¹ბს-1041-995(კ-07) 7 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. და თ. ზ-ების, რ. ბ-ის, თ. შ-ის, ა. ს-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 26 ოქტომბერს მ. და თ. ზ-მა, რ. ბ-ემ, თ. შ-ემ, ა. ს-ემ და მ. მ-ემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, გონიოს სასოფლო საკრებულოსა და ნ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2005 წლის 11 მაისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ნ. ა-ეს შორის, სოფელ ....-ში, ბათუმი-სარფის გზის მარცხენა მხარეს, საწრეტი არხის მიმდებარე ციტრუსის ნარგავით დაკავებულ 1,5 ჰა მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელეებმა მიუთითეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებულ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” 1-ლი, მე-2 და მე-4-5 პუნქტების მოთხოვნებზე და აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ 2001 წლის 22 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ¹5-1/1020 წერილით მიმართა როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სურსათის სამინისტროს, ისე ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს. აღნიშნულ წერილში მითითებული იყო, რომ თუ მიწის მოიჯარეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით რაიონის შესაბამისი სამსახურების მიერ არ იყვნენ ინფორმირებულნი, მათი სურვილის შემთხვევაში, უნდა გადაეფორმებინათ ახალი ხელშეკრულებები, დამტკიცებული ფორმის მიხედვით. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს (რაიონის გამგეობა) მათთვის უკონკურსოდ უნდა გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულებები “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” მე-3 თავის 1-ლი, მე-2 და მე-4-5 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. დანარჩენ მიწებზე კი, რომლებიც გაუცემელი იყო იჯარით, ყველა შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სოფელ .....-ის ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის მხრიდან გაპიროვნებული ჰქონდათ სადავო ციტრუსის პლანტაცია და მიწის სხვა ნაკვეთი. შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციით დასტურდებოდა წლების განმავლობაში ყველა სახის მიწისა და მოსავალზე გადასახადების გადახდა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის _ ზ. ა-ის განმარტებაზე, რაიონში მიმდინარე მიწის რეფორმის სრულყოფისა და საწესდებო მოთხოვნების დაცვა-გატარების საქმეში ძირითადი ამოცანების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნულ განმარტებაში, რომელიც შეთანხმებული იყო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის თავმჯდომარესთან, ¹3 შეკითხვაზე, თუ რა წესით ხდებოდა მიწის რეფორმის სამუშაოების ჩატარება, განმარტებული იყო, რომ საზოგადოებრივი მიწების სარეფორმო ფონდში შერჩევა და ჩარიცხვა ხდებოდა კომისიური წესით, ცალკეული სოფლების მიხედვით საკითხი იხილებოდა საკრებულოების მიწის რეფორმის კომისიაზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებას აცნობდა სოფლის კრებას. ზ. ა-ის მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განმარტება ბადებდა შეკითხვას, თუ რა საფუძვლით დაიდო სოფელ გონიოს მცხოვრებლებთან სოფელ ახალსოფლის მიწაზე იჯარის ხელშეკრულება სოფელ ....-ის მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მასალა ბადებდა საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის და გონიოს თემის საკრებულოს მხრიდან ადგილი ჰქონდა აშკარა დაინტერესებასა და მხარდაჭერას ნ. ა-ის მიმართ, რადგან მასთან იჯარის ხელშეკრულება გააფორმეს ჯერ კიდევ 2000 წელს. ნ. ა-ემ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხეებმა _ ზ-ებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2004 წლის 29 ნოემბერს, საკითხის შესწავლის მიზნით, განცხადებით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, რომელმაც 2005 წლის 10 იანვრის ¹01-16/01 წერილში პასუხად მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიზანშეწონილად მიაჩნდა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას გაეუქმებინა ამავე გამგეობის 2000 წლის 24 მაისის ¹57 გადაწყვეტილება და რაიონის შესაბამის კომისიას _ ამ კომისიის 2000 წლის 16 მაისის (ოქმი ¹10) დადგენილება. შესაბამისი მიწის ნაკვეთი შერჩეულ იქნა სარეფორმო ფონდში ჩასარიცხად. ამასთან, გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიასა და იმავე საკრებულოს გამგეობას ეთხოვათ, მომავალში სარეფორმო ფონდის დამტკიცების შემდეგ, კანონის სრული დაცვით, ოჯახთა კატეგორიებისა და დადგენილი ზღვრული ნორმების გათვალისწინებით, დაეკმაყოფილებინათ მოსარჩელეთა მოთხოვნები. დასახელებული წერილი გაეგზავნათ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და გონიოს სასოფლო საკრებულოს (ს.ფ. 7,8).
მოსარჩელეთა განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია იმ გადაწყვეტილებისა და დადგენილების გაუქმება, რომლებიც უკვე გაუქმებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რაც უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. დასკვნა იყო მარტივი: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომელიც წარმოადგენდა მხარეს დასახელებულ დავაში და მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, ხსენებული გადაწყვეტილება დაუმალა შესაბამისი საკითხის შემსწავლელ კომისიას.
მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნაჩქარევად იყო შედგენილი იჯარის ხელშეკრულება, რამეთუ ხელშეკრულებას ხელს აწერდა ორი მეიჯარე _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და ნ. ა-ე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილებისა და 2005 წლის 11 მაისის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მ. მ-ის ნაცვლად ამ საქმეში ჩაბმულ იქნა ო. მ-ე (ს.ფ. 34).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა (ს.ფ. 42). აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში (ს.ფ. 49,56).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 58-61).
2006 წლის 14 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ა-ემ მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და გონიოს თემის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2003 წლის 21 ივნისის ¹9 საოქმო დადგენილებით იგი გამოცხადდა სოფელ ....-ში, ბათუმი-სარფის გზის მარცხენა მონაკვეთზე, წყალგამტარი არხის მიმდებარედ, ციტრუსით დაკავებული 1,5 ჰა მიწის ფართობის 10 წლის ვადით იჯარით ასაღებად კონკურსში გამარჯვებულად. გადაწყვეტილება ამ კონკურსში გამარჯვებასთან დაკავშირებით, დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილებით. აღნიშნულ მიწის ფართობზე, 2005 წლის 11 მაისს მოსარჩელესა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რაც რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 2005 წლის 14 მაისს, ¹..... სარეგისტრაციო ნომრით. აღნიშნული ხელშეკრულება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით გაუქმდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების სარეფორმო ფონდში ჩარიცხვისა და დამტკიცების უზრუნველყოფის მოტივით.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ¹6 ბრიგადაში, გონიოს “ბ-ი” მოსარჩელეზე იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი ჩაირიცხა სარეფორმო ფონდში. მოსარჩელეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია და არც მისი თანხმობა ყოფილა ხსენებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მხოლოდ მოიჯარის თანხმობით შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, რომელიც ეხებოდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილებას და მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების (დათვალიერება-შერჩევის აქტი) ბათილად ცნობა მოსარჩელისათვის იჯარით გამოყოფილი ზემოაღნიშნული მიწის ფართობის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.
2006 წლის 10 აგვისტოს, მოსარჩელეებმა _ მ. ზ-ემ, თ. ზ-ემ, რ. ბ-ემ და ა. ს-ემ, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მიმართეს განცხადებით, რომლითაც მოითხოვეს ნ. ა-ის მიერ აღძრულ დავაში მესამე პირებად ჩაბმა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მათი და ნ. ა-ის სარჩელების ერთ წარმოებად გაერთიანება (ს.ფ. 66).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ნ. ა-ის სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და გონიოს თემის საკრებულოს მიმართ და მუზაფერ ზოიძის სარჩელი მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, გონიოს თემის საკრებულოსა და ნ. ა-ის მიმართ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ _ მ. ზ-ე, თ. ზ-ე, რ. ბ-ე და ა. ს-ე (ს.ფ. 80).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის, თ. ზ-ის, რ. ბ-ის, თ. შ-ის, მ. მ-ისა და ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გონიოს თემის საკრებულოს მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება ნ. ა-ის საიჯარო მიწის ნაკვეთის ნაწილში და გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ¹6 ბრიგადაში, გონიოს “ბ-ი” ა-ების საიჯარო მიწის ნაკვეთის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ. 180-186).
რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2003 წლის 21 ივნისის ¹9 საოქმო დადგენილებით სოფელ ....-ში, ბათუმი-სარფის გზის მარცხენა მხარეს, საწრეტი არხის მიმდებარედ, ციტრუსის ნარგავით დაკავებულ 1,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 10 წლის ვადით იჯარით ასაღებად კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ნ. ა-ე. აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილებით. იმავე წლის 11 მაისს კი მოპასუხესთან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მ. ზ-ისა და სხვათა მტკიცება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგანაც ნ. ა-ეზე სადავო მიწა იჯარით გაცემულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულების საფუძველზე. ამ ბრძანებულების მეოთხე პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, მოიჯარეს _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და კონკურსში გამარჯვებულ ნ. ა-ეს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. სასამართლომ არ გაიზიარა ასევე ის მოსაზრებაც, რომ მ. ზ-ისა და სხვათა მიმართ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ბრძანებულების მესამე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4-5 პუნქტები, რადგანაც აღნიშნული საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა.
რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა კანონიერად. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების ტიპური ფორმა. აღნიშნული ფორმა არ ითვალისწინებდა იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას მიწის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვის მოტივით, რა პირობაც ჩადებულ იქნა ნ. ა-თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტში. ხელშეკრულების ეს პუნქტი არ შეესაბამებოდა რა კანონს, იგი იყო ბათილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილი იყო გარიგება, რომელიც არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. ასეთი გარიგების ბათილად აღიარებისათვის საჭირო არ იყო შეცილება ანდა სასამართლოს მიერ მისი ბათილად მიჩნევა. გარიგება მთლიანობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდვილი, მაგრამ მისი რომელიმე ნაწილი _ ბათილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, ნ. ა-თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი უცილოდ ბათილი იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო, სადავო მიწის ნაკვეთი, მართალია, გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნა სარეფორმო ფონდში ჩარიცხვისათვის და ამის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილებით განისაზღვრა ხელვაჩაურის მიწის რეფორმის ფონდი, მაგრამ ხსენებული გადაწყვეტილების მესამე პუნქტით ამ ფონდის დამტკიცება ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომლიდანაც სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა დამტკიცებული ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილება, რაზეც სასამართლოს ეცნობა, რომ დამტკიცება არ მომხდარა. ამდენად, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იმჟამად კვლავ სახელმწიფო ფონდში რჩებოდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 605-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულება წყდებოდა ვადის გასვლის შედეგად. 1998 წლის 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმა ითვალისწინებდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას ვადის გასვლამდე, თუ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებდა იჯარის ობიექტს და არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, განზრახ ან დაუდევრობით აუარესებდა იჯარის ობიექტების მდგომარეობას, არ იხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, არ შეაკეთებდა იჯარის ობიექტებს განსაზღვრული წესითა და პირობების შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ერთი ზემოჩამოთვლილი პირობა არ იყო დარღვეული. აქედან გამომდინარე, არამართებული იყო მეიჯარე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მხრიდან ნ. ა-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ნ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 206,207). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე _ მ. ზ-ემ, თ. ზ-ემ, რ. ბ-ემ, თ. შ-ემ, მ. მ-ემ და ა. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ნ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 208-210).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ზ-ის, თ. ზ-ის, რ. ბ-ის, თ. შ-ის, მ. მ-ის და ა. ს-ის სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 2003 წლის 21 ივლისის ¹9 ოქმის მიხედვით, 2002 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლება მოიპოვეს სოფელ ..... მცხოვრებლებმა _ ნ. და ა. ა-ებმა, სოფელ ....-ში ბათუმი-სარფის გზის მარცხენა მონაკვეთზე 1,5 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე. ამ მიწის ნაკვეთზე სხვა დაინტერესებულმა პირებმა _ ს. ს-ემ, მ. ზ-ემ და თ. ზ-ემ თხოვნით მიმართეს ხსენებულ კომისიას ურთიერთმორიგების თვალსაზრისით კონკურსის შედეგების გადადების შესახებ. ნ. ა-ისა და სხვათა სარჩელის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 მაისის განჩინებით ამ კომისიას დაევალა კონკურსის შედეგების შეჯამება და მასში გამარჯვებულის გამოვლენა. იმავე ოქმით, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ მხარეები ვერ მორიგდნენ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სოფელ ....-ში, ბათუმი-სარფის გზის მარცხენა მონაკვეთზე, წყალგამტარი არხის მიმდებარედ, ციტრუსის ნარგავით დაკავებული 1,5 ჰა მიწის ფართობის 10 წლის ვადით იჯარით ასაღებად კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ნ. ა-ე და საიჯარო ქირად განესაზღვრა 998 ლარი. დასახელებული ოქმის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 28 აპრილს მიიღო ¹45 გადაწყვეტილება ნ. ა-ეზე 10 წლით დასახელებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის შესახებ; ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2005 წლის 11 მაისს ნ. ა-თან დაიდო იჯარის ხელშეკრულება; სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე კონკურსის შესახებ გამოცხადდა პრესაში, რითაც დაცულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. მოსარჩელეებს წარდგენილი ჰქონდათ განცხადება საკონკურსო კომისიაში, მაგრამ მათი განცხადება და საბუთები არ პასუხობდა საკონკურსო პირობებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი საიდუმლოდ დაცული პაკეტი, რის გამოც ისინი არ იქნენ დაშვებული კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ნ. ა-ე ითხოვდა რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტისა და გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით გაუქმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველი იყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთნოდათ მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ გადასცემიათ, კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. მიწის სიმცირის გამო მოხდა იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება, რათა განხორციელებულიყო მიწის რეფორმა. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გაუქმდა იჯარის ხელშეკრულება ნ. ა-თან და იჯარით მასზე გადაცემული მიწის ნაკვეთი კვლავ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიის 2005 წლის 5 ივნისის სხდომა, რომლის ¹2 ოქმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების გამგეობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოებთან ერთად, მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დროულად უნდა უზრუნველეყოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მათ მიერ დადებული იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის დადგენილებით განისაზღვრა მიწის რეფორმის ფონდი. ამ დადგენილებაში ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 იანვრის დადგენილებით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე გამგეობის 2006 წლის 10 იანვრის დადგენილება და ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2006 წლის 25 იანვრის დადგენილება. 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის მიწის რეფორმების ფონდი რაიონის, დაბისა და თემის საკრებულოების მიხედვით განისაზღვრა 3894,2 ჰექტარით. ამ დადგენილების დანართის მე-8 პუნქტის მიხედვით, გონიოს თემის საკრებულოში მიწის სარეფორმო ფონდი განისაზღვრა 331,4 ჰექტარით, აქედან ციტრუსით დაკავებული _ 135,2 ჰექტარით. გონიოს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისა და მიწათმომწყობის ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ სარეფორმო ფონდის სიაში 66-ე ნომრად აღნიშნული იყო ა-ების საარენდო ფართობი ბათუმი-სარფის ტრასის მიმდებარედ (ს.ფ. 132); აღნიშნული ფართი იჯარით ჰქონდა აღებული ნ. ა-ეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ეს ხელშეკრულება. ნ. ა-თან 2005 წლის 11 მაისს იჯარის ხელშეკრულება დაიდო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილების საფუძველზე. ნ. ა-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების 3.6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარეს _ ნ. ა-ეს, უფლება ჰქონდა, ვადაზე ადრე მოეთხოვა ხელშეკრულების გაუქმება საიჯარო მიწის ნაკვეთის სარეფორმო ფონდში დამტკიცებისას. მოცემულ შემთხვევაში კი, მეიჯარემ _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ გააუქმა ხელშეკრულება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, რაიონის გამგებლის მიერ განსაზღვრული მიწის რეფორმის ფონდის დამტკიცება ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში 2004 წლის 26 ნოემბერს განხორციელებული ცვლილება საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებას, მაგრამ ნ. ა-ეზე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი რეფორმის წესით არავის გადაცემია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვალდებული იყო, უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე იყო ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ნ. ა-ე იყო დაინტერესებული პირი, რამდენადაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 აპრილის ¹45 გადაწყვეტილების საფუძველზე მასთან დაიდო იჯარის ხელშეკრულება და სწორედ აღნიშნული ¹45 გადაწყვეტილება გაუქმდა 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულ წარმოებაში ნ. ა-ე არ ყოფილა მიწვეული.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. ამ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მას არ მიუწვევია ნ. ა-ე ადმინისტრაციულ წარმოებაში. ხსენებულმა გამგეობამ ასევე დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნა, როცა ნ. ა-ეს არ მისცა შესაძლებლობა, გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. იგივე ნორმები დაირღვა გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების, ან გამოცემის წესი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებისა და გონიოს თემის საკრებულოს 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯაროობის წესი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენებოდა ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ ამ კოდექსის 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ იყო დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენდა სამ თვეს, 355-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდებოდა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხელშეკრულების პირობები ნ. ა-ეს არ დაურღვევია. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მასთან ხელშეკრულების გაუქმებისას დაარღვია დასახელებული ნორმები. ნ. ა-ე არ იქნა გაფრთხილებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რითაც დაირღვა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს _ მ. და თ. ზ-ებმა, რ. ბ-ემ, თ. შ-ემ, ა. ს-ემ და მ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ კონკურსის შესახებ გამოცხადებული იყო პრესაში. ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გაზეთ ,,კ-ში” გამოქვეყნება არ შეიძლება ჩაითვალოს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებად, რადგანაც აღნიშნული გაზეთი, უკეთეს შემთხვევაში, გამოდის თვეში ერთხელ და ვრცელდება მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონში. აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების მხოლოდ ამ გაზეთში გამოქვეყნებით, ზოგადად, შეილახა საქართველოს იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც არ ცხოვრობენ ხელვაჩაურის რაიონში, მაგრამ ექნებოდათ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. კანონმდებელმა ამ დებულებაში სწორედ იმიტომ მიუთითა სიტყვა გამოქვეყნება, რომ ხსენებული განცხადება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.
კასატორთა განმარტებით, საქმეში არსებული განცხადებით კონკურსის გამოცხადების შესახებ, სხვა კუთხითაც შეილახა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები: არ ირკვეოდა, კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე (მისამართი, ფართობი და დახასიათება) ცხადდებოდა კონკურსი, რა სახეობის იყო (კომერციული თუ არაკომერციული) აღნიშნული კონკურსი, სად და როდის ჩატარდებოდა იგი, განცხადებების მიღების საბოლოო ვადა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ შეტანილი განცხადება არ პასუხობდა საკონკურსო პირობებს, რადგანაც მათ არ ჰქონდათ წარდგენილი საიდუმლოდ დაცული პაკეტი და სწორედ ამ მიზეზით არ დაუშვეს ისინი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამებოდება. მოსარჩელეთათვის, სასამართლოს მიერ დასახელებული მტკიცებულებით – კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებით ცნობილი არ გამხდარა ჩასატარებელი კონკურსის სახეობა, პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები. ბუნებრივია, რომ მოსარჩელეები ვერ წარადგენდნენ რაიმე კონკრეტულ წინადადებას, მაგრამ შეტანილი განცხადებით დააფიქსირეს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი და საკონკურსო კომისიას, ასეთი მართლაც რომ ყოფილიყო შექმნილი, მისივე გამოქვეყნებული განცხადების ხარვეზიდან გამომდინარე, უნდა მიეცა წინადადება, დალუქული ბარათით საკონკურსო წინადადების ან ბიზნეს-გეგმის (იმის მიხედვით, თუ რა სახის კონკურსის ჩატარებას განმარტავდა) წარმოდგენის თაობაზე.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას შედეგად მოჰყვა მათი არასწორი სამართლებრივი შეფასება, რა დროსაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ. თუკი კასატორები არ იქნენ დაშვებულნი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ ერთი პირი – ნ. ა-ე ითხოვდა ამ მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას და, ასეთ შემთხვევაში მას, მიწა იჯარით უნდა გადასცემოდა უკონკურსოდ.
სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ფლობდნენ და ამჟამადაც ფლობენ სადავო მიწის ნაკვეთს, რაც დასტურდება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .....-ის მთავარი აგრონომის _ ი. ბ-ის მოხსენებით ბარათში მოყვანილი დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამავე მტკიცებულებებით დასტურდება ამ მიწის ნაკვეთის კასატორთა ოჯახებისათვის, როგორც კომლებისათვის, გადაცემა. სააპელაციო სასამართლომ, უგულებელყო რა აღნიშნული ფაქტები, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი იმის თაობაზე, რომ თუკი სასამართლო არ იზიარებდა მხარეთა მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას და არ ითვალისწინებდა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იგი ვალდებული იყო, თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაესაბუთებინა მათი უარყოფის საფუძვლები. ამრიგად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი – სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევა – სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, რითაც იმდენად უხეშად დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რომ ამ დარღვევას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. და თ. ზ-ების, რ. ბ-ის, თ. შ-ის, ა. ს-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 7 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და თ. ზ-ების, რ. ბ-ის, თ. შ-ის, ა. ს-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კასატორებს მოცემულ არაქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე არა აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის 30 პროცენტი _ 90 ლარის გადახდა თანაბარწილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და თ. ზ-ების, რ. ბ-ის, თ. შ-ის, ა. ს-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. და თ. ზ-ებს, რ. ბ-ეს, თ. შ-ეს, ა. ს-ესა და მ. მ-ეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 90 ლარის გადახდა თანაბარწილად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.