Facebook Twitter
ბს-1043-994(კ-06) 8 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

მოპასუხე (მოსარჩელე) - სპს ,,ჰ.-ე"

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.06წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 18.03.05წ. ¹8 შეტყობინების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 24.05.05წ. ¹2-8 შეტყობინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სპს ,,ჰ.-მ” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების_ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციისა და ხელვაჩაურის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს ხელვაჩურის განყოფილების 18.03.05წ. ¹... და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 23.05.05წ. ¹... აქტების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 18.03.05წ. მიიღო ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონის განყოფილების მიერ გამოგზავნილი შეტყობინება ¹... საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სპს ,,ჰ.-ს” 2005 წლის 1 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 71196 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი გადასახადი- 32665 ლარი, სანქცია საურავი 38531 ლარი. 24.05.05წ. მიიღო მეორე შეტყობინება საგადასახადო ინსპექციისგან ¹... ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით მას 2005 წლის 23 მაისის მდგომარეობით გადასახდელი აქვს დღგ-ს, მოგების და სოციალური გადასახადები_ ძირითადი თანხა 34056,6 ლარი და საურავი 40381,32 ლარი, სულ 74437,92 ლარი.
მოსარჩელის აზრით, მითითებული ადმინისტრაციული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშვება საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებასთან ერთად”. იმავე კოდექსის 145-ე მუხლით: ,,საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისთვის ამ კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული ,,საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენა. მას კი არანაირი ,,საგადასახადო მოთხოვნა” არ მიუღია. მოსარჩელეს ამით, მოესპო კანონიერი უფლება, მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით”, რაც აგრეთვე გახდებოდა ადმინისტრაციული დავის დაწყების საფუძველი, ხოლო თუ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენებდა ამ უფლებას, მხოლოდ მაშინ იყო საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი, ჩაეთვალა აღნიშნული ვალი მის მიერ აღიარებულად და გამოეყენებინა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამის გარეშე კი არაკანონიერია მის მიმართ გამოყენებული გირავნობის/იპოთეკის უფლება, რადგან არ არსებობდა ამ უფლების გამოყენების საფუძველი. ამასთან, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” 24.12.04წ. საქართველოს კანონს, რომელიც ძალაში 24.01.05წ. შევიდა. ამ კანონის 4.2 მუხლის თანახმად: ,,ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა. ამავე კანონის 1-ლი მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია: ,,ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორცილდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება”. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ წარმოშობილი და გამოვლენილი დავალიანება ეხება სწორედ 1999 წლის 1 მარტიდან 2003 წლის 1 ივლისამდე პერიოდში მის მიერ არადეკლარირებულ და დაფარულ შემოსავალს, რომლის ლეგალიზების წესიც განსაზღვრულია ამავე კანონის მე-5 მუხლით. დარღვეულია ასევე ამავე კანონის 4.4 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად: ,,საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს (მათ შორის _საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს, აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ გადასახადებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის განხორციელება.”
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილებით ჰ. კ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე ხელვაჩაურის საგადასახადო ინსპექციის 18.03.05წ. ¹... და 24.05.05წ. ¹... აქტების ბათილად ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპს ,,ჰ.-ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.06წ. გადაწყვეტილებით სპს ,,ჰ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა სპს ,,ჰ.-ის” სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 18.03.05წ. ¹... და 24.05.05წ. ¹... შეტყობინებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 80.1 მუხლის მიხედვით, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარედგინა გადასახადის გადამხდელს. საგადასახადო კოდექსის 145 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაბათილდეს საგადასახადო შეტყობინებები, რადგან საგადასახადო მოთხოვნის არსებობისას მოსარჩელეს შეეძლო წამოეწყო საგადასახადო დავა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სპს ,,ჰ.-ის” შემოწმება საგადასახადო ინსპექციის მიერ განხორციელდა გეგმური წესით, შემოწმების მიზანი იყო 1999 წლის 1 მარტიდან 2003 წლის 1 ივნისამდე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გარკვევა, სპს ,,ჰ.-ზე” საგადასახადო აქტის შედგენის შემდეგ მას წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა. იგი ამავე დროს შესაბამისი წესით გაფრთხილებულ იქნა მისთვის დარიცხული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ინსპექციას უფლება ჰქონდა სპს ,,ჰ.-ის” მიმართ გამოეყენებინა იპოთეკის ან გირავნობის უფლება.
კასატორის განმარტებით 28.07.03წ. საგადასახადო ინსპექციის მიერ სპს ,,ჰ.-ზე” წარდგენილ იქნა საგადასახადო შეტყობინება ¹70 ვადაგადაცილებული დავალიანების შესახებ. ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღებაზე მხარემ განაცხადა უარი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნული შეტყობინება საგადასახადო მოთხოვნაა და უნდა ჩაითვალოს, რომ საგადასახადო ორგანომ ,,ჰ.-ს” საგადასახადო მოთხოვნა წარუდგინა.
“ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონი მოსარჩელეზე არ ვრცელდება, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მიხედვით კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება. სპს ,,ჰ.-ს” ვალდებულება არ განეკუთვნება ამნისტიის დროისათვის არადეკლარირებულს და მის მიმართ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმყაოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებული საგადასახადო დავალიანებასთან ერთად. ამავე კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული ,,საგადასახადო მოთხოვნის" წარდგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 29.07.03წ., იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სპს ,,ჰ.-მ" საგადასახადო ინსპექციისაგან მიიღო საგადასახადო შეტყობინება ¹70 ვადაგადაცილებული დავალიანების შესახებ, რომელიც თავისი შინაარსით საგადასახადო მოთხოვნის იდენტურია. გადამხდელმა ხსენებული შეტყობინების ჩაბარება ხელმოწერით არ დაადასტურა, რაც აღინიშნა საგადასახადო შეტყობინებაში (ს.ფ.49).
საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 03.10.03წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვა საგადასახადო ინსპექციის 29.06.03 წ. ჩატარებული შემოწმების მასალების გაუქმება. აღნიშნულით დასტურდება, რომ ჰ. კ.-სათვის ცნობილი იყო საგადასახადო დავალიანების შესახებ, სპს ,,ჰ. კ.-ის" განცხადება ხელვაჩაურის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ შემოწმების მასალების გუქმების შესახებ რეაგირების გარეშე დარჩა, რაც ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიმართვაზე უარს. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე სპს ,,ჰ. კ.-ს" სასამართლოსადმი სარჩელით არ მიუმართავს, აღნიშნული ადასტურებს საგადასახადო მოთხოვნის აღიარებას. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 18.03.05წ. ¹... შეტყობინების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 24.05.05წ. ¹... შეტყობინების ბათილად ცნობა, უკანასკნელი სააპელაციო პალატამ რაიმე მოტივაციის მოყვანის გარეშე ცნო ბათილად.
,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონის თანახმად, შესრულებულად ჩაითვალა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები. ხსენებული კანონი ვერ გავრცელდება სპს ,,ჰ. კ.-ის" საგადასახადო ვალდებულებაზე, ვინაიდან მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე. ვინაიდან ბიუჯეტის და ბიუჯეტგარეშე ფონდების დავალიანება სპს ,,ჰ. კ.-ს" შემოწმების შედეგად საგადასახადო ინსპექციის აქტით დაუდგინდა 2004 წლამდე, საგადასახადო დავალიანება დარიცხულად და აღრიცხულად უნდა ჩაითვალოს, რის შედეგადაც შესრულებულად ვერ ჩაითვლება 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ 20.10.06წ. გადაწყვეტილება საქმეში დაცული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების გარეშე გამოიტანა, რის შედაგადაც საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 20.10.06წ. გადაწყვეტილება. სპს ,,ჰ. კ.-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სპს ,,ჰ. კ.-ს" დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით;K
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.