საქმე №ას-841-2024 19 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – იმა „კ....“, დამფუძნებელი წევრები: ზ.თ–ი, ე.გ–ძე, ხ.გ–ძე, ნ.კ–ძე, მ.რ–ძე, მ.ნ–ი, კ.ზ–ძე, შპს „ჯ....“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის გადაწყვეტილებით მ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ხ.გ–ძის, ნ.კ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ის, კ.ზ–ძის, შპს „ჯ....“-ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი ........ ქუჩა №62-ში) მიწის ნაკვეთზე, ს/კ: ........, მდებარე შენობა №1-ში, პირველ სართულზე, 150 კვ.მ. აზომვით ნახაზზე მითითებული კომერციული ფართის მესაკუთრედ და დადგინდა აღნიშნული ფართის საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირება; დადგინდა ამხანაგობა „კ....“-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული აზომვით ნახაზზე მითითებული კომერციული ფართის, მდებარე მისამართზე: თბილისი, ....... (ყოფილი ......... ქუჩა 62), ს/კ: ......., პირველი სართული, ფართი 150 კვ.მ, გამოთხოვა და მისი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: მოწინააღმდეგე მხარის ვინაობისა და მისი ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) დაზუსტება; მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.
3.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 08.01.2024 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2024 წლის განჩინებით ამხანაგობა „კ....“-ს და მის დამფუძნებელ წევრებს: ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.რ–ძეს, მ.ნ–ს, კ.ზ–ძეს და შპს „ჯ....“-ს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ წარედგინათ: მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
3.4. 30.01.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა: ხ.გ–ძემ და ნ.კ–ძემ, რომლებმაც განმარტეს, რომ ამხანაგობას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სრულად არის დაყადაღებული ამხანაგობის ქონება, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.
3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: წერილობით გამოეხატათ ნება, რომ ეთანხმებიან წარდგენილ სააპელაციო საჩივარს; წარედგინათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; წარედგინათ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
3.6. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 31.01.2024 წლის შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 10.01.2024 წლის განჩინება ყადაღის დადების შესახებ და აპელანტებმა - ამხანაგობა „კ....“-მა და მისმა დამფუძნებელმა წევრებმა: ზ.თ–მა, ე.გ–ძემ, მ.რ–ძემ, მ.ნ–მა, კ.ზ–ძემ და შპს „ჯ....“-მა, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
3.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2024 წლის განჩინებით ამხანაგობა „კ....“-ს და მის დამფუძნებელ წევრებს: ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.რ–ძეს, მ.ნ–ს, კ.ზ–ძეს და შპს „ჯ....“-ს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ წარედგინათ: მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე განჩინებით აპელანტებს კანონით დადგენილი წესით განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3.8. საქმეში წარმოდგენილი გზავნილებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინება აპელანტებს: ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს გაეგზავნათ მათ მიერ 30.01.2024 წელს წარმოდგენილ განცხადებაში (სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ) მითითებულ მისამართზე სამჯერ, თუმცა მისამართზე არყოფნის გამო გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2024 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა, გზავნილის მიღებიდან 7 დღის ვადაში, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინების ჩაბარება, შემდეგ მისამართზე: თბილისი, .........
3.9. 02.05.2024 წელს თბილისის საპელაციო სასამართლოს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, პოლიციის III სამმართველოს, უფროსის მოადგილემ ნ.თ–ძემ, რომელმაც განმარტა, რომ ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაჰბარდათ მისამართზე არყოფნის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძისთვის ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო. ჩაბარების თარიღად კი უნდა განსაზღვრულიყო ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, პოლიციის III სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის ვიზიტის თარიღი - 11.04.2024 წელი. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი ვადის ათვლა აპელანტებისთვის დაიწყო 12.04.2024 წელს და ამოიწურა 22.04.2024 წელს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
3.10. რაც შეეხება ამხანაგობა „კ....“-ს და მის დამფუძნებელ წევრებს: ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.რ–ძეს, მ.ნ–ს, კ.ზ–ძესა და შპს „ჯ....“-ს, საქმის მასალების თანახმად, 19.02.2024 წლის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტების წარმომადგენელს ზ.ბ–ძეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........, ბინა 37 და 05.04.2024 წელს ჩაჰბარდა ადრესატის მეუღლეს, თ.ჩ–ას. ამრიგად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტებისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 06.04.2024 წელს და ამოიწურა 15.04.2024 წელს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 16.04.2024 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 19.02.2024 წლის განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 63-ე მუხლით და მიუთითა, რომ აპელანტებმა განცხადება წარადგინეს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, აღნიშნული, როგორც განცხადების, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. აპელანტებმა 08.01.2024 წელს სასამართლოს ერთობლივად წარუდგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. სასამართლომ უკანონოდ გაყო საქმე და 18.01.2024 წლის განჩინებით არა ყველა აპელანტს, არამედ მათ ნაწილს: იმა „კ....“-ს, ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.ნ–ს, შპს „ჯ....“-ს, მ.რ–ძეს, კ.ზ–ძეს, გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს ცალკე 06.02.2024 წლის განჩინებით გაუგრძელდათ 26.12.2023 წლის განჩინებით განსაზღვრული ვადა 10 დღით.
4.2. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენლის ზ.ბ–ძის მეუღლეს 05.04.2024 წელს ვერ ჩაჰბარდებოდა, რადგან იმყოფებოდა სამსახურში. სავარაუდოდ, ფოსტას გზავნილის ჩაბარების თარიღი აერია და გზავნილი 06.04.2024 წელსაა ჩაბარებული.
4.3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდისას და ხარვეზის სრულად შევსებისას ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს ხარვეზის შევსების ვადა კიდევ ჰქონდათ დარჩენილი 22 აპრილამდე, რასაც თავად სასამართლოც უთითებს. სასამართლომ გადახდილი ბაჟი და წარდგენილი მტკიცებულებები ხარვეზის შევსებად არ ჩათვალა. გაუგებარია, ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს ცალკე უნდა გადაეხადათ ბაჟი 5000 ლარი? ბაჟი ერთობლივად უნდა გადახდილიყო.
4.4. 19.02.2024 წლის განჩინების გაგზავნისა და ჩაბარებისას კ.ზ–ძის მიერ ზ.ბ–ძის სახელზე გაცემულ რწმუნებულებას ვადა გასული ჰქონდა 06.03.2024 წელს. აღნიშნული განჩინება სასამართლოს კ.ზ–ძისთვის ცალკე უნდა გაეგზავნა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მასზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ:
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ მოწინააღმდეგე მხარის ვინაობისა და მისი ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) დაზუსტება; მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა (ტ.2, ს.ფ. 4-7).
9.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 08.01.2024 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ის, კ.ზ–ძისა და შპს „ჯ....“-ის წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ, რომელმაც წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 15-28).
ზ.ბ–ძე არ იყო მოპასუხეთაგან ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის წარმომადგენელი. მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის წარმომადგენლის რანგში ხელს აწერდა მ. ვ–ი.
9.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2024 წლის განჩინებით ამხანაგობა „კ....“-ს და მის დამფუძნებელ წევრებს: ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.რ–ძეს, მ.ნ–ს, კ.ზ–ძესა და შპს „ჯ....“-ს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ წარედგინათ: მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (ტ.2, ს.ფ. 29-30).
9.4. 30.01.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართეს ხ.გ–ძემ და ნ.კ–ძემ: „თქვენთან შემოტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი საქმე #2ბ/7280-23, რომელზეც, როგორც შევიტყვე, თქვენს მიერ დაგვიდგინდა ხარვეზი და მოგვეცა ვადა მის შესავსებად. ვინაიდან ამხანაგობას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, აქვს საგადასახადო გირავნობა, სრულად არის დაყადაღებული ამხანაგობის მთლიანი ქონება რამოდენიმეჯერ, გთხოვთ, სასამართლომ გადაგვივადოს სახ. ბაჟის გადახდა“ (ტ.2, ს.ფ. 31).
9.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: წერილობით გამოეხატათ ნება, რომ ეთანხმებიან წარდგენილ სააპელაციო საჩივარს; წარედგინათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; წარედგინათ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (ტ.2, ს.ფ. 32-35).
9.6. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ის, კ.ზ–ძისა და შპს „ჯ....“-ის წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 31.01.2024 წლის შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 10.01.2024 წლის განჩინება ყადაღის დადების შესახებ და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 42-49).
9.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2024 წლის განჩინებით ამხანაგობა „კ....“-ს და მის დამფუძნებელ წევრებს: ზ.თ–ს, ე.გ–ძეს, მ.რ–ძეს, მ.ნ–ს, კ.ზ–ძეს და შპს „ჯ....“-ს გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ წარედგინათ: მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 50-52).
9.8. 19.02.2024 წლის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 02.04.2024 წელს გაეგზავნა ზ.ბ–ძეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .........., ბინა 37, და 05.04.2024 წელს ჩაჰბარდა ადრესატის მეუღლეს, თ.ჩ–ას (ტ.2, ს.ფ. 60, 63).
აღნიშნული განჩინების გაგზავნისა და ჩაბარების დროს ზ.ბ–ძე იყო ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ისა და შპს „ჯ....“-ის წარმომადგენელი, ხოლო კ.ზ–ძის მიერ ზ.ბ–ძის სახელზე გაცემულ მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული (მინდობილობა მოქმედი იყო 06.03.2024 წლის ჩათვლით, ტ.1, ს.ფ. 230-233).
9.9. ამხანაგობა „კ....“-ისთვის და მისი დამფუძნებელი წევრებისთვის: ზ.თ–ისთვის, ე.გ–ძისთვის, მ.რ–ძისთვის, მ.ნ–ისთვისა და შპს „ჯ....“-ისთვის, დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 06.04.2024 წელს და ამოიწურა 15.04.2024 წელს. მათმა წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ სააპელაციო პალატას მიმართა 16.04.2024 წელს, დადგენილი ვადის დარღვევით, წარადგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (ტ.2, ს.ფ. 64-66).
9.10. ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინება ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს გაეგზავნათ მათ მიერ 30.01.2024 წელს წარმოდგენილ განცხადებაში (სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ) მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები ვერ ჩაჰბარდათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.2024 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა, გზავნილის მიღებიდან 7 დღის ვადაში, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.02.2024 წლის განჩინების ჩაბარება, შემდეგ მისამართზე: თბილისი, .......... (ტ.2, ს.ფ. 57-59). 02.05.2024 წელს თბილისის საპელაციო სასამართლოს წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, პოლიციის III სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ.თ–ძის წერილი, რომელზე დართული მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმიდან ირკვევა, რომ შესაბამისი თანამშრომელი 11.04.2024 წელს გამოცხადდა მისამართზე, მაგრამ ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაჰბარდათ მისამართზე არყოფნის გამო (ტ.2, ს.ფ. 67-68).
9.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტ.2, ს.ფ. 80-85).
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას მასზე, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.02.2024 წლის განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა არა 05.04.2024 წელს, არამედ - 06.04.2024 წელს.
12. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.02.2024 წლის განჩინება 02.04.2024 წელს ზ.ბ–ძეს, რომელიც ამ დროისათვის იყო მოპასუხეთა ნაწილის - ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ისა და შპს „ჯ....“-ის წარმომადგენელი, გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ.2, ს.ფ. 60). საფოსტო უკუგზავნილში მითითებულია, რომ გზავნილი 05.04.2024 წელს ჩაჰბარდა ადრესატის მეუღლეს, თ.ჩ–ას, რასაც ეს უკანასკნელი ადასტურებს ხელმოწერით (ტ.2, ს.ფ. 63). საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს საფოსტო უკუგზავნილით დადგენილი გარემოების გამაქარწყლებელი რელევანტური მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
13. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ამხანაგობა „კ....“-ისთვის და მისი დამფუძნებელი წევრებისთვის: ზ.თ–ისთვის, ე.გ–ძისთვის, მ.რ–ძისთვის, მ.ნ–ისათვის და შპს „ჯ....“-ისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 06.04.2024 წელს და ამოიწურა 15.04.2024 წელს. დადგენილია, რომ მათმა წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სააპელაციო პალატას მიმართა ვადის დარღვევით, 16.04.2024 წელს.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ამრიგად, ამხანაგობა „კ....“-ის და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ისა და შპს „ჯ....“-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
15. ამავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას მასზე, რომ კ.ზ–ძეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.02.2024 წლის განჩინება კანონით დადგენილი წესის დაცვით არ ჩაჰბარებია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინება გაეგზავნა (02.04.2024) და ჩაჰბარდა (05.04.2024) ზ.ბ–ძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელის სახელზე კ.ზ–ძის მიერ გაცემული მინდობილობის ვადა გასული იყო. მინდობილობის თანახმად, ზ.ბ–ძეს კ.ზ–ძის წარმომადგენლობის უფლებამოსილება 06.03.2024 წლის ჩათვლით ჰქონდა (ტ.1, ს.ფ. 230-233). შესაბამისად, სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის გამო, მისთვის გზავნილის ჩაბარება უფლებამოსილი პირისათვის კორესპონდენციის კანონით დადგენილი წესით გადაცემად ვერ მიიჩნევა.
16. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა: ხარვეზი 26.12.2023 წლის განჩინებით ყველა მოპასუხისათვის ერთიანად იყო დაწესებული; 19.02.2024 წლის განჩინების მიღებისას ხარვეზი ნაწილობრივ იყო შევსებული და წარმოსადგენი იყო მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია; ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 19.02.2024 წლის განჩინების მხარე კ.ზ–ძეს განჩინება არ ჰქონდა ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით (მის მინდობილობას ზ.ბ–ძის სახელზე გაუვიდა ვადა); ამასობაში კი სასამართლოში წარდგენილი იყო (თუნდაც ამხანაგობა „კ....“-ისა და მისი დამფუძნებელი წევრების: ზ.თ–ის, ე.გ–ძის, მ.რ–ძის, მ.ნ–ისა და შპს „ჯ....“-ისათვის ვადის დარღვევით) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, - არ არსებობდა კ.ზ–ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების იმ პრეტენზიასაც, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 07.12.2023 წელს წარდგენილ თავდაპირველ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდნენ ხ.გ–ძე და ნ.კ–ძეც (ტ.1. ს.ფ. 520-532). როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2023 წლის განჩინებით (ხარვეზის დადგენის შესახებ პირველი განჩინება) მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე ერთობლივად დაუდგინდათ ხარვეზი (ტ.2, ს.ფ. 4-7). მისი შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ.ბ–ძემ, რომელიც ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის წარმომადგენელი არ იყო, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აპელანტებად მითითებული იყვნენ ხ.გ–ძე და ნ.კ–ძეც, თუმცა მათ ნაცვლად სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი (ადვოკატი მალხაზ ვ–ი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია და ვერ განახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე) (ტ.2, ს.ფ. 15-28).
18. 18.01.2024 წლისა და 06.02.2024 წლის განჩინებებით მოპასუხეებს ხარვეზის შევსების მიზნით დავალებული ჰქონდათ ერთი და იგივე მოქმედებების შესრულება - მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა (ტ.2, ს.ფ. 29-30; 32-35), რაც 16.04.2024 წელს შევსებულ იქნა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წლის განჩინებით ხ.გ–ძესა და ნ.კ–ძეს დაევალათ წერილობით გამოეხატათ ნება, რომ ეთანხმებიან წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 06.02.2024 წელს აღნიშნული ხარვეზის დადგენის წინაპირობა აღარ არსებობდა, ვინაიდან 30.01.2024 წლის განცხადებით, რომელსაც ხელს აწერენ პირადად ხ.გ–ძე და ნ.კ–ძე, მათ ასეთი ნება უკვე გამოხატული ჰქონდათ. ამ განცხადებაში ისინი უთითებდნენ, რომ შეტანილი აქვთ სააპელაციო საჩივარი, შეიტყვეს, რომ დაუდგინდათ ხარვეზი და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 31).
19. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა: ხარვეზი 26.12.2023 წლის განჩინებით ყველა მოპასუხისათვის ერთიანად იყო დაწესებული; 30.01.2024 წლის განცხადებით, რომელსაც ხელს აწერდნენ პირადად ხ.გ–ძე და ნ.კ–ძე, მათ გამოხატული ჰქონდათ თანხმობა შეტანილ სააპელაციო საჩივარზე; ხარვეზის შესავსებად ვადა მათ 22.04.2024 წლამდე ჰქონდათ; 16.04.2024 წელს სასამართლოში წარდგენილი იყო 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და კ.ზ–ძის ნაწილში იყო სააპელაციო საჩივრის მიღების წინაპირობა, - არ არსებობდა ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ასევე გაუქმდეს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს კ.ზ–ძის, ხ.გ–ძისა და ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
2. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.06.2024 წლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია