ბს-1042-1005(2კ-08) 27 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 27 ნოემბერს ჯ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსახურობდა ¹......... სამხედრო ნაწილში, ხოლო 2004 წელს დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა შემდეგი დავალიანება: ხელფასი _ 373,68 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 213,10 ლარი, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 70,82 ლარი, კვების კომპენსაცია _ 692,39 ლარი, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა _ 1008,24 ლარი, სულ კი დავალიანების თანხამ შეადგინა 2358,23 ლარი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ხსენებული სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. სასარჩელო განცხადებაზე დართული მტკიცებულებები ცხადყოფდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღიარებული ჰქონდა ხელფასის სახით 1998-2000 წლებში გასაცემი 1949,99 ლარისა და 2001-2003 წლებში _ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1008,24 ლარის დავალიანებების არსებობა, მაგრამ ამ დავალიანებების ანაზღაურებისათვის საჭირო ღონისძიებების მისივე მხრიდან განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს მიადგა არსებითი ზიანი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეადგენდა 3500 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ დავალიანების თანხის _ 2358,23 ლარის, დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის _ 3500 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საქმეში წარმოდგენილი ცნობის (ს.ფ. 4) მიხედვით, ჯ. ხ-ი მსახურობდა ¹........ სამხედრო ნაწილში და მის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენდა: ხელფასი _ 373,68 ლარს, კვარტალური ფულადი ჯოლდო _ 213,10 ლარს, ერთდროული მატერიალური დახმარება _ 70,82 ლარს და კვების კომპენსაცია _ 692,39 ლარს, სულ კი დავალიანების თანხამ შეადგინა 1349,99 ლარი. მოპასუხისადმი ჯ. ხ-ის განცხადების (ს.ფ. 6) თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა ხელფასის _ 373,68 ლარის, კვარტალური ფულადი ჯილდოს _ 213,10 ლარის, ერთდროული მატერიალური დახმარების _ 70,82 ლარის, კვების კომპენსაციის _ 692,39 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1008,24 ლარის, სულ _ 2358,23 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის ხსენებული განცხადების საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 24 ოქტომბრის ¹9/3399 წერილის მიხედვით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში 3500 ლარის ნაცვლად, მოითხოვა 4700 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ჯ. ხ-ის სასარგებლოდ 1278,01 ლარის ანაზღაურება; ჯ. ხ-ის სარჩელი ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლებზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ ჯ. ხ-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო ნაწილობრივ და მას უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ არსებული დავალიანება 1278,01 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სანივთე ქონების კომპენსაციის სახით დავალიანება არ ერიცხებოდა, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის, ისევე, როგორც ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 და 23 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 და 23 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 ნოემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.