05 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1259-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.გ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ო.ნ–ვი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.გ–ვამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ო.ნ–ვის, ვ.ნ–ის, ნ.ნ–ის, ე.კ–ვასა და ს.ნ–ვას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან შემდეგი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვა:
1.1. ნიშნობის ოქროს რგოლი (6,2 გრამი, 750 სინჯი), ღირებული 2100 ლარად;
1.2. საძინებელი, ღირებული 8380 ლარად, რომელიც შედგება: ა) ღია, მოთეთრო, ორკაციანი საწოლისაგან ოქროსფერი, მოჩუქურთმებული დეტალებით, თავისივე მოყავისფრო რბილი დასაჯდომით; ბ) სამი, მოთეთრო სარკეებიანი ტუმბო ოქროსფერი დეტალებით, ორი თეთრი სანათით გაწყობილი, ერთი – სანათის გარეშე; გ) ერთი ოთხუჯრიანი კომოდი, გაწყობილი ოქროსფერი დეტალებით; დ) ერთი ოთხკარიანი გარდერობი, შუაში სარკეებით, გაწყობილი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და დეტალებით; ე) ერთი სარკიანი, ე.წ. „ტრილიაჟი” გაწყობილი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და დეტალებით; ვ) „ტრილიაჟის“ ყავისფერი დაბალი სკამი;
1.3. ბროლის ჭაღი, დამაგრებული საძინებლის ჭერზე, ღირებული 220 ლარად;
1.4. სამი სხვადასხვა ზომის, ფეხიანი ჭიქის ფორმის შანდალი, ოქროსფერი, გაწყობილი გამჭვირვალე მინის დეტალებით, ღირებული 150 ლარად;
1.5. სამი იატაკის საფენი (ხალიჩა), ერთი საშუალო და ორი პატარა, ღია ნაცრისფრად და თეთრად გაწყობილი, ღირებული 630 ლარად;
1.6. საძინებლის, მოთეთრო და მოყავისფრო ნაქარგებიანი ფარდები, ღირებული 900 ლარად;
1.7. პატარა, ორი თეთრი ქანდაკება (ერთი გოგოს, ხოლო მეორე გოგოსა და ბიჭის გამოსახულებით), ღირებული 150 ლარად;
1.8. ორი სუვენირი, არაბული წარწერებით, ოქროსფერი სადგამით, ყვავილის ფორმის, შუშისებრი თვლებით გაწყობილი, ღირებული 150 ლარად;
1.9. ერთი ცალი ორადგილიანი საწოლის გადასაფარებელი, თეთრი, თავისი ორი ბალიშით, გაფორმებული ყვავილებითა და ნაქარგებით, ღირებული 300 ლარად;
1.10. ორადგილიანი საწოლის თეთრეული (თეთრი), ღირებული 180 ლარად;
1.11. თეთრ და ოქროსფერებში გაწყობილი მინის ზედაპირიანი საყვავილის მაგიდა, საყვავილე ქოთნითა და ოქროსფერ ტოტებიანი, თეთრი ხელოვნური ყვავილებით, ღირებული 550 ლარად;
1.12. ღია ყავისფერი და ოქროს ფერებიანი ნაჭრის რბილი ავეჯი (სამეული), თავისი ბალიშებით, რომელთა სახელურებსა და ძირზე დამაგრებულია ე.წ „ფოჩები“, ღირებული 5300 ლარად;
1.13. ტელევიზორი ,,SAMSUNG Cristal UHD 7 SERIES TU7100 CLASS", ღირებული 2030 ლარად;
1.14. გრძელი ფორმის, ოქროსფერ ორნამენტებიანი დასადგამი საათი, ღირებული 400 ლარად;
1.15. ორი ცალი სხვადასხვა ფორმის ვაზა, შავი ორნამენტებით, ღირებული 250 ლარად;
1.16. ყავისფერი ხის დასაკეცი საუთოო მაგიდა, ღირებული 150 ლარად;
1.17. ერთი ცალი, ორადგილიანი საწოლის ვარდისფერი გადასაფარებელი, ღირებული 400 ლარად;
1.18. გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული ცისფერი საბანი, ღირებული 250 ლარად;
1.19. გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული ,,AKSU"-ს თეთრი საწოლზე გადასაფარებელი, ღირებული 100 ლარად;
1.20. პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, სალათისფერი, ორადგილიანი საწოლის თეთრეული, წარწერით ,,ARIAN", ღირებული 150 ლარად;
1.21. თეთრი და გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის აბაზანის პირსახოცები ექვსი ცალი, ღირებული 210 ლარად;
1.22. თეთრი მუყაოს ყუთში მოთავსებული, 6 პატარა ზომის პირსახოცი, წარწერით "MISS LARME”, ღირებული 90 ლარად;
1.23. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა მუყაოს ყუთში მოთავსებული ე.წ „ჩაის ტილოები“ 24 ცალი, ღირებული 75 ლარად;
1.24. მუყაოს ყუთში მოთავსებული "Panasonic"-ის უთო, ღირებული 100 ლარად;
1.25. მუქ ყუთში მოთავსებული ჩაის ასადუღებელი, ე.წ „სამოვარი“, ღირებული 220 ლარად;
1.26. მუყაოს ყუთში მოთავსებული "ARSHIA” ფირმის მტვერსასრუტი, ღირებული 230 ლარად;
1.27. ყუთში მოთავსებული ყავისფერი სავარცხლების ნაკრები, ღირებული 50 ლარად;
1.28. პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, წითელი, ყვავილებიანი საბანი, ღირებული 150 ლარად;
1.29. მუყაოს ყუთში მოთავსებული მაგიდის ყავისფერი გადასაფარებელი წარწერით "KASSO”, ღირებული 110 ლარად;
1.30. თეთრი და შავი ზოლებიანი მუყაოს ყუთში მოთავსებული, ვარდისფერი თეთრეული, ღირებული 350 ლარად;
1.31. "Durul" წარწერიანი მუყაოს ყუთში მოთავსებული, მამაკაცისა და ქალის, თეთრი და ვარდისფერი, ორი ხალათი, პირსახოცები, ჩუსტები, ღირებული 300 ლარად;
1.32. კუთვნილი მოძრავი ნივთების მოუძიებლობის შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეებისათვის (ო.ნ–სათვის, ვ.ნ–ისათვის, ე.კ–ვასა და ს.ნ–ვასათვის) ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების ღირებულების შესაბამისი თანხის - 24 625 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეებმა: ო.ნ–ვმა, ვ.ნ–მა, ნ.ნ–მა და ე.კ–ვამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე ს.ნ–ვას შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. მოპასუხე ო.ნ–ვმა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა შემდეგი ნივთების გამოთხოვა:
3.1. ხონჩა (ტკბილეულის), ღირებული70 ლარად;
3.2. თანხა 100 დოლარი და 200 ლარი;
3.3. ქვაბის გახსნის 50 ლარი ( უკავშირდება გარკვეულ რიტუალს);
3.4. რბილი სათამაშო (თეთრი დათვი იასამნისფერი ბაფთით, ხელები და ფეხები ვარდისფერი) 200 ლარად ღირებული;
3.5. ყვავილები (ვარდები-41 ცალი, 1 თეთრი ) 150 ლარად ღირებული;
3.6. წითელი თავშალი , ღირებული 50 ლარად;
3.7. ვარდისფერი კაბა, 250 ლარად ღირებული;
3.8. კოსტიუმი და შარვალი, ღირებული 170 ლარად, კრემისფერი, თურქული;
3.9. ტუფლი კრემისფერი, ღირებული 70 ლარად;
3.10. შავი ნაჭრის ტუფლი 60 ლარად ღირებული;
3.11. 100 ლარად ღირებული ქვედა საცვლები;
3.12. სახელის ასოები ლათინური ,,ო" და ,,ე", გულის ფორმა, რომლებშიც არის შოკოლადი ,,მ" 210 ლარად ღირებული;
3.13. რუსული შოკოლადი, ,,სნიკერსი”, ,,რაფაელო”, მთლიანად 500 ლარის;
3.14. სუფრისათვის ხილი, ღირებული 200 ლარად (ავოკადო, ანანასი, ბანანი, ქოქოსი);
3.15. 200 ლარად ღირებული ტყავის კოსტიუმი, ღია კაკაოსფერი;
3.16. 200-ლარიანი ტორტი;
3.17. კაბა 80 ლარად ღირებული, სარაფანი, თეთრ-ყვითელი ქამრით, ყვავილებით გაწყობილი;
3.18. 100 ლარად ღირებული ქურთუკი ღია მწვანე პრიალა ზედაპირით;
3.19. 160 ლარად ღირებული ტანსაცმელი;
3.20. 80 ლარად ღირებული შავი ტყავი;
3.21.ზედა 50 ლარად ღირებული;
3.22. ზედა 40 ლარად ღირებული, ყვითელი;
3.23. 50 ლარად ღირებული ყვავილების კალათა;
3.24. 100 ლარად ღირებული ფოიერვერკი;
3.25. სპორტული ტანსაცმელი კაპიუშონით, ლურჯი, 60 ლარად ღირებული;
3.26. ტორტი 100 ლარად ღირებული;
3.27. ყვავილები 80 ლარად ღირებული;
3.28. შოკოლადის ხონჩა, 60 ლარად ღირებული "რაფაელოს" შიგთავსი;
3.29. ჩარჩოსურათი 30 ლარი, ქალისა და კაცის გამოსახულებით;
3.30. ხონჩა 100 ლარად ღირებული;
3.31. 300 ლარად ღირებული თეთრი კაბა;
3.32. 80 ლარად ღირებული წითელი ნაჭრის ტუფლი;
3.33. ქვედა საცვლები 50 ლარად ღირებული;
3.34. 60 ლარად ღირებული, შავი ნაჭრის ქოშები;
3.35. 30 ლარად ღირებული საათი;
3.36. თეთრი კაპიუშონიანი ჩასაცმელი , 80 ლარად ღირებული;
3.37. 150 ლარად ღირებული ფოიერვერკი;
3.38. კლიპის გადასაღებად გადახდილი 180 ლარი;
3.39. ნაცრისფერი შარვალი, ჯინსის, 40 ლარად ღირებული;
3.40. სურათების ჩიპი 100 ლარად ღირებული;
3.41. სურათის გადაღებისას გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება;
3.42. კლიპის გადამღები ოპერატორის დაქირავებისა და გადაღების ხარჯის, 800 ლარის, ანაზღაურება;
3.43. 50 ლარად ღირებული კაბა;
3.44. ბოტანიკურ ბაღში შესვლის ხარჯის, 300 ლარის, ანაზღაურება;
3.45. 350 დოლარად ღირებული (ეკვივალენტი ლარი - 1051 ლარი) ქურქი;
3.46. მისთვის გადაცემული 500 ლარის ანაზღაურება;
3.47. მოპასუხის ნათესავების მოწვევისა და სუფრის ხარჯები, 500 ლარი;
3.48. ჭაღის მონტაჟის, 50 ლარის, ანაზღაურება;
3.49. ორი ტომარა ფქვილი, 160 ლარად ღირებული;
3.50. ნიშნობის ბეჭედი - 2100 ლარად ღირებული, 750 სინჯის ბაჯაღლო, 5 ბრილიანტის თვლით;
3.51. მოპასუხეს დაეკისროს ნიშნობის დროს დახარჯული 2 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც გაწეულ იქნა სუფრის მოსამზადებლად;
3.52. მოპასუხისათვის ნიშნობის შემდეგ ო.ნ–ვის მიერ ე.გ–ვასათვის გადახდილი 2 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება;
3.53. 200 ლარის ქვედა საცვლები;
3.54. 100 ლარად ღირებული ხილი;
3.55. “ეივონის" კოსმეტიკა 300 ლარის;
3.56. 70 ლარის ტორტი;
3.57. 300 ლარად ღირებული ცხვარი;
3.58. 60 ლარის მარწყვი;
3.59. ალუჩა, 80 ლარად ღირებული;
3.60. 100 ლარის ხილი;
3.61. ტკბილეულის ხონჩა, 100 ლარად ღირებული სხვადასხვა შოკოლადით, ყარაყუმი, დათუნია, წითელქუდა;
3.62. ბოტასები, 60 ლარად ღირებული, თეთრი, თურქული;
3.63. მოყავისფრო ჟაკეტი, 40 ლარად ღირებული;
3.64. ხაკისფერი, 160 ლარად ღირებული ,,ვერსაჩეს” სპორტული ტანსაცმელი;
3.65. მწვანე შარვალი, 50 ლარად ღირებული;
3.66. თეთრი, 60 ლარად ღირებული ბოტასი;
3.67. 20 ლარის წინდები;
3.68. "ლუი ვიტონის" ჩანთა 50 ლარად ღირებული;
3.69. 50 ლარად ღირებული ყვითელი სარაფანა;
3.70. 50 ლარად ღირებული თხელი, შავი შარვალი;
3.71. 40 ლარად ღირებული თხელი ზედა, ყვითელი;
3.72. ყვითელი ზედა შავი ზოლებით, შავი შარვალი 200 ლარად ღირებული;
3.73. წითელი ზედა მოკლე სახელოებით, 20 ლარად ღირებული;
3.74. მწვანე ზედა 60 ლარად ღირებული;
3.75. ღია მწვანე კაბა, 75 ლარად ღირებული;
3.76. ჩუსტები, ქვებით მორთული, 50 ლარად ღირებული;
3.77. 50 ლარად ღირებული ზედა;
3.78. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არ ექნებოდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ნივთები, დაკისრებოდა ამ ნივთების ღირებულება - 10 116 ლარი და 7 040 ლარი მოპასუხის სასარგებლოდ, რომლის ნაწილი თანხის სახით გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი გაიხარჯა ნიშნობის მოსაწყობად და მოსარჩელის გართობა-დასვენებისათვის.
4. მოსარჩელე ე.გ–ვამ შეგეგებული სარჩელი არ ცნო.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ო.ნ–ვის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ე.გ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: ო.ნ–ვის, ვ.ნ–ის, ნ.ნ–ის, ე.კ–ვასა და ს.ნ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ე.გ–ვას კუთვნილი შემდეგი ნივთები:
5.1. ნიშნობის ოქროს რგოლი (6,2 გრამი, 750 სინჯი), ღირებული 2 100 ლარად;
5.2. საძინებელი, ღირებული - 8380 ლარად, რომელიც შედგება: ა) ორკაციანი საწოლისაგან, მითითებული საწოლი არის ღია მოთეთრო, ოქროსფერი დეტალებით, მოჩუქურთმებული, თავისივე მოყავისფრო რბილი დასაჯდომით; ბ) სამი მოთეთრო, სარკეებიანი ტუმბო, ოქროსფერი დეტალებით, ორი თეთრი სანათით გაწყობილი, ერთი – სანათის გარეშე; გ) ერთი ოთხუჯრიანი კომოდი, გაწყობილი ოქროსფერი დეტალებით; დ) ერთი ოთხკარიანი გარდერობი, შუაში სარკეებით, გაწყობილი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და დეტალებით; ე) ერთი სარკიანი ე.წ. „ტრილიაჟი” გაწყობილი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და დეტალებით; ვ) ე.წ. „ტრილიაჟის“, ერთი ყავისფერი, დაბალი სკამი.
5.3. ბროლის ჭაღი, დამაგრებული საძინებლის ჭერზე, ღირებული 220 ლარად;
5.4. სამი სხვადასხვა ზომის, ფეხიანი ჭიქის ფორმის შანდალი, ოქროსფერი, გაწყობილი გამჭირვალე მინის დეტალებით, ღირებული 150 ლარად;
5.5. სამი იატაკის საფენი (ხალიჩა), ერთი საშუალო და ორი პატარა, ღია ნაცრისფრად და თეთრად გაწყობილი, ღირებული 630 ლარად;
5.6. საძინებლის მოთეთრო-მოყავისფრო ნაქარგებიანი ფარდები, ღირებული 900 ლარად;
5.7. პატარა, ორი თეთრი ქანდაკება (ერთიგოგოს, ხოლო მეორე გოგოსა და ბიჭის გამოსახულებით), ღირებული 150 ლარად;
5.8. ორი სუვენირი, არაბული წარწერებით, ოქროსფერი სადგამით, ყვავილის ფორმის, შუშისებრი თვლებით გაწყობილი, ღირებული 150 ლარად;
5.9. ერთი ორადგილიანი საწოლის გადასაფარებელი, თეთრი, თავისი ორი ბალიშით, გაფორმებული ყვავილებითა და ნაქარგებით, ღირებული 300 ლარად;
5.10. ორადგილიანი საწოლის, თეთრი თეთრეული, ღირებული 180 ლარად;
5.11. თეთრად და ოქროსფერებად გაწყობილი მინის ზედაპირიანი საყვავილის მაგიდა, საყვავილე ქოთნითა და თეთრი ოქროსფერტოტებიანი ხელოვნური ყვავილებით, ღირებული 550 ლარად;
5.12. ღია ყავისფერი და ოქროსფერებიანი ნაჭრის რბილი ავეჯი (სამეული), თავისი ბალიშებით, რომელთა სახელურებსა და ძირზე დამაგრებულია ე.წ „ფოჩები“, ღირებული 5 300 ლარად;
5.13. ტელევიზორი SAMSUNG Cristal UHD 7 SERIES TU7100 CLASS, ღირებული 2 030 ლარად;
5.14. გრძელი, ოქროსფერორნამენტებიანი დასადგამი საათი, ღირებული - 400 ლარად;
5.15. ორი ცალი სხვადასხვა ფორმის ვაზა, შავი ორნამენტებით, ღირებული 250 ლარად;
5.16. ყავისფერი ხის დასაკეცი საუთოო მაგიდა, ღირებული 150 ლარად;
5.17. ერთი, ორადგილიანი საწოლის ვარდისფერი გადასაფარებელი, ღირებული - 400 ლარად;
5.18. გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული ცისფერი საბანი, ღირებული - 250 ლარად;
5.19. გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული ,,AKSU"-ს საწოლზე გადასაფარებელი, თეთრი, ღირებული 100 ლარად;
5.20. პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, სალათისფერი, ორადგილიანი საწოლის თეთრეული, წარწერით ,,ARIAN", ღირებული 150 ლარად;
5.21. თეთრი და გამჭვირვალე პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის ექვსი აბაზანის პირსახოცი, ღირებული - 210 ლარად;
5.22. 3 თეთრ მუყაოს ყუთში მოთავსებული, 6 პატარა პირსახოცი, წარწერით "MISS LARME”, ღირებული 90 ლარად;
5.23. სხვადასხვა ფერისა და სხვადასხვა მუყაოს ყუთებში მოთავსებული 24, ე.წ ,,ჩაის ტილო” , ღირებული 75 ლარად;
5.24. მუყაოს ყუთში მოთავსებული "Panasonic”-ის უთო, ღირებული 100 ლარად;
5.25. მუქ ყუთში მოთავსებული ჩაის ასადუღებელი, ე.წ „სამოვარი“, ღირებული 220 ლარად;
5.26. მუყაოს ყუთში მოთავსებული "ARSHIA”-ს მტვერსასრუტი, ღირებული 230 ლარად;
5.27. ყუთში მოთავსებული, ყავისფერი სავარცხლების ნაკრები, ღირებული 50 ლარად;
5.28. პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებული, წითელი ყვავილებიანი საბანი, ღირებული 150 ლარად;
5.29. მუყაოს ყუთში მოთავსებული, მაგიდის ყავისფერი გადასაფარებელი წარწერით "KASSO”, ღირებული 110 ლარად;
5.30. თეთრი და შავი ზოლებიანი მუყაოს ყუთში მოთავსებული, ვარდისფერი თეთრეული, ღირებული 350 ლარად;
5.31. წარწერიან მუყაოს ყუთში ("Durul") მოთავსებული, მამაკაცისა და ქალის, თეთრი და ვარდისფერი, ორი პირსახოცი, ჩუსტები, ღირებული 300 ლარად.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ო.ნ–ვმა, ვ.ნ–მა და ნ.ნ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ვ.ნ–ისა და ნ.ნ–ის უკანონო მფლობელობიდან ნიშნობის ოქროს რგოლის ბეჭდის გამოთხოვისა და ო.ნ–ვის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ვ.ნ–ისა და ნ.ნ–ის უკანონო მფლობელობიდან ნიშნობის ოქროს რგოლის ბეჭდის გამოთხოვის თაობაზე ე.გ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ო.ნ–ვის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე.გ–ვას მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და ო.ნ–ვს გადაეცა: 1) რბილი სათამაშო (თეთრი დათვი იასამნისფერი ბაფთით, ხელები და ფეხები ვარდისფერი) – 200 ლარად ღირებული; 2) წითელი თავშალი, 50 ლარად ღირებული; 3) ვარდისფერი კაბა, 250 ლარად ღირებული; 4) თურქული, ღია ფერის კოსტიუმი და შარვალი 170 ლარად ღირებული; 5) ფეხსაცმელი, ღია ფერის, 70 ლარად ღირებული; 6) ფეხსაცმელი, 60 ლარად ღირებული, შავი ნაჭრის; 7) ქვედა საცვლები, 100 ლარად ღირებული; 8) ტყავის კოსტიუმი 200 ლარად ღირებული - ღია კაკაოსფერი; 9) კაბა, 80 ლარად ღირებული, სარაფანი, თეთრი ყვითელი ქამრით, ყვავილებით გაწყობილი; 10) ქურთუკი, 100 ლარად ღირებული, ღია მწვანე პრიალა ზედაპირით; 11) ტანსაცმელი ზედა-ქვედა - 160 ლარად ღირებული; 12) ტყავის შარვალი, შავი, 80 ლარად ღირებული; 13) ზედაბოლო - 50 ლარად ღირებული; 14) ზედაბოლო 40 ლარად ღირებული; 15) 60 ლარად ღირებული სპორტული ტანსაცმელი, ლურჯი ; 16) ჩარჩოსურათი, 30 ლარად ღირებული ქალისა და კაცის გამოსახულებით; 17) თეთრი კაბა, 300 ლარად ღირებული; 18) 80 ლარად ღირებული ნაჭრის წითელი ფეხსაცმელი; 19) 60 ლარად ღირებული შავი ქოშები, ნაჭრის; 20) 30 ლარად ღირებული საათი; 21) ნაცრისფერი შარვალი „ჯინსის“, 40 ლარად ღირებული; 22) კაბა, 50 ლარად ღირებული; 23) ქურქი, 1051 ლარად ღირებული; 24) ნიშნობის ბეჭედი 2 100-ლარიანი, 750 სინჯის ბაჯაღლო, 5 ბრილიანტის თვლით გაწყობილი; 25) „ეივონის“ კოსმეტიკა - 300 ლარად ღირებული; 26) 60 ლარად ღირებული, თურქული, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ; 27) მოყავისფრო ჟაკეტი, 40 ლარად ღირებული; 28) „ვერსაჩეს“ სპორტული ტანსაცმელი, ხაკისფერი, 160 ლარად ღირებული; 29) მწვანე შარვალი - 50 ლარად ღირებული; 30) წინდები 20 ლარად ღირებული; 31) 50 ლარად ღირებული„ლუი ვიტონის“ ჩანთა; 32) შავი, თხელი შარვალი 50 ლარად ღირებული; 33) თხელი ზედაბოლო - ყვითელი 40 ლარად ღირებული; 34) ყვითელი ზედაბოლო - შავი ზოლებით, შავი შარვალი - 200 ლარად ღირებული; 35) ზედაბოლო - წითელი, მოკლე სახელოებით - 20 ლარად ღირებული; 36) მწვანე ზედაბოლო - 60 ლარად ღირებული; 37) ღია მწვანე კაბა 75 ლარად ღირებული; 38) ქვებით მორთული ჩუსტები 50 ლარად ღირებული. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს:
7.1. ვ.ნ–ი არის ო.ნ–ვის მამა, ხოლო ნ.ნ–ი - პაპა. აპელანტები ცხოვრობენ ერთ ოჯახად, გარდაბნის რაიონის სოფელ .........
7.2. 2021 წლის მარტში არასრულწლოვანი ე.გ–ვა და ო.ნ–ვი დაინიშნენ. მხარეებმა დაქორწინება იმავე წლის დეკემბერში, ე.გ–ვას სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დაგეგმეს. აღსანიშნავად მხარეებმა 2021 წლის მარტიდან დეკემბრამდე ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები, თუმცა საბოლოოდ, ე.გ–ვა და ო.ნ–ვი არ დაქორწინდნენ.
7.3. მიუხედავად დაუქორწინებლობისა, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს ერთმანეთისათვის არ დაუბრუნებიათ.
7.4. სააპელააციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს რა მხოლოდ ნაწილობრივ, გაუსაჩივრებელ ნაწილში, კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილება უნდა შეამოწმებულიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც:
ა) დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი ნიშნობის ოქროს რგოლის (6,2 გრამი, 750 სინჯი) დაბრუნებაზე, ღირებული 2100 ლარად; და ბ) არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი შემდეგი ნივთების გამოთხოვის შესახებ: ხონჩა (ტკბილეულის) – 70 ლარად ღირებული; რბილი სათამაშო (თეთრი დათვი, იასამნისფერი ბაფთით ხელები და ფეხები ვარდისფერი) – 200 ლარად ღირებული; ყვავილი (ვარდები 41 ცალი, 1 თეთრი ), 150 ლარის ღირებული; წითელი თავშალი - 50 ლარად ღირებული; ვარდისფერი კაბა 250 ლარად ღირებული; კოსტიუმი და შარვალი 170 ლარად ღირებული - ღია ფერის, თურქული; ღია ფერის ფეხსაცმელი - 70 ლარად ღირებული; შავი ნაჭრის ფეხსაცმელი 60 ლარად ღირებული; ქვედა საცვლები 100 ლარად ღირებული; სახელის ასოები ლათინური „ო“ და „ე“ - გულის ფორმა, რომლებშიც არის შოკოლადი მოთავსებული - 210 ლარად ღირებული; შოკოლადი რუსული, „სნიკერსი“, „რაფაელო“ - მთლიანად 500 ლარად ღირებული; სუფრისათვის ხილი 200 ლარად ღირებული (ავოკადო, ანანასი, ბანანი, ქოქოსი); ტყავის კოსტიუმი - 200 ლარად ღირებული – ღია კაკაოსფერი; ტორტი 200 ლარად ღირებული; 80 ლარად ღირებული კაბა, თეთრი სარაფანი, ყვითელი ქამრით, ყვავილებით გაწყობილი; ქურთუკი 100 ლარად ღირებული, ღია მწვანე პრიალა ზედაპირით; ტანსაცმელი ზედა-ქვედა, 160 ლარად ღირებული; ტყავის შარვალი, 80 ლარად ღირებული; ზედაბოლო - 50 ლარად ღირებული; ზედაბოლო - 40 ლარად ღირებული, ყვითელი; ყვავილების კალათა - 50 ლარად ღირებული; ფოიერვერკი, 100 ლარად ღირებული; 60 ლარად ღირებული, ლურჯი სპორტული ტანსაცმელი; 100 ლარად ღირებული ტორტი; 80 ლარად ღირებული ყვავილები; შოკოლადის ხონჩა, 60 ლარად ღირებული, „რაფაელო“; ჩარჩოსურათი, 30 ლარად ღირებული ქალისა და კაცის გამოსახულებით; 100 ლარად ღირებული ხონჩა; 300 ლარად ღირებული თეთრი კაბა; 80 ლარად ღირებული ფეხსაცმელი, წითელი ნაჭრის; ქვედა საცვლები, 50 ლარად ღირებული; 60 ლარად ღირებული შავი ნაჭრის ქოშები; 30 ლარად ღირებული საათი; ზედა კაპიუშონით, თეთრი, 80 ლარად ღირებული; ნაცრისფერი შარვალი „ჯინსის“ , 40 ლარად ღირებული; 50 ლარად ღირებული კაბა; 350 დოლარად ღირებული ქურქი - (ეკვივალენტი ლარი – 1051 ლარი); ნიშნობის ბეჭედი 2 100-ლარიანი, 750 სინჯის ბაჯაღლო, 5 ბრილიანტის თვლით გაწყობილი; 200 ლარად ღირებული ქვედა საცვლები; 100 ლარად ღირებული ხილი; 54. „ეივონის“ კოსმეტიკა, 300 ლარად ღირებული; 55. 70 ლარის ტორტი; 300 ლარად ღირებული ცხვარი; 60 ლარად ღირებული მარწყვი; 80 ლარად ღირებული ალუჩა; 100 ლარის ხილი; ტკბილეულის ხონჩა, 100 ლარად ღირებული სხვადასხვა შოკოლადით: „ყარაყუმი“, „დათუნია“, „წითელქუდა“; ბოტასები, 60 ლარად ღირებული, თეთრი, თურქული; მოყავისფრო ჟაკეტი, 40 ლარად ღირებული; სპორტული ტანსაცმელი, ხაკისფერი, 160 ლარად ღირებული, ; მწვანე შარვალი, 50 ლარად ღირებული; თეთრი ბოტასები, 60 ლარად ღირებული; 20 ლარის წინდები; „ლუი ვიტონის“ ჩანთა - 50 ლარად ღირებული; ყვითელი სარაფანი, 50 ლარად ღირებული; თხელი შარვალი, შავი 50 ლარად ღირებული; თხელი ზედაბოლო, ყვითელი - 40 ლარად ღირებულები; ყვითელი ფერის ზედაბოლო - შავი ზოლებით, 200 ლარად ღირებული შავი შარვალი ; ზედაბოლო წითელი , მოკლე სახელოებით, 20 ლარად ღირებული; მწვანე ზედაბოლო, 60 ლარად ღირებული; ღია მწვანე კაბა 75 ლარად ღირებული; 50 ლარად ღირებული ქვებით მორთული ჩუსტები; 50 ლარად ღირებული ზედაბოლო.
7.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებული ნივთების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას ისინი არც სააპელაციო საჩივრით არ შედავებიან. შესაბამისად, ის, რომ ე.გ–ვამ ო.ნ–ვს გადასცა სადავო ბეჭედი, რომელიც მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია, დამტკიცებულად მიიჩნეოდა. შესაბამისად, ო.ნ–ვს ე.გ–ვასთვის ხსენებული ბეჭედი უკან უნდა დაებრუნებინა. ამავდროულად, პალატამ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ ვ.ნ–სა და ნ.ნ–ს სასამართლომ ხსენებული ბეჭდის დაბრუნება არასწორად დააკისრა. პალატის განმარტებით, ნიშნობასთან დაკავშირებულ საჩუქრებს, ჩვეულებრივ, მომავალ მეუღლეებს და არა მათ მამა-პაპას გადასცემენ. განსაკუთრებით, ეს ნიშნობის ბეჭედს ეხება, რომელიც სწორედ მომავალ მეუღლეს უნდა ეკეთოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით წარმოიშობა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება და არც ე.გ–ვას არ მიუთითებია იმგვარ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ე.გ–ვამ სადავო ბეჭედი ვ.ნ–ს ან ნ.ნ–ს გადასცა, ან რომ ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას ეს პირები ახორციელებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.ნ–ისა ან ნ.ნ–ის სადავო ბეჭდის დაბრუნების დავალდებულების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებული იყო და ამ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო.
7.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გერმანული სამართლისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხოლოდ საჩუქრის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნიშნობისას ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის სასარგებლოდ გაწეული სხვა ხარჯი, შესაძლებელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ანაზღაურდეს („სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“ წიგნი VII საოჯახო სამართალი – 2021 წ. - 1109-ე მუხლის კომენტარი). ამ ნორმის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. თუმცა, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა. პალატის აზრით, საკვებით, ყვავილებითა და სადღესასწაულო შუშხუნებით ე.გ–ვა არ გამდიდრებულა, რის გამოც, იგი არ იყო ვალდებული ო.ნ–ვისათვის მათი ღირებულება აენაზღაურებინა. გარდა ამისა, ეს ნივთები ფიზიკურად აღარ არსებობდა და მათი დაბრუნება შეუძლებელი იყო. ამრიგად, აღნიშნულ ნაწილში აპელანტების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
7.7. ო.ნ–ვის მიერ მოთხოვნილიდან ე.გ–ვამ შემდეგი ნივთების ფლობის ფაქტი დაადასტურა (ს.ფ. 254): რბილი სათამაშო (თეთრი დათვი, იასამნისფერი ბაფთით, ხელები და ფეხები ვარდისფერი); წითელი თავშალი ; ვარდისფერი კაბა; კოსტიუმი და შარვალი; ღია ფერის ფეხსაცმელი ; შავი ფეხსაცმელი, ნაჭრის; ქვედა საცვლები; ტყავის კოსტიუმი, ღია კაკაოსფერი; თეთრი კაბა ყვითელი ქამრით, ყვავილებით გაწყობილი; ქურთუკი, ღია მწვანე, პრიალა ზედაპირით; ტანსაცმელი ზედა-ქვედა; შვი ტყავის შარვალი; ზედაბოლო; სპორტული ტანსაცმელი - კაპიუშონით; ჩარჩოსურათი - ქალისა და კაცის გამოსახულებით; თეთრი კაბა; წითელი ნაჭრის ფეხსაცმელი; შავი ფერის ქოში, ნაჭრის; საათი; ნაცრისფერი შარვალი „ჯინსის“; კაბა; ქურქი; „ეივონის“ კოსმეტიკა; თეთრი ბოტასი, თურქული; მოყავისფრო ჟაკეტი;- „ვერსაჩეს“ ხაკისფერი სპორტული ტანსაცმელი ; მწვანე შარვალი; წინდები; „ლუი ვიტონის“ ჩანთა; შავი თხელი შარვალი ; თხელი ზედაბოლო ყვითელი; ზედაბოლო წითელი; მწვანე ზედაბოლო; ღია მწვანე კაბა; ჩუსტები; ე.გ–ვას არც აღნიშნული ნივთების ღირებულება არ გაუხდია სადავოდ.
7.8. ე.გ–ვამ დაადასტურა, რომ ო.ნ–ვმა ნიშნობის მიზნით აჩუქა 5 ბრილიანტის თვლით გაწყობილი, 750 სინჯის ბაჯაღლოს ბეჭედი, თუმცა განმარტა, რომ უკანვე დაუბრუნა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის გადასაწყვეტად შესაფასებელი იყო ა) იყო თუ არა ზემოხსენებული ნივთები ნიშნობის საჩუქარი და ბ) დაუბრუნა თუ არა ე.გ–ვამ ო.ნ–ვს სადავო ბეჭედი.
7.9. პალატის განმარტებით, ყოველგვარი საჩუქარი, რომელსაც მომავალი მეუღლეები ერთმანეთს გადასცემენ ნიშნობასთან დაკავშირებული ვერ იქნება - ჩვეულებრივ, ისინი ერთმანეთს საჩუქრებს მხოლოდ სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, უანგაროდ უძღვნიან; თუმცა ის „ნიშანი“, „წინდი“, რომელიც მომავალი ქორწინების წინაპირობად გაიცემა, ცალსახად, ნიშნობის საჩუქარია. „ნიშნობა“ მხოლოდ ცერემონია არ არის, იგი გარიგებაა, რომელიც გარკვეულ სამართალურთიერთობას წარმოშობს, ნიშნობის საჩუქარი კი ამ ნების გამოვლენას, გარიგებას უკავშირდება. ამრიგად, ნიშნობის საჩუქარი ის ქონებაა, რომელსაც მომავალი მეუღლეები ერთმანეთს სწორედ ზემოხსენებული გარიგების ფარგლებში გადასცემენ. ამ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის მნიშვნელოვან როლს, ცხადია, ტრადიციაც ასრულებს - ზოგიერთი ერისა თუ ეთნოსისათვის ნიშნობის საჩუქრის ერთჯერადად გადაცემაა დამახასიათებელი, ზოგიერთი კი ამას პერმანენტულად, დაქორწინებამდე აგრძელებს.
7.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოში ნიშნობის შემდეგ, დაქორწინებამდე მომავალ მეუღლეებს „დანიშნულებს“ უწოდებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიშნობიდან დაქორწინებამდე ჩუქება, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნობასთან, ანუ მომავალ ქორწინებასთან არის დაკავშირებული და საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი შემდავებელ მხარეს, ამ შემთხვევაში - დასაჩუქრებულს ეკისრება.
7.11. მნიშვნელოვანი იყო საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ ე.გ–ვა და ო.ნ–ვი დიდი ხნის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მათი ნიშნობა „ჩაიშალა“. ასე, მაგ. მოწმე - ხ.ნ–ვამ აღნიშნა: „როცა ნიშნობა ჩაიშალა, ბიჭის მხარე მივიდა გოგოსთან და მოითხოვეს ოქროების დაბრუნება“; მოწმემ, ჰ.ფ–ვამ განმარტა: „დანიშნულები იყვნენ ცხრა თვე... ყველაფერი, რაც მივეცით, წესია ასეთი დაქორწინებასთან დაკავშირებით ვაძლევთ... ჩემი რძალი იქნებოდა და იმიტომ ვყიდულობდით“; მოწმე - ს.ი–ვას თქმით: „ჩვენთან ასეთი წესია - დანიშნულისთვის ხარჯი ძალიან ბევრია. ეს ნივთები ნიშნობასთან არის დაკავშირებული; თუ ქორწინება არ შედგება, ანგარიშობენ ყველა ხარჯს, საჩუქრებისა და ყველაფრის და თანხას აბრუნებენ“.
7.12. საყურადღებო იყო, რომ ე.გ–ვას ინიციატივით დაკითხული მოწმეების, გ.ს–ვას, მ.გ–ვას, რ.ს–ვასა და ი.ს–ვას ჩვენებით, ო.ნ–ვი და მისი ნათესავები ე.გ–ვას საჩუქრებს პერიოდულად, ნიშნობის დღის შემდეგაც ჩუქნიდნენ, ხოლო ოქროს ბეჭედი, რომელიც უდავოდ ნიშნობის საჩუქარი იყო, სხვა დროს, დაბადების დღეზე - 2021 წლის ნოემბერში გადასცეს. მოწმის, თ.ნ–ვის განმარტებით კი, მან ო.ნ–ვისათვის გათვალისწინებული ნიშნობის საჩუქრები ავტომობილით მიიტანა, თუმცა ო.ნ–ვს არ იცნობდა და არც ნიშნობის ცერემონიას დასწრებია. ე.გ–ვას ინიციატივით დაკითხული მოწმეების: მ.გ–ვას, რ.ს–ვასა და ი.ს–ვას განმარტებით, თავად ო.ნ–ვმაც ნიშნობის საჩუქრების ნაწილი არა უშუალოდ ნიშნობის დღეს, არამედ - მოგვიანებით, დეკემბრამდე მიიღო.
7.13. პალატამ მიიჩნია, რომ ნივთები ო.ნ–ვმა ე.გ–ვას მომავალი ქორწინების საწინადრად, როგორც მომავალ მეუღლეს ისე აჩუქა. ამ ჩუქების საფუძველი ო.ნ–ვის ცალმხრივი, ირაციონალური ნება კი არა, ქორწინების წინაპირობის შექმნა იყო. აღნიშნული როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდებოდა. მეტიც, ე.გ–ვას არც კი განუცხადებია, რომ ო.ნ–ვი ამ ნივთებს უბრალოდ სიმპატიისა თუ სიყვარულის საფუძველზე ჩუქნიდა. მისი განმარტებით, ეს ნივთები სხვა პირებმა, ო.ნ–ვის ნათესავებმა აჩუქეს - „სხვადასხვა პირების მიერ ნაჩუქარი ტანსაცმელი არის პირადი საჩუქრები. პირადი საჩუქრები არ გულისხმობს ნიშნობის საჩუქარს“ (იხ. ე.გ–ვას შესაგებელი შეგებებული სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაზე). პალატის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული ადასტურებდა, რომ ხსენებული ნივთები ნიშნობის საჩუქარია, რის გამოც, ვლინდებოდა მათი ო.ნ–ვისათვის დაბრუნების საფუძველი.
7.14. როგორც უკვე აღინიშნა, ოქროს ბეჭდის მიღების ფაქტი ე.გ–ვამ დაადასტურა. რადგან მხარეები არ დაქორწინდნენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას ო.ნ–ვისათვის ბეჭდის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა. ამ ვალდებულების შეწყვეტის, ე.ი. ბეჭდის დაბრუნების მტკიცების ტვირთი ე.გ–ვას ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაამტკიცა. დადგენილი იყო, რომ დაქორწინებაზე უარის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში ე.გ–ვას ოჯახის წევრებმა ო.ნ–ვის წარმომადგენლებს ოქროს ნივთები გადასცეს, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით უშუალოდ სადავო ბეჭდის დაბრუნების ფაქტი არ მტკიცდებოდა, კერძოდ:
7.15. მოწმედ დაკითხულ პირთაგან ზემოხსენებული ნივთების დაბრუნებას ესწრებოდნენ ე.გ–ვას ბებია - გ.ს–ვა; მისი მეზობელი - ხ.ნ–ვა; ო.ნ–ვის მამიდა - ს.ი–ვა და მეზობელი - დ. ი–ვა. ამ მოწმეთაგან, უშუალოდ სადავო ბეჭდის დაბრუნების ფაქტი არცერთს არ დაუდასტურებია. განსაკუთრებით საყურადღებო იყო, ე.გ–ვას ინიციატივით დაკითხული მოწმის, ხ.ნ–ვას ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიშნობის საჩუქრები მას არ უნახავს და არც დაბრუნებული ნივთები დაუთვალიერებია - „გოგოს მხარემ დაყარა ეს ოქროები... როცა ნიშნობა ჩაიშალა ბიჭის მხარე მივიდა გოგოსთან და მოითხოვეს ოქროების დაბრუნება, მე იქ ვიყავი. ბიჭის მხრიდან იყო სამი ქალი. გოგოს მხარემ გამოუტანა ოქროები და დაუყარა, ბიჭის მხარემ შეამოწმა ოქროები და წაიღო... როცა შეამოწმეს ოქროები, პრეტენზია არ განუცხადებიათ. შემდეგ, ერთ-ერთ მეზობელთან ვიყავი და გავიგე, ერთი ბეჭედი აკლიაო, თუმცა ჩემ თვალწინ შეამოწმეს ეს ოქროები და არც პრეტენზია არ ჰქონიათ, ვთქვათ ეს აკლია და ის აკლია... რა ნივთები იყო, იმას არ ვუყურებდი“. თავის მხრივ, დურსუნ ირზაევამ განმარტა: „წავედით, მოვიტანეთ ის ოქროები... არც შემიმოწმებია, ისე მოვიტანე ის ოქრო და რომ მოვიტანე, ერთი ოქრო აკლიაო... ოქროს წამოსაღებად ვიყავით, ს.ი–ვა იყო, ბიჭის ბებია და მე. ორხანის დედამ გვითხრა, რომ წავსულიყავით... ოქროები არ შეგვიმოწმებია... ოქრო ბიცოლამ გამოგვიტანა... მოიტანა, ყუთში ჩადო... არ დაგვითვალიერებია არც-ერთს. ბებიამისმაც არ იცოდა, რა აჩუქა. მოიტანა ოქროები, ჩადო ყუთში და ისე მოგვცა. მე არ ვიცოდი, რა ნივთები უნდა ყოფილიყო... რომ მოვიტანეთ, თავიდან ოქროები არ შეამოწმა, ხოლო მერე თქვა - ოქროს ბეჭედი აკლიაო“. ს.ი–ვამ აღნიშნა: „ნივთები ყუთში იყო, იქ არ დაგვითვალიერებია, სახლში რომ დავბრუნდით, დედამ დაათვალიერა, ამოწმებდა... ორხანის დედამ თქვა, ნივთი აკლიაო. ამის შემჩნევის შემდეგ ვაცნობეთ ე–ის ოჯახს... გოგოს მამას ვუთხარით და გვიპასუხა, ჩაბარებული გვაქვსო... იმიტომ არ შევამოწმე, რომ შოკში ვიყავით“. და ბოლოს, გ.ს–ვას განმარტებით: „დაახვავეს მაგიდაზე, უამრავი ოქრო დავუბრუნეთ... ჩვენთან რაც ჰქონდათ ყველაფერი მოტანილი დავუბრუნეთ“. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ: ა) არც-ერთი ეს ჩვენება უშუალოდ სადავო ბეჭდის დაბრუნებას არ ეხება; ბ) ის გარემოება, რომ ო.ნ–ვის წარმომადგენლებმა ნივთები შეამოწმეს, ცალსახად არ დგინდება და გ) ბეჭდის დაუბრუნებლობის გამო პრეტენზია ო.ნ–ვის დედამ მალევე განაცხადა. აღნიშნულს, გარკვეულწილად საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს. ე.გ–ვას ინიციატივით დაკითხულმა თითქმის ყველა მოწმემ განმარტა, რომ ო.ნ–ვის დედამ ბეჭედთან დაკავშირებით პრეტენზია მალევე განაცხადა, კერძოდ: მ.გ–ვამ განმარტა: „მე არ ვიყავი ოქროების დაბრუნებაზე, მეზობელი ესწრებოდა ოქროების დაბრუნებას... ამათ ყველაფერი დააბრუნეს, მაგრამ მერე იმათ თქვეს ოქროს ბეჭედი არ დაუბრუნებიაო“. რ.ს–ვამ აღნიშნა: - „გოგო რომ გაიპარა სამი კაცი ყოფილა მოსული და წაიღო ყველა ოქროს ნივთი - ის ოქროულობა, რომელიც ბიჭის მხარემ მოუტანა გოგოს. ე–ს დაბადების დღეზე ორხანმა მას აჩუქა ოქროს ხუთთვლიანი ბეჭედი... არ გვაქვს ჩვენ ეს ბეჭედი, დაბრუნებულია, ელიფა რომ გაიპარა მაშინ დააბრუნეს ოქროები, დეკემბერში... სამან ამ გოგოს პროცესი იქნებოდა, მანამ თქვეს, ერთი ბეჭედი აკლიაო... ორხანს რომ დაუბრუნეს ეს ოქროს ნივთი, მე არ დავსწრებივარ“. ი.ს–ვამ კი აჩვენა: „იქითა მხარეები მოვიდნენო და ყველაფერი წაიღეს, არ უთქვიათ არაფერი... ორხანასთვის ნივთების დაბრუნებას მე არ დავსწრებივარ... სიის მიხედვით ჩაიბარეს... თქვეს, რომ ოქრო დაგვიბრუნეთ და მზითევი მერე წაიღეთო... იმ მომენტში ოქროებთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა შემდეგ თქვეს ბეჭედი არ დაუბრუნებიათო“. თ.ნ–ვს ოქროს ნივთებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
7.16. პალატის აზრით, საქმეში არსებული ფოტოსურათით იმის დადგენა, რომ მასზე ასახული ბეჭედი, სწორედ სადავო ნივთია, შეუძლებელი იყო. მეტიც, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ო.ნ–ვმა ე.გ–ვას ხუთთვლიანი ბეჭედი გადასცა, ფოტოსურათზე ასახულ ბეჭედზე კი, მხოლოდ სამი ძვირფასი თვალი შეიმჩნეოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ბეჭდის დაბრუნების თაობაზე ო.ნ–ვის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.გ–ვამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
8.1. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ დააკისრა ე.გ–ვას ო.ნ–ვისათვის მოძრავი ნივთების გადაცემა და, არასწორად მიიჩნია, რომ ე.გ–ვასათვის ო.ნ–ვის დედისგან სხვადასხვა დროს ნაჩუქარი პირადი მოხმარების ნივთები იყო ნიშნობის საჩუქარი. ეს ნივთები არანაირად უკავშირდება ნიშნობას. მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის - თავად ო.ნ–ვის დედის ჩვენებით, ირკვევა, რომ სხვადასხვა პირადი მოხმარების ნივთი ო.ნ–ვის დედამ პირადად აჩუქა მოსარჩელეს, თავისი სურვილით, ხოლო ამ ნივთების უკან დაბრუნება მოპასუხის დედას არ მოუთხოვია. თუკი თავად დამსაჩუქრებელი არ აცხადებს პრეტენზიას საჩუქრის უკან დაბრუნებაზე, მესამე პირს უფლება არ აქვს მოითხოვოს სხვის მიერ, ასევე, სხვისთვის ნაჩუქარი ნივთების მის სასარგებლოდ გამოთხოვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიშნობის პერიოდში დასაჩუქრდა.
8.2. სასამართლოს დავის მოსაწესრიგებლად უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 524-ე-530-ე მუხლებით. კერძოდ, მოსარჩელისათვის პირადი მოხმარების ნივთების სხვადასხვა დროს გადაცემა უნდა განხილულიყო, როგორც ჩუქება და არა - ნიშნობის საჩუქარი.
8.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ე.გ–ვას მხრიდან ოქროს ბეჭდის ო.ნ–ვისათვის დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ხსენებული ნივთის ე.გ–ვას მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არის თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე.გ–ვასგან გამოთხოვილი ნივთები ნიშნობის საჩუქარი და დაუბრუნა თუ არა კასატორმა ნიშნობისას მიღებული ბრილიანტის ხუთთვლიანი ოქროს ბეჭედი მოწინააღმდეგე მხარეს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრების უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილს (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ) ეფუძნება და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის სასურველ შედეგს შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების შესრულება განაპირობებს: დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა), ნიშნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საჩუქრების გადაცემა, მხარეთა დაუქორწინებლობა და ნაჩუქარი ნივთების დაუბრუნებლობა.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილის დებულება ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, თუმცა, კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებული ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც შედგა ჩუქება (შდრ. ს.უ.ს.გ. ას-205-2019, 24.10.2019წ; ას-297-280-2010, 14.06.2010წ).
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე.გ–ვასათვის გადაცემული სადავო ნივთები (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი) ნიშნობის საჩუქრებს წარმოადგენს.
15.1. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ ნიშნობა ქორწინების წინარე შეთანხმებაა, რა დროსაც, ორი პირი საჯაროდ ან პირად გარემოში გამოხატავს ნებას, მომავალში დაქორწინების შესახებ. ეს ტრადიციული, სოციალური და კულტურული პრაქტიკა ხშირად დაკავშირებულია საჩუქრების გაცვლასთან, რომელიც შესაძლოა ქორწინების წინაპირობად აღიქმებოდეს. ნიშნობის ტრადიცია ღრმად არის ფესვგადგმული ბევრ კულტურაში. მისი სოციალური და სამართლებრივი აღქმა დამოკიდებულია ქვეყნის ტრადიციებსა და იურიდიულ სისტემაზე. საქართველოში ნიშნობა ხშირად მოიცავს საჩუქრების გაცვლას, რომელიც არა მხოლოდ პირადი მნიშვნელობის, არამედ - ტრადიციული და სიმბოლური დატვირთვისაა. საქართველოში ნიშნობა სამართლებრივად მნიშვნელოვნად განიხილება მხოლოდ ქონებრივ დავებში, სადაც გადაცემული საჩუქრების დაბრუნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის თანახმად რეგულირდება. ეს პრინციპი შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასაც, რომლის მიხედვით, ნიშნობისას გადაცემული საჩუქრები, ძირითადად, ქორწინების დამადასტურებელ პირობად აღიქმება.
15.2. უდავოა, რომ მხარეები 2021 წლის მარტში დაინიშნენ, ხოლო იმავე წლის დეკემბერში უნდა დაქორწინებულიყვნენ. დადგენილია, რომ ნიშნობის პერიოდში მხარეებმა, ტრადიციულად, საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. ე.გ–ვას მითითებულ პერიოდში გადაეცა ძვირფასეულობა და სხვა ნივთები, რომლებიც დაკავშირებული იყო მომავალ ქორწინებასთან. საბოლოოდ, ე.გ–ვასა და ო.ნ–ვს შორის ქორწინება არ შედგა. დადგენილია, რომ ნიშნობასთან დაკავშირებით ე.გ–ვასთვის გადაცემული ნივთები კვლავ მის მფლობელობაშია.
15.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნივთების ჩუქების დრო და კონტექსტი საკასაციო სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მათი გადაცემის მიზანს სწორედ მხარეთა ნიშნობა წარმოადგენდა, ხოლო მოსარჩელის პოზიცია, რომ ნივთების ჩუქება განხორციელდა სტანდარტული ჩუქების ხელშეკრულების ფარგლებში, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
15.4. ზოგადი წესის თანახმად, ჩუქება განკარგვითი ხელშეკრულების ნაირსახეობაა და, სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული საჩუქარზე საკუთრების უფლებას ნივთის (მოძრავი) გადაცემის მომენტიდან მოიპოვებს, თუმცა საგამონაკლისო წესს ადგენს საოჯახო სამართალი იმ შემთხვევისათვის, როდესაც მომავალ მეუღლეს (მეუღლეებს) საჩუქარი გადაეცემა ნიშნობაზე. ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული შედეგი დამოკიდებულია პირთა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტზე, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან გამომდინარე, დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) დაქორწინების ვალდებულებას არ წარმოშობს და არც მხარეები იწყებენ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების რეგისტრაციის მომენტამდე ნიშნობის სუბიექტი საჩუქრის მართლზომიერი მფლობელია (სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 159-ე, 170-ე მუხლები).
15.5. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სადავო ნივთები, მიუხედავად მათი ფორმისა თუ დანიშნულებისა, ე.გ–ვას გადაეცა ნიშნობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვინაიდან ე.გ–ვა და ო.ნ–ვი არ დაქორწინებულან, ისინი უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან სადავო ნივთების ნაწილი მას ო.ნ–ვის დედამ გადასცა, საქმრო არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნივთების გამოთხოვაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალქო კოდექსის 1109.3 მუხლის თანახმად, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები, დაუქორწინებლობის შემთხვევაში, უკან ნიშნობის მხარეებს უბრუნდებათ. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ნიშნობის მხარეებს ე.გ–ვა და ო.ნ–ვი წარმოადგენდნენ, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო ნივთები ო.ნ–ვს მართებულად დაუბრუნა.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ მას სადავო ოქროს ბეჭედი მოპასუხისათვის დაბრუნებული აქვს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რასაც მან თავი ვერ გაართვა. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ბეჭედი დაუბრუნდა ო.ნ–ვს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ სადავო ბეჭედი კვლავ მოსარჩელის მფლობელობაშია.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი