Facebook Twitter

საქმე №ას-1039-2024 14 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ინდმეწარმე ს.ა–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.მ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საიჯარო ქირის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ინდმეწარმე ს.ა–ნი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ნაწილობრივ (9 000 ლარის ნაწილში) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის მიმართ ს.მ–ნის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) საიჯარო ქირის გადახდის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 17 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. კასატორის განმარტებით, საიჯარო თანხები ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე, კერძოდ, 2020 და 2021 წლების 11 თვის საიჯარო ქირა, ჯამურად 5 500 ლარი. ამასთან, 2020 წლის 27 ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე ელიავას ბაზრობა ჩაკეტილი იყო და იჯარის საგანს კასატორი არ იყენებდა, შესაბამისად, ამ პერიოდის იჯარის თანხა 500 ლარი ზედმეტად არის გადახდილი. 2021 წელს კასატორს უნდა გადაეხადა მარტიდან 9 სექტემბრამდე საიჯარო ქირა – 3 000 ლარი. რადგან მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფოსგან იანვარ-თებერვალში ჩაერიცხა 200-200 ლარი, კასატორს ამ დროის საიჯარო ქირა არ უნდა დაეკისროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. მოპასუხის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება, განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც) და 553-ე მუხლებს (თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ) ეფუძნება.

8. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნით სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც საიჯარო ქირის გადახდის შესახებ მოიჯარის ვალდებულება ეფუძნება (იხ.: სუსგ №ას-294-294-2018, 8.05.2018წ.; №ას-814-2023, 21.09.2023წ.; №ას-1081-2023, 17.11.2023წ.).

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა თავდაპირველად წერილობით 2014 წლის 3 იანვარს დადეს იჯარის ხელშეკრულება სატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა – MERCEDES-BENZ, მოდელი VITO-112, გამოშვების წელი - 1999, შავი, ძრავის მოცულობა 2200, სარეგისტრაციო N11-0230, ნომერი ......) 2014 წლის 30 ივნისამდე, საიჯარო ქირა ყოველთვიურად 400 ლარს შეადგენდა. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ზეპირი ფორმით. ამასთან, საიჯარო ქირა გაიზარდა და შეადგენდა 625 ლარს, საიდანაც მოპასუხეს 500 ლარი უნდა ჩაერიცხა მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე, ხოლო 125 ლარი - შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საიჯარო ქირის ხელშეკრულება 2021 წლის 3 აგვისტოს შეწყდა.

10. პალატის მითითებით, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრულია 17 500 ლარით, 2018 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე, 2019-2020 წლებისა და 2021 წლის იანვრიდან აგვისტომდე არსებული საიჯარო დავალიანებაა, საიდანაც კასატორი 9 000 ლარის მისთვის დაკისრებას იმაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ 11 თვის საიჯარო ქირა ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე, 500 ლარი მეტობით გადახდილია, ვინაიდან თვე და 4 დღე საიჯარო საგანს არ იყენებდა, ხოლო 2021 წლის მარტიდან 9 სექტემბრამდე 6 თვის საიჯარო ქირა, 3 000 ლარი, არ უნდა დაეკისროს, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფოსგან ჩაერიცხა იანვარ-თებერვალში 200-200 ლარი.

11. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) მითითებით განმარტავს, რომ მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ვალდებულების შესრულების ფაქტს ან იმ გარემოების არსებობას, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

12. პალატა 11 თვის საიჯარო ქირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე კასატორის პრეტენზიასაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით, თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია მხოლოდ - იჯარის გადასახადი კონკრეტული თვეების მითითების გარეშე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე 2018 წლამდეც არღვევდა საიჯარო ქირის გადახდას და არსებობდა აღნიშნულ პერიოდშიც საიჯარო დავალიანება (თავდაპირველად მოსარჩელე დავალიანებას 2016 წლიდან ითხოვდა, შემდგომ, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტა სარჩელის შეტანამდე არსებული 3 წლის დავალიანების მოთხოვნით), წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ჩარიცხული თანხები სარჩელის დაზუსტების შემდგომ, ანუ სადავო პერიოდს ეხება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ვერ მიიჩნევა დადასტურებულად მოპასუხის მიერ სადავო პერიოდში საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

13. რაც შეეხება სხვა პრეტენზიებს, საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ №ას-925-2022, 30.09.2022წ.).

14. საკასაციო პალატის განსჯით, პოზიცია, რომ მოიჯარე იჯარის საგანს გარკვეული პერიოდი არ იყენებდა და ამ დროის საიჯარო ქირა არ უნდა დაეკისროს, დაუსაბუთებელია, ვინაიდან დადგენილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი, რაც კასატორის მიერ ამ პერიოდში საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დაკისრებას ნიშნავს. ამასთან, საწინააღმდეგო გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მისთვის სადავო პერიოდში საიჯარო ქირის დაკისრების საფუძველს, კასატორს არ მიუთითებია.

15. რაც შეეხება 2021 წლის მარტიდან 9 სექტემბრამდე 6 თვის საიჯარო ქირის, 3 000 ლარის, გადახდისგან გათავისუფლებას, კასატორის პრეტენზია სავარაუდოდ დამყარებულია კორონავირუსის პანდემიაზე, რომლის დროსაც მისი მითითებით, მეიჯარეს სახელმწიფოსგან იანვარ-თებერვალში 200-200 ლარი ჩაერიცხა. პალატა აღნიშნულსაც ვერ მიიჩნევს დასაბუთებულ პრეტენზიად და მიუთითებს, რომ არ დასტურდება გადახდის შემთხვევაშიც კი, მოიჯარის ვალდებულების შესასრულებლად მეიჯარისთვის თანხის ჩარიცხვა. ამასთან, თანხა მოიცავს ჯამურად მხოლოდ 400 ლარს, მეიჯარის დავალიანება კი – სადავო პერიოდისათვის 3000 ლარია.

16. ამასთან, პალატის მითითებით, იქ, სადაც ვალდებულება სრულდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა, წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. ამ ინსტიტუტის არსი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც აშკარაა ის პირობები, რომლითაც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო, თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ. „სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა“, 2010, გვ. 212). ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულაციური წინაპირობები შემდეგია: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სამოქალაქო კოდექსის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით; 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 213).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ უკავშირდება მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-687-2023, 15.12.2023წ.; №ას-950-2023, 5.12.2023წ.; №ას-1383-2023, 218.01.2024წ.).

18. მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შემავალი იმ სადავო ფაქტის სარწმუნოდ დადასტურება, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ უკავშირდება მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, არც ის გარემოება დასტურდება, რომ მან მოსარჩელეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებების მიმართ ითხოვა (სსკ-ის 398-ე მუხლი).

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, შესრულებულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობები. ამასთან, არ ვლინდება მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემწყვეტი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.

20. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-479-2019, 24.12.2020წ.; №ას-1153-2023, 20.12.2023წ.; №ას-1398-2023, 26.07.2024წ.) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდმეწარმე ს.ა–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ინდმეწარმე ს.ა–ნს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის (საგადახდო დავალება №24094675152 / გადახდის თარიღი 09.10.2024), 70% - 315 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა