№ას-763-2024
10 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდეგში: - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 3415.50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 3-18).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა 2022 წლის 04 მაისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 0.02%-მდე, რაც შეადგენს 455.40 ლარის ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 455.40 ლარის ოდენობით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს „ბს“ შორის 2021 წლის 30 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-129 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ 2021 წლის 29 მაისის ჩათვლით მიეწოდებინა საწვიმარი ლაბადა CPV182. N15/3-129 ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 69000 ლარით.
5.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა დანართ N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.
5.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-129 ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილია, რომ გამყიდველს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის უნდა მიეწოდებინა: საწვიმარი ლაბადა (პონჩო) 2500 ცალი, ერთეულის ღირებულება 27.6 ლარი, საერთო ღირებულება 69000 ლარი, მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, მიწოდების ადგილი-ქ. თბილისი, ..........
5.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2021 წლის 08 ივლისის წერილიდან ირკვევა, რომ შპს „ბ–ს“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის უნდა მიეწოდებინა საწვიმარი ლაბადა დანართი N1-ის გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ: საწვიმარი ლაბადა - მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს 2021 წლის 29 მაისის ჩათვლით, მიეწოდა 33 კალენდარული დღის დაგვიანებით, 2021 წლის 01 ივლისს. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 33 კალენდარული დღით გადაცილებისთვის შპს „ბს“ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 69000 ლარის, 0.15%-ის ოდენობით (357 200 X 0.15% X 33), რაც თანხობრივად შეადგენს 3415.50 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, მიმწოდებელმა ვადის გადაცილების მიუხედავად მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, პირველი ინსტანციის მიერ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებული ოდენობა (455.40 ლარი), შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს იძლეოდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო (455.40 ლარი) იყო გონივრული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.
8.2. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. ხელშეკრულების მხარე არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არსებობდა ვალდებულების დროულად შესრულების მაღალი საჯარო ინტერესი. მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს 455.40 ლარამდე შემცირებით კი შეთანხმებული პირგასამტეხლო კარგავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული სანქციის ბუნებას. პირგასამტეხლოს ასეთი დიდი ოდენობით შემცირება თავისთავად ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ძირითად პრინციპს და მისი არსებობის მიზანს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულების საგანი), ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.
14. უდავოა, რომ 2021 წლის 30 მარტს, მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-129 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის (საწვიმარი ლაბადა CPV182) მიწოდება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 69000 ლარით. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2021 წლის 08 ივლისის MIA 9 21 01777559 წერილით მითითებული ვადადარღვეული დღეების რაოდენობა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 30 მარტის ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. შპს „ბ–მა“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მიწოდების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე), კერძოდ მიწოდება სრულად განხორციელდა 2021 წლის 01 ივლისს, 33 დღის დაგვიანებით. მხარეებს შორის სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
17. სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
19. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: ას-1499-2022, 24.01.2023წ; ას-1576-2022, 16.03.2023წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
20. გამომდინარე იქიდან, რომ მოვალეს გააჩნია პროცესუალური ვალდებულება, კვალიფიციური შესაგებლით დაასაბუთოს, თუ რატომ არის მთხოვნილი პირგასატმეხლო შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ.
21. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითებდა მხოლოდ იმას, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. გონივრულ ოდენობად მოპასუხეს 0.02% მიაჩნია.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
23. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
24. მოცემულ შემთხვევაშიც, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას (მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე) და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მითითება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ტანსაცმლის (საწვიმარი ლაბადა) მიწოდება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების 10.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. საკასაციო პალატა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას, ვინაიდან, მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15%, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 3415.50 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ის არის ვალდებულების დარღვევის პროპორციული ოდენობის. პალატა, დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობას (3415.50 ლარი), ასევე აფასებს ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ ის ამ თვალსაზრისითაც არ არსებობს მისი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისა და შემცირების საფუძველი.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს მხარეთა მიერ 2021 წლის 30 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, ვადაგადაცილებულ დღეებზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3415.50 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3415.50 ლარის გადახდა.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
28. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 268.34 (43.34+75+150) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ბ-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 3415.50 ლარის გადახდა;
5. შპს „ბ-ს“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 268.34 (43.34+75+150) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე