Facebook Twitter

№ას-783-2024 05 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ი.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "კასატორი") მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 15.10.2016 წლის N2555233-8575706 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 10 138.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6 410.95 ლარი, პროცენტი - 2 710.32 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი და დაზღვევა - 17.32 ლარი.

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20.10.2020 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 15.10.2016 წლის N2555233-8575706 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 6 410.95 ლარზე, დასარიცხი წლიური 15,5 % სარგებლის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 82.80 ლარს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.02.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15.10.2016 წლის N2555233-8575706 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9638.59 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6410.95 ლარი, პროცენტი - 2710.32 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი და დაზღვევა - 17.32 ლარი;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20.10.2020 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 15.10.2016 წლის N2555233-8575706 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 6410.95 ლარზე, დასარიცხი წლიური 15,5 % სარგებლის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 82.80 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ.176-189; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ს.ფ.190-193).

3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.11.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.235-250). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.06.2024 წლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 481.9 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ს.ფ.268-270). კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა არ წარმოუდგენია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავე სასამართლოს 15.10.2024 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად ვადა 05 დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ს.ფ. 288-290).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2024 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 05 დღით. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ.288-290).

8. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა მის საკასაციო საჩივარში და 04.10.2024 წლის განცხადებაში თავად მის მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........ (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ. 256; განცხადება, ს.ფ.286; გზავნილი, ს.ფ. 291), თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა - სახლში არავინ იმყოფებოდა. კურიერის სატელეფონო ზარზე ადრესატმა განმარტა, რომ არ იმყოფებოდა თბილისში 2024 წლის 25 ოქტომბრამდე (ს.ფ. 292).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2024 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კასატორის მოძიება და მისთვის განჩინების ჩაბარება (ს.ფ.293,294). ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოს მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ მისამართზე - თბილისი, ........ - არავინ იმყოფებოდა (იხ.: მომართვა და ოქმი, ს.ფ. 297,298).

10. სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2024 წლის განჩინებით დადგინდა კასატორისათვის საჯარო შეტყობინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2024 წლის განჩინების ჩაბარება და მისთვის განმარტება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2024 წლის განჩინება საჯაროდ გავრცელდა იმავე დღეს (ს.ფ.306).

11. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2024 წლის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან (13.11.2024 წლიდან) მე-7 დღეს და მისი მომდევნო დღიდან უნდა იქნეს ათვლილი ხარვეზის შევსების გაგრძელებული ვადა (05 დღე), რომელიც ამოიწურა 25.11.2024 წელს. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1303-2022, 13.01.2023წ.; ას-1584-2023, 22.05.2024წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე