Facebook Twitter

საქმეNას-869-2024 25 ნოემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.გ.ი.მ.ი.ფ. ს.თ–ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ.გ.ი.მ.ი.ფ. ს.თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი, შპს „ბ.მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 164 602 ლარის გადახდა.

2. მოპასუხემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა საქმის განხილვა გადაიდო 2024 წლის 26 მარტს 11:00 საათზე.

3.3. სასამართლო უწყება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ......... და 2024 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა პირადად.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2024 წლის 26 მარტს, 11:00 საათზე, დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

4. მოპასუხემ, კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებაზე, აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, 2024 წლის 26 მარტს დილიდან ცუდად გრძნობდა თავს, რის გამოც 10:00 საათის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გაიცა ფორმა 100 და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. დასახელებულ გარემოებას ადასტურებს სამედიცინო მომსახურებისთვის გაცემული და წარმოდგენილი საგადახდო დავალება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 229-ე მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად დარჩეს.

10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

11. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 14 ნოემბერს დანიშნული სხდომა, სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო გადაიდო 2023 წლის 19 დეკემბერს (ტ.2,ს.ფ. 44). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, მოითხოვა საქმის განხილვის გადადება (ტ.2,ს.ფ. 51). აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გადაიდო 2024 წლის 20 თებერვალს (ტ.2,ს.ფ.58). 2024 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა სხდომის გადადება (ტ.2,ს.ფ. 63-65). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, საქმის განხილვა გადაიდო 2024 წლის 26 მარტს (ტ.2,ს.ფ. 68).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2024 წლის 26 მარტს, საქმის განხილვისას, სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით დაურეკა აპელანტის წარმომადგენელს, რომელმაც განმარტა, რომ კლინიკაში იმყოფებოდა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ხაზგასმითაა ნახსენები გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო წინა სხდომა, ამასთან, 2024 წლის 26 მარტის სხდომის მიმდინარეობისას, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ უშუამდგომლია.

14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

15. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

16. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული როგორც მხარის ავადმყოფობა, ისე ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1035-2021, 20 იანვარი, 2022 წელი).

18. საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საპირისპიროდ განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და იმავე მხარის მიერ, შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე სხდომის გადადების მოთხოვნა, შესაძლოა ემსახურებოდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას, ხოლო, სასამართლოს არასათანადო რეაგირება (მაგალითად მხარის საპროცესო ვადებით შეზღუდვა, სხვადასხვა შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმა, საჩივრის განუხილველად დატოვება), გაუმართლებლად ლახავდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ 2024 წლის 26 მარტის სხდომის დროს, სასამართლოსთვის ცნობილი გახდა მხარის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, რაც არსებითი გარემოებაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებისთვის. პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებების ერთობლიობის ანალიზი, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2024 წლის 26 მარტს, დილით, მან შეუძლოდ იგრძნო თავი, ასევე კერძო საჩივარზე დართული 2024 წლის 26 მარტს გაცემული ჯანმრთელობის ფორმა 100 (აღნიშნული დოკუმენტის მოკლე ანამნეზის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, დისპეფსიურ მოვლენებს, ტემპერატურის მომატებას, მშრალ ხველას, ყელის ტკივილს, სურდოს. დაენიშნა გარკვეული მედიკამენტები და 5 დღე ბინაზე მკურნალობა) და სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მასზე მითითებული თარიღებით (მომსახურების საფასურის გადახდის თარიღი და დრო - 2024 წლის 26 მარტი, 10:54:17 საათი), ადასტურებს აპელანტის წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

19. პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რაც ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად არ უნდა შეფასდეს. ამგვარი მიდგომა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლითაც: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში მის ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა ეს არ შეიძლება განხორციელდეს სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. ის შეიძლება, მხოლოდ ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმისწარმოების სისწრაფე და ეფექტურობა, ამასთან, ეს ღონისძიება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საზიანოდ (იხ. სუსგ №ას-930-888-2013, 19 ივნისი, 2015 წელი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა - „ბ“ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.მ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება, და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე