Facebook Twitter

18 ნოემბერი 2024 წელი

№ას-1116-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ–ვა, მ.გ–ი, ი.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.გ–ი

მესამე პირი - ააიპ „ს.მ.ს–ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითადი სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ბავშვების სრულწლოვანებამდე სამკვიდრო ½ წილის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ნ.მ–ვას, მ.გ–ის და ი.გ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (თბილისი, ....... სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა 27, ს/კ ........) გამოთხოვის და თავისუფალ მგომარეობაში გადაცემის შესახებ.

მ.გ–მა და ი.გ–მა შებებებული სარჩელი წარადგინეს რ.მ–ის და ს.გ–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

- ბათილად იქნეს ცნობილი ს.გ–სა და რ.მ–ს შორის 2012 წლის 9 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

- აღიარებული იქნეს ს.გ–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის მისამართი და მახასიათებლებია თბილისი, ........., 1-ლი სადარბაზო, მე-9 სართული, ბ 27 ს/კ ..........

- ს.გ–ს, მ.გ–ისა და ი.გ–ის სრულწლოვანების მიღწევამდე, აეკრძალოს უძრავი ქონების რომლის მისამართი და მახასიათებლებია თბილისი, .........., 1-ლი სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა 27, ს/კ ......... მ.გ–ისა და ი.გ–ის სამკვიდრო წილის - ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით რ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.მ–ვას, ი.გ–ის და მ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა რ.მ–ის კუთვნილი უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. მ.გ–ის და ი.გ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რ.მ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 3 თვით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ.მ–ვას, ი.გ–ისა და მ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ნ.მ–ვამ, ი.გ–მა და მ.გ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ.მ–ვას, მ.გ–ის, ი.გ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით.

აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს - ა.კ–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 120-122; ტ.3, ს.ფ. 75;) ჩაბარდა პირადად 2024 წლის 17 ოქტომბერს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2024 წლის 17 ოქტომბერს (იხ. ჩაბარების დასტური).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 24 ოქტომბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ვას, მ.გ–ის და ი.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი