საქმე №ას-1375-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, საკვამური მილის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, რ.ა–ს დაევალა ქალაქ თბილისში, ......... მდებარე შენობის პირველ სართულზე, მოსარჩელე გ.ს–ძისა და მოპასუხე რ.ა–ის კუთვნილი ფართების გამყოფი 0,60 მ. სისქის კედლის აღდგენა ტექბიუროს გეგმისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნული ბიუროს 02.06.2016 წლის №003167116 დასკვნის №5 დანართის შესაბამისად. აღნიშნულზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს იძლებითი აღსრულების პროცესი.
2. 2024 წლის 20 ივნისს გ.ს–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რ.ა–ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონავლედ გ.ა–ის ცნობის თაობაზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით, გ.ს–ძის განცხადება დაკმაყოფილდა, სამოქალაქო დავაზე №2ბ/2878-2018, რ.ა–ის (აპელანტი, მოპასუხე) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.ა–ი (პ/ნ ..........).
4. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენად არის გ.ა–ი, როგორც რ.ა–ის პირველი რიგის მემკვიდრე, იმ გადაწყვეტილების აღსრულების სუბიექტი, რომლის საფუძელზეც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. განჩინება შეეხება სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობას, რომლის სუბიექტიც გარდაცვლილი იყო. სასამართლოს რომ ემსჯელა, რამდენად დასაშვები იყო უფლებამონაცვლეობა, მხარეს უარს ეტყოდა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე.
9. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
10. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურსამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს ჰქონდა (იხ.: სუსგ №ას-839-839-2018, 13.07.2018წ.,პ.15; №ას-27-2019, 15.11.2019წ.; №ას-222-2020, 20.01.2021წ.).
11. მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოპასუხის გარდაცვალება. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ რ.ა–ი გარდაიცვალა 2022 წლის 13 ივნისს. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ..........., საკადასტრო კოდი №.........., რომელიც ადრე რეგისტრირებული იყო გ.ა– საკუთრებად, ამჟამად რეგისტრირებულია გ.ა–ის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა №221720844, დამოწმების თარიღი: 19.12.2022). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა