Facebook Twitter

საქმე №ას-1096-2024 14 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ააიპ „თ.გ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.მ–ძე, მ.შ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ–ძემ (შემდეგ - პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და მ.შ–ძემ (შემდეგ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ააიპ „თ.გ.ფ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს: მოპასუხეს დაევალოს თბილისში, ........., შენობა-ნაგებობა №2-ში (რომელიც განთავსებულია 211 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს .......... ქუჩის მხარეს), პირველ სართულზე 96.00 კვ.მ აზომვით ნახაზზე მითითებული მოსარჩელეთა კუთვნილი ფართის სამუშაოების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახით: შიდა ტიხრების ამოყვანა და გალესვა გაჯით, გარე კარ-ფანჯარის ჩასმა, ელგაყვანილობის, წყლის, გაზის, საკანალიზაციო მილის შეყვანა ფართში და იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით; მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე – ყოველთვიურად 3 000 აშშ დოლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა თბილისში, ....... შენობა-ნაგებობა №2-ში (რომელიც განთავსებულია 211 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს .......... ქუჩის მხარეს), პირველ სართულზე 96.00 კვ.მ აზომვით ნახაზზე მითითებული მოსარჩელეთა კუთვნილი ფართის სამუშაოები 2014 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახით: შიდა ტიხრების ამოყვანა და გალესვა გაჯით, გარე კარ-ფანჯრის ჩასმა, ელგაყვანილობის, წყლის, გაზის, საკანალიზაციო მილის შეყვანა ფართში და იატაკის მოჭიმვა ცემენტის ხსნარით; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 2021 წლის 22 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარი.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება როგორც მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხემაც გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები (რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 2021 წლის 22 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟი - 1 350 ლარი და მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით - 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 3 000 აშშ დოლარი; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. კასატორი მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაამტკიცა იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობა, ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული და ვერც ის ფაქტი ვერ მტკიცდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფართს კომერციული მიზნით იყენებდა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციამდე არსებული ქონების დანიშნულება იყო საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ ივარაუდებდნენ კომერციული ფართის მიღებას საცხოვრებელი ფართის ნაცვლად.

7. კასატორის განმარტებით, მან ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შეასრულა №1 შენობაში მდებარე ბინაში, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზიის საფუძველი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათი საცხოვრებელ კორპუსის წინ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი შენობა-ნაგებობა, რომელშიც კომერციული დანიშნულების ფართი მდებარეობს. №2 შენობაში მდებარე ფართში კი ფონდს არ წარმოშობია სამშენებლო სამუშაოების ვალდებულება.

8. კასატორი სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოიშვას 2018 წლის 20 დეკემბრიდანაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მათი მოთხოვნა მოპასუხისათვის მოსარჩელეთა კუთვნილი ფართის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებს ეფუძნება.

14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხე) სარჩელის დაკმაყოფილებას სადავოდ ხდის იმაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი სამუშაოები მან შეასრულა №1 შენობაში, იმ ფართში, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა გადასცემოდათ მოსარჩელეებს და №2 შენობაში ფონდს არ წარმოშობია სამშენებლო სამუშაოების ვალდებულება, რადგან ქონება არა მოსარჩელეთა, არამედ მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა. მოპასუხე სადავოდ ხდის მისთვის დაკისრებულ მიუღებელ შემოსავალსაც.

15. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ თბილისში, .......... ქ. №16-ში მდებარე სამი უძრავი ნივთი (1. ს/კ ......., ფართით 20.25 კვ.მ და 15 კვ.მ; 2. ს/კ ..........., ფართით 24.61 კვ.მ და 3. ს/კ ........, ფართი 13.90 კვ.მ) საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა სახელზე ირიცხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლებიც მდებარეობდა .......... ქუჩის მხარეს და ხედი ქუჩაზე იყო თავისუფალი. უდავოა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის, 2014 წლის 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ თბილისში, .......... ქ. №16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსარჩელე მხარე ჩაიბარებდა რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულ ფართს შემდეგი მახასიათებლებით: ფართის რაოდენობა: შენობის პირველ სართულზე, .......... ქუჩის მხარეს განთავსებული არაუმცირეს 109.01 კვ.მ. ასევე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი ნამატი ფართი, რომელიც ბენეფიციარის კუთვნილ ფართთან უშუალოდ იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ არაუმცირეს ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ფართობის 30%. ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტით განისაზღვრა მოსარჩელეთათვის გადასაცემი ფართის საერთო მდგომარეობა: შიდა ტიხრები, ამოყვანილი და გალესილი გაჯით, გარე კარ-ფანჯარა ჩასმული, ელგაყვანილობა, წყალი, გაზი, საკანალიზაციო მილი შეყვანილი ბინაში, იატაკი მოჭიმული ცემენტის ხსნარით. მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, 2015 წლის 4 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება და ცვლილება შევიდა 2014 წლის 1-ელი ივლისის ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ფართის რაოდენობა: შენობის პირველ სართულზე .......... ქუჩის მხარეს განთავსებული არაუმცირეს 96.00 კვ.მ. ფართი“. მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა (პუნქტი) დარჩა უცვლელად.

16. უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებს გადასცა №1 ფართი შენობის პირველ სართულზე, რომელიც მდებარეობს არა .......... ქუჩის მხარეს, არამედ შიდა ეზოში, რის გამოც მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, ფონდს დაევალა მოსარჩელეებისათვის .......... ქ. №16-ში მდებარე რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობა №-2-ში (რომელიც განთავსებულია 211 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს .......... ქუჩის მხარეს; უდავოა, რომ მოპასუხის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სრულად შესრულდა ძველი სახლის დემონტაჟი და მის ადგილზე აღიმართა ორი შენობა: 1 - შვიდსართულიანი და მე-2 - სამსართულიანი. მითითებული შენობებიდან სწორედ მე-2 შენობა მდებარეობდა .......... ქუჩის მხარეს) პირველ სართულზე 96 კვ.მ ფართის გადაცემა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული დათქმა, გადასაცემი ფართი უნდა ყოფილიყო „.......... ქუჩის მხარეს,“ წარმოადგენს მის არსებით პირობას, რომელზედაც მხარეები წერილობითი ფორმით შეთანხმდნენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განჩინებით ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება). ამდენად, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა უფლება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

17. პალატის მითითებით, ვინაიდან დგინდება, რომ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოსარჩელეებმა სადავოდ გახადეს ვალდებულების შესრულება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეებს ფონდისაგან გადასაცემად მიეკუთვნათ .......... ქუჩა №16-ში, შენობა-ნაგებობა №2-ში, პირველ სართულზე მდებარე 96.00 კვ.მ ფართი, ამავე ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება ფონდის მიერ შესრულებული უნდა ყოფილიყო სწორედ ამ ფართთან მიმართებით და არა მის მიერ მითითებულ №1 შენობა-ნაგებობაში. ამასთან, დადასტურებულია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოები არ შესრულებულა, რაც შემკვეთს უფლებას აძლევს, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ქონების გადაცემა მოითხოვოს (დადგენილია ასევე, რომ ფონდს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სადავო ფართზე მოსარჩელეები მესაკუთრეებად რეგისტრაციის თაობაზე შესრულებული არ აქვს).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის – მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრებას უკავშირდება, იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის პირობებში მოსარჩელეებმა კუთვნილი კომერციული ფართით სარგებლობა ვერ შეძლეს, რის გამოც განიცადეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

20. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

21. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ - წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

22. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).

23. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს კვალიფიციურად არ შესდავებია. შესაგებლით ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ოდენობისათვის წარმოდგენილი მტკიცებულება - იჯარის ხელშეკრულება არ იყო ნამდვილი. ამასთან, სადავოდ ხდიდა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების პერიოდს, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივი გარემოების უარყოფის მიზეზებსა და არგუმენტებს, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ წარმოშობილია მისი მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები.

24. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37). ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

25. უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორეულ/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგებს (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.33). ზიანის ანაზღაურება მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება გამოიხატებოდეს ვალდებულების შეუსრულებლობით, არაჯეროვნად შესრულებით ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევით. ზიანის ანაზღაურების მეორეული მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღსადგენია ის ვითარება, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (იხ.: სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016წ.; №ას-1843-2018, 05.03.2019წ.; №ას-32-2021, 23.04.2021წ.;).

27. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აზუსტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, ითვალისწინებს მხოლოდ იმ რისკის აღებას, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. იმავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ.: სუსგ №ას-630-593-2012, 11.06.2012წ.; №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-344-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი).

28. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: ,,სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ.: სუსგ №ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ.; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ.; №ას-899-845-2012, 22.11.2012წ.).

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ინტერესზე, რომელიც მოსარჩელეებს ჰქონდათ ვალდებულების შესრულების მიმართ და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამასთან, ქონება ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, წარმოადგენდა კომერციულ ფართს, რაც თავად კასატორმაც ფაქტობრივად დაადასტურა საკასაციო საჩივარში (მან აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზიის საფუძველი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათი საცხოვრებელ კორპუსის წინ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი №2 შენობა-ნაგებობა, რომელშიც კომერციული დანიშნულების ფართი მდებარეობს), რაც ქმნის ობიექტურ სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისათვის ცნობილი და სავარაუდო იყო მოსარჩელეთა მოლოდინი, რომ ქონების გადაცემისა და რეკონსტრუქციის შემდეგ კომერციული ფართის გაქირავებით შემოსავალს მიიღებდნენ, რაც, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა მოპასუხეს.

30. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, პალატა დისპოზიციურობის პრინციპზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს (მოსარჩელეთა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა ეფუძნება იჯარის ხელშეკრულებას, რომლითაც საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 2 000 აშშ დოლარით. ასევე, მონაცემებს უძრავი ქონებით ვაჭრობის ვებგვერდიდან - myhome.ge (16 მაისი), რომლის თანახმადაც .......... ქუჩაზე მდებარე - 70 კვ.მ კომერციული ფართის ღირებულება შეადგენს 3 000 აშშ დოლარს (აღნიშნულით დასტურდება .......... ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართის ქირის თანხის ოდენობის გაზრდის შესახებ)) კასატორი, გარდა საკუთარი განმარტებისა, ვერ აბათილებს რაიმე სახის ობიექტური მტკიცებულებებით. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, თუკი კასატორი არ ეთანხმებოდა მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, მას შეეძლო წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, თუმცა კასატორს მსგავსი არაფერი დაუდასტურებია, რისი გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სავსებით მართებულად წარმართა მხარეთა შეჯიბრი და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით გამოიკვლია და დაადგინა მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის უძრავი ქონების საიჯარო ქირის ღირებულება.

31. თუ დროის რა მონაკვეთიდან უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი, ამ საკითხშიც პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის წარმოშობა დაკავშირებულია ხელშეკრულების დარღვევასთან, რაც ხელშეკრულებით გათვლისწინებული ფართების გადაუცემლობით გამოიხატა, რომელის ჩაბარებაც 2014 წლის 31 დეკემბრადე უნდა უზრუნველეყო მოპასუხე მხარეს, რისი გათვალისწინებითაც, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან მოხდეს შეუღებელი შემოსავლის დაკისრება (როდესაც მათ მიეკუთვნათ სადავო ფართები N2 შენობა-ნაგებობაში), სავსებით კანონიერი და მართებულია.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, უძრავი ქონების გაქირავებით მისაღები შემოსავლის, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

33. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.; №ას-948-2019, 27.05.2021წ.; №ას-587-2021, 19.11.2021წ.; №ას-888-2021, 26.01.2022წ.; №ას-154-2021, 01.04.2022წ.; №ას-870-2019, 29.02.2024წ.; №ას-1097-2023, 26.07.2024წ.)

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „თ.გ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ააიპ „თ.გ.ფ–ს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა №06922 / გადახდის თარიღი 20.08.2024) 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა