Facebook Twitter

საქმე №ას-937-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.03.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს სახით 134 680 ლარის დაკისრება მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 498.51 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.03.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 30.01.2020 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“), რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, გაეწია ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) შემსყიდველის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის და მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 455 000 ლარს. ხელშეკრულება ძალაში იყო 31.01.2021 წლის ჩათვლით.

4.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების პირობებით. მიმწოდებელს, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და წარედგინა შემსყიდველისათვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განისაზღვრა მომსახურების გაწევის ვადები (მომსახურების ვადა სავალი ნაწილებისთვის შეადგენდა არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს, ელექტროობისთვის - არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს, აგრეგატებისთვის - არაუმეტეს 8 კალენდარულ დღეს, სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა სეადგენდა არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 25 კალენდარულ დღეს).

4.3. ხელშეკრულების 9.2.-9.5 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ჯერზე ყოველ ვაგადაგაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა ყოფილიყო მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

4.4. შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვისა და მისი გადახდის ვალდებულების შესახებ.

4.5. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოპასუხემ არ შეაკეთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, კერძოდ :

- შკოდა სკაუტი სახელმწიფო N ......., თანხმობა მიეცა 19.03.2020წ., მომსახურების გაწევის ვადა იყო 15 კალენდარული დღე. მომსახურეობა გაეწია 06.04.2020 წელს, 12 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ჰიუნდაი სონატა სახელმწიფო NSGG-944, თანხმობა მიეცა 10.03.2020წ., მომსახურების 5 გაწევის ვადა იყო 02 კალენდარული დღე. მომსახურეობა გაეწია 08.04.2020 წელს, 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ფოლკსვაგენ პასატი სახელმწიფო N ......., თანხმობა მიეცა 25.05.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 08 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 11.06.2020 წელს, 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ქამრი სახელმწიფო N ......, თანხმობა მიეცა 17.03.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 29.05.2020 წელს, 48 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- შკოდა ოქტავია სახელმწიფო N ......., თანხმობა მიეცა 11.05.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 15 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 13.06.2020 წელს, 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა LC-150 სახელმწიფო N ....... თანხმობა მიეცა 06.03.2020 წ. მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 28.05.2020 წელს, 54 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ქამრი სახელმწიფო N ......., თანხმობა მიეცა 06.03.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 01.06.2020 წელს, 61 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N ........, თანხმობა მიეცა 02.06.2020წ., მომსახურების გაწევის ვადა იყო 15 კალენდარული დღე. მომსახურეობა გაეწია 26.06.2020 წელს, 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N ....., თანხმობა მიეცა 21.05.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 03.07.2020 წელს, 18 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ქამრი, სახელმწიფო N ........ თანხმობა მიეცა 25.05.2020წ. მომსახურების გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 16.07.2020 წელს, 27 კალენდარული დღის დაგვიანებით.

- ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N ...... თანხმობა მიეცა 25.05.2020წ., მომსახურეობის გაწევის ვადა იყო 25 კალენდარული დღე. მომსახურება გაეწია 13.07.2020 წელს, 22 კალენდარული დღის დაგვიანებით.

4.6. დადგენილია, რომ დამკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო დათვლილია ხელშეკრულების ღირებულების - 455 000 ლარის 0.10 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.7. სადავო არ არის, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას, რის გამოც არსებობს პირგასატეხლოს დაკისრების საფუძვლები.

4.8. მოპასუხე სარჩელს შეედავა მხოლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების პრინციპებთან წინააღმდეგობის გამო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შეამცირა და განსაზღვრა თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%-ით, რასაც მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლო (შკოდა სკაუტი სახელმწიფო N ......-ის შემთხვევაში, სამუშაოების 12 დღით ვადაგადაცილების გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (3846.72 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.8 ლარი, რაც 12 დღეზე შეადგენს 45.91 ლარს (სააპელაციო სასამართლო შედარებისთვის მიუთითებს, რომ დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 5460 ლარს); ჰიუნდაი სონატა სახელმწიფო N......-ის შემთხვევაში, სამუშაოების 18 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (936.16 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.93612 ლარი, რაც 18 დღეზე შეადგენს 16.85 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 8190 ლარს); ვოლცვაგენ (ფოლკსვაგენი) პასატი სახელმწიფო N......ის შემთხვევაში, სამუშაოების 9 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (2748.16 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2.75 ლარი, რაც 9 დღეზე შეადგენს 24,73 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4095 ლარს); ტოიოტა ქამრი სახელმწიფო N ....-ის შემთხვევაში, სამუშაოების 48 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (1619.42 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.619 ლარი, რაც 48 დღეზე შეადგენს 77.71 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 21840 ლარს); შკოდა ოქტავია სახელმწიფო N ........-ის შემთხვევაში, 18 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (833.37 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.8333 ლარი, რაც 48 დღეზე შეადგენს 14.99 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 8190 ლარს); ტოიოტა LC-150 სახელმწიფო N ......-ის შემთხვევაში სამუშაოების 54 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (847.11 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.847 ლარი, რაც 54 ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 45.72 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 24570 ლარს); ტოიოტა ქამრი სახელმწიფო N........-ის შემთხვევაში სამუშაოების 61 დღით ვადაგადაცილების გამო შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (2558.65 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2.558 ლარი, რაც 61 დღეზე შეადგენს 156 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 27755 ლარს); ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N........-ის შემთხვევაში სამუშაოების 9 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (3749 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.749 ლარი, რაც 9 დღეზე შეადგენს) 33.74 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4095 ლარს). ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N....... -ის შემთხვევაში სამუშაოების 18 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (530 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.53 ლარი, რაც 18 დღეზე შეადგენს 9.54 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 8190 ლარს); ტოიოტა ქამრი სახელმწიფო N.......-ის შემთხვევაში სამუშაოების 27 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (683.61 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.683 ლარი, რაც 27 დღეზე შეადგენს 18.44 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 12285 ლარს); ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო N......-ის შემთხვევაში სამუშაოების 22 დღით ვადაგადაცილების გამო - შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (130 ლარი) 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.13 ლარი, რაც 22 დღეზე შეადგენს 54.86 ლარს (დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 10 010 ლარს)).

4.10. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლები, მისი გამოთვლის წესიდან გამომდინარე (მოსარჩელის მიერ პირგასამტელოს დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან). პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უმეტესი ნაწილი მიმწოდებლის მიერ შესრულდა სადავო პერიოდში, არსებული პანდემიის პირობებში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მომსახურების გაწევის ვადის დარღვევის ნაწილში, ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენლის სიტყვიერი მითითებისა, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე რეალური ზიანის წარმოშობის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 498,51 ლარი სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, ხოლო მოპასუხისთვის 134 680 ლარის დაკირების შესახებ მოთხოვნა, არაგონივრულია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დააკისრა გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა, რაც სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

13. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).

14. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., Nას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-603-2021, 14.12.2021წ.; Nას-599-2023, 20.07.2023წ., Nას-774-2023, 12.09.2023წ.; ას-1009-2023, 29.09.2023წ.; Nას-1326-2023, 05.12.2023წ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მართებულად შემცირდა, ვინაიდან შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესი ერთიანი შესრულების მიმართ დადასტურებული არ არის. სასამართლომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით - ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%-ით, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია