Facebook Twitter

საქმე №ას-1124-2023 15 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ჯ.ფ–ს“, შპს „პ. ფ–მა“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლების მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციებზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - დამატებითი განჩინების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.გ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ფ–სა“, შპს „პ. ფ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) რომლითაც დააყენა შემდეგი სახის მოთხოვნები:

- ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჯ.ფ–ის“ დირექტორის 26.10.2022 წლის NB-22299-14 ბრძანება ს.გ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და მისი გათავისუფლების შესახებ;

- ბათილად იქნეს ცნობილი შპს „პ. ფ–ას“ დირექტორის 26.10.2022 წლის NB281-22299-65 ბრძანება ს.გ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და მისი გათავისუფლების შესახებ;

- ს.გ–ი აღდგენილ იქნას შპს „ჯ. ფ–ში“ გათავისუფლებამდე დაკავებულ იურისტის პოზიციაზე;

- ს.გ–ი აღდგენილ იქნას შპს „პ.ფ–ში“ გათავისუფლებამდე დაკავებულ იურისტის პოზიციაზე;

- მოპასუხე შპს „ჯ.ფ–ის“ მოსარჩელე ს.გ–ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის სახით დაეკისროს, 01.11.2022 წლიდან - 01.01.2024 წლამდე ყოველთვიური სახელფასო სარგოს დასაბეგრი 1250 ლარის გადახდა;

- მოპასუხე შპს „პ.ფ–ას“ მოსარჩელე ს.გ–ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის სახით დაეკისროს, 01.11.2022 წლიდან - 01.01.2024 წლამდე ყოველთვიური სახელფასო სარგოს დასაბეგრი 1250 ლარის გადახდა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გასვლის გამო, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ საფუძველს ქმნიდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ს.გ–მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს.გ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. ს.გ–ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 8 ნოემბრის განჩინებით, ს.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი და ს.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ინიციატივით, დამატებითი განჩინების მიღებით, ს.გ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე საგადასახადო დავალებით (N 1693479886) გადახდილი 300 ლარის 70%-იც, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.). ამასთანავე, მითითებული ნორმა ქმნის ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და გულისხმობს მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხს (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).

10. ამავე მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ასევე 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი აქვს ორი სხვადასხვა საგადასახადო დავალება (N1693479886 და N1693479990) და ორივე მათგანით, ერთი და იმავე დღეს, გადახდილი აქვს 300 ლარი (სულ 600 ლარი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 8 ნოემბრის განჩინებით, ს.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი, თუმცა მას განჩინებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მხოლოდ N1693479990 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70%.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, შესაბამისად რადგან არ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების ზემოთჩამოთვლილი დამაბრკოლებელი გარემოებები. ს.გ–ს დამატებით უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით N1693479886 საგადახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70%-იც, რაც 210 ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ს.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 31/08/2023 წელს №1693479886 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი