ას-1105-2024
14 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე, ბ.მ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–ძემ (შემდეგში: მოსარჩელემ) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი.მ–ის (შემდეგში: მოპასუხ, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, არასრულწლოვანი შვილის, ბ.მ–ის სასარგებლოდ, 2023 წლის 01 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ა–ძის სარჩელი ი.მ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.მ–ს არასრულწლოვანი შვილის 2006 წლის 08 ოქტომბერს დაბადებული ბ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით ი.მ–ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
4.1. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი და მისი წარმომადგენლები. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 16 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 01 აპრილს (30 მარტი იყო უქმე დღე). საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2024 წლის 04 ივლისს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
4.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევა განაპირობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ მიუთითებს, რომ ცხოვრობს რაჭაში და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა და გადაწყვეტილების ჩაბარება, ხოლო მისი წარმომადგენლები საქმეში ჩართული იყვნენ ორდერის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებდნენ სააპელაციო საჩივრით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ი.მ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დაგვიანებით გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ: ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა და გადაწყვეტილების ჩაბარება, ხოლო მისი წარმომადგენლები საქმეში ჩართული იყვნენ ორდერის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებდნენ სააპელაციო საჩივრით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ ჩათვლას.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. ზემოაღნიშნული ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 16 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 01 აპრილს (30 მარტი იყო უქმე დღე). ი.მ–ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2024 წლის 04 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის შემდეგ), რასაც კერძო საჩივრის ავტორი ასევე არ ხდის სადავოდ. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) არ გამოიყენება, რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სუსგ Nას-875-2019, 19.07.2019წ.; სუსგ№ას-1014-2018, 24.12.2018წ.). სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (შდრ. სუსგ Nას-221-208-2015, 29.05.2015; სუსგ Nას-1941-2018, 29.03.2019წ.). გასაჩივრების ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია ასევე სსსკ-ის 2591 მუხლის მიხედვით. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; იხ.: სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
15. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე