საქმე №ას-1198-2022
28 აპრილი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი სარჩოს დაკისრება, სარჩოს ოდენობის გაზრდა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
ი.მ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე სს „ს.რ–ის“ მიმართ და მოითხოვა:
1.1 მოპასუხე სს ,,ს.რ–ას“, მოსარჩელე ი.მ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 01 ნოემბრიდან, ყოველთვიური სარჩოს დაკისრება 710.50 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
1.2 მოპასუხე სს ,,ს.რ–ას“ მოსარჩელე ი.მ–ის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს სახით, ერთობლივად, 1473.50 ლარის დაკისრება საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 მოსარჩელე ი.მ–ი მუშაობდა მოპასუხე საწარმოში ზეინკლად და 1990 წლის 03 იანვარს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შრომითი დასახიჩრების გამო მოსარჩელეს პროფესიული შრომის უნარი უვადოდ აქვს დაკარგული 70%-ით.
2.2 მოსარჩელეს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული სარჩო გადაუანგარიშდა, დასახიჩრებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასის გათვალისწინებით.
2.3 მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხე საწარმოში 2019 წლის დეკემბრიდან ზეინკლის ხელფასი გახდა 825 ლარი, ხოლო 2021 წლის სექტემბრის თვიდან, ზეინკლის ხელფასმა კიდევ მოიმატა და შეადგინა 1015 ლარი. 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით არის 21 თვე. დროის ამ მონაკვეთში ზეინკლის ხელფასი იყო 825 ლარი, რომლის 70%, რაც მოსარჩელეს დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი, შეადგენს 577.50 ლარს, ხოლო ნაცვლად ამ თანხისა მოსარჩელე სარჩოს სახით იღებდა 525 ლარს და შესაბამისად მან ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 52.50 ლარი (577.50 ლარს - 525 ლარი = 52.50 ლარს), რაც გამრავლებული 21 თვეზე უდრის 1102.50 ლარს. 2021 წლის სექტემბრიდან დღემდე, მოქმედი ზეინკლის ხელფასი გაზრდის შედეგად შეადგენს 1015 ლარს, რომლის 70% არის 710.50 ლარი, ხოლო ნაცვლად ამ თანხისა მოსარჩელე სარჩოს სახით იღებს 525 ლარს და შესაბამისად მან ვერ მიიღო სარჩოს ორი თვის სხვაობა, სარჩელის აღძვრამდე 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში 185.50 ლარი (710.50 ლარს - 525 ლარი =185.50 ლარს) ეს თანხა გამრავლებული ორ თვეზე შეადგენს 371 ლარს. 2021 წლის 1 ნოემბრიდან, ანუ სარჩელის აღძვრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს 710.50 ლარის გადახდა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არა პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს. იგი უშუალოდ ეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ადგენს კომპენსაციის, პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება დაუშვებელია.
3.2 მოპასუხის აღნიშვნით, სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღნიშნული მუხლის თანახმად, მიუღებელ შემოსავალზე მოთხოვნა ნამდვილია მაშინ, როდესაც მას წინ უსწრებს ნამდვილი უფლება ამ შემოსავლის მიღებაზე, ანუ როდესაც დარღვეულია მოთხოვნის მფლობელის უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. პირზე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. მოპასუხეს მოსარჩელის უფლება სარჩოს მიღებასთან დაკავშირებით არ დაურღვევია და ვალდებულებას ასრულებს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ი.მ–ის სარჩელი სს ,,ს.რ–ის“ მიმართ მიუღებელი სარჩოს დაკისრებისა და სარჩოს ოდენობის გაზრდის შესახებ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილს სამოქალაქო საქმეზე №2/1391-13 გადაწყვეტილებით დადგენილი, ყოველთვიურად გადასახდელი სარჩო - 525 ლარი, გაიზარდა 185.50 ლარით და მოპასუხე სს ,,ს.რ–ას“ დაეკისრა მოსარჩელე ი.მ–ის სასარგებლოდ, 2021 წლის 01 ნოემბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 710.50 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; სს ,,ს.რ–ას“ მოსარჩელე ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის 01 ნოემბრამდე მიუღებელი სარჩოს დანაკლისი 1473.50 (ათას ოთხას სამოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
4.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
5.3 სააპელაციო პალატამ მოიხმო სსკ-ის 408.1-ე მუხლი, რომლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
5.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს შესაბამის პასუხისმგებელ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე. წინამდებარე შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის – დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408.2-ე მუხლიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადაანგარიშების წინაპირობები, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5.5 სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არა საწარმოო ტრავმა, ივარაუდება, რომ მოსარჩელეს კვლავ ექნებოდა შესაძლებლობა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში ემუშავა ანალოგიურ პოზიციაზე და შესაბამისად, მიეღო გაზრდილი ხელფასი. უფლების თეორიული რესტიტუცია კი დაკავშირებულია სწორედ პირის მიერ სარჩოს სახით იმ შემოსავლის მიღებასთან - რასაც საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში მიიღებდა იგი შრომის ანაზღაურების შესაბამისად. საწარმოო ტრავმის მიღების გამო სამუშაოს შესრულების ფიზიკური შესაძლებლობის დაკარგვა, უშვებს იმის პრეზუმფციას, რომ ამ გარემოების არარსებობის პირობებში, მუშაკი იქნებოდა აქტიურად შრომისუნარიანი და მიიღებდა გაზრდილი ოდენობით შრომის ანაზღაურებას.
5.6 პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც, პრეზუმირებულია, რომ პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, პროფესიული დაავადების არ არსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე- 2 ნაწილი და 992-ე მუხლი. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 411-ე მუხლი.
6.3 კასატორმა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არავითარ შემთხვევაში პირველი ნაწილი. 408-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.“ ს.რ–ა კი უხდის სარჩოს ი.მ–ს.
6.5 იმ შემთხვევაში, როდესაც, ზიანის მიმყენებელი, როგორც ბრალეული მხარე, ვალდებულია იხადოს სარჩო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი სპეციფიკურად რეგულირდება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამასთან, მისი აღდგენა მხარეს სრულად მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს და ზიანის სრული ანაზღაურება მხოლოდ მაშინ არის განხორციელებადი, როდესაც სახეზეა აშკარად დაკარგული აქტივი ფაქტობრივად დამდგარი თუ მიუღებელი შემოსავლის სახით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტად აქტივი, რომელსაც მხარე აუცილებლად მიიღებდა სრულად იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის მოითხოვს, რადგან, აღნიშნული დამტკიცებას საჭიროებს. მოწინააღმდეგე მხარე კი ვერ ადასტურებს მის რეალურად არსებობას. უამრავ ფაქტორს შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა იმ გარემოების არსებობა-არარსებობაზე, რომლის პირობებშიც მოსარჩელე ან მიიღებდა, ან ვერ მიიღებდა იმ აქტივს, რასაც ითხოვს, როგორც მიუღებელ შემოსავალს.
6.6 კასატორმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა სარჩოს გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა დანიშნული სარჩოს ხელფასის ცვლილების მიხედვით გადაანგარიშებაც.
6.7 კასატორმა განმარტა, რომ ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ განჩინების 25-ე პუნქტში მითითებულ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიჩნევის ფაქტს. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, მიუღებელ შემოსავალზე მოთხოვნა ნამდვილია მაშინ, როდესაც მას წინ უსწრებს ნამდვილი უფლება ამ შემოსავლის მიღებაზე, როდესაც დარღვეულია მოთხოვნის მფლობელის უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ანუ პირზე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ს.რ–ას მოსარჩელის უფლება სარჩოს მიღებასთან დაკავშირებით არ დაურღვევია და ვალდებულებას დღემდე კეთილსინდისიერად ასრულებს. განსხვავებით სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან, როდესაც მხარეს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა, ეს მოლოდინი დასაქმებულს ვერანაირად ექნება შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის დროს, რამდენადაც მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა ჩამონათვალს შეიცავს და შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად იმუშავებდა ს.რ–აში კონკრეტულად ზეინკლის თანამდებობაზე საპენსიო ასაკამდე (თუნდაც მას ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა) და მიიღებდა მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას. ყოველივე მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა არ იქმნება და სასამართლოს მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მისი მითითება უადგილოა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ი.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მართლზომიერება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
16. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
17. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
18. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
19. მოსარჩელე, დაბადებულია 1965 წლის 18 სექტემბერს. იგი მუშაობდა სს ,,ს.რ–ის“ ზეინკლის თანამდებობაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაეკარგა პროფესიული შრომის უნარი 70%-ით უვადოდ.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №2/1391-13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 1.2 პუნქტების საფუძველზე, მოპასუხე სს ,,ს.რ–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2013 წლის 01 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს 525 ლარისა და მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 298.06 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
21. სს ,,ს.რ–ის“ ზეინკლის ხელფასი 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა 825 ლარს, ხოლო 2021 წლის 01 სექტემბრიდან დღემდე მოქმედი ზეინკლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1015 ლარს.
22. ი.მ–ი შრომითი დასახიჩრების გამო 2019 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე ყოველთვიური სარჩოს სახით იღებს 525 ლარს.
23. 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შესაბამისი მუშაკის ხელფასის 825 ლარის 70%-ის გათვალისწინებით, სარჩოს ოდენობა არის 577.50 ლარი. დროის ამ მონაკვეთში, 21 თვის განმავლობაში, მოსარჩელის მიერ მიღებულ თანხასა და მისაღებ ოდენობას შორის სხვაობა შეადგენს 577.50- 525=52.50*21, ჯამში 1102.50 ლარს.
24. 2021 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე შესაბამისი მუშაკის ხელფასის 1015 ლარის 70%-ის გათვალისწინებით, სარჩოს ოდენობა არის 710.50 ლარი. დროის ამ მონაკვეთში, სექტემბერი-ოქტომბრის თვის განმავლობაში, მოსარჩელის მიერ მიღებულ თანხასა და მისაღებ ოდენობას შორის სხვაობა შეადგენს 1015-525=185.50*2, ჯამში 371 ლარს.
25. აღნიშნული სხვაობა სს ,,ს.რ–ას“ მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.
26. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია - საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება ზემოთ აღნიშნული წესი, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
29. სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 408-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ).
31. საკასაციო სასამართლო, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 411-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა საწარმო ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
32. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს. (იხ.სუსგ-ები:Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ.).
34. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე 1965 წლის 18 სექტემბერს დაბადებული პირია, რომელსაც სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას, საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც, პრეზუმირებულია, რომ პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, პროფესიული დაავადების არარსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-1220-1145-2015, 03.06.2016წ.). ამდენად, სახეზეა 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდის მიუღებელი სარჩოს დანაკლისის 1473.50 ლარის, ასევე 2021 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 710.50 ლარის დაკისრების საფუძველი.
36. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
39. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სს „ს.რ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 10 აგვისტოს, N228 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე