საქმე№ას-1027-2024 25 ნოემბერი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ო.ქ–ი, შპს „მ–ო“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე კომპანია) სარჩელი დაკმაყოფილდა, ო.ქ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 12 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9 993.75 ლარის გადახდა, ასევე მოპასუხესა და შპს „მ–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, თავდები, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 26 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 17 864.67 ლარის გადახდა; თავდების - მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 26 000 ლარით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე, მოპასუხეების მიერ წარდგენილი საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სასამართლოში წარედგინათ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
4.2. განჩინებით დადგენილ ვადაში, 2024 წლის 5 ივნისს პალატას განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა დათა აბესლამიძემ, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ 10 დღის ვადაში დადგენილი ხარვეზის შევსება.
4.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაბარდა, რომელსაც განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის მოთხოვნით.
6. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიით გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კონსტიტუციითა და კანონით, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სასამართლოში წარედგინათ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (იხ. ტ.2,ს.ფ. 3-6).
13. ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, 2024 წლის 27 ივნისს ჩაბარდა მოპასუხეთა წარმომადგენელს (ტ.2,ს.ფ. 14). იმავე წლის 5 ივნისს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (ტ.2,ს.ფ. 15).
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს დაევალათ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა ათი დღის ვადაში. დასახელებული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 19 ივნისს (ტ.2,ს.ფ. 21).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული რწმუნებულებებით დასტურდება, რომ ვ.ხ–ი აპელანტების წარმომადგენელია (ტ.1,ს.ფ. 86-87). ასევე, უდავოა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, აპელანტების უფლებამოსილ წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მისამართზე ბარდებოდა საქმის მიმდინარეობისას სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტები (მაგ: იხ. ტ.1,ს.ფ. 100, 118; ტ.2,ს.ფ. 14-15, 21).
16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება, მხარისთვის ჩაბარების ტოლფასია.
17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, სრულიად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, განსაზღვრული 10 დღის ვადაში, რომელიც დაიწყო 2024 წლის 10 ივნისიდან და ამოიწურა 20 ივნისს (ხუთშაბათს - სამუშაო დღეს) მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად;
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს 2024 წლის 19 და 22 ივლისს, აგრეთვე 10 ოქტომბერს აქვთ წარმოდგენილი კერძო საჩივარი. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრები იდენტური შინაარსისაა და არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა საპროცესო დარღვევებით დარჩა მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველი და რა საფუძვლით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორები მხოლოდ ზოგადად უთითებენ, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ასევე, ზოგადად უთითებენ უფლების სასამართლოს წესით დაცვის ნორმაპრინციპზე.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“).
22. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლო ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
23. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
24. დასახელებული ნორმის მიხედვით, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველია, მხარის მიერ წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლის გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია (იხ. წუსგ. №ას-1177-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში.
26. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (საქმე Chatellier v. France). სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
27. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (შდრ: სუსგ №ას-1324-2018, 16 ნოემბერი, 2018; №ას-743-2022, 4 ივლისი, 2022 წელი).
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარის განცხადება სახელმწიფო ბაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადების შესახებ იყო დაუსაბუთებელი და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე წარდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს აპელანტებისთვის არ დაუწესებია სასამართლოს წესით უფლების დაცვისთვის, ისეთი ბარიერი, რომელიც ეწინააღდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა თუ პრინციპებს, ასევე ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ქ–ის და შპს „მ–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე