Facebook Twitter

საქმე №ას-1188-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ი.თ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, უფლებრივი შეზღუდვის გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ც–ძის სარჩელი შპს ,,ო.ი.თ–სის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ო.ი.თ–სის“ სარჩელი სს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებისა და უფლებრივი შეზღუდვის გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შპს ,,ო.ი.თ–სის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გარდაბანში, სოფელ ....... არსებული 6010 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) და გარდაბანში, სოფელ ...... არსებული 903970 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) გათავისუფლდა შპს ,,ო.ი.თ–სსა“ და მოპასუხეს შორის 2008 წლის 4 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეზღუდვებისგან; მოპასუხეს, შპს ,,ო.ი.თ–სის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ც–ძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა და როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრა, მან მოითხოვა ფიზიკური პირის გ.ც–ძის სარჩელის დაკმაყოფილება და შპს ,,ო.ი.თ–სის“ სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით ფიზიკურ პირ გ.ც–ძეს და მოპასუხეს (კომპანიას) დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრების ელექტრონული ვერსიებისა და სახელმწიფო ბაჟის - გ.ც–ძის სააპელაციო საჩივრისათვის - 5 000 ლარის, ხოლო მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივრისათვის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენა.

4. სააპელაციო საჩივრებზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტი კომპანიის დირექტორს - გ.ც–ძეს და ფიზიკურ პირ - გ.ც–ძეს. სასამართლო გზავნილი გ.ც–ძეს, როგორც ფიზიკურ პირს და როგორც კომპანიის დირექტორს, 2024 წლის 23 აპრილს ჩაჰბარდა. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..........

5. გ.ც–ძემ, 2024 წლის 29 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი წარუდგინა. გ.ც–ძემ განმარტა, რომ იგი, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით გ.ც–ძეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

7. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინება გ.ც–ძეს 2024 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა.

8. გ.ც–ძემ, 2024 წლის 5 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით გ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, გ.ც–ძეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნაზე და მას სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით;

10.2. სსსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე;

10.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტს (კომპანიას) დაევალა სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტს (კომპანიას) განესაზღვრა 7 დღის ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, კომპანიის დირექტორს, 2024 წლის 23 აპრილს, პირადად ჩაჰბარდა;

10.4. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება;

10.5. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

10.6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, 2024 წლის 23 აპრილს, ჩაჰბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 24 აპრილს დაიწყო და 2024 წლის 30 აპრილს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს (კომპანიას) ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს;

10.7. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება;

10.8. ამრიგად, ვინაიდან აპელანტმა (მოპასუხე კომპანიამ) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა კომპანიის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განჩინება აპელანტი კომპანიის დირექტორმა გ.ც–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ხარვეზი გამოესწორებინა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აპელანტ კომპანიას დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა დაევალა.

14. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტი კომპანიის დირექტორ გ.ც–ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კიდეც. კერძო საჩივრის ავტორმა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზი გამოასწორა და საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2024 წლის 22 ნოემბერს, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

15. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 21 ნოემბერს, კომპანიის დირექტორმა გ.ც–ძემ დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართა და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება მას, როგორც ფიზიკურ პირს, ჩაჰბარდა და არა როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორს, რასაც ადასტურებს მისი, როგორც ფიზიკური პირის, ხელმოწერა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე 2024 წლის 28 თებერვლის განჩინების ასლი აპელანტი კომპანიის წარმომადგენელს, დირექტორ გ.ც–ძეს, 2024 წლის 23 აპრილს, პირადად ჩაჰბარდა (ტ. 2, ს/ფ 259) (სსსკ-ის 73.8-ე მუხლი).

21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

22. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება 2024 წლის 23 აპრილს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა 2024 წლის 24 აპრილს დაიწყო და 2024 წლის 30 აპრილს (სამშაბათი) ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა მხოლოდ როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც კომპანიის დირექტორმაც, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ.ც–ძეს, როგორც ფიზიკურ პირს და მოპასუხე კომპანიას სააპელაციო საჩივრებზე ერთდროულად დაუდგინდათ ხარვეზი, თითოეულ მათგანს სახელმწიფო ბაჟის სხვადასხვა ოდენობით გადახდა დაევალა, ვადა კი 7 დღით განესაზღვრა. სააპელაციო საჩივრებზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა გ.ც–ძეს, როგორც ფიზიკურ პირს და როგორც კომპანიის დირექტორს. საფოსტო უკუგზავნილზე მიმღებ პირად მითითებულია გ.ც–ძე, როგორც კომპანიის დირექტორი და როგორც ფიზიკური პირი. გზავნილის ჩაბარება პირადად გ.ც–ძის ხელმოწერითაა დადასტურებული.

25. საპროცესო უფლებები და მოვალეობები კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საფუძველზეა გადანაწილებული და მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლების ეფექტურად განკარგვა საპროცესო ნორმების მეშვეობით ხდება.

26. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).

27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შეად. სუსგ-ას Nას-366-366-2018, 18.05.2018წ). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც, პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შეად. სუსგ-ას Nას-1023-2019 , 25.09.2019 წ).

29. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

30.საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას მხოლოდ როგორც ფიზიკურ პირს ჩაჰბარდა ხარვეზის განჩინება და არა როგორც კომპანიის დირექტორს, გაზიარებული ვერ იქნება და საფოსტო უკუგზავნილზე ადრესატის ხელმოწერას ვერ გააბათილებს. უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ ერთი და იმავე პირს, რომელიც ორ სააპელაციო საჩივარს წარადგენს, როგორც ფიზიკური პირი დაიმავდროულად, , როგორც კომპანიის დირექტორი, სასამართლოს გზავნილი მხოლოდ ფიზიკური პირს ჩაჰბარდა და არა როგორც კომპანიის დირექტორსაც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ერთი განჩინებით დადგინდა ხარვეზი ორივე სააპელაციო საჩივარზე და სასამართლოს გზავნილში ადრესატი გ.ც–ძე მითითებული იყო, როგორც ფიზიკური პირი და როგორც იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

31.საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

32.ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ბ–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე