Facebook Twitter

საქმე №ა-6642-შ-158-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ფ.

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით 538 FH13/18 VU მ.ბ–ძეს, ე.ფ–ის (დაბადებული 03.10.2006 წელს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველ თვე გადაწყვეტილებაში მოცემული ცხრილის და დაანგარიშების წესის შესაბამისად. ასევე განისაზღვრა ალიმენტის დავალიანების ოდენობა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი.

14.05.2018 წლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2024 წლის 11 მარტს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო აქტის შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.

შუამდგომლობაზე დართული სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ მ.ბ–ძის გარდაიცვალებით, 2023 წლის 27 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე. მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრის - დედის თ.უ–ძის სახელზე 12.02.2024 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე, ხოლო აწ გარდაცვლილი მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა ე.ფ–მა საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივების (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები და/ან აქციები სამეწარმეო საზოგადოებაში, საკუთრების მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ სახელმწიფო გასაცემელზე, ხელფასზე, სადაზღვეო თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე და/ან ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივების (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) 1/2 წილი.

შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების (2018 წლის 14 მაისის და 2018 წლის 22 ივნისის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

შუამდგომლობიდან და შუამდგომლობაზე დართული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მ.ბ–ძის გარდაიცვალებით, 2023 წლის 27 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში (იხ.:სუსგ საქმეზე №ა-2135-შ-46-2015 , 26 ოქტომბერი, 2015 წელი).

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას (იხ.: სუსგ საქმეზე Nა-3490-შ-89-2017 , 21 დეკემბერი, 2017 წელი). ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და უფლებამონაცვლის დადგენის საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

გათვალისწინებით იმისა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარის უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა-არარსებობის დადგენა, ისევე როგორც, მაგალითად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგობაში მოდის revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ან/და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით revision au fond-ის პრინციპის დარღვევის თაობაზე იხ.: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში,სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2009 წელი, გვ.138-140).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა-არარსებობის საკითხის კვლევა იმავე ქვეყნის სასამართლოს განხილვის საგანია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენა, ასეთი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უკავშირდება მემკვიდრეობის მიღების საკითხებს, რა დროსაც შესაძლოა წარმოიშვას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი განსხვავება მემკვიდრეობის სამართლის სფეროში (დ. ხვედელიანი, კანონით მემკვიდრეობის კოლიზიური საკითხები საერთაშორისო კერძო სამართალში, პროფესორ ზურაბ ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 2004, გვ.197). შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს საკითხზე, დასაშვებია თუ არა სრულად ან ნაწილობრივ უფლებამონაცვლეობა მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობებში, რაზეც მიღებულია 2018 წლის 14 მაისის და 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძველი არსებობს, მან უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნით უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს). ხოლო თუ უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო დაადგენს უფლებამონაცვლეობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, შუამდგომლობის ავტორს შეეძლება მოითხოვოს უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებს არც შუამდგომლობით მომართვის საფუძველი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

შუამდგომლობიდან და მასზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი. 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი. შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება მასზე, რომ 22.06.2018 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარე გარდაცვლილია და გადაწყვეტილების გამომტან უცხო ქვეყნის სასამართლოს არა აქვს დადგენილი უფლებამონაცვლეობა (ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის), ე.ფის შუამდგომლობა დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე