Facebook Twitter

№ას-968-2024

27 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ლ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, ვალდებულების შესრულებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დ.ბ–ის სარჩელი მოპასუხე ვ.ლ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს მ.დ–ის მიერ 2020 წლის 16 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №200347622 მოვალისათვის პირგასამტეხლოს სახით კრედიტორის სასარგებლოდ 2017 წლის 17 დეკემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის დაკისრების თაობაზე და პირგასამტეხლოს სახით მოვალის/დ.ბ–ის ვალდებულება კრედიტორის/ვ.ლ–ძის სასარგებლოდ განისაზღვროს 3 100.81 ლარით;

2. მოსარჩელის მოთხოვნა, შესრულებულად იქნეს აღიარებული 2017 წლის 16 ივნისის სესხისა და იპოთეკის №170671648 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის - 26 000.00 ლარის გადახდის ვალდებულება, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით დ.ბ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნისა (კასაციის განაცხადის) და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) საკასაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის შემდეგ სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივრის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის ადვოკატის თანამშრომელს ჩაბარდა 2024 წლის 5 აგვისტოს.

2024 წლის 7 აგვისტოს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია რომ, კასატორს აქვს რთული ფინანსური მდგომარეობა და სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა იშუამდგომლა განსაზღვროდა დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით კასატორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; დ.ბ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალოს მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1 372,64 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის ადვოკატის თანამშრომელს ჩაბარდა 2024 წლის 19 სექტემბერს.

2024 წლის 23 სექტემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის ადოკატმა და მიუთითა, რომ კასატორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო თანხის მოძიება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დ.ბ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 1 372,64 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის ადვოკატის თანამშრომელს ჩაბარდა 2024 წლის 22 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დ.ბ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს ს.ა–ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა წარმომადგენლის თანამშრომელს, ადმინისტრატორ - ნ.ა–ძეს პ/ნ ...... (იხ.: საფოსტო ბარათი - ტომი I, ს.ფ. 515, მინდობილობა - ტ. I, ს.ფ 150-151).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 27 ოქტომბერს, მაგრამ ვინაიდან 27 ოქტომბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 28 ოქტომბერს, ორშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია