Facebook Twitter

საქმე №ას-1657-2023

13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჩ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ს.კ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ლ.ჩ–ნი, ნ.ჩ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ.ს.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჩ–ნის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ლ.ჩ–ნისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ნ.ჩ–ნის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ე.ჩ–ის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) უფლებამონაცვლეებად; მოპასუხეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., ს.კ. ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „იპოთეკის საგანი“) მესაკუთრეებად და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს აღნიშნული ქონების მოპასუხეთა სახელზე რეგისტრაცია; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 23 065,29 ლარის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17 797,19 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 268,10 ლარი და პირგასამტეხლო - 2 000 ლარი; მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იძულებითი აღსრულება მიექცეს მეორე მოპასუხის ქონებაზე.

2. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო პირველმა და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად და ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მოპასუხეთა სახელზე; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 21 565,29 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 17 797,19 ლარი, სარგებელი 3 268,10 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი; დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

4. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს (აპელანტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ მხოლოდ მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელეს, მსესხებელს - მამკვიდრებელს და თანამსესხებელს - მეორე მოპასუხეს შორის 2019 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N GCL-SME-B/IPO-076-2019 ხელშეკრულება, რომლითაც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 ლარით. ხელშეკრულებაში მეორე მოპასუხის მისამართად მიეთითა: ქ. ქუთაისი, ......., ხოლო ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის კონტაქტი ხორციელდებოდა ხელშეკრულებაში აღნიშნულ მისამართებზე (13.1); იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი შეიცვლიდა ადგილსამყოფელს, ელ. ფოსტას ან ტელეფონის ნომერს, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობებინა გამსესხებლისთვის (13.4); წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე გავრცელდებოდა ხელშეკრულებით დადგენილი წესები (13.6) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20-28).

6.2. მხარეთა შორის 2019 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა N GCL-SME-B/IPO076-01 კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებზე გაიცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით (2023 წლის 25 ოქტომბრამდე). კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0,27%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებაში მეორე მოპასუხის მისამართად მიეთითა: ქ. ქუთაისი, ....... (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29-37).

6.3. მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-49).

6.4. მსესხებელი (მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 2020 წლის 04 ივლისს. მას გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრებაში გააჩნდა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-39, 50).

6.5. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე - მეორე მოპასუხე და შვილები - პირველი და მესამე მოპასუხეები.

6.6. მემკვიდრეებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 06 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ორგანოში არ წარუდგენიათ, შესაბამისად, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51, 62, 111-112, 118).

6.7. მოსარჩელემ 2021 წლის 18 მარტს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ….. N7/63, შეტყობინება გაუგზავნა მამკვიდრებლის მემკვიდრეს - მეორე მოპასუხეს, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,როგორც ჩვენთვის ცნობილია, სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების შესახებ თქვენი განცხადება რეგისტრირებული არაა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ სამკვიდრო მიღებულია ფაქტობრივი ფლობით, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაფაროთ [მოსარჩელის] მიმართ არსებული დავალიანება სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“. აღნიშნული შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა, თუმცა მოსარჩელემ საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით შეტყობინება მეორე მოპასუხეს კვლავ გაუგზავნა, რაც მან 2021 წლის 22 მაისს ჩაიბარა საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, …… (იხ. ტ. 1, ს.ფ. 56-58).

6.8. ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, მეორე მოპასუხე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისი, ….. (იხ. ტ. 1, ს.ფ. 84-85).

6.9. დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელსა და მინდობილობებში პირველი და მესამე მოპასუხეების მისამართად მითითებულია: ქ. ქუთაისი, ……., ბინა N63 (იხ. ტ. 2, ს.ფ. 7, 21-26).

6.10. დადგენილია, რომ გზავნილი - მოსარჩელის სარჩელი თანდართული მასალებით მეორე მოპასუხეზე გადასაცემად ჩაიბარა მისმა შვილმა - პირველმა მოპასუხემ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, …….. გზავნილი არ შეიცავს მითითებას, რომ მეორე მოპასუხე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 91).

6.11. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხისათვის ქ. ქუთაისში, …… ში სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება 2022 წლის 24 თებერვალს მას პირადად ჩაბარდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 124-125), ხოლო ამავე მისამართზე პირველი და მესამე მოპასუხეებისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, ადრესატებისათვის გადასაცემად ჩაიბარა დედამ, მეორე მოპასუხემ, 2022 წლის 15 აგვისტოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 43-46). გზავნილები არ შეიცავს მითითებას, რომ ადრესატები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ.

6.12. სარჩელის წარდგენამდე - 2021 წლის 07 მაისის მდგომარეობით, მოვალეს ერიცხებოდა კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 23 065,29 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 17 797,19 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 268,10 ლარი და შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლო - 2 000 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61; მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

6.13. სადავო უძრავი ქონება სარჩელის შეტანის დროისათვის კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-39).

6.14. მეორე მოპასუხემ 2021 წლის 02 დეკემბერს წარადგინა შესაგებელი, სადაც მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიღებული ჰქონდათ შვილებს - პირველ და მესამე მოპასუხეებს (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ. 93-106).

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: გარდაცვლილი მოვალის - მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, მეორე მოპასუხემ (მეუღლე) მიიღო თუ არა სამკვიდრო; მამკვიდრებლის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეებს კრედიტორმა/ მოსარჩელემ წარუდგინა თუ არა მოთხოვნა კანონით გათვალისწინებულ ვადაში და არსებობს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა მტკიცებაც, სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ -მეორე მოპასუხემ (მეუღლე) შვილებთან ერთად ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლის სამკვიდრო, მათ შორის, სადავო უძრავი ქონება, წარადგინა საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც თანამსესხებელს - მეორე მოპასუხეს მის საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს: ქ. ქუთაისი, ……; ასევე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ერთი წლის ვადაში იმავე მისამართზე მეორე მოპასუხისათვის საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით გაგზავნილი გაფრთხილების წერილის ჩაბარების დასტური; გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა სასამართლო უწყებებზე, რომლებიც მეორე მოპასუხეს იმავე მისამართზე აქვს ჩაბარებული. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში (13.6 პუნქტი) გაკეთებული დათქმის შესაბამისად, მეორე მოპასუხეს კრედიტორისთვის მისამართის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებია, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მეორე მოპასუხეს კრედიტორის გაფრთხილების წერილი და სასამართლო უწყება ჩაბარდა მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც იმავდროულად მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხე შვილებთან - პირველ და მესამე მოპასუხეებთან ერთად ფაქტობრივი ფლობით დაუფლებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს, რაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისა და ამ ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს, როგორც მამკვიდრებლის მემკვიდრეს, დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნა გაუგზავნა 2021 წლის 18 მარტს, ხოლო საქმეში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ამ დრომდე მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე კრედიტორის ინფორმირებულობას დაადასტურებდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მითითებულ დროს (18.03.2021წ.) შეიტყო მოსასარჩელემ მოვალის გარდაცვალების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2021 წლის 10 სექტემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 74), აღნიშნული ადასტურებს, რომ მოთხოვნა მამკვიდრებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით წარდგენილია სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში.

10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის - პირველი და მესამე მოპასუხეებისათვის სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი და მესამე მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორისათვის ცნობილი გახდა თავდაპირველ სარჩელზე 2021 წლის 02 დეკემბერს წარდგენილი შესაგებლით, რის შემდეგაც 2022 წლის 18 მარტს დაზუსტებული სარჩელი ასევე წარდგენილ იქნა პირველი და მესამე მოპასუხეების მიმართ. მოპასუხეებს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უფლებამონაცვლედ ცნობის, სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხეთა სახელზე აღრიცხვისა და მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და გამომდინარეობს სსკ-ის 1421-ე, 1433-ე და 1484-ე მუხლებიდან.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1, 301.1, 301.11 მუხლებით, ასევე, მიუთითა იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. იგი გასაჩივრებულ განჩინებას დაეთანხმა მხოლოდ მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილი არასწორად განმარტა;

14.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2021 წლის 18 მარტს, თუმცა აღნიშნული თარიღიდან მომდევნო 06 თვის განმავლობაში მოსარჩელეს არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს პრეტენზიის საჯარო ან კერძო აქტით რეგისტრაციის მიზნით და არც სარჩელი წარუდგენია სასამართლოში პირველი და მესამე მოპასუხეების მიმართ;

14.3. სააპელაციო სასამართლო კრედიტორის ქმედებას იმ გარემოებით ამართლებს, რომ მან პირველი და მესამე მოპასუხეების შესახებ შეიტყო შესაგებლის გაცნობის შემდეგ, 2021 წლის 02 დეკემბერს და მათ მიმართ დაზუსტებული სარჩელი აღძრა 2022 წლის 18 მარტს, რითაც დაიცვა კანონის მოთხოვნები. თუმცა, აღნიშნული პოზიცია არის მცდარი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კრედიტორის სახელზე გაცემული დოკუმენტი - სსგს სამოქალაქო რეესტრის პასუხი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, საიდანაც ნათლად ირკვევა, რომ კრედიტორმა იცოდა მამკვიდრებლის შვილების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის 07 ივნისს;

14.4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმე Nას-1414-2019 და Nას-1787-2019) თანახმად: „მითითებული ნორმა ადგენს, რომ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მოთხოვნა უნდა წარედგინოს იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა მიმართოს ნოტარიუსს და ნოტარიუსთან დაარეგისტრიროს წერილობითი განცხადება (პრეტენზია) საჯარო ან კერძო აქტის სახით;

14.5. საკასაციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების (საქმე Nას-570-2020) თანახმად: „სასამართლოში მიმართვის გზით მოთხოვნის წაყენების შემთხვევა თავის თავში მოიაზრებს იმ მიზანს, რა მიზნითაც არსებობს 1488-ე მუხლის დანაწესი - მოვალის მემკვიდრეებმა გარკვეულ ვადაში შეიტყონ, ედავება თუ არა მათ კრედიტორი. ამდენად, სარჩელის აღძვრით სრულიად შესაძლებელია 1488-ე მუხლით დადგენილი მიზნის მიღწევა“;

14.6. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორმა პირველი და მესამე მოპასუხეების მიმართ სარჩელი აღძრა სამკვიდროს გახსნის (მოვალის გარდაცვალების) შესახებ შეტყობიდან (18.03.2021) არა 6 თვის ვადაში, არამედ 1 წლის შემდეგ - 2022 წლის 18 მარტს. ამასთან, მემკვიდრეების არსებობის შესახებ კრედიტორს ინფორმაცია ჰქონდა 2021 წლის 07 ივნისს, საიდანაც მხოლოდ 9 თვისა და 11 დღის შემდეგ მოხდა სარჩელის შეტანა;

14.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2020 წლის 25 აგვისტოდან, შესაბამისად, სსკ-ის 1488.2 მუხლით დადგენილი ერთწლიანი ვადა დასრულდა 2021 წლის 25 აგვისტოს, თუმცა კრედიტორს ამ ვადაში პირველი და მესამე მოპასუხის მიმართ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია. მოსარჩელემ მათ მიმართ სარჩელი აღძრა მოთხოვნის დადგომიდან 18 თვისა და 21 დღის გასვლის შემდგომ;

14.8. ამდენად, უტყუარად დადგენილია, რომ კრედიტორმა დაარღვია სსკ-ის 1448.1 და 1488.2 მუხლებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

21. კასატორი დავობს, რომ მოსარჩელეს/კრედიტორს პირველი და მესამე მოპასუხეების, როგორც მოვალის მემკვიდრეების, მიმართ დავალიანების დაფარვის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის, როგორც გამსესხებლის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მსესხებლის მემკვიდრეებისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484.1. მუხლი [მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად]. თუმცა, გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა იმავე კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს [მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად; თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან; ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას].

23. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების თაობაზე. იმავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი, 2017 წელი).

25. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. საკასაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, არასაკმარისია. მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს ან კრედიტორისათვის არ არის ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

26. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

27. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ პირველ და მესამე მოპასუხეებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ორგანოში არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის; დადგენილია ასევე, რომ პირველ და მესამე მოპასუხეებს მამკვიდრებლის სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი დაუფლების გზით, ხოლო წინამდებარე სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხებოდა; როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თავდაპირველად მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა მეორე მოპასუხის მიმართ, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნულ სარჩელზე 2021 წლის 02 დეკემბერს წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ მის შვილებს - პირველ და მესამე მოპასუხეებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 93-106), რის შემდგომაც მოსარჩელემ 2022 წლის 18 მარტს, სამოქალაქო კოდექსის 1488.1 მუხლით დადგენილ ვადაში, სარჩელი ასევე წარადგინა პირველი და მესამე მოპასუხეების მიმართ. მოპასუხეებმა, მათი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარუდგინეს იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მოსარჩელისათვის მეორე მოპასუხის მიერ თავდაპირველ სარჩელზე შესაგებლის წარდგენამდე (02.12.2021წ.) ცნობილი იყო მამკვიდრებლის დანარჩენი მემკვიდრეების, შვილების - პირველი და მესამე მოპასუხეების არსებობის თაობაზე. კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელისათვის მამკვიდრებლის შვილების - პირველი და მესამე მოპასუხეების შესახებ ცნობილი იყო 2021 წლის 07 ივნისს. საქმეში წარდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტოს 14.06.2021წ. წერილიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 07 ივნისის წერილით მოსარჩელე ითხოვდა ინფორმაციას მამკვიდრებლის რეგისტრირებული ქორწინებისა და შვილების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 62), რაც არათუ ადასტურებს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის კასატორის მითითებასთან, რომ მოსარჩელისათვის განცხადების წარდგენის დროისათვის ცნობილი იყო აღნიშნული მემკვიდრეების არსებობის შესახებ.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ჩ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე