18 ნოემბერი 2024 წელი
№ას-1296-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაუსწრებელი და დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ჩ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ.ჭ–ძის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა ლ.ჭ–ძეს საკუთარ ,,facebook" გვერდზე, მის მიერ საჯაროდ გაკეთებული ნ.ჩ–ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი შემდეგი განცხადების უარყოფა: „მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი 4 შტატის სარგოს იღებს“; დაევალა ლ.ჭ–ძეს საკუთარ ,,facebook" გვერდზე პოსტის გამოქვეყნება, რომ „მათხოჯის სკოლის დირექტორი 4 შტატის სარგოს იღებს“, არ შეესაბამება სინამდვილეს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე ლ.ჭ–ძეს მოსარჩელე ნ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5500 ლარის გადახდა.
4. ლ.ჭ–ძემ საჩივარი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა 2023 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2023 წლის 26 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ლ.ჭ–ძეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2023 წლის 26 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჭ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით ლ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2023 წლის 26 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, 2023 წლის 28 აპრილის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს - მედიაციის შეწყვეტის შემდეგ საქმის წარმოების განახლების საკითხის შემოწმების ეტაპიდან.
8. აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით ნ.ჩ–ის წარმომადგენელმა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშში მითითებული წესების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ჟ.ჩ–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 129-130) გაეგზავნა საქმის მასალებში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 28 ოქტომბერს ჩაბარდა ოპერატორს - გ.ი–ს (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა 2024 წლის 28 ოქტომბერს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
13. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მომუშავე რომელიმე ქმედუნარიან პირს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის თანამშრომლის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
14. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 29 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 07 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი