Facebook Twitter

№ას-456-2024

25 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ხ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ.შ–ის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ა.შ–ის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

1.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თვეში 200 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ხ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.შ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ა.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2022 წლის 28 დეკემბრიდან - 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით - 275 ლარის ოდენობით, 2023 წლის 01 მაისიდან - 400 ლარი, ხოლო 2024 წლის 01 იანვრიდან - 550 ლარი ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. თ.ხ–ი და ვ.შ–ი 2021 წლის 13 იანვრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

5.2. თანაცხოვრების პერიოდში თ.ხ–ს და ვ.შ–ს შეეძინათ ერთი შვილი - 2021 წლის 22 ივნისს დაბადებული ა.შ–ი.

5.3. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა, თ.ხ–ი და ვ.შ–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან - თ.ხ–თან ერთად.

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით, დამტკიცდა მორიგება ვ.შ–ს, ნ.ვ–ს, მ.შ–სა და თ.ხ–ს შორის შემდეგი პირობებით:

- შეწყდა თ.ხ–სა და ვ.შ–ს შორის 13.01.2021 წელს რეგისტრირებული ქორწინება N01213000123.

- ვ.შ–ს შვილთან 22.06.2021 წელს დაბადებულ ა.შ–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად სამშაბათსა და ხუთშაბათს 17:00 საათიდან - 17:30 საათამდე სატელეფონო ან ინტერნეტ ქსელით (messenger) კომუნიკაციის უფლება საქართველოში არ ყოფნის პერიოდში.

- მოსარჩელის ვ.შ–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში ვ.შ–ს მიეცა უფლება ა.შ–ი ნახოს ყოველკვირეულად სამშაბათსა და ხუთშაბათს 16:00 საათიდან - 20:00 საათამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილიდან ან საბავშვო ბაღიდან წაყვანის და დაბრუნების უფლება-ვალდებულებით, თ.ხ–ის წინა დღით ინფორმირებით.

- ნ.ვ–ის და მ.შ–თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილთან ა.შ–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრათ, თვეში 2- ჯერ, ყოველ მეორე და მეოთხე კვირის ოთხშაბათს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე წაყვანის, გასეირნების და საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება-ვალდებულების, თ.ხ–ის წინა დღით ინფორმირებით.

- ვ.შ–ი აძლევს თანხმობას თ.ხ–ს ა.შ–ი გაიყვანოს ქვეყნის გარეთ დასასვენებლად წელიწადში არაუმეტეს ერთი თვისა, ამ შემთხვევაში დედა იღებს ვალდებულებას წინასწარ 10 დღით ადრე აცნობოს მამას იმ ქვეყნის შესახებ, სადაც გეგმავს ბავშვის გაყვანას და უზრუნველყოს ამ მორიგებით გათვალისწინებული კომუნიკაციის უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა მამისთვის.

- დედა გამოხატავს თანხმობას ბავშვის 5 წლის ასაკიდან ა.შ–ის სურვილის შემთხვევაში მისცეს არასრულწლოვნის მამას თანხმობა გაიყვანოს ა.შ–ი საზღვარგარეთ დასასვენებლად წელიწადში არაუმეტეს 1 თვისა. ამ შემთხვევაში მამა ვალდებულია მინიმუმ 10 დღით ადრე აცნობოს დედას დეტალები იმ ქვეყნის შესახებ, სადაც აპირებს ბავშვის გაყვანას. ამ პერიოდში მამა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ყოველკვირეულად კვირაში ორჯერ ა.შ–ის დედასთან თ.ხ–თან სატელეფონო კომუნიკაცია.

- მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, საქმე 2/32354-22 დავის საგანი (ძირითადი სარჩელით): ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მოსარჩელეები - ვ.შ–ი, ნ.ვ–ი, მ.შ–ი, მოპასუხე - თ.ხ–ი საქმის წარმოება შეწყდა.

5.5. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ა.შ–ს 19/07/2021წელს და 02/09/2021 წლის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზი იყო Q35.9 სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი. 21/12/2021 - პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი აცეტაბულური ინდექსი, 32 და 29 გრადუსი, საჭიროებდა აბდუქციური კორსეტის ტარებას 2 თვის განმავლობაში.

- ა.შ–ის სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკის საავადმყოფოში

ჩატარდა ოპერაცია, ოპერაციის/მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 6200 ევრო.

- ბავშვის მკურნალობისათვის და მედიკამენტებისათვის ჯამურად გაღებულია ასეულობით ლარის ოდენობით თანხები, მედიკამენტების შესყიდვა ფიქსირდება თ.ხ–ის და ვ.შ–ის მხრიდან.

5.6. არასრულწლოვან ა.შ–ს ჰყავს ძიძა, ძიძის მომსახურების საფასური თვეში შეადგენს 650 ლარს, თანხის დიდ ნაწილს იხდის მოსარჩელე. ასევე ფიქსირდება პერიოდულობით ვ.შ–ის მხრიდან თ.ხ–ის ანგარიშზე არასტაბილურად თანხების (30-300 ლარამდე) გადარიცხვა.

5.7. დადგენილია, რომ ვ.შ–ი არის შპს „ი. ს–ოს“, შპს „შ.გ–ის“ და შპს „შ.ჯ–ის“ პარტნიორი (100% წილის მესაკუთრე) და ამავე საზოგადოებების დირექტორი. ვ.შ–ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონებები: მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 500 კვ.მ. – 25%; მიწის ნაკვეთი გურჯაანის რაიონში -1826 კვ.მ. – 100%; მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში -1640 კვ.მ. – 100%; მიწის ნაკვეთი ტყიბულის რაიონში - 805 კვ.მ. - 100%; მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 3001 კვ.მ. – 100%. ვ.შ–ს უფიქსირდება დამატებითი შემოსავლის სახით გრანტის 29 799 ლარის მიღება (2022 წლის 26 აპრილის მდგომარეობით).

5.8. თ.ხ–ის საკუთრებაში ირიცხება თბილისში - 49.3 კვ.მ ფართის ბინა. თ.ხ–ს დამატებითი შემოსავლის სახით უფიქსირდება: ჰონორარი ონლაინ კურსის ტუტორობისთვის - 2200 ევრო, ჰონორარი სასწავლო მასალის შემუშავებისთვის - 5600 ევრო, ჰონორარი ონლაინ კურსის ტუტორობისთვის - 1500 ევრო, გასავალის სახით უფიქსირდება - 24675.97 ლარი, იპოთეკური სესხის გადასახადი.

5.9. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (26.01.2023 წლის) მონაცემებით, ვ.შ–ს 2022 წლის 01 იანვრიდან არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. ვ.შ–ს მიღებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი, 2022 წლის სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში, მიღებული აქვს შემოსავალი 11533.3 ლარი.

5.10. თ.ხ–ს სს „თ. ბ–ში“ უფიქსირდება სესხი - 83500 ლარის ოდენობით (საკუთრებაში არსებული ბინის შესაძენად, რომელიც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა), მთლიანი გადასახდელი თანხა შეადგენს - 119162.22 ლარს, ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 1200 ლარს.

5.11. ვ.შ–ი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი განმარტებით ის არ მუშაობს და შესაბამისად, არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.12. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. პალატამ მიიჩნია, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად უნდა განაწილდეს.

5.13. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც მისი პრეტენზიის გაზიარებას განაპირობებდა და ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა 200 ლარით განისაზღვრებოდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ.შ–ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის თანხა სამართლიან და გონივრულ ოდენობად იქნა მიჩნეული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 200 ლარით განსაზღვრა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, ვ.შ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 8. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო როგორც მშობლების, ისე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობა, თუმცა, არ გაითვალისწინა ვ.შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არასწორად შეაფასა მოპასუხე მხარის უმუშევრობის ფაქტი, დროებითად. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ სავალდებულო არ არის ალიმენტი სრული მოცულობით იყოს ფულადი თანხა, მითუმეტეს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე მხარის მონაწილეობა შვილის რჩენაში სხვადასხვა ფორმით. ვ.შ–ი ასევე აღნიშნავს, რომ ა.შ–ის დადის საბავშვო ბაღში და მისთვის ძიძის ყოლის საჭიროება აღარ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.

14. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

17. საკასაციო სასამართლოს, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა, დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამ თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეეძლო სასამართლოსთვის წარედგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისთვის ნაკლები ოდენობის ალიმენტის დაკისრების აუცილებლობაში. ასეთი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

18. პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა მოსარჩელისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

19. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი (მცირეწლოვანი არის 3 წლის), ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯიც. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის კმაყოფაზე არასრულწლოვნის გარდა სხვა პირის არსებობა. მართალია, კასატორი მიუთითებს, რომ არის უმუშევარი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების გაზიარების პირობებშიც არ არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, ვინაიდან, ერთი მხრივ, საქმის მასალებით კასატორის შრომისუუნარობა არ დასტურდება, ხოლო მეორე მხრივ, ვ.შ–ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, სსიპ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან 2022 წლის 08 დეკემბრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს „მ.გ–ის“, შპს „ი. ს–ოს“ და შპს „შ.ჯ–ის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ვ.შ–ი. საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის N21-11/7045 ცნობა, რომ ვ.შ–ს მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. მართალია მოპასუხე აპელირებდა, რომ მეღვინეობის საწარმო არ წარმოადგენს მხოლოდ ვ.შ–ის საკუთრებას, ის დაფუძნებულია ოჯახის მიერ და შემოსული მოგება ხმარდება თავად საწარმოს გაფართოებას და ფუნქციონირებას. ასევე მიუთითებდა, რომ კოვიდ 19-ის გამო ახალ რეჟიმზე გადაერთო გამომცემლობა „იურიდიული სამყარო“ და შემცირდა ბეჭდური პროდუქციის მოთხოვნილება, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს, ვინაიდან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან (მათ შორის, საწარმოდან მიღებული შემოსავლით, საწარმოს გაფართოება) შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ.: ას-341-2022, 14.06.2022 წ.), რომლის თანახმად, როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით .

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები და მის აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ვ.შ–ს (…….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N6352, გადახდის თარიღი 14.06.2024) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლაშა ქოჩიაშვილი