Facebook Twitter

საქმე №ას-1191-2023 29 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ბა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა-ბას“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 4 944.37 ლარისა და 2021 წლის 13 იანვრიდან, - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.988 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 26.03.2018 წელს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0301/30/164 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს დაევალა NAT180001710 ტენდერის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განეხორციელებინა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 197 775.08 ლარი.

2.2. სამუშაო შესრულდა ჯეროვნად, თუმცა შემსრულებლისთვის დაკავებული თანხის ოდენობამ შეადგინა 4 944.37 ლარი.

2.3. 2021 წლის 8 აპრილს, მოსარჩელემ მიმართა N08.04.21/1 წერილობითი მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს და ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად მოითხოვა საგარანტიო თანხის 2.5%-ის დაბრუნება. შემსრულებელს დაკავებული თანხის დაბრუნებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულებას მინიჭებული ჰქონდა დასრულებულის სტატუსი.

2.4. შპს „ა-სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველისთვის გადახდის ვალდებულება დადგა 2020 წლის 26 დეკემბერს, ხოლო 10 სამუშაო დღე გავიდა 2021 წლის 12 იანვარს. შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა შემსყიდველისთვის ვალდებულების შესრულებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება (ყოველდღიურად 0.98 ლარი, (4 944.37*0.02%)=0.988).

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, 2018 წლის 26 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ა-თვის“ დაკავებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის გადახდა ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოცემულ ხელშეკრულებაზე მინიჭებული ჰქონდა დასრულებულის სტატუსი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოპასუხე შპს „ა-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 4 944.37 ლარის გადახდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოპასუხე შპს „ა-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,988 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების კვლევის შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავება) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფა იყო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მენარდე უხარისხოდ შეასრულებდა სამუშაოს, დასახელებული თანხა დაუბრუნდებოდა ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით კი, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით, არ გამოუთქვამს პრეტენზია, თუმცა არც N0301/30/164 ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხა (4944.37 ლარი) დაუბრუნებია მოსარჩელისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო თანხის დაყოვნების მიზანი (ხარისხის უზრუნველყოფა) ამოწურული იყო მოპასუხისათვის წერილობითი მიმართვისა და მით უფრო სარჩელის აღძვრის დროისათვის, რის გამოც სადავო თანხის დაყოვნებას არ გააჩნდა არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძველი.

5.3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს დაკისრების არამართებულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის დადებული N0301/30/164 ხელშეკრულების 8.6. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N14 თუმცა აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემსრულებელს მისი კუთვნილი თანხა არ დაბრუნებია, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მართებულად გახდა.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორს წარმოდგენილი აქვს ფორმალური საკასაციო საჩივარი, რომელიც არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დასაბუთებულ შედავებას.

6.2. კასატორი უთითებს, რომ მხარეები, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში იყვნენ შეთანხმებულები ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორებიცაა: ვალდებულების შესრულების ვადა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგები.

6.3. კასატორის აზრით, მოცემულ საქმეზე იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, ვინაიდან მსგავს კატეგორიის საქმეებზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროება, თუმცა კასატორი ვერ უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2018 წლის 26 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა-ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0301/30/164 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების ჩატარება. მხარეთა შორის 2019 წლის 04 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 26.03.2018 წლის ხელშეკრულებაში (N0301/30/164), კერძოდ, გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება დარჩა უცვლელი და დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა;

- 2020 წლის 25 დეკემბერს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N14, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 187 389.10 ლარი;

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა-ას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0301/30/164 ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ხარისხის დაცვის მიზნით აკავებს სამუშაოს ღირებულების 5%-ს, საიდანაც, 2.5%-ის გადახდა მოხდება საბოლოო აქტის გაფორმების შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილის - საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მას უბრუნდება დაკავებული თანხები;

- 2021 წლის 8 აპრილს, შპს „ა-ამ“ მიმართა №08.04.21/1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, საგარანტიო პერიოდით დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%-ის დაბრუნების თაობაზე;

- მხარეთა შორის დადებული N0301/30/164 ხელშეკრულების 8.6. მუხლის თანახმად, ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 22.04.2021 წლის №18-01211121685 წერილით მიმართა საფინანსო საქალაქო სამსახურს, შპს „ა-თვის“ შესრულებული სამუშაოების თანხიდან (197775.08 ლარი) დაკავებული 2.5% - 4944.37 ლარის დაბრუნების თაობაზე;

- საფინანსო საქალაქო სამსახურის 2021 წლის 27 აპრილის №11-0121117607 წერილით, შპს „ა-თვის“ დაკავებული სამუშაოების ღირებულების 2.5% გადახდა ვერ განხორციელდება, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მინიჭებული აქვს დასრულებულის სტატუსი;

- შპს „ა-ას“ მიერ შესრულებული სამუშაოებზე, საგარანტიო ვადის პერიოდში, ინსპექტირების შედეგად, არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული წუნი არ დაფიქსირდა;

- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურმა 21.05.2021 წლის №12-01211411725 წერილში განმარტა, რომ ხელშეკრულებას უკვე ამოწურული აქვს მოქმედების ვადა, შესაბამისად, ცვლილების განხორციელება არავალიდურ დოკუმენტში შეუძლებელია, ამასთან, ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე. ვინაიდან, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდა 2018 წელს, შესაბამისად, მიმწოდებელს გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება წარმოექმნა იმავე საფინანსო წლის ბოლომდე, რაც გამორიცხავდა შპს „ა-თვის“ თანხის ანაზღაურებას;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე შპს „ა-ას“ არ აუნაზღაურა N0301/30/164 ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხა 4944.37 ლარი.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორის მიერ დაკავებული თანხის მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს შემკვეთის მიერ უკანონოდ დაკავებული თანხის უკან დაბრუნებას და ამ თანხის უსაფუძვლოდ დაკავებისთვის შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

13. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან კასატორს მხოლოდ ფორმალური საკასაციო საჩივარი აქვს წარმოდგენილი, რომელიც არცერთ სადავო გარემოებასთან მიმართებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, ამიტომ, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია.

14. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, ის გარემოება რომ თანხა მოსარჩელეს დაუკავდა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიუხედავად, არ დაბრუნებია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ შესაგებელსა და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, რომ თანხის დაბრუნებას ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა ხელშეკრულებისთვის „დასრულებული“ სტატუსის მინიჭება, დაუსაბუთებელი და არარელევანტურია, რაც არ შეიძლება გამხდარიყო ნარდობის საზღაურის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი. ხელშეკრულების შესრულება ხდება მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების ნების გამოვლენით და კრედიტორის მხრიდან აღნიშნული ნების მიღებით. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შპს „ა-ას“ მოთხოვნა დაკავებული თანხის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო, ან მოსარჩელეს უკვე აუნაზღაურდა ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხა 4944.37 ლარის ოდენობით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რის გამოც მოსარჩელეს მართებულად აუნაზღაურდა უსაფუძვლოდ დაკავებული 4944.37 ლარი.

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა კასატორისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, სახელდობრ, ხელშეკრულების 8.6. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N14. შესაბამისად, შემსყიდველისთვის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც არ განხორციელებულა. ამიტომ, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს (რაც ერთ დღეზე შეადგენს 0.988 ლარს) დაკისრების თაობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,988 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

16. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი