Facebook Twitter

საქმე №ას-174-2024

13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.ზ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.გ–ძე, ნ.ნ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებების ბათილად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხ.ზ–ნმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ნ.ნ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი 26.05.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე, 24.04.2019წ. შეთანხმება 26.05.2018წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და გაუქმდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 26.05.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება; ბათილად იქნას ცნობილი 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე, 24.04.2019წ. შეთანხმება 01.06.2018წ. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ და გაუქმდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება; გაუქმდეს 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 04.11.2020წ. გაცემული N200900497 სააღსრულებო ფურცელი.

2. პირველმა მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, ხოლო მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელემ 25.05.2018წ. გასცა მინდობილობა მეორე მოპასუხის მიმართ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით: 180602518. მინდობილობა გაიცა ექვსი თვის ვადით.

6.2. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, მეორე მოპასუხეს მიენიჭა უფლება, იპოთეკით დაეტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ……., ფართი N2, 65,65 კვ.მ და სარდაფი ფართით 44,81 კვ.მ, ს.კ. N………. (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება”).

6.3. მეორე მოპასუხეს მინდობილობით აგრეთვე მიენიჭა უფლება, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების პირობები განესაზღვრა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე, უფლებამოსილი იყო შეეტანა მათში ნებისმიერი სახის ცვლილებები და/ან მოეხდინა მათი გაუქმება, მოეწერა ხელი მიმნდობის მაგივრად შესაბამის ხელშეკრულებებზე, ყოფილიყო წარმომადგენელი იუსტიციის სახლში, სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრში, დაერეგისტრირებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში, მიეღო ფული, შეეკრიბა, წარედგინა და/ან მიეღო ყველა საჭირო ცნობები და დოკუმენტები, მიმნდობის მაგივრად მოეწერა ხელი შესაბამის დოკუმენტებზე, ხელშეკრულებებზე, განცხადებებზე, შეთანხმებებზე და შეესრულებინა სხვა მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ დავალებების შესრულებასთან.

6.4. მოპასუხეთა შორის 26.05.2018წ. დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხეზე გაიცა სესხი 82 000 ლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, ყოველთვიურად 25%-ის დარიცხვითა და გადახდით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით აღსრულებამდე.

6.5. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება.

6.6. 24.04.2019წ. მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 26.05.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა 26.11.2018წ.-დან გაიზარდა 26.11.2019წ.-მდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

6.7. მოპასუხეთა შორის 01.06.2018წ. კვლავ დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხეზე გაიცა სესხი 9 000 ლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, ყოველთვიურად 25%-ის დარიცხვითა და გადახდით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით აღსრულებამდე.

6.8. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება.

6.9. 24.04.2019წ. მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა 01.12.2018წ.-დან გაიზარდა 30.10.2019წ.-მდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

6.10. მეორე მოპასუხემ არ შეასრულა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 04.11.2020წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი განმარტავს, რომ მინდობილობის გაფორმების დროს მოსარჩელე იყო ასაკში, ენდობოდა შვილიშვილს და არ იცოდა რა დოკუმენტს აწერდა ხელს და რა სამართლებრივი რისკები ახლდა აღნიშნულ ხელმოწერას. მოსარჩელე არ საჭიროებდა სესხის აღებას და მას არ ჰქონია რაიმე ურთიერთობა პირველ მოპასუხესთან. ამასთან, ამ უკანასკნელის პოზიციით, სესხის თანხა გადაეცა პირადად მოსარჩელეს, შესაბამისად, გაურკვეველია რა საჭირო იყო მინდობილობის გაცემა, თუ სესხს თავად მოსარჩელე მიიღებდა.

8. სააპელაციო პალატამ მოიხმო ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის (საჯარო აქტის შედგენის წესი) პირველი და მე-5 პუნქტები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი 25.05.2018წ. მინდობილობით დასტურდება, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა მოსარჩელის ქმედუნარიანობა, დაადგინა მისი ნების გამოვლენის ნამდვილობა და მინდობილობის შინაარსი, შეადგინა მინდობილობა, წაუკითხა და განუმარტა მოსარჩელეს მისი შინაარსი; მოსარჩელემ წაიკითხა წინამდებარე მინდობილობა და განაცხადა, რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მის ნებას, რის შემდეგაც მან ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერა ხელი მინდობილობას. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, დგინდება, რომ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედება შესრულდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო აპელანტს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია.

9. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა მინდობილობით მეორე მოპასუხისათვის მინიჭებულ, წინამდებარე განჩინების 6.3 პუნქტში აღნიშნულ უფლებამოსილებებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განმარტება მინდობილობის გაცემის საჭიროებასთან მიმართებით.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ აღნიშნული გარემოებები, რომ პირველ მოპასუხეს შემოსავალი არ უფიქსირდება, ასევე, სასამართლომ არ მიუთითა თუ რა იყო სესხის დანიშნულება და როგორ დაუკავშირდნენ მხარეები ერთმანეთს, არ ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არარსებობას და, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება რომ: „მხარეთა შეთანხმებით იპოთეკარმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო იგი“. აპელანტის მითითების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადგენს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიდიოდნენ და სწორედ ამიტომ მოაწერა მან დოკუმენტს ხელი; სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არის შეთანხმება მსესხებელსა და გამსესხებელს შორის, რომელსაც ხელს სწორედ ეს ორი პირი უნდა აწერდეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას სანოტარო ბიუროში მეორე მოპასუხე არ ესწრებოდა, რაც მოწმობს, რომ აპელანტს სურდა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ იგი ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მივიდა და სწორედ აღნიშნულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რადგან მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამასთან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ საქმეში წარდგენილი 24.04.2019წ. ხელშეკრულებით დგინდება, რომ: „ნოტარიუსის მიერ დადგენილ იქნა მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, შეადგინა შეთანხმება, რომელიც წაუკითხა მათ. მხარეებმა წაიკითხეს იგი და განაცხადეს, რომ შეთანხმება სრულად შეესაბამება მათ ნებას და მისი თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი შეთანხმებას“.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. 26.05.2018წ. და 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები არის ფიქტიური გარიგებები;

14.2. მოპასუხეებმა 2019 წლის 24 აპრილს მოსარჩელე პირადად წარადგინეს ნოტარიუსთან ხელშეკრულებისა და მინდობილობის გაუქმების მიზნით, თუმცა აღნიშნულის ნაცვლად მათ მოტყუებით ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებაზე. მოსარჩელისათვის არავის გაუცვნია თავდაპირველი ხელშეკრულებების შინაარსი და, შესაბამისად, მათ გაგრძელებაზე იგი ხელს ვერ მოაწერდა;

14.3. 25.05.2018წ. მინდობილობის საფუძველზე ორი ხელშეკრულების თანაარსებობის უფლება მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის არ მიუნიჭებია. 26.05.2018წ. ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს 01.06.2018წ. ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, ხოლო ეს უკანასკნელი ხელშეკრულება ბათილია, როგორც ფიქტიური ხელშეკრულება, ვინაიდან არც პირველ და არც მეორე მოპასუხეს მოსარჩელისათვის არანაირი თანხა არ მიუციათ;

14.4. 26.05.2018წ. ხელშეკრულების მე-7 პუნქტი და 01.06.2018წ. მე-6 პუნქტი ასახავს იდენტური შინაარსის ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სრულად გადასცა თანხა, ხოლო მსესხებელმა კი აღნიშნული თანხა სრულად მიიღო, თუმცა ეს დებულება რეალურ მოვლენებს არ ასახავს. აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სტანდარტულ დებულებას, რომელიც ასახულია ნოტარიუსის მიერ შედგენილ ყველა სესხის ხელშეკრულებაში;

14.5. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს არ გააჩნია შემოსავლები და, შესაბამისად, წარმოუდგენელია მას ჰქონოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის სესხად გაცემის საშუალება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პირველ მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. საქმეში წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ცნობა პირველი მოპასუხის ფინანსური შესაძლებლობებისა და შემოსავლის შესახებ, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებით, ეს ინფორმაცია პირის აქტივს არ ამოწურავს.

14.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ასევე სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ მოპასუხეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები იყო ფიქტიური, მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია; ხოლო, სესხის ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებებზე მოსარჩელემ ხელი მოაწერა მოპასუხეთა მხრიდან მოტყუების შედეგად.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი] და 624-ე [სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით] მუხლებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, თუმცა ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს. მნიშვნელოვანია, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთს კი სესხის თანხის დაფარვის დადასტურება წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე Nას-819-767-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი).

23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ საქმე Nას-862-812-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე, დაასკვნას განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (იხ. სუსგ საქმე Nას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).

24. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებები დაიდო ფიქტიურად და მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარდგენილი 26.05.2018წ. ხელშეკრულების მე-7 პუნქტისა და 01.06.2018წ. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად: „იპოთეკარმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო იგი“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20, 30). კასატორს აღნიშნული ჩანაწერის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გამსესხებელს/პირველ მოპასუხეს შემოსავალი არ უფიქსირდება, იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რომ პირველ მოპასუხეს მსესხებლისთვის სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები არ გადაუცია.

25. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს, რომ 25.05.2018წ. მინდობილობით მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს მიანიჭა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების, ასევე, მისი კუთვნილი სადავო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-39). აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს მინდობილობის მოქმედების ვადაში რწმუნებულის/მეორე მოპასუხის მიერ ერთდროულად ორი ან მეტი სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულების დადების უფლებას, მინდობილობა ამგვარი შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს არ შეიცავს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ მინდობილობით მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის ორი ხელშეკრულების თანაარსებობის უფლება არ მიუნიჭებია.

26. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შესაბამისი პუნქტები გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ თანხის მიღების თაობაზე, სტანდარტულ პირობას წარმოადგენს.

27. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად: 1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები; 2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები; 3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები; 4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს; 5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა (იხ. სუსგ საქმე Nას-755-811-2011, 10 სექტემბერი, 2012 წელი). სტანდარტული პირობების მთელ არსს კონკრეტული ხელშეკრულების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. ფორმულარი ხელშეკრულება, რომელსაც სტანდარტული პირობებით იყენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი დოკუმენტი „ტიპობრივ სახელშეკრულებო ფორმულარად“ არის მოხსენიებული. მისი გამოყენება აიოლებს და ორმაგად აჩქარებს თანამედროვე ეპოქაში არსებულ ტენდენციას - ხელშეკრულება შედგენილ იქნეს სწრაფად და მისმა მონაწილე პირებმა დრო არ დაკარგონ ცალკე ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებისთვის. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები, რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისათვის საერთოა. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაარსის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ. სტანდარტული პირობების კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამ პირობაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება კანონის დისპოზიციური ნორმები და ნებისმიერი სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმას, არის ბათილი (იხ. სუსგ საქმე Nას-812-2022, 05 ოქტომბერი, 2022 წელი).

28. განსახილველ შემთხვევაში 26.05.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 პუნქტი და 01.06.2018წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 პუნქტი არ პასუხობს სტანდარტულ პირობად მიჩნევისათვის სავალდებულო მოთხოვნებს. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებები დადებულია ფიზიკურ პირებს შორის და სახეზე არ არის მრავალრიცხოვან მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობა, რომლის დროსაც გამოიყენება ზოგადად სტანდარტული პირობები. ამასთან, თავად აღნიშნული პუნქტებით არ ხდება კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. არამედ, ეს პირობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ინდივიდუალურად შეთანხმებულ პირობას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკარმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო ამ უკანასკნელმა სრულად მიიღო იგი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20, 30).

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების თაობაზე 24.04.2019წ. შეთანხმებების მოტყუებით დადების თაობაზე და განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

30. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

31. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; Nას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი; Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

32. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ, ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე Nას-1214-1159-2013, 10 მარტი, 2014 წელი; Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი). გარიგების მოტყუებით დადების ფაქტის დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.

33. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ სადავო 24.04.2019წ. გარიგებები დაიდო მოტყუებით, კერძოდ, მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა იმგვარი ობიექტური ვითარების შექმნას, რომელმაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა მისთვის სასურველი, ნამდვილი ნების გამოვლენაში და რომლის (მოტყუების) გარეშეც გარიგებები არ დაიდებოდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სადავო შეთანხმებებზე მისი ხელმოწერა სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, აღნიშნული შეთანხმებების თანახმად, ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, შეადგინა შეთანხმება, რომელიც მხარეებმა წაიკითხეს და განაცხადეს, რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს მას ხელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27, 37). კასატორს ამ მსჯელობის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხ.ზ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე