საქმე №ა-5076-შ-136-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც.პ.რ–ს“
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საერთაშორისო საარბიტრაჟო კონსორციუმის 23.08.2024 წლის საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №28457/HBH)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საერთაშორისო საარბიტრაჟო კონსორციუმის 23.08.2024 წლის საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (83-ე პუნქტი) (საარბიტრაჟო საქმე №28457/HBH) (შემდგომში "საარბიტრაჟო გადაწყვეტილება") :
ა) ერთადერთი არბიტრი აცხადებს, რომ მას აქვს იურისდიქცია განიხილოს და გადაწყვიტოს ამ არბიტრაჟში წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა.
ბ) 2022 წლის 23 დეკემბრის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ს.ჩ–სა (შემდგომში "შუამდგომლობის ავტორი") (მოსარჩელე) და შპს „ც.პ.რ–სს“ (მოპასუხე) შორის წყდება მოპასუხის არსებითი დარღვევების გამო, და ამის საფუძველზე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მოიშლება.
გ) მოპასუხე შპს „ც.პ.რ–სს“ დაევალება, მოსარჩელეს აუნაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი 45 000 აშშ დოლარი.
დ) მხარეებს შორის 2022 წლის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების შედეგად შპს „ა.კ–ის“ წილებზე არსებული ყველა ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და გაუქმდეს. მოპასუხეს დაევალოს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა შპს „ა.კ–ის“ წილებზე არსებული „მომავალი საკუთრების“ ვალდებულების საქართველოს ეროვნული საჯარო რეესტრიდან მოსახსნელად (საფუძველი #B22163377) ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შუამდგომლობის ავტორმა და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 83-ე პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების ნაწილში.
3. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე აქტიურად არ მონაწილეობდა საარბიტრაჟო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მას სათანადო წესით ეცნობა დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა: 23.12.2022 წლის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დედანი, ან სათანადოდ დამოწმებული ასლი და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
5. 19.11.2024 წელს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სსსკ პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
9. სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე (იხ.: სუსგ-ები №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას (იხმობს შუამდგომლობას). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე. ანუ შუამდგომლობის ავტორს არ სურს დაწესებული ხარვეზის შევსება და მისი შუამდგომლობის განხილვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ის შუამდგომლობა საერთაშორისო საარბიტრაჟო კონსორციუმის 23.08.2024 წლის საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №28457/HBH) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე