Facebook Twitter

საქმე №ას-933-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა (ძირითად სარჩელში), ჩუქების ხელშეკრულების დადების დადგენა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.გ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჯ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 2017 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქ. ბათუმში, ........ მდებარე უძრავ ქონების, ს/კ №......., ¼ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენისა და მისთვის 5000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ერიცხებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 903 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 491.94 კვ.მ შენობა-ნაგებობა. 2017 წლიდან მოსარჩელესთან ახლო ურთიერთობა დაიწყო მოპასუხემ, მისმა შორეულმა ნათესავმა, რომელიც გარკვეულ მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ, რამდენჯერმე მან მოუტანა გამზადებული საკვები.

3. 2017 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ საჯარო რეესტრში მოტყუებით წაიყვანა მოსარჩელე. ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მარტო და არ ჰყავდა მზრუნველი. ავადმყოფობის გამო, ესაჭიროებოდა სათანადო კვება და მკურნალობა, რასაც ვერ ახორციელებდა, მატერიალური სიდუხჭირის გამო. მოსარჩელე დაავადებულია დემენციით (დაუზუსტებელი), რაც ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა. ამ დროს არსებობს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობა. კოგნიტური ფუნქციის მოშლას თან სდევს, ან წინ უსწრებს სოციალური დეზადაპტაცია. ცნობიერება ამ დროს დაბინდული არ არის.

4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ დაარწმუნა, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების გაფორმებით ის მიიღებდა სოციალურ დახმარებას. რომ არა მოტყუება, მოპასუხე ვერ შეძლებდა 1000 ლარად ქონების გადაცემაზე მოსარჩელის დაყოლიებას. მოსარჩელის მძიმე ავადმყოფობა და ეკონომიური სიდუხჭირე მას ლოგიკურად არ მისცემდა ასეთი „საჩუქრის“ გაღების შესაძლებლობას.

5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია. ამასთან, მოპასუხემ მოტყუებით გამოართვა საპენსიო ბარათი მოსარჩელეს და 2017 წლის ოქტომბრიდან 25 თვის კუთვნილი პენსია მას აღარ მიუღია. აღნიშნული თანხით სარგებლობდა მოპასუხე.

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მხარეთა შორის სადავო უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე.

7. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მხარეები არიან ნათესავები. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა. უკანასკნელი 6-7 წელი მოსარჩელე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მოპასუხის მიმართ, რაც გამოიხატა არამარტო საკვებით უზრუნველყოფაში, არამედ მის ჯანმრთელობაზე და ჰიგიენაზე ზრუნვაში. სწორედ აღნიშნულის გამო, მოპასუხემ გადაწყვიტა მისათვის, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, უსასყიდლოდ გადაეცა მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება. მხარეთა შორის, ჩუქების ხელშეკრულების ნაცვლად, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც რეალურად მხარეების მიერ დაიფარა ჩუქების ხელშეკრულება.

8. მოსარჩელის ნების ნამდვილობა დასტურდება 2017 წლის 30 აგვისტოს სანოტარო აქტით, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა, ასევე, 2017 წლის 7 სექტემბერს შედგენილი სანოტარო აქტით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე, გარდაცვალების შემდგომ მთელ მის ქონებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მათ შორის სადავო უძრავ ნივთსაც, საკუთრებაში გადასცემდა მოპასუხეს. ამ ანდერძის შედგენის შემდგომ, მხარეები შეთანხმდენე, რომ ანდერძით მოპასუხისათვის გადაცემულ ქონებაზე მოსარჩელის რომელიმე ნათესავის შესაძლო პრეტენზიის თავიდან ასაცილებლად, სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების გზით გადაეცემოდა მოსარჩელეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე მხარეებს შორის დადგინდა ჩუქების ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

12. 2022 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი გარდაიცვალა, რის გამოც იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა №2/ბ-614-22წ სამოქალაქო საქმის წარმოება აპელანტის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, 8 თვის ვადით - 2023 წლის 15 ივლისამდე. აპელანტის წარმომადგენელს დაევალა 2023 წლის 15 ივლისისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ეცნობებინამ თუ ვინ წარმოადგენს აპელანტის უფლებამონაცვლე პირებს, მემკვიდრეებს, ვინ მიმართა სანოტარო ბიუროს განცხადებით მხარის სამკვიდროს მისაღებად ან ვინ დაეუფლა ამ უკანასკნელთა ქონებას ფაქტობრივი ფლობით.

14. აპელანტის წარმომადგენელსა და სავარაუდო უფლებამონაცვლეებს განემარტა, რომ თუ აღნიშნული თარიღისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ მიმართავენ შესაბამისი ინფორმაციით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

15. 2023 წლის 12 ივლისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.კ–ძემ (შემდგომ - განმცხადებელი, მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე) და განმარტა, რომ მოსარჩელის მე-5 რიგის კანონიერი მემკვიდრეა, დაწყებული აქვს სამკვიდროს მიღების პროცედურა, ფაქტობრივი ფლობით დაუფლებულია სამკვიდროს, თუმცა ნათესაური კავშირის დასადგენად დამატებით სჭირდება დრო. აღნიშნულის გამო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა, საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა 2 თვით - 2023 წლის 14 სექტემბრამდე.

16. განმცხადებელმა ზემოაღნიშნულ ვადაში მიმართა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს ოფიციალური გადაფორმება ვერ მოახერხა, ვინაიდან ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტების მოძიება დაკავშირებული იყო საკმაოდ ხანგრძლივ დროსთან. მამკვიდრებლისა და მისი მარწმუნებლის საერთო ხაზის ნათესავები დაბადებულები არიან დაახლოებით ერთი საუკუნის წინ. მათი დაბადების სააქტო ჩანაწერები არ ინახა, დაიძებნა ასევე საეკლესიო ჩანაწერები, რამდენჯერმე გახდა საჭირო ერთ კონკრეტულ დოკუმენტზე განცხადების წარდგენა, ასევე შეცდომები იყო დაშვებული სააქტო ჩანაწერებში, მასში უზუსტობების გასწორებამ კი მოითხოვა საკმაო დრო. ამასთან, მოძიებულ ვერ იქნა მხოლოდ მოსარჩელის მამისა და განმცხადებლის ბებიის დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა, რის გამოც, მხარეს მიმართული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის - ნათესაური კავშირის დასადგენად. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მან მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერების ვადის კვლავ 2 თვით გაგრძელება.

17. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა 2 თვით - 2023 წლის 25 ნოემბრამდე.

18. 2023 წლის 27 ნოემბერს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 23 ნოემბერი) მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ განმცხადებლის ბებია და მოსარჩელის მამა იყვნენ და-ძმა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. რის შემდგომაც, განმცხადებელმა მიმართა ნოტარიუსს, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, თუმცა საჭირო გახდა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების ვადა კვლავ უნდა გაგრძელდეს 2 თვით.

19. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა 2 თვით - 2024 წლის 6 თებერვლამდე.

20. 2024 წლის 29 თებერვლის (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 24 თებერვალი) წერილობითი მიმართვით განმცხადებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტების მოძიება გაჭირდა, არ ინახა დაბადების სააქტო ჩანაწერები, რის გამოც მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დასადგენად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-3800/23) მისი განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ნათესაური კავშირის შესახებ, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება განმცხადებელმა წარუდგინა ნოტარიუსს, მაგრამ მან არ ჩათვალა საკმარისად ნათესაური კავშირის დასადგენად სასამართლო გადაწყვეტილება და მოითხოვა 1912 წელს განმცხადებლის ბებიისა და 1917 წელს მოსარჩელის მამის დაბადების ფაქტის დადგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. აღნიშნული მიზნით მიემართა აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოეთხოვა შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყეტილებებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2024 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა დაბადების სააქტო ჩანაწერები და დაბადების მოწმობები. მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დამდგენი ყველა დოკუმენტი წარედგინა ნოტარიუსს, თუმცა აღნიშნული პროცედურა დაკავშირებული იყო გარკვეულ დროსთან, ფიზიკურად ვერ მოხერხდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში მამკვიდრებლის სამემკვიდრეო უფლებების ოფიციალური გადაფორმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმის წარმოების შეჩერების ვადა კვლავ ერთი თვით უნდა გაგრძელდეს.

21. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა ერთი თვით- 2024 წლის 11 აპრილამდე.

22. 2024 წლის 23 აპრილის (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 18 აპრილი) განცხადებით მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ განმარტა, რომ ნოტარიუსმა დამატებით მოითხოვა დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრიდან, ხოლო ამის შემდგომ სამემკვიდრეო რეესტრში 2025 წლის 15 აპრილს ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი განცხადება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ვინაიდან, განმცხადებელი არის მოსარჩელის მე-5 რიგის კანონისმიერ მემკვიდრეა, ნოტარიუსმა მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტი №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 87-ე მუხლის საფუძველზე საჯარო გამოქვეყნება მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმის წარმოების გახსნის შესახებ. აღნიშნული პროცედურაც დაკავშირებული იყო გარკვეულ დროსთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროში მამკვიდრებლის სამემკვიდრეო უფლებების ოფიციალური გადაფორმება ვერ მოხერხდა. ამდენად, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად საჭიროა კიდევ 2 თვე.

23. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაგრძელდა ერთი თვით - 2024 წლის 25 მაისამდე.

24. 2024 წლის 7 ივნისის (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 4 ივნისი) განცხადებით მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტი №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 87-ე მუხლის საფუძველზე საჯაროდ გამოქვეყნდა განცხადებები მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმის წარმოების გახსნის შესახებ (იხ. გაზეთი ,,რეზონანსი" 2024 წლის 30 აპრილის და 13 მაისის გამოცემა მე-10 გვერდი). ინსტრუქციის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს საჯარო პუბლიკაციიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. გარდა აღნიშნულისა, ნოტარიუსის მოთხოვნით მხარემ მოამზადა სხვადასხვა დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, კერძოდ: ინფორმაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან და ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობის (ქორწინება, განქორწინების, შვილების) შესახებ, რაზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 29 მაისის წერილით ეთქვათ უარი, ვინაიდან ეს ინფორმაცია იყო პერსონალური მონაცემების შემცველი, რის გამოც საქმის მწარმოებელი ნოტარიუსი თავად ახორციელებს ამ ინფორმაციის გამოთხოვას. ეს პროცედურაც დაკავშირებული იყო დროსთან, რასაც დაახლოებით ერთი თვე სჭირდებოდა. ვინაიდან სასამართლოს მიერ მოცემულ დროში მამკვიდრებლის სამემკვიდრეო უფლებების ოფიციალური გადაფორმება კვლავაც ვერ მოხერხდა, განმცხადებელმა იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 64-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელების თაოაბზე.

25. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 63-ე მუხლით და არ გაიზიარა განმცხადებლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ, რადგან საკანონმდებლო ნორმა სასამართლოს აძლევს უფლებას, გააგრძელოს საქმის წარმოების შეჩერების ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 16 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე შეჩერებულია საქმის წარმოება, აღნიშნული აღემატება საქმის წარმოების შეჩერებისათვის კანონით დადგენილ გონივრულ ვადას, რაც ამავე 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

27. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი უნდა განემარტა ნორმის არა სიტყვასიტყვითი, არამედ ტექსტის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საპირისპირო განმარტების ანუ contra legem მეთოდით. ასეთ დროს ამოსავალი წერილია არა კანონი, არამედ სამართალი. აღნიშნული მეთოდი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. როდესაც სასამართლო ამ მეთოდს იყენებს ის მართლწესრიგს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იცავს მას. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მოსარჩელის მე-5 რიგის მემკვიდრეს, რის გამოც ნათესაური კავშირის დადგენა სირთულეებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მეტი დროს უნდა მიეცა მისთვის მოსარჩელის მემკვიდრის მოწმობის წარსადგენად.

28. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ არსებითად დავა შეეხება მოპასუხის მიერ სოციალურად დაუცველი, ასაკოვანი მოსარჩელის ქონების მოტყუებით დასაკუთრებას, შესაბამისად, მისი მემკვიდრისათვის დავის გაგრძელების უფლების შეზღუდვით სასამართლომ მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქცევა წაახალისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს აპელანტის უფლებამონაცვლეობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია აპელანტის (მოსარჩელის) გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენის საკითხი.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

32. სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

33. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: 17.02.20215წ. საქმე №ას-589-560-2013, 14 ივნისი, 2023 წელი საქმე №ას-916-2021).

34. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, აპელანტის/მოსარჩელის გარდაცვალების გამო, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, 8 თვის ვადით - 2023 წლის 15 ივლისამდე, ამავე განჩინებით აპელანტის წარმომადგენელსა და სავარაუდო უფლებამონაცვლეებს განემარტათ, რომ თუ აღნიშნული თარიღისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ მიმართავდნენ შესაბამისი ინფორმაციით, სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ აპელანტმა მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

35. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართა განმცხადებელმა და მიუთითა, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის მე-5 რიგის მემკვიდრეა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ესჭიროება გარკვეული ვადა კანონით დადგენილი პროცედურის გასავლელად.

36. მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერების ვადა განმცხადებლის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ გაგრძელდა, კერძოდ: სააპელაციო პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით - 2 თვით, 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით - 2 თვით, 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით - 2 თვით, 2024 წლის 11 მარტის განჩინებით - ერთი თვით, ხოლო 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, დამატებით - ერთი თვით. ყოველ ჯერზე განმცხადებელი კეთილსინდისიერად მიმართავდა სააპელაციო სასამართლოს და უთითებდა სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი ამა თუ იმ მოქმედებისა თუ სამართალწარმოების მიმდინარეობაზე.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლემ მისი სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მოწმობა სასამართლოს ვერ წარუდგინა.

38. 2024 წლის 20 ნოემბერს კერძო საჩივრის ავტორმა წერილობით მიმართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ამავე წლის 19 ნოემბერს მის მიერ აწ გარდაცვლილი მოსარჩელის სამკვიდროს მიღების მოწმობა. განმცხადებელმა მოითხოვა მოცემული საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის, რათა ჩაბმულიყო აპელანტის უფლებამონაცვლედ.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მართლზომიერია. განმცხადებელმა, მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზებით (რომლებიც აღწერილია წინამდებარე განჩინების 15-24 პუნქტებში) ვერ შეძლო სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის ეტაპზე სამკვიდრო მოწმობის მიღება და სასამართლოსათვის წარდგენა.

40. შესაბამისად, სამკვიდროს მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურის გავლის აუცილებლობის გამო, პირს არ უნდა შეეზღუდოს სასამართლო წესით თავისი კანონიერი ინტერესების დაცვის უფლება და შესაძლებლობა მიეცეს, წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის სააპელაციო პალატის მიერ შეფასების შემდეგ, ჩაებას საქმეში აწ გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლედ.

41. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი აბზაცით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს. აკრძალვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და უნდა არსებობდეს მისაღები პროპორციული თანაფარდობა გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის (იხ. ფაიედის 1994 წლის 21 სექტემბრის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო გადაწყვეტილება, სერია A №294-B).

42. სასამართლო შეგვახსენებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ყველასთვის უზრუნველყოფს უფლებას ნებისმიერი საჩივრით მიმართოს სასამართლოს განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით (see Teltonic-CATV v. Poland No. 48140/99, §§ 45 and 64, 10 January 2006; Golder v. the United Kingdom, judgment of 21 February 1975, Series A No. 18, PP. 13-18, §§ 28-36). სადაც სააპელაციო პროცედურა ხელმისაწვდომია, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ თავის იურისდიქციაში უზრუნველყონ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონვენციის მე-6 მუხლის ფუნდამენტური გარანტიები სააპელაციო სასამართლოებში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებში (See Brualla Gómez de la Torre v. Torre v. Spain, judgment of 19 December 1997, Reports of judgments and Decisions 1997 VIII, P. 2955, § 33; Tinnelly & Sons Ltd and Others and McElduff and Others v. the United Kingdom, judgment of 10 july 1998, Reports 1998-IV, P. 1660, § 72).

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის პირობებში, სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ პირის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რომლის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმასაც განმცხადებელი მოითხოვს, ამ უკანასკნელს გაუმართლებლად შეუზღუდავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას და იმის შესაძლებლობას, რომ მოცემული დავა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეაფასოს არა მხოლოდ პირველი, არამედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს აპელანტის უფლებამონაცვლეობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს აპელანტის უფლებამონაცვლეობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი