საქმე №ას-1517-2024 9 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის (საკასაციო) ავტორები – ნ.კ–ი, მ.ს–ძე, ე.ს–ი, ჰ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ იშუამდგომლა ყადაღა დაედოს:
1. ქ.თბილისში, ........ მდებარე მოპასუხე ე.ს–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, ს/კ ......;
2. ქ.ხონში, ........ (აგრარული ბაზრის მიმდ. ტერიტორია) მდებარე მოპასუხე ე.ს–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, ს/კ .........;
3. ქ.ხონში, .......... მოპასუხე ჰ.კ–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, ს/კ ..........;
4) მოპასუხეების - ნ.კ–ის ე.ს–ის და მ.ს–ძის საბანკო ანგარიშებს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების ფარგლებში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ნ.კ–მა, მ.ს–ძემ, ე.ს–მა, ჰ.კ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს, შეიტანეს ნ.კ–მა, მ.ს–ძემ, ე.ს–მა, ჰ.კ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ამდენად, კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება არ საჩივრდება. მიუხედავად ამისა, ნ.კ–მა, მ.ს–ძემ, ე.ს–მა, ჰ.კ–მა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავაებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის, მ.ს–ძის, ე.ს–ისა და ჰ.კ–ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი