საქმე №ას-1412-2024 9 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ვი, მ.მ–ვი, მ.მ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.დ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.მ–ვის, მ.მ–ვისა და მ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხეები ან აპელანტები ან მოწინააღმდეგე მხარეები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ......., №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა, ი.მ–ვის მიერ ა.ო–ძისა და ვ.დ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4. სააპელაციო საჩივრის განხილვის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხილება ი.მ–ვის სარჩელი მოპასუხეების ა.ო–ძისა და ვ.დ–ის მიმართ, ლ.ბ–ძის (ო–ძის) სამკვიდრო ქონებაზე 19.02.2020წ.-ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ა.ო–ძესა და ვ.დ–ის შორის 24.02.2020წ.-ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თბილისში, ........... გამზ.№49-ში, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ სარჩელში ი.მ–ვი მიუთითებს, რომ სინამდვილეში, ლ.ბ–ძის სამკვიდრო, ი.მ–ვმა მიიღო. ამის მიუხედავად, სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონება ა.ო–ძემ საკუთრებაში დაირეგისტრირა და მოსაჩვენებლად გადაუფორმა ვ.დ–ის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სამი წინაპირობიდან: ა. ეკუთვნის თუ არა სადავო ქონება მოსარჩელეს; ბ. ფლობს თუ არა მას მოპასუხე და გ. აქვს თუ არა მოპასუხეს ქონების ფლობის უფლება, ორი წინაპირობა, ი.მ–ვის სარჩელზე წარმოებული სამოქალაქო საქმის განხილვისას უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, წინამდებარე დავის გადაწყვეტა, ი.მ–ვის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე მიმდინარე სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ქონებით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ამ ორ საქმეს შორის არ არსებობს აუცილებელი კავშირი და ამ საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერება დაუსაბუთებელია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეთა მოთხოვნა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და წინამდებარე საქმეზე წარმოება შეჩერდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, ი.მ–ვის მიერ აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, სადაც ერთ-ერთი მოპასუხეა კერძო საჩივრის ავტორი, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა - მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესუალური ეკონომიის პრინციპის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. აღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.
12. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას (მრავალთა შორის იხ., სუსგ-ები ას-432-2021 13 ოქტომბერი, 2021, პ.22; Nას-528-2021, 28.12.2021წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს:
13.1.წინამდებარე საქმეზე მოსარჩელეს ვინდიკაციური სარჩელი აქვს აღძრული, რომლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. მითითებული ნორმის დანაწესით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელი წარმატებული იქნება, თუ შესრულებულია ზემოხსენებული წინაპირობები, ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს.
13.2.ზემოხსენებული ვინდიკაციური სარჩელი, საქმის პირველი ინსტანციით განხილვის ეტაპზე, დაკმაყოფილებულია.
13.3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხილება ერთ-ერთი მოპასუხის (ი.მ–ვის) სარჩელი ა.ო–ძისა და ვ.დ–ის მიმართ, რომელშიც დავის საგანია ლ.ბ–ძის (ო–ძის) სამკვიდრო ქონებაზე 19.02.2020წ.-ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ა.ო–ძესა და ვ.დ–ის შორის 24.02.2020წ.-ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე (ს.კ:.......) ი.მ–ვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე დავის გადაწყვეტა შეუძლებელია ზემოხსენებული საქმისწარმოების დასრულებამდე, რადგან სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სამი წინაპირობიდან, ორი წინაპირობა ი.მ–ვის სარჩელზე წარმოებული სამოქალაქო საქმის განხილვისას უნდა დადასტურდეს (იხ., ამ განჩინების პ.5).
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და პირველ რიგში, განმარტავს, რომ სსკ-ის 311.1 მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრი არის ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
16. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი და უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი, სასამართლომ უნდა დაადგინოს.
17. სსსკ-ის 312.2 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. შოთაძე თ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 2018, თბილისი, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი, 628; დამატებით იხ.,სუსგ-ები №ას-1410-2020, 29 აპრილი, 2021წ. პ.23.; №ას-443-2021, 10 სექტემბერი, 2021წ. პ.18.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის და შებამისად მისი საკუთრების უფლების მიმართ სარჩელის აღძვრა არ წარმოადგენს ვინდიკაციური სარჩელის შეჩერების უპირობო საფუძველს, რადგან სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა „შეუძლებელია“, არ შეიძლება განხილული იქნეს „მიზანშეუწონელია“ ან „არასასურველია“-ს სინონიმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მოცემული დავების გადაწყვეტა გონივრულ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდება, უფრო მეტიც შესაძლოა დაუსრულებელი პროცესიც მივიღოთ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის განხილვის შეუძლებლობისა და საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობის თაობაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული განმარტებების შესაბამისად, უნდა იმსჯელოს წინამდებარე საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.დ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე