Facebook Twitter

საქმე №ას-175-2023 29 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ.კ–მა“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში რ.ხ–ისა და ვ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2016 წლის 9 სექტემბერს სს „ბ.რ–სა“ და რ.ხ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N000663817 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10000 ლარის ოდენობით, წლიური 15,72 %-ის სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 3 წლით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის 10 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით.

2.2. 2016 წლის 9 სექტემბრის N000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ბ.რ–სა“ და ვ.ბ–ს შორის 2016 წლის 9 სექტემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13000 ლარით.

2.3. მოპასუხეებს 2016 წლის 9 სექტემბრის N000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გამომდინარე, სულ გადახდილი აქვთ 5735,94 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 3921,70 ლარი, სარგებელი - 1696,47 ლარი და პირგასამტეხლო - 117,77 ლარი.

2.4. მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, რ.ხ–ის და ვ.ბ–ის დავალიანება 2021 წლის 21 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 33960,03 ლარს.

2.5. მოსარჩელემ შეამცირა დავალიანების ოდენობა, რის შემდეგაც, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე განისაზღვრა 5295,41 ლარით (სესხის ძირითადი თანხა - 3795,41 ლარი; პირგასამტეხლო - 1500 ლარი).

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს.

3.2. ამასთან, შესაგებლის თანახმად, მოპასუხეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, აღმოაჩნდა სიმსივნე, დასჭირდა ოპერაცია, გათავისუფლდა სამსახურიდან და ვეღარ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4.2. მოპასუხეებს შპს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 2016 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4095,41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3795,41 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, 2016 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3795,41 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 15,72 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 49,71 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. თავდები პირის ვ.ბ–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13000 ლარით. იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხე რ.ხ–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 468,17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 418,17 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად, თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში, რადგან სადავო მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ სარჩელის შეტანიდან (10.09.2021წ) უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით უნდა მომხდარიყო თანხის დაკისრება.

5.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულებებით შესასრულებელი ვალდებულების ის ნაწილი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადასახდელად დაეკისრა აპელანტს არ იყო ხანდაზმული, ხოლო, სესხის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ხანდაზმული იყო, მოსარჩელემ დააზუსტა და შეამცირა მოთხოვნა.

5.4. სააპელაციო პალატამ, მოპასუხეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულად მიიჩნია და ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 09.09.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1500 ლარიდან შემცირდა 300 ლარამდე, მაშინ როდესაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 3795,41 ლარს და მსესხებელს სამ წელზე მეტია ვალდებულება არ შეუსრულებია. რაც შეეხება 29.09.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, პალატის მითითებით, ამ შემთხვევაშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იგი შემცირდა 150 ლარიდან 50 ლარამდე, მაშინ როდესაც დავალიანებული სესხის ძირი თანხა შეადგენდა 418,17 ლარს და ამ შემთხვევაშიც, მოპასუხეს ვალდებულება წლების განმავლობაში არ შეუსრულებია.

5.5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხების უფრო მეტად შემცირება გამოიწვევდა მხარეთა შორის თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპის დარღვევას და მოსარჩელე მხარის უფლებებისა და ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც დაუშვებელია.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს რ.ხ–მა და ვ.ბ–ის რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ვ.ბ–ის მოთხოვნის ნაწილში, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს მხარისთვის დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა. იგი დასძენს, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით და მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი შეამცირა, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ კასატორი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში და სამსახური დაკარგა სწორედ იმ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რის გამოც ვერ მოახერხა ნაკისრი ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სამსახურის დაკარგვის ფაქტი დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

6.3. კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც არ გაითვალისწინეს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა. ამასთან, მხარე ამტკიცებს, რომ მასთან დადებულ ხელშეკრულებას არ ერთოდა გადახდის გრაფიკი, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, რ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

- 2016 წლის 9 სექტემბერს სს „ბ.რ–სა“ და რ.ხ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №000663817, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით, წლიური 15,72 %-ის სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 3 წლით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის 10 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით;

- 2016 წლის 9 სექტემბრის №000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ბ.რ–სა“ და ვ.ბ–ს შორის 2016 წლის 9 სექტემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13000 ლარით;

- მოპასუხეებს 2016 წლის 9 სექტემბრის №000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ გადახდილი აქვთ 5735,94 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 3921,70 ლარი, სარგებელი - 1696,47 ლარი და პირგასამტეხლო - 117,77 ლარი;

- მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას და მათ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №000663817 დაირღვა 2018 წლის 30 იანვარს. რ.ხ–ის და ვ.ბ–ის დავალიანება 2021 წლის 21 ივლისის მდგომარეობით 2016 წლის 9 სექტემბრის №000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 33 960,03 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6078,30 ლარი, პროცენტი - 2709,09 ლარი და პირგასამტეხლო - 25172,64 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა დავალიანების ოდენობა და შესაბამისად, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 5 295,41 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3795,41 ლარი და პირგასამტეხლო - 1500 ლარი;

- 2017 წლის 29 სექტემბერს სს „თ.ბ–სა“ და რ.ხ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3254769-9225911, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 367 დღე (12 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში 418,17 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის დაფარვის საკომისიო - 1.50 ლარი ყოველთვიურად. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით;

- რ.ხ–ს 2017 წლის 29 სექტემბრის №3254769-9225911 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ გადახდილი აქვს 1218,49 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 833,34 ლარი, პირგასამტეხლო - 137,15 ლარი და საკომისიო - 248 ლარი;

- რ.ხ–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას და მის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3254769-9225911 დაირღვა 2017 წლის 12 დეკემბერს. რ.ხ–ის დავალიანება 2021 წლის 21 ივლისის მდგომარეობით 2017 წლის 29 სექტემბრის №3254769-9225911 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 24528,44 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4166,66 ლარი, პირგასამტეხლო - 20346,78 ლარი და საკომისიო - 15 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა დავალიანების ოდენობა და შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 568,17 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 418,17 ლარი და პირგასამტეხლო - 150 ლარი;

- 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ.ბ–ის“ წარმოადგენს სს „ბ.რ–ას“ უფლებამონაცვლეს;

- რ.ხ–სა და ვ.ბ–თან დადებული 2016 წლის 9 სექტემბრის №000663817 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და რ.ხ–თან დადებული 2017 წლის 29 სექტემბრის №3254769-9225911 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება 2022 წლის 21 იანვარს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ.ბ–ის“ მიერ გადაეცა შპს „ტ.კ–ს“.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სარჩელის ხანდაზმულობის, პირგასამტეხლოსა და თანხის დაკისრების მართლზომიერება, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 417-ე-418-ე მუხლები (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც აღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

13. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას კასატორის მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის დაუსაბუთებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

15. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.).

16. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორთან გაფორმდა ორი სესხის ხელშეკრულება, 2016 წლის 9 სექტემბერს - 3 წლის ვადით, 2017 წლის 29 სექტემბერს - 367 დღით, უდავოა, რომ კრედიტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2021 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა, 2018 წლის 10 სექტემბრამდე (სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების) არსებული დავალიანება ხანდაზმულად მართებულად ცნეს და მოვალეს მხოლოდ აღნიშნული თარიღის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების შესრულება მართლზომიერად დააკისრეს.

18. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე გამოიტანს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ივალდებულა. უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს თავისი მტკიცების ფარგლებში არ დაუდასტურებია პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების კანონიერება, ვინაიდან ამგვარ დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული მხოლოდ მოვალის ზეპირსიტყვიერი შედავება მძიმე ჯანმრთელობის თუ ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა და, 2016 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევისთვის ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა, მოპასუხეებს სოლიდარულად 300 ლარის გადახდა დააკისრათ, ხოლო 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა, რ.ხ–ს პირგასამტეხლოს სახით, 50 ლარის გადახდა დააკისრა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ამიტომ მას უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადასახადო დავალება №15914601557, გადახდის თარიღი 31.01.2023);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი