Facebook Twitter

საქმე №ას-523-2024

13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს-ს. და ს.დ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გარანტიის მიმართ ბენეფიციარის მოთხოვნის უფლების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.ს-ს. და ს.დ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“) მიმართ გარანტიის მიმართ ბენეფიციარის მოთხოვნის უფლების არარსებობის აღიარების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ბენეფიციარის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლების არარსებობა, სს „ა.დ–ვის“ მიერ 2020 წლის 21 ივლისს გაცემული NCQB/20-00467 დეფექტებზე პასუხისმგებლობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 109 316 ლარის მოთხოვნაზე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2019 წლის 2 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და უსფ „ი. ს–ო I.G”-ს (შპს „ს.ს-ს. და ს.დ–ის“ საქართველოს ფილიალი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია ქ. თბილისში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, დანართის სახით, თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

6.2. ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;

6.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;

6.4. ხელშეკრულების მე-4 მუხლის

6.4.1. 4.1. პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს (მათ შორის დეკორატიული სანათის სანათურების) ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი;

6.4.2. 4.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;

6.4.3. 4.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული თანხის 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 სამუშაო დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას;

6.5. ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოების შესრულების პროცესში, გაფორმდა 13 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა შესაბამისად, დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ ჯამში, 4 372 410.07 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება, კერძოდ:

6.5.1. №1 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისად, შემსყიდველმა დაადასტურა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს 103 412.91 ლარის ღირებულებით მიღების ფაქტი;

6.5.2. №2 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა მიერ დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ 755 403.17 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.3. 2019 წლის 23 სექტემბრის №3 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 418 644.59 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.4. 2019 წლის 14 ნოემბერის №4 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, 626 870.19 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.5. 2019 წლის 6 დეკემბრის №5 მიღება-ჩაბარების აქტით, დადასტურებულია 345 747.19 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი;

6.5.6. 2019 წლის 12 დეკემბრის №6 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეების მიერ დადასტურებულია 152 782.10 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.7. 2019 წლის 20 დეკემბრის №7 მიღება-ჩაბარების აქტით, დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ 151 709.93 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.8. 2019 წლის 27 დეკემბრის №8 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ 432 953. 82 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.9. 2020 წლის 15 იანვრის №9 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 67 999.17 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი;

6.5.10. 2020 წლის 19 თებერვლის №10 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 150 526.53 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი;

6.5.11. 2020 წლის 26 თებერვლის №11 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 471 804.92 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი;

6.5.12. 2020 წლის №6 აპრილის №12 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 148 248.13 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება;

6.5.13. 2020 წლის 3 ივლისის №13 მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ 546 307.42 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.

6.6. სს „ა.დ–ვამ“ პრინციპალის / მიმწოდებლის სასარგებლოდ, 2019 წლის 2 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2020 წლის 21 ივლისს გასცა დეფექტებზე პასუხისმგებლობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია NCQB/20-000467, რომლის თანახმად, საგარანტიო ვადაში ხარისხის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, იკისრა უპირობო (რაც გულისხმობს, რომ საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ შემსყიდველის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა. მოთხოვნისა და/ან მოთხოვნილი თანხის ყოველგვარი დასაბუთების და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების გარეშე) და გამოუთხოვადი ვალდებულება, ამ საბანკო გარანტიის პირობების გათვალისწინებით, პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს გადაუხადოს მოთხოვნაში მითითებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა. აღნიშნული მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფას. საგარანტიო თანხა შეადგენს 109 315 ლარს. საგარანტიო ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 ივლისიდან 2022 წლის 20 ივლისამდე;

6.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. ...... პარკის) მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ხარვეზები, კერძოდ, დაზიანებულია: ვიდეო მეთვალყურეობის №31, №16, №57 და №45 კამერა, №27 და №59 კამერის მეხსიერების ბარათი, №27 კამერის გარე გამოყენების ქსელის კაბელი; მინი-ფეხბურთის მოედანზე ფეხბურთის კარის ბადეები; ძაღლის საწყურებელი; საბავშვო აქტივობების ბაქანზე თხევადი კაუჩუკის საფარი; საბავშვო ტრენაჟორი; გასამაგრებელია ტრენაჟორი; პარკის ტერიტორიაზე არსებული მშრალი ტიპის შადრევანის ელექტრო სისტემის ციფრული დროის რელე (საჭიროებს შეცვლას) და მრგვალი ტიპის შადრევანში არსებული რკინის მილები (საჭიროებს დამუშავებას და შეღებვას); დაცვის ოთახსა და სერვერის ოთახში არსებულ ორ კონდენციონერს სჭირდება შეკეთება. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ვადა 10 სექტემბრამდე განესაზღვრა.

6.8. 2021 წლის 21 სექტემბრის წერილის თანახმად, შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები მუშაობს არასტაბილურად და მუდმივად ავლენს ხარვეზებს;

6.9. 2021 წლის 24 სექტემბრის წერილის თანახმად, შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ დაცვის ოთახსა და სერვერის ოთახში დაზიანებულ კონდიციონერთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოფხვრილი არ არის;

6.10. 2021 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 18 აგვისტოს წერილით განსაზღვრული სამუშაოებიდან არ არის აღმოფხვრილი შემდეგი ხარვეზები: მინი-ფეხბურთის მოედანზე ფეხბურთის კარის ბადეები; ძაღლების საწყურებელი; საბავშვო აქტივობის ბაქანზე თხევადი კაუჩუკის საფარი; საბავშვო ატრაქციონები; არ გამაგრებულა ტრენაჟორი. ზემოაღნიშნული დარღვევებისა და ვიდეო მეთვალყურეობის №31, №16, №57 და №45 კამერა, №27 და №59 კამერის მეხსიერების ბარათი, №27 კამერის გარე გამოყენების ქსელის კაბელის აღდგენის, ასევე, დაცვის ოთახისა და სერვერის ოთახში არსებული კონდიციონერების შეკეთების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2021 წლის 27 სექტემბრის წერილით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიმწოდებელს დაარიცხა ჯარიმა;

6.11. 2021 წლის 4 ოქტომბრის წერილით შემსყიდველმა მოსარჩელეს ზემოაღნიშნული დეფექტების გამო, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №22-01212643901, 24 სექტემბრის №22-0121267773 წერილები, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების აქტი და ფოტოსურათები ადასტურებენ, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ არ იქნა გამოსწორებული გამოვლენილი დეფექტები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია როგორც შემსყიდველი მხარე უფლებამოსილი იყო გარანტისთვის მოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაეკისრებინა ჯარიმა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს და მიუთითებს, რომ მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნა და სხდომაზე მოწვეული ექსპერტის ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს რამდენიმე შემთხვევაში ვანდალიზმის არსებობას და აღნიშნული არ უნდა შეფასდეს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლად, რასაც არ ეთანხმება აპელანტი, რამდენადაც თავად დასკვნაში მითითებული გარემოება „რამდენიმე დაზიანება“, ბუნდოვანია, ექსპერტი კონკრეტულად რომელ ხარვეზიან სამუშაოებზე მიუთითებს. ხსენებული დასკვნით ცალსახად არ დასტურდება ყველა ხარვეზი იყო თუ არა კავშირში ვანდალურ აქტთან.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტმა შეისწავლა ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესრულებული იმ სამუშაოების ხარისხი, რომლის წუნზეც აპელირებდა შემსყიდველი.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას ექსპერტის დასკვნის ბუნდოვანებასთან და მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანება/ დეფექტებთან დაკავშირებით, რამდენადაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტის დასკვნა შეიცავს დეტალურ დასაბუთებას თითოეული დაზიანების შემთხვევაში, როგორ დადგინდა კონკრეტული სამუშაოების შემთხვევაში დაზიანების მიზეზები.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა ექსპერტი ს.მ–ძე, რომლის განმარტებითა და მის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ვიდეო მეთვალყურეობის №31, №57 და №45, №27 და №59 კამერის მეხსიერების ბარათისა და ვიდეო მეთვალყურეობის კამერის გარე გამოყენების ქსელის კაბელის დაზიანება და ხარვეზით მუშაობა გამოწვეულია აღნიშნულ ბოძებზე არასწორი ელ.მომარაგების შეერთების სქემით, აგრეთვე მექანიკური დაზიანების შედეგად (სავარაუდოდ ნარგავების დარგვის დროს). მინი ფეხბურთის მოედანზე ფეხბურთის კარის ბადეებზე დაზიანება გამოწვეულია არასწორი გამოყენების გამო. ძაღლების საწყურებელის დაზიანება გამოწვეულია ვანდალიზმით და არასწორი ექსპლუატაციით (გამოყენებით). საბავშვო აქტივობის ბაქანზე, თხევადი კაუჩუკის საფარის ნაწილობრივი დაზიანება არის მექანიკური ზემოქმედების (ინტენსიური ცვეთით). მოცემულ მონაკვეთებზე ინტენსიური ცვეთა გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, რაც გულისხმობს 5-6 წელს მიღმა ასაკისა და წონის მომხმარებელთა მიერ ატრაქციონების ზონის გამოყენებას. შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტის მოთხოვნებს. საბავშვო ატრაქციონებზე, ფოტო 1,2,3,6,7,10,13,17-ზე არსებული დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, ხოლო ფოტო 3,4,5,11-ზე ვანდალური ქმედებით. სატრენაჟორო ბაქანზე დამონტაჟებული ტრენაჟორები არის მიწოდებული პროექტის მოთხოვნის შესაბამისად და მათი მორყევა განპირობებულია კონსტრუქციის საპროექტო ხარვეზებით. დაცვის ოთახისა და სერვერის ოთახში არსებული კონდენციონერების შემოწმება ვერ მოხერხდა ელ. ენერგიის არქონების გამო. კონდიციონერის ექსპლუატაციის გამწევს არ გააჩნია კონდიციონერების დისტანციური მართვის პულტით ოპერირების უნარ-ჩვევები. არსებულ კონდენციონერებს ჰქონდათ 24 თვიანი საგარანტიო ვადა. შეძენის თარიღია 07.02.2019.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტის დასკვნით და მისი განმარტებით დგინდება ის გარემოება, რომ რამდენიმე დაზიანების შემთხვევაში, მიზეზია არასწორი ექსპლუატაცია და ვანდალიზმი. საბავშვო აქტივობის ბაქანზე, თხევადი კაუჩუკის საფარის ნაწილობრივი დაზიანება მექანიკური ზემოქმედების გარდა, გამოწვეულია პროექტში ხარვეზების გამო. ასევე, სატრენაჟორო ბაქანზე დამონტაჟებული ტრენაჟორები პროქტის შესაბამისად არის მიწოდებული, თუმცა მათი მორყევის მიზეზია კონსტრუქციის საპროექტო ხარვეზები. ექსპერტი ამ შემთხვევებში, ცალსახად ადასტურებს, რომ სამუშაოები შესრულდა პროექტის შესაბამისად და კონკრეტული დაზიანებების მიზეზია პროექტში ხარვეზები, რაც არ შეიძლება შეფასდეს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლად. შესაბამისად, დგინდება, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში, არ არის დადგენილი ისეთი წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი), რომელიც გამოწვეული იქნებოდა მიმწოდებლის მიერ უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით. შესაბამისად, მოსარჩელეს ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის თანახმად არ ეკისრება ვალდებულება საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას წუნი. ვინაიდან, სს „ა.დ–ვის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა საგარანტიო ვადაში, მიმწოდებელ/პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემსყიდველი/ბენეფიციარი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გარანტისაგან დეფექტებზე პასუხისმგებლობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის თანხა 109 315 ლარის ოდენობით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში:

13.1. კასატორმა მიუთითა წინამდებარე განჩინების 6.7 – 6.11 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა მიმწოდებელი კომპანიის მიერ არ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული, კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, შემსყიდველს წარმოეშვა უფლება მოეთხოვა სს „ა.დ–ვისგან“ 2020 წლის 21 ივლისის NCQB/20-000467 „დეფექტებზე პასუხისმგებლობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით“ გათვალისწინებული თანხა - 109 315 ლარი.

13.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანია და ცალსახად არ დასტურდება ის გარემოება ყველა ხარვეზი იყო თუ არა კავშირში ვანდალურ აქტთან;

13.3. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკასა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯარიმო თანხით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიური განვითარების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს - მიყენებულ ზიანს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ არ არსებობდა გარანტის მიმართ ბენეფიციარის/შემსყიდველის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხი იმაში მდგომარეობს, წარმოშობილია თუ არა საბანკო გარანტიის გაცემის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობები.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტია კომერციულ ურთიერთობებში კრედიტის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საიმედო და გავრცელებული საშუალებაა. საქართველოში საბანკო გარანტია ხშირად გამოიყენება სახელმწიფო ტენდერების ან სახელმწიფო შეკვეთების განხორციელებისას. მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან შედარებით მდგომარეობს გარანტისაგან დაკმაყოფილების დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობაში. გარდა ამისა, საბანკო გარანტიის უკან დგანან ფინანსურად ძლიერი ორგანიზაციები, როგორიცაა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, რომელთა სიტყვას ავტორიტეტიც აქვს და ფასიც (იხ. ჭანტურია ლ., კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 204).

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს თანხის გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა.

22. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

23. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულება დამოუკიდებელია ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობიდან. გარდა ამისა, გარანტს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს შესრულებაზე და ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საფუძლად უდევს საბანკო გარანტიას (იხ. ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ., სახელშეკრულებო სამართალი, 2014, 577).

24. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ დადგინდეს ბენეფიციარის მოთხოვნის უფლების არსებობა/არარსებობის საკითხი, საჭიროა, შეფასდეს სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი წუნი ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით იყო თუ არა გამოწვეული.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

26. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნარდობის საგნის მიმართ საგარანტიო ვადის დაწესების შესაძლებლობას და სწორედ ამ ვადის განმავლობაში შეიძლება შემკვეთს წარმოეშვას მეორადი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდის მიმართ. საგარანტიო ვადის დაწესება ემსახურება შემკვეთის ინტერესს, ეფექტურად, გარანტირებულად გამოიყენოს ნაკლიანი შესრულებით წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის უფლებები მენარდის მიმართ (იხ. სუსგ საქმე Nას-512-2022, 10 ნოემბერი, 2022 წელი).

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

29. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 6 მარტი 2017 წელი).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან ნაკლიან შესრულებას გამორიცხავდა, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი შემსყიდველს უნდა ეკისრა, რომელსაც სასამართლოსათვის იმგვარი პირდაპირი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომლებიც ფაქტობრივ დაზიანებებთან ერთად დაადასტურებდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევასა და ამ ქმედებასა და დაზიანებებს შორის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს (იხ. სუსგ საქმე Nას-1790-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. ამასთან, სს „ა.დ–ვამ“ პრინციპალის / მიმწოდებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2020 წლის 21 ივლისს გასცა დეფექტებზე პასუხისმგებლობის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, საგარანტიო ვადაში ხარისხის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, იკისრა უპირობო (რაც გულისხმობს, რომ საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ შემსყიდველის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა. მოთხოვნისა და/ან მოთხოვნილი თანხის ყოველგვარი დასაბუთების და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების გარეშე) და გამოუთხოვადი ვალდებულება, ამ საბანკო გარანტიის პირობების გათვალისწინებით, პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს გადაუხადოს მოთხოვნაში მითითებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა. აღნიშნული მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფას. საგარანტიო თანხა შეადგენს 109 315 ლარს.

33. მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გარანტორისგან მოთხოვნის უფლების გამოყენების მართლზომიერებას აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №22-01212643901, 24 სექტემბრის №22-0121267773 წერილები, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების აქტი და ფოტოსურათები ადასტურებენ, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ არ იქნა გამოსწორებული გამოვლენილი დეფექტები.

34. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტმა შეისწავლა ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შესრულებული იმ სამუშაოების ხარისხი, რომლის წუნზეც აპელირებდა შემსყიდველი. სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა ექსპერტიც, რომლის განმარტებითა და მის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არსებული დაზიანებები გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და ვანდალიზმით (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). შესაბამისად, არ დგინდება, რომ ის ნაკლოვანებები/დეფექტი, რომლის გამოსწორებასაც შემსყიდველი მენარდეს სთხოვდა გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით.

35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის ზემოთ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №22-01212643901, 24 სექტემბრის №22-0121267773 წერილები, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს შედგენილი ინსპექტირების აქტი და ფოტოსურათები. მოპასუხეს ხელშეკრულების ობიექტზე მიმწოდებლის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ გამოვლენილი დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ რაიმე კვლევა არ უწარმოებია. შემსყიდველს საქმეში არ წარუდგენია აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ შედგენილი დასკვნა. საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება, რომ დაზიანებები მიმწოდებლის უხარისხო ან/და ნაკლიანი შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხისათვის მიყენებულ ზიანში მოსარჩელის ბრალეულობა, რაც საბანკო გარანტიის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-550-2023, 20 მარტი, 2024 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე