Facebook Twitter

საქმე № ას-360-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ო–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა.ტ" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს ,,ა.ტ–მა" (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ო–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების 1) უნაგირა საწევარას; მარკა: DAF, გამოშვების წელი: 2007, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: AC-055-AR, მოდელი: XF 105.410, საიდენტიფიკაციო N: ...... და 2) ფურგონი ნახევარმისაბმელი, მარკა: KRONE, მოდელი: SDP27, გამოშვების წელი: 2006, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: AC055R, საიდენტიფიკაციო ნომერი ...........)-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გადაეცეს/დაუბრუნდეს შპს ,,ა.ტ–ს".

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს მითითებით, საკუთრებაში გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები, რომლის მახასიათებლებია - უნაგირა საწევარა; მარკა: DAF, გამოშვების წელი: 007, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: ......, მოდელი: XF105.410, აიდენტიფიკაციო ნომერი - X....... და ფურგონი ნახევარმისაბმელი, მარკა: KRONE, მოდელი: SDP27, გამოშვების წელი: 2006, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: AC055R, საიდენტიფიკაციო ნომერი .....), რომელთაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, დაახლოებით 8 (რვა) თვეა, არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს მოპასუხე ნ.ო–ი.

2.2. სატრანსპორტო საშუალებები ადგილმდებარეობა მოსარჩელისთვის უცნობია, ვინაიდან გადამალულია მოპასუხის მიერ. ასევე, შეუძლებელია მოპასუხესთან დაკავშირება, რადგან გათიშული აქვს საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

2.3. მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალებები დაებრუნებინა მესაკუთრისთვის, მოპასუხე დღემდე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, რამაც განაპირობა სასამართლოში სარჩელის წარდგენა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხე ნ.ო–ს შესაგებელი არ წარუდგენია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. შპს ,,ა.ტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; 2) აღკვეთილი იქნა, ნ.ო–ის მხრიდან შპს ,,ა.ტის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების - უნაგირა საწევარა, მარკა, გამოშვების წელი: 2007, სახელმწიფო ნომერი ......, მოდელი 105.410, ს/ნ........ და ფურგონი ნახევარმისაბმელის, მარკა: KRONE, მოდელი SDP27, გამოშვების წელი: 2006, სახელმწიფო ნომერი: A......, ს/ნ ......... უკანონო მფლობელობა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა/დაუბრუნდა შპს ,,ა.ტ–ს“ (ს/ნ ......). 3) ნ.ო–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

4.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა ნ.ო–მა.

4.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით, 1) ნ.ო–ის საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; 2) დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ.ო–იმ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს სარჩელი კანონის სრული დაცვით ჩაბარდა და არასწორად გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაარღვია კანონი, უგულებელჰყო მოპასუხის საკუთრების უფლება. ნ.ო–ს საქართველოში დროებითი საცხოვრებელიც კი არ გააჩნია და კურიერის მიერ ვერ იქნებოდა განმარტებული ვერც ის, რომ გზავნილში იყო სარჩელი და ვერც მისი ჩაუბარებლობის სამართლებრივი შედეგები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების კანონიერება.

11. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით დადგენილი იმპერატიული პირობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021 წელი).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

17. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.

18. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (სუსგ 5.06.2020წ. საქმე №ას-975-2019).

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 44-44), თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

21. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი 2017 წელი; საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; ას-874-2019, 4 ივლისი, 2019 წელი).

23. სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2 თვის ვადაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2022 წლის 9 ივლისს უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის - სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე (საკურიერო მომსახურება განახორციელა ინდივიდუალურმა მეწარმემ-ა.დ–ძემ. იგი სარჩელის ჩაბარების მიზნით, თარჯიმანთან ერთად მივიდა ნ.ო–ის მისამართზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელ ........ შეხვდა ნ.ო–ს. განუმარტა, რომ იყო კურიერი და მისთვის უნდა გადაეცა შპს ,,ა.ტ–ის'' სარჩელი. ნ.ო–მა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. ი.მეწარმემ ა.დ–ძემ შეადგინა აქტი გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ), რაც, სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გზავნილი მოპასუხისთვის ჩაბარებულად ჩათვლილიყო. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მოპასუხეს წარმოეშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ვალდებულება (როგორც ეს სასამართლო გზავნილშია მითითებული), რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმოდგენილია ვადის დარღვევით, 2022 წლის 23 აგვისტოს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით – სარჩელი თანდართული მასალებით არ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. მარტოოდენ კასატორის ზეპირი განმარტებით კი შეუძლებელია გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის ფაქტის დადგენილად მიჩნევა.

25. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობს. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ,,ა.ტ–ს“ (ს/ნ .....) საკუთრებაში გააჩნია სატრანსპორტო საშუალება - უნაგირა საწევარა, მარკა DAF, გამოშვების წელი: 2007, სახელმწიფო ნომერი ......., მოდელი 105.410, ს/ნ ....... და ფურგონი ნახევარმისაბმელი, მარკა: KRONE, მოდელი SDP27, გამოშვების წელი: 2006, სახელმწიფო ნომერი: ......., ს/ნ ......... აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 8 თვეა, არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს მოპასუხე ნ.ო–ი, რომელიც მოსარჩელის არაერთგზისი მოთხოვნისა არ აბრუნებს სატრანსპორტო საშუალებებს. ამასთან მოსარჩელისათვის უცნობია მანქანების ადგილმდებარეობა, რის გამოც ვერ მოხერხდა მათი შეფასება. მოპასუხის მიერ არამართლზომიერად, მოსარჩელის საწინააღმდეგოდ განიკარგება მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რითაც ირღვევა მესაკუთრის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რისთვისაც მიმართავს სასამართლოს.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი.

30. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

31. განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება. კერძოდ, მას ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება წარუდგენია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №1569-2018, 13 მაისი, 2019 წელი; №ას-341-319-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ო–ს (პასპორტი N.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.დ–ძის მიერ 26.04.2024წ. №1714132167 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი