საქმე№ას-792-2024 25 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სს „ტ–მა“ მოითხოვა ლ.ჯ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ქალაქი დედოფლისწყარო, ......., საკადასტრო კოდი №....... და ქალაქი დედოფლისწყარო, ქუჩა ........., საკადასტრო კოდი №..........) გამოთხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. მას არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება, მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასაცემად.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს განჩინება
4.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
5.1. მოპასუხემ, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველ ინსტანციაში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტ.1. ს.ფ. 27);
6.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 2022 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დასტური (საფოსტო უკუგზავნილები), რომლითაც დგინდება, რომ გზავნილი მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ, სარჩელში მითითებულ მისამართზე: დედოფლისწყარო, ......, თუმცა ადრესატის მეუღლემ - ნ.ქ–მა ორჯერ - 2022 წლის 16 ივნისსა და 21 ივნისს უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე (ტ.1. ს.ფ. 30-35);
6.4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო საჩივარშიც მოპასუხე თავის მისამართად უთითებდა დედოფლისწყარო, ........ (ტ.1. ს.ფ. 41; 83), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა საცხოვრებელი მისამართია დედოფლისწყარო, ........
6.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სარჩელი თანდართული დოკუმენტებით და სასამართლო გზავნილი, რომელშიც შესაგებლის წარდგენის ვადა და წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები იყო განმარტებული მოპასუხეებს 2022 წლის 21 ივნისს ჩაბარდა.
6.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მტკიცება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესის დარღვევა და მეუღლის მიერ მისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა იყო, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამებოდა, სსკ-ის 73-ე-75-ე მუხლების მოთხოვნებს.
6.7. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში, სარჩელი დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ უდავო იყო უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ორივე უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრება იყო, მოპასუხე კი უკანონოდ ფლობდა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მესაკუთრის სარჩელი უკანონო მფლობელის მიმართ.
7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
7.1. მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში, ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
7.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სარჩელისა და თანდართული მასალების მისამართზე მიტანისას ადგილზე არ იმყოფებოდა, ასევე, მეუღლეს არ უცნობებია გზავნილის ჩაბარებაზე ორჯერ უარის თქმის შესახებ.
7.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების არასწორი განმარტების შედეგად, დარღვევით ჩათვალა საპროცესო დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად და შესაბამისად უკანონოდ არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7.4. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად ჩათვალა იურიდიულად გამართლებულად, ვინაიდან, სადავო ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. კასატორის განმარტებით, ამავე მოტივაციით, აუცილებლად წარადგენდა შესაგებელს, იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი წესით იქნებოდა ინფორმირებული.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა როგორც იმავე ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი შეფასება. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობების მართებულობას და შესაბამისობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან, ხოლო, შემდეგ შეაფასებს სარჩელის მოთხოვნის მართებულობასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში მისი დაკმაყოფილების თაობაზე.
13. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-598-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი; №ას-362-2023 17 მაისი, 2023 წელი; №ას-274-2021 07 ივლისი, 2021 წელი; №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017).
14. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ-ები №ას-483-2023 18.10.2023წ.; №ას-1412-2022 29.11.2023წ.; №ას-699-2023 25.04.2024წ.; ას-11-2024, 31.07.2024წ.; Nას-598-2024 27.09.2024წ.).
15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ-ები №ას-1001-2023 18.12.2023წ.; №ას-1508-2023 31.01.2024წ.; №ას-1478-2023 13.02.2024წ. Nას-598-2024 27.09.2024წ.).
16. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით განმარტავს, რომ კასატორის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ორი საფუძვლით - სახლში არ იმყოფებოდა რის გამოც კურიერს თავად ვერ დახვდა, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მეუღლემ ორჯერ არ ჩაიბარა სასამართლო გზავნილი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. იმავე კოდექსის 75-ე მუხლი ადგენს უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
18. საკასაციო სასამართლო წინა პუნქტში დასახელებული ნორმების მოხმობით განმარტავს, რომ როდესაც ადრესატი მისამართზე არ იმყოფება, სასამართლო გზავნილი ჩაბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის ქმედუნარიან წევრს. თუ ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, მასთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრი გზავნილის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, სარჩელი ადრესატზე ჩაბარებულად ჩაითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი ადრესატს მეორედ გაეგზავნა. ასეთი უარის მიუხედავად, გზავნილი პირველივე შემთხვევაში, ადრესატზე ჩაბარებულად ჩაითვლება, გზავნილის მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე გაგზავნისას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარი ორჯერ განაცხადა მოპასუხის მეუღლემ (ადრესატის მისამართზე მცხოვრებმა, ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა), რაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გზავნილის ადრესატზე ჩაბარებად ჩათვლის საფუძველია.
19. შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი მხარის პრეტენზია უნდა ეფუძნებოდეს იმ გარემოებების მტკიცებას, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები (სსსკ-ს 233-ე მუხლის საფუძვლები) ან სახეზე იყო შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (აღნიშნული უნდა დადასტურდეს სსსკ-ს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში). აღნიშნულზე მხარემ უნდა მიუთითოს და შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინოს. განსახილველ შემთხვევაში, მხარე არ უარყოფს, იმ გარემოებებს, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერება ეჭვქვეშ დამდგარიყო, კერძოდ, კასატორი საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ უარყოფდა, რომ ის და მისი მეუღლე იმ მისამართზე ცხოვრობენ, რომელზეც სასამართლო გზავნილი გაიგზავნა (აღსანიშნავია, რომ მხარე დასახელებულ გარემოებას არ უარყოფს, რაც დამატებით არწმუნებს სასამართლოს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ასევე იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას), მეუღლე ქმედუნარიანი იყო და ორჯერ განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარი.
20. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ სახეზე არაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი საფუძვლები (იხ. სსკ-ის 233-ე მუხლი), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა. მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სარჩელზე შესაგებლის წარდგენის საპატიო მიზეზით შეუძლებლობაში დაარწმუნებდა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).
23. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 21-ე და 22-ე პუნქტებში მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მიღება. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მოპასუხე ვერ ადასტურებს სადავო ქონების მართლზომიერ ფლობას, რაც მესაკუთრის უფლებას შებოჭავდა. ეს გარემოებები უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა შესაგებლის წარუდგენლობის გამო. უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები კი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლების შესაბამისად). ამდენად, სახეზეა, ყველა წინაპირობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი.
2. ლ.ჯ–ს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №37766750, გადახდის თარიღი 29/01/2024 და საგადახდო დავალება 44791326, თარიღი 22/07/2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე