საქმე №ას-626-2024 15 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.გ.თ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.გ–ძემ სარჩელი აღძრა შპს „კ.გ.თ–სის“ მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე ნ.გ–ძის წარმომადგენელმა - ნ.ქ–ამ, წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, რაც საპატიო მიზეზად უნდა მიეჩნია სასამართლოს. მხარის მტკიცებით, იგი პროცესის გამართვის დღეს იმყოფებოდა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მშობლებთან, საიდანაც აპირებდა სასამართლოში წასვლას, თუმცა შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, დასჭირდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროებდა შემდგომ კვლევებს, ის ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, ნ.გ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
11. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად დარჩეს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (იხ. სუსგ. საქმე №ას-1390-2023, 30 სექტემბერი, 2024 წელი).
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
15. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
17. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2024 წლის 17 იანვარს 10:00 საათზე. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შესაბამისი მითითებებით აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ნ.ქ–ას სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2023 წლის 11 დეკემბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 152). საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, ასევე არ გამოცხადებულა აპელანტი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელიც, რომელმაც სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ. ხაზგასასმელია, რომ სააპელაციო პალატამ, აპელანტის წარმომადგენლის ხსენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა გადაიდო 2024 წლის 24 იანვარს 10:00 საათზე. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შესაბამისი მითითებებით აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ნ.ქ–ას, სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2024 წლის 17 იანვარს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 178). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის ზეპირ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადებულა აპელანტი/მისი წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ცნობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ ცნობის, ასევე, საქმის განხილვის გადადების წინაპირობების შესახებ, 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით მან დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
19. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა მისი გამოუცხადებლობა. კერძოდ, მხარემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა შსს ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მიერ 2024 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობა N16, სადაც მითითებულია, რომ ნ.ქ–ა 2024 წლის 24 იანვარს დილით დაახლოებით ათის ნახევარზე იმყოფებოდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მშობლებთან, სადაც მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება ბინაზე. ნ.ქ–ას ობიექტურად აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია. იგი საჭიროებდა შემდგომ კვლევებს. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ამავე დღის 10 საათზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 222).
20. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია, მას წინასწარ არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინება, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო, ამასთან, მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინების განხორციელება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.). გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ საკასაციო სასამართლოში არ არის წარმოდგენილი 2024 წლის 21 ივნისის ცნობაში აღნიშნული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო თავად ცნობა გაცემულია სადავო სხდომის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ - 2024 წლის 21 ივნისს, და მხარეს არც კი უცდია სასამართლოსთვის ამგვარი შეუსაბამობის ფაქტი აეხსნა.
21. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1412-2018, 2018 წლის 10 დეკემბერი, სუსგ Nას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტი).
22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო საჩივრის ავტორმა, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარემ, ვერ უზრუნველყო საპროცესო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საკასაციო სასამართლოს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მხარის ქმედებები ემსახურებოდა არა მხარის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის, არამედ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს, რაც სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით (იხ.სუსგ.Nას-1566-2023,30.01.2024). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი