Facebook Twitter

საქმე №ას-1574-2022

31 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე სს „ს.რ–ას“, მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, 2021 წლის 01 სექტემბრიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1161 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 რ.ღ–ძემ, რომელიც მუშაობდა მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანაშემწედ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შრომითი დასახიჩრება. მოსარჩელეს წლების მანძილზე მოპასუხისგან ერიცხება ყოველთვიური სარჩო. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი არის გაზრდილი, თუმცა მოპასუხე მოსარჩელეს არ უანგარიშებს სარჩოს დღემდე მოქმედი მემანქანის თანაშემწის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, რითაც ირღვევა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

2.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რ.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „ს.რ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდის სარჩოს დანაკლისი - 1800 ლარის გადახდა და ასევე მოპასუხეს 2021 წლის 01 აგვისტოდან დაეკისრა გაზრდილი სარჩოს - 990 ლარის გადახდა ყოველთვიურად. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა.

2.3 2021 წლის სექტემბრის თვიდან, კვლავ განხორციელდა სს „ს.რ–აში“ ხელფასების მატება და მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასი გახდა 1290 ლარი, რომლის 90%, რ.ღ–ძის დაკარგული პროფესიული შრომის უნარის გათვალისწინებით, შეადგენს 1161 ლარს, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად სარჩოს სახით 2021 წლის 01 სექტემბრიდან.

2.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოსარჩელეს არ ჰქონდა ინფორმაცია მემანქანის თანაშემწის ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით სექტემბრის თვეში, რის გამოც სექტემბრიდან პერიოდი არ ყოფილა დავის საგანი და შესაბამისად არ განხილულა სასამართლოს მიერ.

2.5 მოსარჩელის წარმომადგენელმა ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 04 მარტს, გაუგზავნა წერილობითი მიმართვა №0/1 სს „ს.რ–ას“, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია მასზედ, თუ 2021 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე რას შეადგენდა მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი. წერილი მოპასუხეს ჩაბარდა მესამე დღეს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

2.6 რ.ღ–ძე არის დაბადებული 1957 წლის, 15 ივნისს და მას ივნისის თვეში უსრულდება 65 წელი. მოსარჩელე ითხოვს სარჩოს გადაანგარიშებას, კერძოდ, მომატებული სარჩოს დაკისრებას მოპასუხეზე, 2021 წლის 01 სექტემბრიდან, რა დროსაც რ.ღ–ძე არ იყო საპენსიო ასაკის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების და ყოველთვიური სარჩოს გაზრდილი ოდენობით დაკისრების საფუძველია.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 სს „ს.რ–ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

3.2 მოპასუხემ სადავოდ გახადა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არა პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს. იგი უშუალოდ ეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ადგენს კომპენსაციის, პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება დაუშვებელია.

3.3 მოპასუხემ აღნიშნა, რომ სს „ს.რ–ის“ 2015 წლის 13 აგვისტოს №18/35 დადგენილებით, დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებზე და თანამდებობებზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან, რა თანამდებობაზეც მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მოსარჩელე.

3.4 სს „ს.რ–ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის №9/43 დადგენილებით, დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მესამე პუნქტში მითითებულია, რომ დასაქმებული სამედიცინო შემოწმებას გადის 3 წელიწადში ერთხელ, 60 წლის ზევით წელიწადში ერთხელ. ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, გამონაკლისის სახით გაწერილია სპეციალური პროფესიები, კერძოდ, მემანქანეები, მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები, რომლებიც ასეთ შემოწმებას გადიან ასაკის მიუხედავად, წელიწადში ერთხელ. 45-იდან 50 წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, შემდეგ წელიწადში ერთხელ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას და როგორც წესი, საპენსიო ასაკს მიღწეული პერსონალი აღნიშნულ პოზიციაზე აღარ მუშაობს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ღ–ძის სარჩელი, სს „ს.რ–ის“ მიმართ, სარჩოს ოდენობის გაზრდის შესახებ, დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბერს სამოქალაქო საქმეზე №2/15695-21 გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილი, რ.ღ–ძისათვის ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო - 990 ლარი, გაიზარდა 171 ლარით და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, 2021 წლის 01 სექტემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა - 1161 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის, 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამსაქმებელს, დასაქმებულის სასარგებლოდ, 2013 წლის, 01 ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს - 900 ლარის გადახდა დაეკისრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა, მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 12 429.45 ლარის ოდენობით, იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო განაკვეთის გათვალისწინებით.

5.4 ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა წინამდებარე საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანაშემწის თანამდებობაზე. 1987 წლის 22 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დასაქმებულმა მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით, უვადოდ.

5.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის №2/15695-21 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, მოპასუხე სს „ს.რ–ას“ მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის დეკემბრიდან, 2021 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდის სარჩოს დანაკლისის - 1800 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. ასევე, რ.ღ–ძისათვის ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო 900 ლარი გაიზარდა 90 ლარით და მოპასუხე სს „ს.რ–ას“ მოსარჩელე რ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 01 აგვისტოდან ყოველთვიური სარჩოს 990 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

5.6 სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408, 411-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. ამავე დასაბუთებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო, აპელანტის (მოპასუხე) შედავება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო, ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შემთხვევებზე. სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი 90-ით, სამუდამოდ. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

5.7 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია - საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ზიანის ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს სსკ-ი, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, დელიქტური ვალდებულებით.

5.8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ.სუსგ-ები: №1216-1141-2015, 03.06.2016წ.; №1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.).

5.9 ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018, 18.06.2020; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ., №ას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ.; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ.).

5.10 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობასთან მიმართებით და მიუთითა უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისადაც, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტით მუშაკისათვის დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნულ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის N923 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ამოღებულ იქნა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტი. 2007 წლის 6 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის N93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით კი დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი.

5.11 აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით (შდრ: სუსგ, Nას-169-497-09, Nას-939-889-2015; Nას-84-80-2016).

5.12 თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას.

5.13 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა გარემოებები და დაადგინა, რომ არსებობდა სარჩოს ოდენობის გაზრდის საფუძველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ–ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.

6.3 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტი №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება.

6.4 კასატორმა განმარტა, რომ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს და ადგენს პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს ასეთ შემთხვევაში, რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია.

6.5 კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება: რომ არა უბედური შემთხვევა, ის ნამდვილად მიიღებდა იმ შემოსავალს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს სტაბილური ხელფასის სახით.

6.6 შეუძლებელია მიუღებელი შემოსავლის მთელი ცხოვრების მანძილზე წინასწარ ზუსტად განსაზღვრა. კანონი ლოგიკურად დარჩა საკითხის მოწესრიგების იმგვარ ფორმაზე, როგორიცაა სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე.

6.7 მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 18 სექტემბრის N9/43 დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასაქმებულთა და დასასაქმებელ პირთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. დასაქმებულმა პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 60 წლის ზემოთ დასაქმებულმა, წელიწადში ერთხელ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა (მემანქანის თანაშემწე) მოითხოვს კარგ ფიზიკურ მონაცემებს და ჯანმრთელობას, რაც რეგულირდება ხსენებული ინსტრუქციით.

6.8 კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მართლზომიერება.

14. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორი ნორმების გამოყენების თაობაზე, განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება, ვინაიდან მოსარჩელე დასახელებული წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ დახმარების მიმღებ პირს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე („პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“), 408.2-ე („თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით“) და 411-ე („ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 408.1-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).

17. უზენაესმა სასამართლომ, ანალოგიურ საქმეებზე მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები Nას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ).

18. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: იხ. სუსგ საქმე №ას-169-497-09, საქმე№ას-939-889-2015; საქმე№ას-84-80-2016) ხოლო სარჩოს გადაანგარიშების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება მანამდე, სანამ დაზარალებული საპენსიო ასაკს არ მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018 18.06.2020წ; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; №ას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; №ას-269-2022, 31.05.2022 წ ).

19. აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნის ფარგლები ვრცელდება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისზე, არამედ მიუღებელ შემოსავალზეც (იხ. სსკ-ის 411-ე მუხლი). მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზუმირებულია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, და სწორედ ამ დრომდე უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა სარჩოს იმ ოდენობით შენარჩუნება/ გადაანგარიშება, რასაც ხელფასის სახით მიიღებდა დაზარალებული.

20. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის N2/8630-13 გადაწყვეტილებით, სს „ს.რ–ას“ 2013 წლის 01 ივნისიდან რ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიურად სარჩოს სახით - 900 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2013 წლის N2ბ/6236-13 განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის N2/8630-13 გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2014 წლის Nას-126-120-2014 განჩინებით, სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უდავოდ დგინდება, რომ დასაქმებულმა ზიანი მიიღო, ხოლო დამსაქმებელი აღნიშნულ ზიანზე პასუხისმგებელი პირია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს.რ–ას რ.ღ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის ივლისის ცათვლით პერიოდის სარჩოს დანაკლისის 1800 ლარის გადახდა, ხოლო 2021 წლის 9 აგვისტოდან ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშდა და გაიზარდა 990 ლარის ოდენობით.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 1957 წლის 15 ივნისს დაბადებული პირია, რომელსაც სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას, საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია. 1987 წლის 22 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით, უვადოდ. ხოლო 2021 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე შესაბამისი მუშაკის ხელფასის 1290 ლარის 90%-ის გათვალისწინებით, სარჩოს ოდენობა განისაზღვრა 1161 ლარით ( ასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს თანხისა და მისაღები სარჩოს თანხის ოდენობას შორის სხვაობა დადგინდა 1161-990=171ლარი). ასევე დადგენილ იქნა, რომ რ.ღ–ძეს აღნიშნული სხვაობა 2021 წლის 1 სექტემბრიდან არ მიუღია.

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. კერძოდ, პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს, რომ 2021 წლის 01 სექტემბრიდან გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს სარჩოს სახით უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს გადახდა - 1161 ლარის ოდენობით.

22. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. კასატორ სს „ს.რ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2022 წლის 30 ნოემბერს სს „საქართველოს ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით, №036 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე