს-34 ბრძანება მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, აპელანტს (წარმომადგენელი ნ.შ–ია) დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3.2. საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.04.2024 წლის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 29.04.2024 წელს ჩაჰბარდა კანცელარიის თანამშრომელს - ნ.ბ–ს.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.04.2024 წლის განჩინების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 13.05.2024 წლის 24:00 საათამდე (უქმე დღეების გათვალისწინებით), თუმცა ხარვეზი არ შეუვსია. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2024 წლის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მასვე განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 156-160).
10. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 12.04.2024 წლის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 29.04.2024 წელს ჩაჰბარდა კანცელარიის თანამშრომელს - ნ.ბ–ს (ტ.2, ს.ფ.162). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30.04.2024 წლიდან და ამოიწურა 13.05.2024 წელს (უქმე დღეების გათვალისწინებით), თუმცა აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
11. კერძო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაშვება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
12. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (სუსგ №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.).
13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სსსკ-ის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (სუსგ №ას-1023-2019, 25.09.2019წ.). სსსკ-ის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ნ.შ–იამ 24.04.2024 წელს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დადგინდა, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა ოპერაცია - ტონზილექტომია ლაზერის გამოყენებით; ნ.შ–იას ტონზილექტომია ჩაუტარდა 13.05.2024 წელს (ანუ ხარვეზის შევსების ვადის ბოლო დღეს), რის შემდეგაც 13.05.2024წ. - 24.05.2024წ. გახსნილი ჰქონდა საავადმყოფო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 175-183). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით ირკვევა, აპელანტის წარმომადგენლისთვის 13.05.2024 წელს ჩატარებული ოპერაცია იყო გეგმიური. აღსანიშნავია, რომ აპელანტს ხარვეზი 30.04.2024 წლიდან 13.05.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ამ ვადაში არ შეეძლო სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა ან აღნიშნულის შესახებ თავისი მარწმუნებლის, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოა, ინფორმირება (შდრ. სუსგ №ას-158-2021, 03.08.2021წ.). ამავდროულად, საქმის მასალებში არსებული მინდობილობებით დასტურდება, რომ, ნ.შ–იას გარდა, მოპასუხის ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მოპასუხის თანამშრომელ მ.დ–ძესაც (იხ მინდობილობები ტ.2, ს.ფ. 4, 31). აღნიშნული მინდობილობები გაუქმებული არ არის. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, იმგვარად უზრუნველყოს თავისი ორგანიზაციული პროცესი, რომ თანამშრომლის მიერ გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილ იქნეს სხვა დასაქმებულის/დასაქმებულთა მიერ მისი საპროცესო უფლებების რეალიზება. შესაბამისად, არ არსებობს აპელანტისთვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.05.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია