Facebook Twitter

საქმე№ას-1471-2023 29 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ბ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ვა (მოსარჩელე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. მ.მ–ვამ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა ბ.ნ–ძისთვის მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში წყლის ჩაშვების აკრძალვა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში წყალგაყვანილობის ან/და წყალარინების სისტემის მწყობრში მოყვანა. ასევე მოითხოვა, მოპასუხისთვის ზიანის 3 762 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ბინა გარემონტებულია და წყალი არსად არ ჩადის

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (ს/კ ......, მის. ქ.ახალციხე, ........) წყლის ჩადინება და დაევალა წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემის მწყობრში მოყვანა მი საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში - ს/კ ....... მის ქ.ახალციხე ........., ბინა - 32.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

8.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ახალციხე, ........., ბინა №29, ს/კ ......., 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ა.მ–ის საკუთრებად. მოსარჩელე არის ა.მ–ის დედა და უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი. მოსარჩელეს ბინაზე მფლობელობა გადაცემული აქვს უძრავი ქონების მესაკუთრისგან, იგი ასევე, რეგისტრირებულია აბონენტად და იხდის გადასახადებს (ტ.1, ს.ფ. 23-44, 70,73).

8.2.2. მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ახალციხე, ..............., ბინა №32, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინის ზედა სართულზე (ტ.1, ს.ფ. 45,147,148).

8.2.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 მაისის დასკვნის თანახმად, ქ. ახალციხეში, ...... (ს/კ ......) მოსარჩელის ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩამოდინების შედეგად ოთახებში კედლებზე წარმოშობილია ბზარები, კედლების ნალესი გამობერილია, ნალესი აგრეთვე ჩამოყრილია საძინებელ ოთახში, შპალერი ოთახებში დალაქავებულია და აყრილია კედლებიდან. წყლის სისტემატური ჩამოდინების გამო დაზიანებულია აგრეთვე ოთახებში არსებული ხის იატაკი. ბინაში არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზედა სართულიდან წყლის სისტემატური ჩამოდინების შედეგად. მითითებულ ბინაში შესასრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 762.33 ლარს დარიცხვების ჩათვლით. საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის I კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების დონეზე (ტ.1, ს.ფ. 53).

8.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გ.მ–მა დაადასტურა, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ბინაში წყლის ზედა სართულიდან ჩასვლის ფაქტი. ექსპერტის განმარტებით, მოსარჩელის ბინაში კედლები იყო სველი და კედლებზე წარმოშობილი ბზარები გამოწვეული იყო ნალექის ჩამოდინებით. მისივე განმარტებით, ზიანი გამოთვლილი იყო უშუალოდ ზედა სართულიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანებული ნაწილის აღსადგენად.

8.4. საქმის რაიონული სასამართლოს მიერ განხილვისას, ჩატარდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინის დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინა მესამე სართულზე მდებარეობს. შესასვლელი კარის ხელმარცხნივ სადარბაზოს მხარეს კედელი დაზიანებულია მექანიკურად. კორიდორში ხელმარცხნივ ზედა კუთხეში ჭერზე შეინიშნებოდა სისველე, კორიდორის მარჯვენა კედელზე შპალერი აყრილი იყო კედლიდან, საცხოვრებელ ოთახში მარცხენა მხარის ზედა კუთხეში შეინიშნებოდა გაჯით ნალესის კვალი და იატაკზე ჩამოცვენილი ნალესი, ფანჯრის თავზე შეინიშნებოდა სავარაუდოდ აივნიდან წყლის ჩამოდინების კვალი. აბაზანის ჭერზე ნათლად ჩანდა ჩამოსული წყლის კვალი და იყო სველი. მოსარჩელის განმარტებით, სააბაზანოს და სამზარეულოს ზედა სართულზე ემიჯნება მოპასუხის კუთვნილი ასევე სააბაზანო და სამზარეულო, საიდანაც გაუმართავი წყალგაყვანილობის გამო ჟონავს წყალი. საძინებელ ოთახში ჭერზე ნალესი აცვენილი იყო და ეყარა იატაკზე, ხოლო კედელზე აყრილი იყო შპალერი. ბინის ყველა ოთახის იატაკზე ეყარა ნალესი. მე-4 სართულზე, მოპასუხის ბინაში შესვლისას, სადარბაზოში შეიმჩნეოდა ნალესის აცვენის კვალი, ასევე კორიდორის ჭერზე შეინიშნებოდა სინესტე. მოპასუხის განმარტებით, ეს იყო ძველი დროის დაზიანება, ამჟამად სახურავი შეკეთებულია და წყალი აღარ ჩადის. მოპასუხის ბინაში მოპირკეთებული იყო აბაზანა და წყლის გამყვანი მილები დაფარული იყო მეთლახით. სამზარეულოში ნიჟარის უკან შეინიშნებოდა სისველე (ტ.1, ს.ფ. 147,148).

8.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის ბინიდან წყლის ჩასვლის ფაქტი, საპირისპიროდ კი მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ წყალი სხვა გზით მოხვდა მოსარჩელის ბინაში, ამდენად, უდავო იყო, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

9.1. მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსპერტმა ცალსახად ვერ დაადასტურა, რომ კედლებისა და ჭერის დასველება კონკრეტულად ზედა სართულიდან ჩამოსული წყლისგან იყო გამოწვეული.

9.3. კასატორის მტკიცებით, მისი ბინის დათვალიერების შედეგად წყალგაყვანილობის დაზიანების კვალი არ დაფიქსირებულა. კასატორის განმარტებით, ათი წელია რაც რემონტი გააკეთა და შეცვალა ძველი წყალგაყვანილობა, გარდა ძირითადი მილისა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სახლში შეცვალა, ხოლო, მოპასუხემ არ დართო ნება მის ბინაშიც შეცვლილიყო აღნიშნული მილი.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

12. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ეფუძნება დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ სპეციალური ნორმას, სსკ-ის მე-1000 მუხლს „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით“ ასევე, სსკ-ის 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლებს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია.

15. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი №ას-1287-1208-2015, 26.02.2016წ; №ას-1685-2019, 22.05.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.). სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის გაკონტროლებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; შდრ. სუსგ საქმე №ას-1287-1208-2015, 26.02.2016; Nას-1153-2018, 06.02.2019წ; Nას-1350-2018, 28.02.2019; Nას-1685-2019, 22.05.2020წ.). მე-1000 მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი).

16. ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის (მაგ: წყლის ჩადინება) დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. სუსგ საქმე №ას-90-90-2018, 11 მაისი, 2018 წელი; №ას-322-2021, 21 ოქტომბერი, 2021 წელი).

17. საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს, და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, დაედასტურებინა მოპასუხის საცხოვრებლიდან მის მფლობელობაში არსებულ სახლში წყლის ჩადინების ფაქტი და აღნიშნულის შედეგად ზიანის დადგომა, ხოლო, მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა აღნიშნული გარემოება, კერძოდ, მისი საკუთრებიდან წყლის ჩადინების გამორიცხვით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხის საცხოვრებელი ბინა, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინის ზედა სართულზე მდებარეობს. საქმეზე ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელის სახლის შესასვლელი კარის ხელმარცხნივ სადარბაზოს მხარეს კედელი დაზიანებულია მექანიკურად. კორიდორში ხელმარცხნივ ზედა კუთხეში ჭერზე შეინიშნებოდა სისველე, კორიდორის მარჯვენა კედელზე შპალერი აყრილი იყო კედლიდან, საცხოვრებელ ოთახში მარცხენა მხარის ზედა კუთხეში შეინიშნებოდა გაჯით ნალესის კვალი და იატაკზე ჩამოცვენილი ნალესი, ფანჯრის თავზე შეინიშნებოდა სავარაუდოდ აივნიდან წყლის ჩამოდინების კვალი. აბაზანის ჭერზე ნათლად ჩანდა ჩამოსული წყლის კვალი და იყო სველი. მოსარჩელის განმარტებით, სააბაზანოს და სამზარეულოს ზედა სართულზე ემიჯნება მოპასუხის კუთვნილი ასევე სააბაზანო და სამზარეულო, საიდანაც გაუმართავი წყალგაყვანილობის გამო ჟონავს წყალი. საძინებელ ოთახში ჭერზე ნალესი აცვენილი იყო და ეყარა იატაკზე, ხოლო კედელზე აყრილი იყო შპალერი. ბინის ყველა ოთახის იატაკზე ეყარა ნალესი. მე-4 სართულზე, მოპასუხის ბინაში შესვლისას, სადარბაზოში შეიმჩნეოდა ნალესის აცვენის კვალი, ასევე კორიდორის ჭერზე შეინიშნებოდა სინესტე. მოპასუხის განმარტებით, ეს იყო ძველი დროის დაზიანება, ამჟამად სახურავი შეკეთებულია და წყალი აღარ ჩადის. მოპასუხის ბინაში მოპირკეთებული იყო აბაზანა და წყლის გამყვანი მილები დაფარული იყო მეთლახით. სამზარეულოში ნიჟარის უკან შეინიშნებოდა სისველე (ტ.1, ს.ფ. 147,148). პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ბინაში წყალი ზედა სართულიდან ჩადიოდა. მისივე განმარტებით, მოსარჩელის ბინაში კედლები სველი იყო და კედელზე წარმოშობილი ბზარები გამოწვეული იყო ნალექის ჩამოდინებით. ამასთან, ზიანი გამოთვლილი იყო უშუალოდ ზედა სართულიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანებული ნაწილის აღსადგენად. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნითაც, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 მაისის დასკვნის თანახმად, ქ. ახალციხეში, ..... (ს/კ ........) მოსარჩელის ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩამოდინების შედეგად ოთახებში კედლებზე წარმოშობილია ბზარები, კედლების ნალესი გამობერილია, ნალესი აგრეთვე ჩამოყრილია საძინებელ ოთახში, შპალერი ოთახებში დალაქავებულია და აყრილია კედლებიდან. წყლის სისტემატური ჩამოდინების გამო დაზიანებულია აგრეთვე ოთახებში არსებული ხის იატაკი. ბინაში არსებული დაზიანებები გამოწვეულია ზედა სართულიდან წყლის სისტემატური ჩამოდინების შედეგად. მითითებულ ბინაში შესასრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 762.33 ლარს დარიცხვების ჩათვლით. საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2019 წლის I კვარტლის სამშენებლო რესურსების ფასების დონეზე (ტ.1, ს.ფ. 53).

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რომ ფაქტებზე მიმთითებელი მხარე ვალდებულია, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, ხოლო, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები).

20. სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამტკიცება შესაძლებელია თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. სსკ-ის 102-ე მუხლი). სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, წარდგენილი სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მის მფლობელობაში არსებული ნივთის დაზიანების ფაქტი დაადასტურა, შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებებით, ხოლო, საპირისპიროდ მოპასუხემ კი ვერ გააქარწყლა სარჩელის საფუძვლად დართულ მტკიცებულებები, უფრო დამაჯერებელი და რელევანტური მტკიცებულებებით.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ბ.ნ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №19367000877, გადახდის თარიღი 02.04.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე