საქმე №ას-984-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია „ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გადასახდელი სადაზღვევო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ვ.გ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ე.ჯ–იას“ (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ მოპასუხისათვის 9 580 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 29 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება.
3. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა ქ.თბილისში, ...... ქუჩაზე. ავტომობილის შემობრუნების მიზნით, ჩართო ციმციმა მაშუქა და საჭე მიატრალა მარცხენა მხარეს. მანევრის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა სწრაფად მოძრავი ავტომობილი, შეჯახების თავიდან ასაცილებლად მოსარჩელემ მოუმატა სიჩქარეს, რა დროსაც, ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ ორ ავტომობილს.
4. მხარეთა შორის ხელშეკრულება, მოსარჩელის ავტომობილის გარდა, მოიცავდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირთა ავტომობილებისათვის მიყენებულმა ზიანმა (აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ), მოსარჩელის ავტომობილის აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, შეადგინა 9580 ლარი.
5. 2020 წლის 12 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საკითხი იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 829-ე მუხლი). მან განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად 2020 წლის 24 აგვისტოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრით (ასევე, თანდართული პატაკით) მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2020 წლის 24 აგვისტოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრეული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 580 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 580 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 29 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება EG/AUTO/ RETAIL/19-V4. მოსარჩელის ავტომობილის გარდა, დაზღვეულ იქნა მოსარჩელის პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე.
12. 2020 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელე კუთვნილი „Mercedes Benz C300“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით „......“ მოძრაობდა ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე, რა დროსაც, ავტომობილის შემობრუნების მიზნით, განხორციელებულ მანევრს შედეგად მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ „SUBARU-სა“ და „OPEL-ის“ მარკის ავტომობილებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მოსარჩელისა და მესამე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა სულ - 9 580 ლარი.
13. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითი ღირებულების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა.
14. ავტოინციდენტის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამავე თარიღით შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი აღნიშნული ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა მოითხოვა მოპასუხისათვის 9 580 ლარის გადახდის დაკისრება.
16. საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა აპელანტი განზრახ მოქმედებდა, მისი მოქმედება შეიცავდა უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობის შემადგენლობას.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.
18. სადაზღვევო ურთიერთობების ბუნების გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა, ხოლო მოპასუხემ უნდა მიუთითოს ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე.
19. სააპელაციო სასამართლომ ყუარდღება გაამახვილა დადგენილ გარემოებებზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამავე თარიღით შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
20. აპელანტი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, მძღოლის დაჯარიმებას მანევრირების წესების დაუცველობისას.
21. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მოცურებისა და მუხრუჭების კვალის არარსებობის გამო, შეუძლებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის ექსპერტიზის გზით განსაზღვრა. დასკვნის შემდეგ პუნქტში ექსპერტმა განმარტა, რომ ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით და მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე. საბოლოოდ ექსპერტის მიერ ნავარაუდევი სიჩქარე - 30-40 კმ/სთ აღემატებოდა უსაფრთხო მობრუნებისთვის საჭირო სიჩქარეს.
22. 2021 წლის 17 მარტის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ექსპერტმა განმარტა, რომ, მართალია, მუხრუჭების კვალი გადასაადგილებელ ზედაპირზე არ შეიმჩნეოდა, თუმცა მისი პრაქტიკული გამოცდილების, ჩატარებული ცდებისა და სპეციალური ცოდნის გათვალისწინებით ექსპერტმა შესაძლებლად ჩათვალა გადაადგილების სიჩქარის დადგენა. კვალის არსებობის შემთხვევაში ის შეძლებდა გადაადგილების არა სავარაუდო, არამედ ზუსტი სიდიდის დადგენას. ექსპერტმა დასკვნის შედგენის დროს ისარგებლა მისთვის გადაცემული დოკუმენტებისა და სამართადამრღვევის ახსნა-განმარტებით. ავტომობილი პირადად არ უნახავს, არ დაუთვალიერებია. შემთხვევის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო არასწორად შერჩეული, დასაშვებზე მაღალი სიჩქარე. ზოგადად მსგავს შემთხვევებში 180-გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება დასაშვებია 15-20, მაქსიმუმ 25 კმ/სთ სიჩქარით. კონკრეტულ შემთხვევაში დაირღა მოხვევის მანევრის შესრულების რამდენიმე წინაპირობა: 1. როდესაც მოხვევის წინ მძღოლი შეამჩნევს საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს ვალდებულია, გზა დაუთმოს მას (ვინაიდან იგი სარგებლობს გავლის უპირატესობით); 2. თუ კი მძღოლი, საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილის შემჩნევის მიუხედავად, გადაწყვეტს მოხვევას, იგი ვალდებულია, მანევრი შეასრულოს უსაფრთხოდ - დასაშვები სიჩქარით; 3. ნებისმიერ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია იმოქმედეს იმგვარად, რომ მის მიერ განხორციელებულ მანევრს არ მოჰყვეს საგზაო შემთხვევა. მანევრის შესრულების დროს მოძრავი ავტომობილის სიჩქარე 30-40 კმ/სთ-ში უნდა ყოფილიყო, რაც დასაშვებზე მაღალია. ხსენებულ პირობათა დარღვევას მოჰყვა საგზაო შემთხვევა.
23. ექსპერტის ზემოაღნიშნული განმარტება ადასტურებს, რომ ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და თავად მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენილ სადაზღვევო განაცხადს. სადაზღვევო განაცხადში მოსარჩელემ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილას მოძრაობდა 20-30 კმ/სთ სიჩქარით.
24. აპელანტი არ უარყოფს, რომ ავტომობილის შემობრუნების მანევრის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა სწრაფად მოძრავი ავტომობილი და, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მანაც მოუმატა სიჩქარეს, რა დროსაც ავტომობილი მოცურდა და შეეჯახა იქვე მდგომ ავტომობილებს.
25. მიუხედავად აპელანტის აღიარებისა და სამართალდარღვევის ფაქტისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოიხატება განზრახვასა და უხეშ გაუფრთხილებლობაში, რადგან მის მიერ აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა არ დადგინდა.
26. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა თავად ექსპერტის მითითება, რომ 180-გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება დასაშვებია 15-20, მაქსიმუმ 25 კმ/სთ სიჩქარით, შესაბამისად, 20-30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, კერძოდ, დასაშვებ სიჩქარზე 5 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება, ვერ იქნება მიჩნეული განზრახვად და, მით უმეტეს, უხეშ გაუფრთხილებლობად, რადგან ექსპერტი ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას და სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენილ სადაზღვევო განაცხადს, სადაც მითითებულია, რომ ის მოძრაობდა 20-30 კმ/სთ სიჩქარით. მოპასუხეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია და აპელირებდა საქმეში წარდგენილი შსს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ პატაკზე, საექსპერტო დასკვნაზე, სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემულ განმარტებაზე, მხარეთა მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებასა და მათი შინაარსის ერთობლივად შეფასებზე.
27. დასახელებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ დასაშვებზე მაღალი სიდიდის 5 კმ/სთ სიჩქარით მანევრის შესრულება აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს.
28. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ექსპერტიზის დასკვნა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს და ვარაუდებს ემყარება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.
29. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დამზღვევს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა არ ჩაუდენია და ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე არამართლზომიერია.
30. სააპელაციო სასამართლომ, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების სტანდარტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ზიანის ფაქტი და მოცულობა, ხოლო მოპასუხემ - მიუთითოს ანაზღაურების გამომრიცხველ ან შემცირებული ოდენობით გაცემის საფუძვლებზე. მოცემულ საქმეში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო ზიანის ფაქტის მტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ მიუთითა მისი ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებებზე, ამდენად, პალატამ იმსჯელა ზიანის მოცულობასა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაზე: საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მოსარჩელისა და მესამე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 9580 ლარი, რაც პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ სრულად უნდა აანაზღაურდოს.
31. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია - დაამტკიცა ზიანის ფაქტი და მოცულობა, რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საპირისპირო მტკიცება ვერ განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალეულობის შეფასებისას არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 16 სექტემბრის დასკვნა. მოსარჩელის ბრალეულობაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ შემთხვევის ადგილი იყო დღის ნებისმიერ მონაკვეთში ინტენსიურად, ორმხრივად მოძრავი ავტომობილების უწყვეტი ნაკადით დატვირთული საგზაო მონაკვეთი. ასეთ პირობებში ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და მძღოლის გადაწყვეტილება, დაეწყო მანევრი, მეტიც, მოემატებინა სიჩქარისათვის მაშინ, როდესაც მას კონკრეტულ საგზაო სიტუაციაში, შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნის გამო, არ ჰქონდა ამის უფლება. მძღოლი არ დარწმუნდა, მის მიერ განხორციელებული მანევრი იქნებოდა თუ არა უსაფრთხო.
34. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, უხეში გაუფრთხილებლობით. უხეში გაუფრთილებლობით დამდგარი შემთხვევა წარმოადგენს როგორც ორმხრივი ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლისს, ასევე, სსკ-ის 829-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს.
35. მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა დადგენილია, როგორც საქმეში არსებული ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით (რომელიც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში), ასევე, საქმეში არსებული, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ალტერნატიული დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის). სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ფოტომასალას, მძღოლის ახსნა-განმარტებებს, საპატრულო დოკუმენტაციას და არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობაში ეჭვის შეტანის საფუძელი. ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ ვერ დაიმორჩილა საჭე და დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში შეეჯახა გაჩერებულ ავტომობილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის დაწყების წინ მოწინააღმდეგე მხარე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი იქნებოდა უსაფრთხო. ამავდროულად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტომობილის ფაქტობრივი სიჩქარე აღემატებოდა უსაფრთხო მობრუნებისთვის საჭირო სიჩქარეს, რასაც მოჰყვა ავტომანქანის მოცურება და სადგომზე გაჩერებულ ავტომანქანებთან შეჯახება. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ავტომობილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ პირობებში მძღოლის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა.
36. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოძრაობისას, შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მოუმატა სიჩქარეს, ამდენად, მისი სუბიექტური დამოკიდებულება და გადაწყვეტილება იყო სწორედ სიჩქარის მომატება და იმ მანევრის შესრულება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ ფაქტის აღიარებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა მაშინ, როდესაც, ფაქტის აღიარება (როგორც ეს საკასაციო სასამართლომ მიუთითა) კლასიკური გაგებით - ესაა მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა, მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად - იურიდიული შედეგის დასადგენად.
37. კასატორის მითითებით, 2021 წლის 10 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო სიჩქარის მომატება (სწორედ ამ ნაწილშიც იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს მხრიდან შეფასებულიყო და დადგენილიყო უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობა, რადგან აპელანტმა, ერთი მხრივ, მის მიერ მანევრირების წესების დარღვევა „ახსნა“ (ფაქტის აღიარება) იმგვარად, რომ არ დაუშვა მესამე პირის მიერ მის ავტოტრანსპორტზე შეჯახება (ამავდროულად, მესამე პირის მოულოდნელად გამოჩენილ ავტომანქანაზე საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში მინიშნებულიც არ არის და ეს ინფორმაცია გაჟღერდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე), თუმცა, მეორე მხრივ, მისი შეგნებული გადაწყვეტილებით, და ე.ი უხეში ბრალით დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რამაც გამოიწვია საკმაოდ მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა, დაზიანდა არა მხოლოდ დაზღვეული ავტომობილი, არამედ მესამე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მხრიდან დასმულ კითხვაზე ექსპერტის შეფასება წარმოადგენდა არა მისი კომპეტენციის ფარგლების გაცდენას, როგორც ეს თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, არამედ, ექსპერტის მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევების გამოწვევ მიზეზებზე დაგროვილი გამოცდილების ანალიზი და მისი პოზიცია.
38. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის ხელახლა განხილვისას შეაფასა საქმეში არსებული მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება - 08/09/20 წლის დაზღვევის განაცხადი, სადაც 4.4 პუნქტში დასმულ კითხვაზე, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მძღოლი, მითითებული ჩანაწერი განმარტა, როგორც 20-30 კმ/სთ. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული განაცხადი წარმოადგენს უშუალოდ დამზღვევის, ე.ი სუბიექტურად განწყობილი პირის ახსნა-განმარტებას, რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო ანაზღაურების მიღებით. სიჩქარედ 20-30 კმ/სთ იქნებოდა მითითებული თუ 40-30 კმ/სთ, არსებითად არ განსხვავდებოდა. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება არა მხოლოდ დოკუმენტში მითითებულ სიჩქარის ოდენობას, არამედ იმავე დოკუმენტში მითითებულ მძღოლის ახსნა-განმარტებას, რომ „მან მოუმატა სიჩქარეს“ და სხვა მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, მათ შორის, ექსპერტისეულ გამოცდილებას.
39. კასატორმა აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღის მონაკვეთში - 16.50 სთ-ზე, შესაბამისად, იყო მაღალი ხილვადობა, მანქანა ტექნიკურად გამართული იყო (გაუმართაობაზე მხარე არ უთითებს), რაც დამზღვევის აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დარღვევაზე მიუთითებს.
40. მხარის მითითებით, როგორც სამართლის თეორიაში, ისე სასამართლოს პრაქტიკაში, გაჩერებულ ავტომანქანაზე შეჯახებისას პრეზუმირებულია უკანა მანქანის მძღოლის ბრალეულობა და, უმეტეს შემთხვევაში, უხეშ გაუფრთხილებლობად ფასდება.
41. რაც შეეხება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის კრიტიკასაც ეთმობოდა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოს შეფასებებიც, იგი მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული დასკვნის საწინააღმდეგოდ მხარეს საექსპერტო დასკვნის/შეფასებების გამაბათილებელი ალტერნატიული, წონადი მტკიცებულება, მათ შორის, სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ შედგენილი დასკვნა არ წარუდგენია.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
43. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
45. საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმის განხილვისას მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი.
46. მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამზღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფირება. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის (მოსარჩელის) ქმედება შეიცავდა თუ არა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები.
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
48. სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად (სამართალდამრღვევად) შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ცნობილ იქნა მოსარჩელე. აპელანტი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილების დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს - სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის მსუბუქ დაზიანებას.
49. სადაზღვევო განაცხადში მოსარჩელემ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილას მოძრაობდა 20-30 კმ/სთ სიჩქარით. მისივე განმარტებით, სადავო მანევრის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა სწრაფად მოძრავი ავტომობილი, შეჯახების თავიდან ასაცილებლად მოსარჩელემ მოუმატა სიჩქარეს, რა დროსაც ავტომანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
51. საკასაციო პალატამ, სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია (სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.), სადაც სადაღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცველ გარემოებაზე. დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.
52. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ.
53. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5 მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ №ას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ №ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).
54. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.
56. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
57. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სირვილით.
58. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების „შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით“ (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).
59. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუაური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.
60. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
61. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. ,,გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას”, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
62. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც ჩვეულებრივ მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, 150).
64. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ., ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).
65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.
66. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
67. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება.
68. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
69. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
70. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მხარეთა განმარტებები, ექსპერტის პოზიცია, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ დამზღვევის მოქმედება სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება. აღნიშნულ მსჯელობას კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება ვერ დაუპირისპირა.
71. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მისთვის გადაცემული დოკუმენტებისა და სამართადამრღვევის ახსნა-განმარტებებს. ავტომობილი მას პირადად არ უნახავს და არ დაუთვალიერებია. დამზღვევის დაშვებულზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის ფაქტი არსებული ტრასოლოგიური კვალის შედეგად არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე მოცურებისა და მუხრუჭების კვალი არ დაფიქსირებულა. სადავო მანევრის შესრულებისას სიჩქარის მომატების ფაქტზე მოსარჩელემ თავად მიუთითა, რაც დაასაბუთა შემხვედრ, სწრაფად მომავალ ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების საჭიროებით, თუმცა დამზღვევის განმარტებით არ ირკვევა, რომ მოძრაბის სიჩქარე უკიდურსად გაიზარდა.
72. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის არგუმენტი მოსარჩელის მიერ დასაშვებზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის აღიარების თაობაზე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავიუსფლებასა და დამზღვევის მიერ უხეში გაუფრთიხლებლობით მოქმედების დადასტურებას საფუძვლად უნდა დაედოს.
73. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ექსპერტის პოზიცია იმდენად ავტოავარიის ადგილის, ტრასოლოგიური კვალის უშუალოდ შესწავლას არ ემყარება, არც მძღოლის მიერ მოძრაობის სიჩქარის უხეშად გადაჭარბების პირდაპირ მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებს, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევა ძირითადად შეფასდა არსებული მასალებისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.
74. ნიშანდობლივია, რომ სადავო სიტუაციაში ექსპერტმა მოძრაობის დასაშვებ სიჩქარედ მიიჩნია 15-20, მაქსიმუმ 25 კმ/სთ-ში.
75. ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტის მიერ დამზღვევის მოძრაობის სავარაუდოდ განსაზღვრული სიჩქარე (30-40 კვ/სთ), თავად ექსპერტის მოსაზრებით, დასაშვები, ზღვრული სიჩქარისაგან (25 კმ/სთ) მცირედით განსხვავდება, შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობაზე არ მიუთითებს.
76. სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველმა სადაზღვევო თანხის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაამტკიცა, რის გამოც სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
77. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
78. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
79. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
80. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
81. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
82. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 29 ივლისს №6283174 საგადახდო დავალებით გადახდილი 479 ლარის 70% – 335,3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს სადაზღვევო კომპანია „ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „ე.ჯ–იას“ ((საიდენტიფიკაციო კოდი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 29 ივლისს №6283174 საგადახდო დავალებით გადახდილი 479 ლარის 70% – 335,3 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი