Facebook Twitter

№ას-456-2024

25 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ვ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ხ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ.შ–ის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ანა შათირიშვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ხ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.შ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ანა შათირიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2022 წლის 28 დეკემბრიდან - 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით - 275 ლარის ოდენობით, 2023 წლის 01 მაისიდან - 400 ლარი, ხოლო 2024 წლის 01 იანვრიდან - 550 ლარი ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. 2024 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ.ხ–მა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ვ.შ–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე: ს.კ ......; ს.კ ......; ს.კ ......; ს.კ ........; ს.კ ........ ასევე მოითხოვა ყადაღის დადება ვ.შ–ის აქტივებზე შემდეგი სამეწარმეო საზოგადოებებში: შპს „ი.ს–ო“ (.......); შპს „შ.ჯ–ი“ (......); შპს „შ.გ–ი“ (........) და შპს „ინდივიდუალური მეწარმე ვ.შ–ის“ (........) საბანკო ანგარიშებზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით თ.ხ–ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ.შ–ს (პ.ნ ......) აეკრძალა უძრავი ქონებების, მდებარე: 1. ტყიბულის რაიონი, სოფელი ....... ს.კ .......; 2. გურჯაანის რაიონი, სოფელი ........., „სატრაქტორო პარკის გვერდზე“ ს.კ ........; 3. ოზურგეთის რაიონი, სოფელი ......, ს.კ ......; 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს.კ .......; 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს.კ ....... ¼ წილის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვ.შ–ს (პ.ნ .......) აეკრძალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში: 1. შპს „ი.ს–ო“ (ს/კ .....) 2. შპს „შ.ჯ–ი“ (ს/კ .....); 3. შპს „შ.გ–ი“ (ს/კ ........) 100 პროცენტიანი წილების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

6.1 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თ.ხ–ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ვ.შ–ი ეცდებოდა მის სახელზე რიცხული ქონების გასხვისებას. აღნიშნულს კი ადასტურებდა, ვ.ვ–ის მიერ განქორწინების შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანამდე რამდენიმე დღით ადრე უძრავი ქონების დიდი ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დედაზე - ნ.ვ–ზე გადაფორმების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძველი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ვ.შ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7.1. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რადგან მოპასუხეს არცერთ ეტაპზე უარი არ უთქვამს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის ფასის შესაბამისი. მოცემულ შემთხვევაში კი, არანაირი შეფასება იმ ქონებებისა, რაზეც სასამართლომ გაავრცელა აკრძალვა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ხოლო, სასამართლომ არ შეაფასა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გაუმართლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მთელ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებზე, ვინაიდან, უზრუნველყოფის საგნის ღირებულება ბევრად აღემატება დავის საგნის ღირებულებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის განჩინებით ვ.შ–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა ხდება მყისიერად, დროის საკმაოდ შეზღუდულ მონაკვეთში, მოპასუხის პოზიციის გათვალისწინების გარეშე. ასეთ პირობებში, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. პალატის მოსაზრებით, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ობიექტურად შესაძლებელი იყო ქონებების საბაზრო ღირებულების დადგენის გზით. თუმცა, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება არ არის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო შუამდგომლობის განხილვისას მოქმედებს ვარაუდის ფარგლებში. სასამართლოს ვარაუდი სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ, უნდა ემყარებოდეს არა მტკიცებულებათა კვლევას, არამედ შემოწმებას, რამდენად აქვს მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ვ.შ–ი ვერ უზრუნველყოფდა ალიმენტის თანხის სისტემატურ ჩარიცხვას, არის ემიგრანტი და არ არის დასაქმებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სარჩელის მიზნებთან შეუსაბამობა და ის გარემოება, რომ სხვაგვარად შეიძლება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1971 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.

11. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები (თანაზომიერების პრინციპი), მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015 წ.).

19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26 ივნისი, 2017; №ას-538-2022, 16 ივნისი, 2022 წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ არ ვლინდება ის გარემოებები, რომელთა გამოც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არ იკევეთება ის გარემოებებიც, რომლებიც დაასაბუთებდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საზოგადოებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას.

21. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოპასუხე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ეცდებოდა მის სახელზე რიცხული ქონების გასხვისებას. აღნიშნულს კი ადასტურებდა, ვ.შ–ის მიერ განქორწინების შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანამდე რამდენიმე დღით ადრე უძრავი ქონების დიდი ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დედაზე - ნ.ვ–ზე გადაფორმების ფაქტი.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ხ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.შ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ანა შათირიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2022 წლის 28 დეკემბრიდან - 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით - 275 ლარის ოდენობით, 2023 წლის 01 მაისიდან - 400 ლარი, ხოლო 2024 წლის 01 იანვრიდან - 550 ლარი ბავშვის სრულწლოვანებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე: ს.კ .......; ს.კ .......; ს.კ ..........; ს.კ .........; ს.კ ........... ასევე, ვ.შ–ის აქტივებზე შემდეგ სამეწარმეო საზოგადოებებში: შპს „ი.ს–ო“ (..........); შპს „შ.ჯ–ი“ (........); შპს „შ.გ–ი“ (.........).

23. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაზე წარდგენილი სარჩელი არის მიკუთვნებითი, რაც ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს თანხის გადახდა. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში კი, თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს არ იარსებებს ქონება, საიდანაც შეიძლება მოხდეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ვ.შ–ის საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მთელ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებზე გაუმართლებელია და არ შეესაბამება მხარეების ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპს. სარჩელის საგანთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერი იქნება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფ. კარდენახი, „სატრაქტორო პარკის გვერდზე“ ს/კ .......

25. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ვ.შ–ის უნდა აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფ. ........, „სატრაქტორო პარკის გვერდზე“ ს/კ ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება შეუსაბამოდ არ შეზღუდავს მესაკუთრის (საჩივრის ავტორის) უფლებებს, ხოლო სარჩელის საგანთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია, სავსებით უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიებების მიზანს და საჭირო აღარ არის სხვა უძრავ ქონებებსა და სამეწარმეო საზოგადოებებში არსებულ აქტივებზე აკრძალვის გამოყენება. შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

26. საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების საშიშროება, საფუძვლად ვერ დაედება უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმებას. მოვალის ამგვარი პოზიცია, მართალია, პატივსაცემია, თუმცა, განმცხადებლის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს უფლებაა და, იმავდროულად, ვალდებულებაც ლეგიტიმურ საფუძველზე და გონივრულ ფარგლებში გამოიყენოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. სუსგ საქმე №ას-450-422-2017, 11 აპრილი, 2017 წელი).

27. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტისა და 08 აპრილის განჩინებები. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვ.შ–ს აეკრძალოს უძრავი ქონების მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფ. ...., „სატრაქტორო პარკის გვერდზე“ ს/კ ..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.შ–ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტისა და 08 აპრილის განჩინებები;

3. თ.ხ–ის განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვ.შ–ს აეკრძალოს უძრავი ქონების მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფ. ......, „სატრაქტორო პარკის გვერდზე“ ს/კ ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. თ.ხ–ის განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლაშა ქოჩიაშვილი