¹ბს-1042-993(კ-06) 7 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზეA
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. კ-ემ 2006 წლის 17 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 და 2006 წლის 1 თებერვლის ¹70 ბრძანებების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ი. კ-ე 1985 წლიდან მუშაობდა ....... შს რაიგანყოფილების დაცვის პოლიციაში სამეთვალყურეო პულტზე ოპერატორად, 1988 წლიდან _ ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის ინსპექტორად. 1996 წლის აპრილიდან გადაიყვანეს ....... შს რაიგანყოფილების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის პასპორტის რეგისტრატორად, ხოლო 1998 წლიდან კვლავ ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის საქმეთა მმართველად, საიდანაც გაათავისუფლეს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 1 თებერვლის ¹97 ბრძანებით, რომლის საფუძვლადაც მითითებულია საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანება.
მოსარჩელის მითითებით, მის თანამდებობაზე 2006 წლის 1 თებერვლის ¹70 ბრძანებით ისე დაინიშნა ნ. ნ-ა, რომ თავად ჯერ კიდევ არ იყო განთავისუფლებული სამსახურიდან, კერძოდ: ჯერ დაიწერა 2006 წლის 1 თებერვლის ¹70 ბრძანება ნ. ნ-ას დანიშვნის შესახებ, ხოლო შემდეგ _ 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. აღნიშნული ბრძანებები გამომდინარეობდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 1 თებერვლის ¹71 ბრძანებიდან, რომლის საფუძველიც, თავის მხრივ, შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹79 ბრძანებაა, რომელშიც მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 50-ე მუხლებზე და საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებაზე. მოსარჩელის აზრით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი, რომელიც შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს, არასწორად იქნა გამოყენებული მასთან მიმართებაში, ვინაიდან მითითებული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. შტატების შემცირებას კი ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ შეიცვალა თანამდებობების დასახელება. შტატით გათვალისწინებული ორი ადგილი კანცელარიაში კვლავ დარჩა და თვისობრივი ფუნქციაც ორივე შტატზე იმავენაირად განისაზღვრა. მოპასუხემ დაარღვია ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაც, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, მსგავს შეთავაზებას კი ადგილი არ ჰქონია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად კი, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის განთავისუფლების საფუძველს. მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ........ შს რაიგანყოფილებაში შემცირება არ მომხდარა.
მოსარჩელის მითითებით, მისი დათხოვნა არ შეიძლებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზეც, რომელიც ადგენს ქალებისათვის საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს _ 60 წელს, რაც მას არ შეესაბამება. ამასთან, საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანება ეხება სამხედრო წოდების მქონე პირებს მაშინ, როდესაც იგი სამოქალაქო პირია და ასრულებდა ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის საქმეთა მმართველის მოვალეობას, ¹97 ბრძანებაში მითითებულ კანცელარიის მდივან-მემანქანის შტატზე კი არასდროს ყოფილა გაფორმებული და არც უმუშავია. მუშაობის პერიოდში არ ჰქონია არანაირი დისციპლინური სახდელი, მიღებული აქვს მატერიალური წახალისებები, საპასპორტო განყოფილებაში მისი ინიციატივით დაკავებული ჰყავს პროკურატურის ძებნილი. შესაბამისად, თუ მოხდებოდა შტატების შემცირება, მოპასუხეს უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, მხედველობაში მიეღო მისი მაღალი კვალიფიკაცია, შრომის ნაყოფიერება და მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი (ს.ფ. 2-5).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ........ შს რაიგანყოფილებაში კანცელარიის საქმის მწარმოებლად მუშაობდა და 2005 წლის 30 თებერვალს გაფრთხილებულ იქნა შს ორგანოებიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ. ¹70 ბრძანებით ნ. ნ-ა დაინიშნა ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის ოპერატორის თანამდებობაზე 6 თვის გამოსაცდელი ვადით. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანებით კი ი. კ-ე გათავისუფლდა ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის მდივან-მემანქანის თანამდებობიდან 2006 წლის 1 თებერვალს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ¹97 ბრძანებაში შეტანილ იქნა შეცდომის გასწორება და ი. კ-ე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97.1 მუხლის საფუძველზე განთავისუფლდა ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან 2006 წლის 1 თებერვლიდან.
მოსარჩელის მითითება, რომ შს რაიგანყოფილებაში არ მომხდარა შტატების შემცირება, სასამართლომ არ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შს სამინისტროს 2006 წლის 18 იანვრის ¹79 ბრძანებით დამტკიცებული იმერეთის შს მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგის მიხედვით, .......... რაიონის შს განყოფილებაში კანცელარიის საქმისმწარმებლის თანამდებობა აღარ არსებობდა (ს.ფ. 41-42).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ იგი 1998 წლიდან განთავისუფლებამდე მუშაობდა ....... შს რაიგანყოფილების საქმისმწარმოებლად. მუშაობის პერიოდში მის თანამდებობას რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება, მაგრამ სამუშაოს ხასიათი არ შეცვლილა. ....... შს რაიგანყოფილების კანცელარიაში ისევ არსებობს ორი შტატი: კანცელარიის უფროსის ნაცვლად _ სპეციალისტის თანამდებობა და საქმისმწარმოებლის ნაცვლად _ სპეციალისტ-ოპერატორის თანამდებობა, საიდანაც იგი გაათავისუფლეს და მიიღეს ახალი თანამშრომელი, რომელიც ოპერატორის თანამდებობაზე დაინიშნა 2006 წლის 1 თებერვლის ¹70 ბრძანებით ისე, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ არ იყო განთავისუფლებული სამსახურიდან.
აპელანტის მითითებით, აღნიშნული ბრძანებების საფუძველია საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹79 ბრძანება, რომელშიც მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 50-ე მუხლებსა და საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებაზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლი აპელანტის აზრით, არასწორად იქნა გამოყენებული, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მაშინ, როდესაც ........ შს რაიგანყოფილების კიანცელარიაში შტატები არ შემცირებულა, მხოლოდ სახელწოდებები შეიცვალა, ფუნქცია ორივე შტატზე იგივე დარჩა. თვით მოსარჩელის კანცელარიაში მუშაობის პერიოდშიც არაერთგზის შეიცვალა თანამდებობათა სახელწოდებები, მაგრამ თვისობრივად საქმიანობა ერთი და იგივე რჩებოდა, ამასთან, თუ საქმისმწარმოებლის შტატის სახელწოდება შეიცვალა ოპერატორის სახელწოდებით და ამ თანამდებობისათვის აუცილებელი იყო კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, შესაბამისი სერთიფიკატი მას ჰქონდა კიდეც. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, მოსარჩელის მითითებით, ასევე დარღვეულ იქნა, რადგან მისთვის მსგავსი შემოთავაზება არ გაუკეთებიათ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან ახლავს შტატების შემცირება, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, მაგრამ ...... შს რაიგანყოფილებაში შტატების შემცირება არ მომხდარა. კანცელარიაში იყო და დარჩა ორი შტატი შეცვლილი სახელწოდებებით. უფრო მეტიც 2006 წლის 31 მარტის ¹289 ბრძანებით საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იგი სხვა არცერთი რაიონის შს რაიგანყოფილების კანცელარიის საქმისმწარმებელი არ გაუთავისუფლებიათ, რაც ასევე ადასტურებდა იმას, რომ აღნიშნული შტატი არ შემცირებულა.
აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანებაში შეტანილ იქნა შეცდომის გასწორება, ვინაიდან შესწორება მოხდა 2006 წლის 31 მარტის ¹289 ბრძანებით _ მას შემდეგ, რაც სარჩელი უკვე აღძრულ იქნა სასამართლოში და მოპასუხემ იგი მიიღო. შესაბამისად, შესწორების შეტანა განთავისუფლების ბრძანებაში სასამართლომ არასწორად მიიჩნია კანონიერად. ამასთან, მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია ი. კ-ის მაღალი კვალიფიკაცია, შრომის ნაყოფიერება, სტაჟი, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ფლობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას (ს.ფ. 45-49).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანება ი. კ-ის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ....... რაიონის შს მთავარი სამმართველოს განყოფილების კანცელარიაში სპეციალისტის (ოპერატორი) თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან ფაქტიურად აღდგენის დრომდე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანებით ი. კ-ე გათავისუფლდა ........ შს რაიგანყოფილების კანცელარიის მდივან-მემანქანის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 2006 წლის 31 მარტს იმერეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსის ¹289 ბრძანებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1 მუხლის საფუძველზე ¹97 ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა, რომლის თანახმად ი. კ-ე განთავისუფლდა სამინისტროს შს რაიგანყოფილების კანცელარიის საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან.
საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹863 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შს მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო განრიგის” თანახმად ........ შს რაიგანყოფილებაში არსებობდა კანცელარიის უფროსის და საქმისმწარმოებლის შტატი, ეს უკანასკნელი ეკავა ი. კ-ეს. საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹79 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 12 აგვისტოს ¹863 საშტატო საორგანიზაციო ბრძანება და დამტკიცდა იმერეთის შს მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლითაც ....... შს რაიგანყოფილების კანცელარიაში შეიქმნა სპეციალისტ-კანცელარიის უფროსის და ოპერატორის (უმცროსი თანამშრომლის) შტატები. სასამართლოს მითითებით, ფაქტობრივად, განხორციელდა დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც შტატების შემცირება არ მოჰყოლია. რეორგანიზაციის შედეგად 1996 წლის 3 თებერვლის ¹97 ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდა ი. კ-ე და 2006 წლის 1 თებერვლის ¹70 ბრძანებით ოპერატორის თანამდებობაზე დაინიშნა ნ. ნ-ა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამავე კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმების საფუძველზე არ არსებობდა ი. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რადგან დაწესებულების რეორგანიზაციას არ გამოუწვევია შტატების შემცირება. იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია ვალდებული იყო, დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ საშტატო ერთეულზე _ ოპერატორის თანამდებობზე მუშაობა, პირველ რიგში, ი. კ-თვის შეეთავაზებინა, რომელიც რეორგანიზაციამდე იმავე დაწესებულებაში მუშაობდა და მხოლოდ მისი უარის მიღების შემთხვევაში მიეღო ახალი მოსამსახურე დაწესებულებაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ი. კ-ე თავისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით სრულად შეესაბამებოდა ოპერატორის თანამდებობას, მას გააჩნდა კომპიუტერის ცოდნის სერთიფიკატი და შესაბამისი კვალიფიკაცია (ს.ფ. 116-121).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა იმერეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ი. კ-თვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით 2005 წლის 30 დეკემბერს გაგზავნილი შეტყობინება მისი შს ორგანოებიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ, სარჩელით კი ამ უკანასკნელმა სასამართლოს 2006 წლის 17 მარტს მიმართა, რითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული, მოხელის მიერ სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გაუშვა. კასატორის აზრით, მოსარჩელემ დროულად შეიტყო შესაძლო განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება ის სამართლებრივი აქტია, რომლის მიღება მუშაკისათვის განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებთანაა დაკავშირებული. იგი აღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ იღებს ხელფასს, აღარ სარგებლობს სამსახურთან დაკავშირებული შეღავათებით და ა.შ. კანონი გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს სწორედ ზემოაღნიშნულ შედეგებს, როდესაც მუშაკმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი შრომითი უფლებების დარღვევის ან მისი აზრით, უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს სამსახურის ბრძანების გასაჩივრების ერთთვიან ვადას, ხოლო მოსარჩელის მიერ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა დარღვეულ იქნა.
აპელანტის მითითებას, რომ კანცელარიაში დარჩა ორი შტატი: კანცელარიის უფროსის ნაცვლად _ სპეციალისტის თანამდებობა, რომელზეც დარჩა ძველი თანამშრომელი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად, მეორე შტატად _ სპეციალისტ-ოპერატორის თანამდებობა, კასატორი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹79 ბრძანების თანახმად, კანცელარიის უფროსის შტატი კვლავ არსებობს და გაუქმებულია მხოლოდ საქმისმწარმოებლის თანამდებობა, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხსენებული ნ. ნ-ა 2005 წლის 18 მარტიდან ხელშეკრულებით მუშაობს ....... რაიონის შს განყოფილებაში კომპიუტერის პროგრამისტად. სასამართლომ, კასატორის აზრით, არასწორად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ....... შს რაიგანყოფილების კანცელარიაში იყო ორი შტატი და დარჩა ორი, ოღონდ ორივე შტატს შეეცვალა სახელწოდება, ხოლო ფუნქციები იგივე დარჩა, რადგან კასატორის განმარტებით კანცელარიის საქმისმწარმოებლის ერთადერთი ფუნქცია განყოფილებაში შემოსული და განყოფილებიდან გასული ინფორმაციის სპეციალურ ჟურნალში რეგისტრაციაა, მაშინ როდესაც, სპეციალისტ-ოპერატორს ევალება ორიენტირება სხვადასხვა რეგიონთან, ტელეფონოგრამების მიღება-გაგზავნა, განყოფილებაში შესული ინფორმაციის დამუშავება, ინტერნეტში მუშაობა, სურათების დამამუშავებელი პროგრამის ფლობა და აუდიო და ვიდეოფაილების კომპიუტერში შეყვანა, ასევე, სპეციალური სახის პაროლების მეშვეობით შს სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ურთიერთობის ქონა საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის ¹54 ბრძანების შესაბამისად.
გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ ადმინისტრაცია ვალდებული იყო დაწესებულების რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილ ახალ საშტატო ერთეულზე მუშაობა პირველ რიგში ი. კ-თვის შეეთავაზებინა, რომელიც რეორგანიზაციამდე მუშაობდა იმავე დაწესებულებაში და მხოლოდ მისი უარის მიღების შემთხვევაში მიეღო ახალი მოსამსახურე, კასატორი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ნ. ნ-ა ახალი თანამშრომელი არ ყოფილა, იგი 2005 წლის 18 მარტიდან მუშაობდა ........ რაიონის შს განყოფილებაში და ასრულებდა სწორედ ოპერატორის ფუნქციას. ი. კ-ის თანამდებობა კი _ საქმისმწარმებელი _ არის შს სამინისტროს დამხმარე მოსამსახურე, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე. ამავე კანონის 97.1 მუხლის მიხედვით კი მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისიწნებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. “საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცებუს შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით გათვალისწინებული კანცელარიის საქმისმწარმოებლის თანამდებობა იმავე მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹97 ბრძანებით აღარ არსებობს, შესაბამისად, მოხდა კანცელარიის საქმისმწარმოებლის, როგორც დამხმარე მოსამსახურისათვის, დაწესებულების შტატით გათვალისიწნებული თანამდებობის შემცირება და შემოღებულ იქნა ფუნქციონალურად მისგან სრულიად განსხვავებული თანამდებობა, რომელიც “საქართველოს შს სამინისტროში თანამდებობის პირთა გათანაბრების შესახებ” საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 29 მარტის ¹290 ბრძანებით გათვალისწინებულია არა სამინისტროს დამხმარე მოსამსახურეზე, არამედ შს სამინისტროს თანამშრომელზე ან უმცროს თანამშრომელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ახლადშემქნილი თანამდებობა _ სპეციალისტი-ოპერატორი გათვალისწინებული არ იყო შს სამინისტროს დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე და ახალი საშტატო განრიგის მიხედვით ასეთი შტატი ........ რაიონის შს განყოფილებაში არც არსებობდა, კასატორის აზრით, ვერ მოხდებოდა ი. კ-თვის რაიმე სამუშაო ადგილის შეთავაზება. სასამართლოს მითითება, რომ ი. კ-ე თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით სრულად შეესაბამებოდა ოპერატორის თანამდებობას, კერძოდ მას გააჩნდა კომპიუტერის ცოდნის სერთიფიკატი და შესაბამისი კვალიფიკაცია, არასწორი იყო (ს.ფ. 129-132).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა შედეგობრივად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზეA მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.