საქმე №ას-300-2024 22 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - ი.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
II კასატორი - ა.ო–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის ნაწილში შეგებებული სარჩელის უარყოფა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ძირითადი სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (ძირითად სარჩელში), მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.გ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ო–ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ (მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) და მოითხოვა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემაც, რომელმაც მოპასუხე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა მოითხოვა, კერძოდ, შეგებებული მოპასუხისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 11 ნოემბერს დაბადებული დანიელ გედენიძის (შემდგომ - არასრულწლოვანი) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, თებერვალში სამი კვირით, ხოლო ივლისში – სამი კვირით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა: ყოველი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს, 17:00 საათიდან, ხოლო უქმე დღეს – 12:00 საათიდან 21:00 საათამდე წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი კვირის პარასკევს, 17:00 საათიდან, ხოლო უქმე დღეს, 12:00 საათიდან, შაბათს, 21:00 საათამდე, წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ზამთრის არდადეგებზე, 8 იანვრის 12:00 სთ-დან 14 იანვრის 12:00 სთ-მდე, წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ზაფხულის არდადეგებზე, ივლისში, პირველი ივლისის 12:00 საათიდან 6 ივლისის 12:00 საათამდე და აგვისტოში, 25 აგვისტოს, 12:00 საათიდან 31 აგვისტოს, 12:00 საათამდე, წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის გამო ვერ შესრულდება ზემოაღნიშნული, მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ვიდეოთვალით კომუნიკაციისათვის განესაზღვრა დრო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, 15 წუთის ხანგრძლივობით; არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას ნებართვის გაცემისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეეზღუდა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღების ნაწილში და კალენდარული წლის განმავლობაში თებერვალში სამი კვირით და ივლისში სამი კვირით 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მამის თანხმობის გაცემის ნაწილში; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში ეყრდნობა სოციალური მუშაკისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებს, რისი გათვალისწინებითაც, ამ ნაწილში არ არსებობს აპელანტის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.
6. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოტივირებულია იმით, რომ არასრულწლოვან ბავშვს მიეცეს მისთვის მინიჭებული დასვენებისა და განვითარების უფლების სრულყოფილად რეალიზების საშუალება. სასამართლოს მითითებით, ბავშვის დასვენებისა და ამ მიზნით მოგზაურობის უფლება მტკიცებას არ საჭიროებს, არამედ იმ მხარემ, რომელიც აღნიშნული უფლების რეალიზებაზე უარს ეუბნება ბავშვს, უნდა ამტკიცოს, თუ რით გამოიხატება ბავშვის სხვა უპირატესი ინტერესი აღნიშნული უფლების საპირწონედ.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მამის არგუმენტი, რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დედა ბავშვს წაიყვანს სხვა ქვეყანაში და აღარ დააბრუნებს. ამ ეჭვის გასამყარებლად კი მითითებულია შეგებებული სარჩელის ავტორის მამის აშშ-ში ცხოვრების ფაქტზე, ასევე იმაზე, რომ დედას ბავშვის დასასვენებლად წაყვანის სახსრები დამოუკიდებლად არ გააჩნია. სასამართლოს განმარტებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისას დედის ფინანსური შესაძლებლობები, ასევე, მისი მამის სხვა ქვეყანაში ცხოვრებისა და მისი ცხოვრების პირობების დადგენა რელევანტური არ არის. შეგებებულ სარჩელზე მამას არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია რაიმე ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ დედა ბავშვთან ერთად ემიგრაციაში წასვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ეს გარემოება არ დადგენილა.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში იკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოიხატება მოპასუხის (მამის) მიერ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შეშლაში პასპორტის აღებისა და დასასვენებლად საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. ამავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა ევროპის ქვეყნებში ბავშვის დასასვენებლად წაყვანაზე, ხოლო საქართველო არის ხელშემკვრელი სახელმწიფო ჰააგის კონვენციისა „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაძლებელია დაზღვეულ იქნეს ის რისკი, რის გამოც მამა უარს ამბობს შვილისთვის პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის ნაწილში თანხმობის გაცემაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით უზრუნველყოფილი და დაბალანსებული იქნება როგორც ორივე მშობლის, ასევე – ბავშვის ინტერესები.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ორივე მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის ნაწილში შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა, მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და ძირითადი სარჩელის უარყოფა.
10. პირველი კასატორის მითითებით, მოპასუხის მიზანია არა ბავშვის თვალსაწიერის გაფართოება, დასვენება და განტვირთვა, არამედ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადაყვანა. მოწინააღმდეგე მხარეს სურს, საბოლოოდ დააშოროს მამას შვილი, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
11. მეორე კასატორის მითითებით, არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უკვე ბევრი ხანია, რაც არასრულწლოვნის მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ, ბავშვი იზრდება დედასთან, რომელსაც საკუთარ თავზე სრულად აქვს აღებული ზრუნვისა და აღზრდის პასუხისმგებლობა. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშიც არასრულწლოვანზე ზრუნავდა დედა, რის გამოც ბავშვი მიჯაჭვულობას განიცდის სწორედ დედისა და არა მამის მიმართ. ამასთან, ვინაიდან მამა არ არის აქტიურად ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში, მისი, როგორც მშობლის, უნარ-ჩვევები არ არის განვითარებული და იმ სტანდარტებთან შესაბამისი, რომელიც აუცილებელია ბავშვისთვის კეთილსაიმედო, მზრუნველი გარემოს შესაქმნელად.
12. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ მამა უმეტესწილად თავად არ გამოხატავს ბავშვთან ურთიერთობის სურვილს და სრულად არ იყენებს დროებითი განკარგულებით დადგენილ ბავშვთან ურთიერთობისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ბავშვი განიცდიდა და ხშირად აგრესიულად ხვდებოდა დედის თხოვნაზე, გაჰყოლოდა მამას. ამასთან, ყოველთვის, როდესაც მამას ბავშვი მიჰყავდა თავის საცხოვრებელ ადგილზე, დედასთან ბრუნდებოდა გაღიზიარებული, ცუდ გუნება-განწყობაზე, რაც მიუთითებს ბავშვის ფსიქოემოციაზე, რომლის მიხედვითაც არათუ ხანგრძლივი პერიოდით, არამედ რამდენიმე საათითაც, სხვა სივრცეში დედისგან მოშორებით ბავშვისთვის დარჩენა არის დამთრგუნველი.
13. მეორე კასატორს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მამას არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შაბათობით, დღის მონაკვეთის ფარგლებში.
14. მეორე კასატორის მითითებით, სასამართლო არასრულწოვანთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში დაეყრდნო ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 17 ნოემბრის დასკვნას, რაც არ არის სარწმუნო, ვინაიდან მასში ასახული ინფორმაცია არ გადმოცემს რეალურ მოცემულობას. ამასთან, დასკვნის მომზადებიდან გასულია თითქმის წელიწად-ნახევარი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ დასკვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები არსებითად შეცვლილიყო.
15. კასატორი სადავოდ ხდის მშობლის წარმომადგენლობითი შეზღუდვის ნაწილშიც შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასაც და მიუთითებს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს კონკრეტული ქვეყნების მითითების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მამისათვის შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესს. ორივე მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღების ნაწილში და კალენდარული წლის განმავლობაში თებერვალში სამი კვირით და ივლისში სამი კვირით 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მამის თანხმობის გაცემის ნაწილში.
21. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მამისათვის შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის (იხ.: სუსგ №ას-96-2022, 21.06.2022წ.; №ას-562-2023, 25.07.2023წ.; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.)
22. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
23. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
24. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების, აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ.: Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.).
25. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ.: სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016წ; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.).
26. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
27. აღნიშნული პრინციპი აისახა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
28. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
29. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცალსახად ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთი სწორი და მისაღები გადაწყვეტილებაა არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ.: სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-1579-2022, 10.11.2023წ.).
30. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და, შეძლებისდაგვარად, რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესები უნდა გათვალისწინდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეუნარჩუნდეს კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ.: სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას-434-2021, 30.07.2021წ.; №ას-414-2024, 24.04.2024წ.).
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის დასკვნას და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული. კასატორს კი არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ბავშვთან მიმართ დაწესებული ურთიერთობის წესი.
32. პალატის მითითებით, მეორე კასატორის პრეტენზიები, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი და შეფასებული მამის, როგორც მშობლის უნარ-ჩვევები, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის დედასთან მიჯაჭვულობა, რის გამოც, მამასთან ღამით დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებად ვერ შეფასდება და მამასთვის შვილთან ურთიერთობისათვის მხოლოდ კვირაში ერთი დღით (შაბათს) უნდა განისაზღვროს, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებას არ ემყარება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის დასკვნაზე (დასკვნის თანახმად, სოციალური მუშაკი დაესწრო მამისა და შვილის შეხვედრას და ჰქონდა მათ შორის ურთიერთობაზე დაკვირვების შესაძლებლობა. ბავშვი უპრობლემოდ გამოჰყვა მამას დედის საცხოვრებლიდან. ბავშვი მამის დანახვისას გამოხატავდა სიხარულს, მამასთან ურთიერთობისას იყო გახსნილი და აქტიური, თამაშობდა და გამოხატავდა მის მიმართ თბილ დამოკიდებულებას, ხშირად ეხუტებოდა და გამოხატავდა სიხარულს როგორც მამის, ასევე – ბებიისა და ბიძის მიმართ. შეხვედრის დასრულებისას ბავშვს წასვლასთან დაკავშირებით ჰქონდა უარყოფითი რეაქცია, სოციალური მუშაკის მიმართ განეწყო ნეგატიურად და გაიბუტა. სოციალური მუშაკის მიერ მამა-შვილზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს სითბოს, ძლიერ ემოციურ კავშირს და მიჯაჭვულობას. ბავშვს მამის მიმართ არ ჰქონია გაუცხოება. ამავე დასკვნის თანახმად, მამას აქვს განვითარებული მშობლის უნარ-ჩვევები და, შეუძლია, იზრუნოს შვილზე, დაიცვას მისი პირადი ჰიგიენა, გამოუცვალოს ტანსაცმელი, გამოკვებოს. მოსარჩელის ოჯახში ბავშვისთვის შექმნილია კეთილსაიმედო მზრუნველი გარემო) და მიიჩნევს, რომ მამისა და შვილის საურთიერთოდ კვირაში მხოლოდ ერთი დღის, შაბათის გამოყოფის საჭიროების მტკიცებულებები ან გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა მეორე კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯლობას და მიუთითებს, რომ სათანადო საფუძვლის გარეშე, მეორე კასატორის მოთხოვნა დაარღვევს მშობელთა თანაბრობის პრინციპს და ბავშვის უფლებას, ჰქონდეს ორივე მშობელთან სრულფასოვანი ურთიერთობა, მით უფრო, რომ დადასტურებულია ორივე მშობლის მიმართ ბავშვის სიყვარული და მიჯაჭვულობა.
33. პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ მამა უმეტესწილად თავად არ გამოხატავს ბავშვთან ურთიერთობის სურვილს და სრულად არ იყენებს დროებითი განკარგულებით განსაზღვრულ ბავშვთან ურთიერთობისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ბავშვი განიცდის და ხშირად აგრესიული ხდება დედის თხოვნაზე, გაჰყვეს მამას.
34. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ბავშვის მიერ მამის მიმართ ნეგატიური განწყობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ის ფაქტი, რომ მამამ რაიმე მიზეზით ვერ გამოიყენა შვილის სანახავად დროებითი განკარგულებით გამოყოფილი დროის მონაკვეთი, მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, მით უფრო, საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის დავალებული არასრულწლოვნისა და მამის ურთიერთობასთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით (ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ ინფორმაციის მოძიების მიზნით, ორივე მხარეს დაუკავშირდნენ ტელეფონით. მამის ინფორმაციით, შვილს ზაფხულში ვერ ნახულობდა, დედას ბავშვი ხშირად ჰყავდა ქალაქიდან დასასვენებლად გაყვანილი, დედა არ აჩვენებდა ბავშვს იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა განსაზღვრული ბავშვთან ურთიერთობის წესი და დროებითი განკარგულებაც იყო იმ პერიოდში გაუქმებული. ახალი დროებითი განკარგულების საფუძველზე შემოდგომით იგი ნახულობს შვილს უპრობლემოდ. მამის ინფორმაციით, მას აქვს გამოყოფილი ბავშვის ნახვის დრო, სამშაბათსა და შაბათს, სამშაბათს საბავშვო ბაღის დამთავრებიდან 2 საათით გაყვანის პირობით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი საცხოვრებელი და საბავშვო-ბაღი ერთმანეთისგან შორს მდებარეობს და ორი საათი ფაქტობრივად გზაში ეხარჯება და ბავშვთან ურთიერთობას ვერ ახერხებს სრულფასოვნად, იგი არ ნახულობს ბავშვს სამშაბათობით, ხოლო შაბათს, თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ უშლის ხელს, მიჰყავს თავისთან. მოსარჩელის თქმით, გასული ორი კვირის განმავლობაში ბავშვი ვერ მოინახულა, ავადმყოფობის გამო, შესაბამისად, რომ ვერ ახერხებდა ბავშვის გაყვანას, დედას შეატყობინა. ავადობის პერიოდში ბავშვთან ვიდეოთვალით დაკავშირება სთხოვა მოპასუხეს, იგი დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. დედის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზაფხულში რამდენჯერმე იყო შვილთან ერთად დასვენების მიზნით გასული ქალაქიდან, აღნიშნულ პერიოდში მამა-შვილი ერთმანეთს არ შეხვედრია, ხოლო შემოდგომით მამა ნახულობს ბავშვს უპრობლემოდ, ასევე თქვა, რომ მამა არ იყენებს შვილის ნახვის შესაძლებლობას სამშაბათობით დროის სიმცირის მოტივით, ხოლო შაბათს – ორი კვირის გამოტოვებით, ასახელებს სხვადასხვა პრობლემას, როდესაც ვერ ახერხებს ბავშვის ნახვასა და გაყვანას).
35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (იხ.: სუსგ №ას-43402921, 30.07.2021წ.; №ას-1076-2022,23.12.2022წ; №ას-1139-2021, 29.11.2022წ; №ას-716-2021, 23.06.2022წ.).
36. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მეორე კასატორის ის პრეტენზიაც, რომლის თანახმად, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 17 ნოემბრის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ მოცემულობას. ამასთან, დასკვნის მომზადებიდან გასულია თითქმის წელიწად-ნახევარი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ დასკვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები არსებითად შეცვლილიყო.
37. პალატა მიუთითებს, რომ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, არ ყოფილა რაიმე ისეთ არსებით გარემოებაზე მითითება, რაც დაადასტურებდა მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას და, შესაბამისად, დასკვნის სანდოობას ეჭვყვეშ დააყენებდა მისი მომზადების პერიოდის გათვალისწინებით. უდავოა, მისი მომზადების თარიღი და გარემოებების არსებითი ცვლილება საქმისწარმეობის არცერთ ეტაპზე მეორე კასატორს სადავოდ არ გაუხდია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასკვნის მომზადების თარიღზე (2022 წლის 17 ნოემბერი) და მიუთითა, რომ გაიზიარებდა მასში მითითებულ გარემოებებს, ვინაიდან დასკვნის თარიღზე მხარეები არ დავობდნენ, მეორე კასატორმა აღნიშნულის შემდეგ გახადა სადავოდ მასში მითითებული გარემოებების ნამდვილობა, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება გათვალისწინებული.
38. რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში კასატორთა პრეტენზიებს, ასევე, დაუსაბუთებელია და რაიმე არსებით არგუმენტებს არ ეფუძნება.
39. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში დაუბრუნებლობის რისკს, თუმცა, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, პირველ კასატორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეზღუდვა განხორციელდა 1980 წლის 25 ოქტომბრის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მამის თანხმობის გაცემის ნაწილში. დაუსაბუთებელია ამ ნაწილში მეორე კასატორის არგუმენტებიც, რომელიც მიუთითებს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს კონკრეტული ქვეყნების მითითების გარეშე. პალატა აღნიშნავს, რომ რას ეფუძნება აღნიშნული პრეტენზია, საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის. მხოლოდ ზოგადი არგუმენტი კი, ვერ შეცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაბალანსებულია როგორც ბავშვის, ასევე, მშობელთა ინტერესები.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ–ძისა და ა.ო–ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ი.გ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №40670512 / გადახდის თარიღი 12.04.2024), 70% - 210 ლარი;
3. ა.ო–ს (პ/ნ ...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №6791 / გადახდის თარიღი 27.03.2024), 70% - 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე