საქმე №ას-1213-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.თ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - თ.ლ–ძე, თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ.თ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კრედიტორი) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა - მოპასუხეებს თ.ლ–ძეს, მ.ფ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) და თ.მ–ს, რ.თ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 100 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს თ.ლ–ძეს, მ.ფ–ძეს და თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 3 000 ლარის ოდენობით. 2022 წლის 07 დეკემბერს მოპასუხემ წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და მიუთითა, რომ მას არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია. ამასთან მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელემ იდავა, რაზედაც უარი ეთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება.
2.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და სასამართლო გზავნილი (სარჩელი თანდართული დოკუმენტებით) გაეგზავნათ მოპასუხეებს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით დგინდება, რომ მოპასუხე თ.ლ–ძეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად 2022 წლის 23 ივნისს, მოპასუხე მ.ფ–ძეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად 2022 წლის 24 ივნისს, ხოლო მოპასუხე თ.მ–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად 2022 წლის 27 ივნისს (იხ. ს.ფ. 152-160). წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხეებმა დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. აპელანტის მტკიცებით, სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია, ხელწერილზე მითითებული ხელმოწერა არ არის მისი და არც თარიღი აქვს დასმული. ამასთან მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უკვე იდავა, რაზედაც უარი ეთქვა.
2.2. განსახილველ შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ შედგენილი ხელწერილით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 24 ივნისს, რაც დადასტურებულია თავად მისი ხელმოწერით და ასევე მითითებულია ჩაბარების დრო - 2022 წლის 24 ივნისი.
2.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს სასამართლომ განუსაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან შესაგებლის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე - თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
2.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თავად საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. განსხილველ შემთხვევაში მხარის განმარტება, რომ გზავნილზე არ ფიქსირდება მისი ხელმოწერა და თარიღი, არ იქნა გაზიარებული, რადგან საქმის მასალებით უდაოდ დასტურდება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება და ჩაბარების თარიღი, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, მისი განმარტება მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.
2.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არც ის შედავება, რომ მოსარჩელეს ადრე აღძრული ჰქონდა იმავე მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და რადგან მხარეთა შორის დავა გადაწყვეტილია, წინამდებარე სარჩელი უსაფუძვლოა.
2.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ მოპასუხეების თ.ლ–ძის, თ.მ–ის, მ.ფ–ძის და შპს „ს.კ.ს–ოს“ მიმართ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეთაგან შპს „ს.კ.ს–ოს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 100 000,00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა თ.ლ–ძის, თ.მ–ისა და მ.ფ–ძის მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 000,00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენით დგინდება, რომ თ.ლ–ძემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; განსახილველი დავის მოპასუხემ/აპელანტმა მ.ფ–ძემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობი,თ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თ.მ–მა ჩაიდინა დახმარება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენის მიხედვით მოსარჩელე (სიითი ნომერი 1110) დაზარალებულ პირს წარმოადგენს.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 16.05.2018 წლის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 12.12.2018 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამდენად აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
2.9. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, 2022 წლის 9 ივნისს, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: თ.ლ–ძის, მ.ფ–ძის და თ.მ–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სსსკ-ის 30917-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
2.10. სააპელაციო სასამართლოს განამრტებით, ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი და სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი.
2.11. სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის საფუძვლებთან დაკავშირებით განმარტა, რომ როდესაც სარჩელის საფუძვლებზეა საუბარი, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, მასში იგულისხმება ის კონკრეტული ნორმა, რომელიც მოსარჩელის მიერ აღწერილ ცხოვრებისეულ შემთხვევას მიესადაგება და რომელიც მოსარჩელეს საშუალებას აძლევს, აღიდგინოს დარღვეული უფლება სასამართლოს ძალით.
2.12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემული საქმის ფარგლებში განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები ემყარება განსხვავებულ საფუძვლებს, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ვერ განიხილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
3.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის დამდგარ შედეგს შორის. დაუსაბუთებლად გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება.
3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების განჩინება.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
8. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ-ები: №ას-483-2023 18.10.2023წ.; №ას-1412-2022 29.11.2023წ.; №ას-699-2023 25.04.2024წ.; №ას-11-2024 31.07.2024წ.; Nას-598-2024 27.09.2024წ.).
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი იურიდიული ბუნებით, წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ-ები: №ას-1001-2023 18.12.2023წ.; №ას-1508-2023 31.01.2024წ.; №ას-1478-2023 13.02.2024წ. Nას-598-2024 27.09.2024წ.).
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც კასატორის განმარტება, რომ სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელ ხელწერილზე მითითებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და არც თარიღი აქვს დასმული, დაუსაბუთებელია.
11. განსახილველ შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მიერ შედგენილი ხელწერილით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 24 ივნისს, რაც დადასტურებულია თავად მოპასუხის ხელმოწერით და ასევე მითითებულია ჩაბარების დრო - 2022 წლის 24 ივნისი. შესაბამისად, კასატორს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე -78-ე მუხლებით დადგენილი წესით და განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან შესაგებლის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეფუძნება, რომ პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამასთან, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარუდგენლობას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს.
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და არ იზიარებს მხარის განმარტებას, რომ გზავნილზე არ ფიქსირდება მისი ხელმოწერა და თარიღი, ვინაიდან საქმის მასალებით უდაოდ დასტურდება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება და ჩაბარების თარიღი. შესაბამისად ამ საკასაციო პრეტენზიას, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
14. რაც შეეხება შედავებას, რომ ამავე მოსარჩელის მიერ ამავე მოპასუხის მიმართ აღძრული იყო სარჩელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და დავა უკვე გადაწყვეტილია, არც ეს არის დასაბუთებული პრეტენზია და საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას.
15. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ მოპასუხეების: თ.ლ–ძის, თ.მ–ის, მ.ფ–ძის და შპს „ს.კ.ს–ოს“ მიმართ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა მოპასუხეთაგან შპს „ს.კ.ს–ოს“, მოსარჩელე რ.თ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 100 000,00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა თ.ლ–ძის, თ.მ–ისა და მ.ფ–ძის მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 000,00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე/აპელანტი რ.თ–ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ რ.თ–ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენით დგინდება შემდეგი: თ.ლ–ძემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; მ.ფ–ძემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თ.მ–მა ჩაიდინა დახმარება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენის მიხედვით რ.თ–ი (სიითი ნომერი 1110) დაზარალებულ პირს წარმოადგენს.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 16.05.2018 წლის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 12.12.2018 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამდენად აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულის საფუძველზე, 2022 წლის 09 ივნისს რ.თ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების თ.ლ–ძის, მ.ფ–ძის და თ.მ–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სსსკ-ის 30917 მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასადასტურებლად წინამდებარე საქმეზე მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი და სესხის ხელშეკრულებები.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (შდრ. სუსგ-ას: №ას-638-605-2014, 22.04.2016წ.). როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები და სასამართლო ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მხედველობაშია სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) დადგენილი წესებით ვერ შემოიფარგლება.
20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
21. ყოველივე ზხემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).
23. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების შემოწმება ხდება მხოლოდ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო წესით შედავების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ფაქტი დადასტურებულად ითვლება, გარდა იმ ფაქტებისა, რომელთა დადასტურებაც მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ვერ მოხდება და სპეციალური მტკიცებულების წარმოდგენაა სავალდებულო.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე