Facebook Twitter

საქმე №ას-1400-2024 6 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ.ზ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.ქ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი და ნ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, ........., სართული 12, ბინა N41 (ს.კ:N..........) და ბინა N42 (ს.კ:N ......) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება თბილისში, ......., სართული 12, ბინა N42-ის (ს.კ:N........) (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლებით. საკუთრების წარმოშობის საფუძველია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 22.12.2020წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

2.2. სადავო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

2.3. მოპასუხემ, თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სადავო უძრავი ქონების მფლობელობის მართლზომიერება ვერ დაადასტურა, კერძოდ, გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს საკუთრების უფლების გადაცემის პირობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 183.1 მუხლზე, რომელიც უძრავი ნივთის შეძენას უკავშირებს გარიგების წერილობითი ფორმით დადებას და შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. მოპასუხეს კი, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, სასამართლოსთვის, არ წარუდგენია.

2.4. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მითითება, იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელისგან სადავო ქონება, უვადოდ, სასყიდლის გარეშე, სარგებლობის უფლებით, გადაეცა, ვინაიდან მოპასუხეს მისი ახსნა-განმარტების გარდა, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რელევანტური მტკიცებულება, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 168-ე და 172-ე მუხლებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, რომელსაც მოპასუხე ფლობს და ფლობის მართლზომიერებას ვერ ასაბუთებს, მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

5. საკასაციო განაცხადში კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო ბინის მოპასუხის მიერ არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.

6. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კასატორს სადავო ბინა უვადოდ სარგებლობაში გადასცა საკუთრების უფლების გადაცემის პირობით (იხ., საკასაციო საჩივარი).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).

13. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ:

15. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი ფლობს სადავო უძრავი ნივთს. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მფლობელობა მართლზომიერია, სწორედ მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა (სუსგ №ას-759-2024, 15 ოქტომბერი, 2024წ.).

16. მოპასუხე, თავისი საპროცესო ვალდებულების რეალიზების მიზნით, მიუთითებდა, რომ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხეს მოსარჩელემ გადასცა უვადოდ სარგებლობის უფლებით.

17. აღსანიშნავია, რომ ზემოთმითითებული არგუმენტით მოპასუხე თავს იცავდა როგორც შესაგებელში, ასევე, აღნიშნულზე მიუთითებდა სააპელაციო საჩივარშიც, რომლის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზეც ნამსჯელი აქვთ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს.

18. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს და განმარტავს, რომ პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოდგენს კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე ფლობელობის უფლება მოსარჩელესთან შეთანხმებით მოიპოვა, რადგან ასეთი შეთანხმების არსებობას მოსარჩელე უარყოფს, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

19. ამასთან, გასაზიარებელი არაა კასტორის მითითება, რომ სადავო უძრავი ნივთი გადაცემული აქვს საკუთრების უფლების გადაცემის პირობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას განსაზღვრავს სსკ-ის 323-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. რაც შეეხება სსკ-ის 183-ე მუხლს, ეს ნორმა, წერილობით ფორმასთან ერთად, განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს ის დანიშნულება გააჩნია, რომ შემძენი მესამე პირების წინაშე მესაკუთრის სტატუსით აღიჭურვება, ვინაიდან უძრავი ქონების შემძენის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციამდე, ერთადერთ მესაკუთრედ ითვლება გამსხვისებელი (სსკ-ის 312-ე მუხლი). როგორც აღინიშნა, სსკ-ის 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულების ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფორმის დაცვით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა იგი საჯარო რეესტრში, წარმოშობს ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებულ მხარეთა უფლება-მოვალეობებს (იხ. სუსგ-ები: Nას-523-496-2014, 30.04.2015წ; Nას-1100-2020, 23.12.2020წ.; №ას-716-2023, 7 ივლისი, 2023წ. პ.10). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, რელევანტური მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კასატორის განმარტებები ვერ შებოჭავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ამიტომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს უძრავი ნივთის დაბრუნება (სუსგ №ას-1266-2022, 31 ოქტომბერი, 2022. პ.38).

20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 150 ლარისა, გადახდილი აქვს 300 ლარი. შესაბამისად, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი.

24. ამასთან, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად, სსსკ-ის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს, უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 150 ლარიდან 70% - 105 ლარი.

25. საბოლოო ჯამში, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს 255 (150+105) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.მ–ს (პ.ნ:.........) დაუბრუნდეს გ.თ–ძის მიერ 28.10.2024წ-ს №284 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 255 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე