ბს-1041-992(კ-06) 14 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 25 აპრილს მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკაში. 1999 წელს დაინიშნა აღნიშნული ბიბლიოთეკის ...ის განყოფილების წამყვან ...ად, ხოლო 2005 წელს იმავე განყოფილების ...ედ. ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის 2006 წლის 21 მარტის ¹15 ბრძანებით საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობისა და მხარეთმცოდნეობის განყოფილებები გაერთიანდა და მას საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და სამხარეო მუშაობის განყოფილება ეწოდა. მოსარჩელე დაინიშნა არა აღნიშნული განყოფილების ...ედ, რომელზეც დანიშნეს 72 წლის ი. ბ-ი, არამედ იმავე განყოფილების _ მთავარ ...ად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 101-ე მუხლი, ასევე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 198-ე, 199-ე და 202-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის 2006 წლის 21 მარტის ¹15 ბრძანების 21-ე პარაგრაფის გაუქმება და განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
მოპასუხე ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალურმა ბიბლიოთეკამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეებს არ წარმოადგენდნენ, შესაბამისად, მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ვერ გავრცელდებოდა.
მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანება მიღებული იყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გათვალისწინებით. ამასთან, მოსარჩელეს შესთავაზეს სხვა სამუშაო ადგილი და მისი თანხმობით იგი დაინიშნა ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და სამხარეო მუშაობის განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკარად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ი 1998 წლის 10 აპრილიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკაში. 2005 წლის 28 მარტიდან 2006 წლის 22 მარტამდე იგი იყო დასახელებული ბიბლიოთეკის მხარეთმცოდნეობის განყოფილების გამგე. ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის 2006 წლის 21 მარტის ბრძანებით გაერთიანდა საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობისა და მხარეთმცოდნეობის განყოფილებები და ეწოდა საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და სამხარეო მუშაობის განყოფილება. იმავე ბრძანების 21-ე პარაგრაფით, განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკარად დაინიშნა მ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" და ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონების თანახმად, ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს. ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი რეგულირდებოდა შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე ვერ გავრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. კ-ს ჰქონდა ქართული ენისა და ლიტერატურის ...ის კვალიფიკაცია, ი. ბ-ს კი ...ისა და ....ის უმაღლესი კვალიფიკაცია და რესპუბლიკის საპატიო ...ის წოდება მინიჭებული, ამასთან, ამაღლებული ჰქონდა კვალიფიკაცია კულტურის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ რესპუბლიკურ კურსებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და განმარტა, რომ ქ. ქუთაისის ი. ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის რეორგანიზაციისას ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება და უპირატესობა იმ პირს მიანიჭა, რომელიც მაღალი შრომის ნაყოფიერებითა და კვალიფიკაციით გამოირჩეოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება მ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შესახებ, რის შედეგადაც მიიღო უკანონო განჩინება.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5 და მე-6 მუხლები, რის შედეგადაც არასწორად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის ილია ... სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკაში სამსახური არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 მარტამდე.
2002 წლის 22 იანვარს მ. კ-მა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარმოადგინა და განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ აჩივრდება.