საქმე №ას-917-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ..-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ნ–ძის (შემდგომ – მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), გ.ც–ძის, ლ.ყ–სა და კ.ნ–ძის (შემდგომ – სოლიდარული მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეთათვის სოლიდარულად ფულადი ვალდებულების შესრულების, დავალიანების - 5404,38 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4407,82 ლარი, სარგებელი - 607,06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 389,5 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა №5372359-3978 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს 150 დღის ვადით ასესხა 4880 ლარი. სესხის თვიური სარგებელი განისაზღვრა 5.77%-ით. მსესხებელს დავალიანება უნდა დაეფარა 2017 წლის 28 ოქტომბრამდე. ჯარიმა ვადაგადაცილებულ თითოეულ დღეზე შეადგენდა სესხის ნაშთის 0.41%-ს. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულმა მოპასუხეებმა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად, მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
3. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ 1598,17 ლარის ოდენობით შეასრულა. სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოპასუხის პოზიცია:
4. მსესხებელმა და სოლიდარულმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს, თუმცა კრედიტორმა გადახდილი თანხის დიდი ნაწილი ჯარიმის სახით გადახდილად ჩათვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ, 2017 წლის 31 მაისის სესხის №5372359-3978 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 5404,38 ლარის გადახდა, საიდანაც 4407,82 ლარი არის სესხის ძირი, 607,06 ლარი - პროცენტი, 389,5 ლარი კი - ჯარიმა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 268-ე, 286-ე 301-ე, 302-ე, 316-317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 623-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
7. ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მსესხებელი მოპასუხის საჩივარი ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, საქმის მასალების შესაბამისად, რაიონული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 6 აპრილს, 12:30 საათზე, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ იგი საქმის განხილვაზე 10-15 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, იცდიდა სასამართლოს ფოიეში, თუ როდის დაუძახებდნენ. 15 წუთის ლოდინის შემდეგ თავად იკითხა სხდომის შესახებ, რაზეც განუმარტეს, რომ სხდომა დასრულდა. დაგვიანება გამოწვეული იყო მსესხებელი მოპასუხის შეუძლოდ ყოფნით, კერძოდ, მას ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა. სასამართლო ვალდებული იყო, დაკავშირებოდა და ეკითხა დაგვიანების მიზეზი, რაც არ განხორციელდა. ამასთან, მხარე სოციალურად დაუცველია და დაკისრებულ თანხას ვერ გადაიხდიდა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით გამოცხადება გამოწვეული იყო არა მისი მხრიდან გულგრილობითა და იურიდიული ინტერესის არარსებობით, არამედ მისი ცუდად ყოფნით.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილთან, 241-ე და 233-ე მუხლებთან დაკავშირებით, ასევე, მიუთითა ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73-ე მუხლზე, მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველ ნაწილებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დროულად სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მსესხებელმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
13. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. იგი იცდიდა სასამართლო შენობის ფოიეში, თუმცა პროცესის დაწყების შესახებ მისთვის არავის უცნობებია. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეს საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება არ მიეცა. შედეგად სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელად საპროცესო ნორმების მკაცრი და ფორმალური ინტერპრეტაციით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. კასატორის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთება სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არა მარტო იმ მოტივით, მოთხოვნა შეესაბამებოდა თუ არა მატერიალური სამართლის ნორმებს, არამედ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა დაცული მოპასუხის უფლებები.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 6 აპრილს, 12:30 საათზე, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული გარემოება არც კასატორს სადავოდ არ გაუხდია.
19. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. მოსარჩელემ საქმის განხილვის მიმდინარეობისას იშუამდგომლა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
20. კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დააფუძნა იმ არგუმენტს, რომ სადავო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, იცდიდა შენობის ფოიეში, თუმცა მას პროცესის დაწყების შესახებ არ ეცნობა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას (როცა არ ცხადდება მოპასუხე).
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველ ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ-ის 233.1. მუხლი).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში სადავო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში მოპასუხემ საქმის განხილვაზე საკუთარი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სხდომის დღეს შეექმნა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოში გამოცხადდა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. შენობის ფოიეში ელოდა სხდომის დაწყებას და გარკვეული დროის შემდეგ შეიტყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
28. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
29. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
30. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ. სუსგ №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
31. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
32. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
33. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).
35. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით (იხ. საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი).
36. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2 ნოემბერი, 2018).
37. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხემ საკუთარი გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინების საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ვალდებულება ვერ შეასრულა. მხარის განმარტების გარდა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც სხდომის დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას დაადასტურებდა.
38. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარში მხარის მითითებას, რომ იგი გამოცხადდა სასამართლო შენობაში და ელოდა სხდომის დაწყებას, რადგან არც აღნიშნული გარემოებაა შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული. სულ მცირე, მხარეს შეეძლო, წერილობითი განცხადება წარედგინა სასამართლოს მისაღებში, სადაც დააფიქსირებდა მისი გამოცხადების დროსა და მოითხოვდა სხდომის დროისა და ადგილის დაზუსტებას, რაც მას არ განუხორციელებია.
39. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებული იყო, გაერკვია მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი. როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, საქმის განხილვის ჩანიშვნისას სასამართლო ვალდებულია, დროულად აცნობოს მხარეს მისი თარიღი და სხდომის გამართვის ადგილი. აღნიშნული ინფორმაცია მოპასუხეს ჩაბარდა. ამის შემდეგ კი საქმის განხილვაზე გამოცხადება უკვე მხარის ვალდებულებაა. თუ აღნიშნულის შემაფერხებელი გარემოებები არსებობს, უშუალოდ მხარეა მოვალე, დროულად აცნობოს ისინი სასამართლოს.
40. ყოველივე ზემოხსენებული მოწმობს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როდესაც იგი ძალაში დატოვა.
41. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პირობებში, დადგენილად უნდა ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტები, კერძოდ: 2017 წლის 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა №5372359-3978 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 150 დღის ვადით ასესხა 4880 ლარი. სესხის თვიური სარგებელი განისაზღვრა 5.77%-ით. მსესხებელს დავალიანება უნდა დაეფარა 2017 წლის 28 ოქტომბრამდე. ჯარიმა ვადაგადაცილებულ თითოეულ დღეზე შეადგენდა სესხის ნაშთის 0.41%-ს. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულმა მოპასუხეებმა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად, მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ 1598,17 ლარის ოდენობით შეასრულა.
42. შესაბამისად, სსკ-ის 623-ე, მე-400 და 361-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
43. წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მითითება, რომ მას, როგორც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მქონეს, სადავო ოდენობით ფულადი ვალდებულების შესრულება არ შეეძლო.
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი