Facebook Twitter

საქმე№ას-518-2024

04 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ვ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ.ვ–ძემ, 2022 წლის 20 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ი.კ–ის მიმართ და მოითხოვა: ი.კ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბინა №44 (ფართი: 50,00 კვ.მ.; საკადასტრო კოდი:.......) და აღნიშნული ქონება მ.ვ–ძეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ვ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი.კ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა №44 (საკადასტრო კოდი: .......) და აღნიშნული ქონება მ.ვ–ძეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, მ.ვ–ძის წარმომადგენლის, ა.კ–ძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/13942-23), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ი.კ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ი.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ; ი.კ–ის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ი.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, ი.კ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების ნაწილში დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, ი.კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 23 ოქტომბერს, მ.ვ–ძის წარმომადგენელმა - ა.კ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

2024 წლის 23 ოქტომბერს, მ.ვ–ძის წარმომადგენელმა - ა.კ–ძემ დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა სარჩელზე.

პალატამ შეამოწმა მ.ვ–ძის წარმომადგენლის ა.კ–ძის რწმუნებულება/მინდობილობა და დარწმუნდა, რომ აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მ.ვ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე - მ.ვ–ძე უარს აცხადებს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).

სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ვ–ძის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-171-2022, 13 მარტი, 2023 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი, ი.კ–ს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, აღსრულება შეწყდება თუ, გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ვ–ძის წარმომადგენლის ა.კ–ძის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე Nას-518-2024 მ.ვ–ძის სარჩელის გამო, ი.კ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

5. კასატორს - ი.კ–ს (პირადი ნომერი .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.მ–ძის მიერ (პირადი ნომერი ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 06 აგვისტოს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №23204366081; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე